Tuesday, April 9, 2013

თაკო ელენესთან გადავიდა, როცა ელე სამსახურში იყო, დედა და ექთანი იყვნენ მასთან...

ქსოვდა და კერავდა, კითხულობდა, ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ცხოვრობდა მანამდე და რა პერსპექტივა ჩანდა მომავალში...
ვატომ და სანდრომ ახალი გაზქურა უყიდეს, დაბალი, რომ საჭმელების მომზადება გაეგრძელებინა თაკოს, ეს საქმე ყოველთვის იტაცებდა...

ელეს მუცელი ეტყობოდა უკვე, გამხდარი იყო, მაგრამ პატარა მუცლით, ლამაზი იყო ძალიან და ეს ახალი სიმშვიდე, რომელიც ადრე არ ჰქონდა, გამორჩეულს ხდიდა.
მშობლებმა რომ გაიგეს ელეს ამბავი, ვერ ვიტყვით რომ ეწყინათ, მაგრამ ინერვიულეს საკმაოდ, თუმცა გვერდში დგომაზე არავის უთქვამს უარი, ელე მათი ერთადერთი შვილი იყო და მისი შვილი, რა თქმა უნდა ძალიან ეყვარებოდათ...

საღამოს დაღლილი დაბრუნდა სახლში
-არ გშია ელე, სადილი მზად არის
-თაკო, მიხარია აქ რომ მხვდები, რა ბედნიერებაა შენთან ერთად ყოფნა, გახსოვს ბავშვობიდან გვინდოდა ცალკე ცხოვრება, ვამბობდით, გადავალთ და თავზე დავიმხობთ ყველაფერსო, მარტო გადასვლამდე უფრო დავიმხეთ, ახლა კი რა წყნარად ვცხოვრობთ და ამ სიმშვიდეში არის ბედნიერება
-შეგცვალა ძალიან ბავშვის ამბავმა ხო ?
-კი, სიცოცხლე შემაყვარა, რაც ადრე არ მქონდა, ახლა მაქვს
-ელე, აქამდე არ გკითხე და იქნებ ახლა მითხრა, ვისგან გეყოლება ბავშვი
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი, კარგი მამა ყავს, უბრალოდ არ ეყოლება გვერდში და ვეყოლებით ჩვენ
-მგონია, რომ არ იცის ბავშვის ამბავი
-შენ არ გშია? გავაწყობ ახლა სუფრას
-კი მშია, სანდროც მოვა და მაგისთვისაც დადე თეფში

სანდრო დიდი ხმაურით და ბევრი ლუდით მოვიდა, იქნებ მიხვდეთ და ჩართოთ ტელევიზორი, მატჩია, მატჩი, ამ ბოლო დროს ფეხბურთს აღარ უყურებთ თუ რა დაგემართათ...
-მიჭირს ყურება, რადგან გოლზე სულ წამოხტომა ვიცოდი და უგოლობაზეც და ახლა რა ვქნა, სევდას მგვრის ფეხბურთი
-ახლა ისროლე ხოლმე რამე
-გამოსავლის პოვნის სპეციალისტი ხარ :)

დაილია ბევრი ლუდი, იყო ბევრი სიცილი
თაკო დაიღალა და დაიძინა
ისხდენენ ელე და სანდრო და თითქოს არაფერზე კონკრეტულზე, მაგრამ თან ყველაფერზე საუბრობდნენ
-უკეთ არის თაკო აშკარად, მინდა რომ სახელოსნო გავუხსნა, სადაც ექნება ყველაფერი იმისთვის, რომ კეროს და ქსოვოს, მერე გაყიდის, თან ვიცი გაიყიდება, რადგან ყველაფერს გემოვნებით აკეთებს
უყურებდა ელენე სანდროს და მერე მშვიდად ჰკითხა
-სანდრიკ, ამდენ სიყვარულს როგორ პოულობ საკუთარ თავში, როგორ ახერხებ ისე განაწილებას, რომ ყველას გვყოფნის და გვაძლიერებს?
-მე და თაკო ვგავართ სიცოცხლის სიყვარულით, ასე იყო ბავშვობიდან, შენ და ვატო სულ წუწუნებდით, სულ რაღაც არ მოგწონდათ, ჩვენ პირიქით, ალბათ ამან დაგვაკავშირა და შეგვავსებინა ერთმანეთი. ელე, მე კიდევ მაქვს და მქონდა დამატებითი მუხტი, რაც მაძლევდა და მაძლევს ძალას რომ ვიცოცხლო
-რა მუხტი სანდრიკ?
-შენ ელე, შენ, როცა შენ იყავი ცუდად, ეს გამოსავალს არ მიტოვებდა, ანუ მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, თუმცა ამ სიძლიერეს შენგან ვსწავლობდი, შენ ნებისმიერ წამს შეგეძლო ჩემსთვის სიკვდილი და ამას სულ ვგრძნობ
ელენე ტიროდა
-ელე, მე ვერ დავარქვი ჩემს გრძნობას შენდამი, ვერც მეგობრული და ვერც სხვა რამ, ეს არის ყველაზე ძლიერი გრძნობა, რა კი ოდესმე მიტარებია გულით
-სანდრო ჩვენ მაინც მეგობრობა ვარჩიეთ, რადგან ვიცოდით გულით და გონებით, რომ მე ჩავშლიდი ყველაფერს
-მე ასე არასდროს მიფიქრია, გითხრა როდის შემიყვარდი, ანუ როდის მივხვდი, რომ შენ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში ცალკე და დანარჩენი სამყარო ცალკე ?
-მითხარი სანდრიკ
-ეზოში ვიდექით, ვიღაც ძალიან მაგარმა გოგომ ჩაგვიარა, მე ძალიან ისე, თითქოს ჩუმად გავაყოლე თვალი, ისე რომ ამას ვერავინ დაინახავდა, მაგრამ შენ დაინახა და გაგეღიმა და ის ღიმილი შემომხვდა უკან გამოხედვისას და იმ წამს მივხვდი რომ მიყვარდი, არ ვიცი რატომ ან რისთვის, ამას ვერ ავხსნი ასე ზუსტად, ყველაზე ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ არ ვთქვი ეს ყველაფერი ადრე და ეს ბავშვი, ბავშვი რომელიც ყველაზე საყვარელი იქნება, არ იქნება ჩემი, ნამდვილად ჩემი
-სანდრო, ჩემთან არ იქნებოდი ბედნიერი, მე ეს რომ არ დამმართნოდა, ვერ გამოვიცვლებოდი, ამიტომ ასე უნდა მომხდარიყო, ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერს აქვს დანიშნულება, უბრალოდ ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე და ვერ ვწვდებით სიღრმეებს, ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებთ და ეს აცარიალებს ცხოვრებას...
-ელე
-რა იყო ?
-არაფერი და თან ყველაფერი, არ ვიცი რა...

სიცოცხლე სავსეა, ჩვენ ვაცარიალებთ ხოლმე, გარშემო ბევრი რამ უნდა გვაფიქრებდეს, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას, წუწუნში გადის ძვირფასი წამები, არადა შეგვეძლო ეს წამები ერთად ყოფნისთვის გამოგვეყებინა, ჩვენ ხომ ერთმანეთი გვაბედნიერებს, დრო იკარგება გაბრაზებაში და დადგმულ, თუ ”დაუდგმელ” გაბუტვებში, თავის დაფასებაში მეგობრულ, თუ ზოგადად ყველა ურთიერთობაში...
თუ შეიცვალა მიდგომა
შეიცვალა ცხოვრების აღქმაც
არ ღირს ცდა, თუ რა შეიცვლება სამყაროში, შენს გარეთ, მთავარია რა შეიცვლება შიგნით, გული თუ არ შეიცვალა, მაინც ვერ დაინახავ სიცოცხლის მნიშვნელობას, ვერ დაინახავ ადამიანში კარგს, მხოლოდ ცუდის დანახვის შესაძლებლობა გექნება, მაგრამ გულის შეცვლის შემთხვევაში, შეძლებ ყველაფერის სწორად და რეალურად აღქმას, ადამიანებთან ურთიერთობისას, წინ ცუდი კი არ შემოგეფეთება, არამედ კარგს დაუწყობ ძებნას და ეს ყველაფერი მოგცემს ძალას, რომ დაიწყო სიყვარულის სწავლა...

ადამიანები იცვლებიან, თუ თავად მოინდომებენ ამას ... ♥

No comments:

Post a Comment