Friday, April 19, 2013

”ჰმ, მხიარულად გაგიტარებიათ ჩემი დღე, თუმცა ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა, ის პატარა ბავშვი, რომელიც წინა დღეებში ტიროდა, მეორე დღეს მხიარული დამხვდა, სახეზე მომეფერა და ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, მართლა ყველაზე დიდი...
ამ წერილს დაგვიანებით ვაგზავნი, თუმცა შენგანაც დიდი ხანია არაფერი მსმენია და ამან შფოთი შემომიტანა გულში, შეიძლება რეპეტიციებზე ხარ სულ, მაგრამ იქნებ ის გიტევს, აი ”დეპრესიას” რომ ეძახი და მე შფოთვით აშლილობად რომ მოვიხსენიებ ხოლმე, მეშინია ეს არ იყოს, რადგან ვიცი გიჭირს ასეთ დროს, ვერავინ გიგებს, რადგან უმრავლესობას არ გამოუცდია და მე მხოლოდ იმიტომ მესმის, რომ ექიმი ვარ და თან მიყვარხარ, არა, სხვებსაც უყვარხარ, უბრალოდ ექიმები არ არიან ისინი...
თუ ასეა, გთხოვ გამაგებინო, რომ შევძლო რამის გაკეთება...
მენატრები შენ ჩემს სამშობლოში...



მარიამს მართლაც შეტევა ჰქონდა, არ ვიცი ეს დეპრესიაა, შინაგანი შფოთი, დისკომფორტი, როცა შენ და შენი შინაგანი სამყარო უცნობები ხართ ერთმანეთისთვის, როცა გული და გონება დიდ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, როცა სხეული არ გემორჩილება, როცა სულ ძილი გინდა, ან პირიქით არ გეძინება, ყველა და ყველაფერი გაღიზიანებს და ხან სულერთია...

წამოწოლილი იყო მარიამი და ფიქრობდა, ეს ყავისფერი ფერი ღრნიდა შიგნიდან, ცდილობდა გაეფერადებინა ფიქრები, მაგრამ არ გამოსდიოდა, ბოლოს გადაწყვიტა ლევანიზე გადაეტანა ფიქრი და გაახსენდა გაცნობის მეორე დღე... :
-მარიამ, სავარაუდოდ ”პახმელია” გაქვს, ბიჭებმა დამირეკეს და სახინკლეში მივდივართ
-წამოვალ, რადგან ვკვდები
-ექიმის მანქანით ვიქნებით, დაგირეკავ და ჩამოდი
-კარგი
იყო გემრიელი ხინკალი და საღამოს პაბში წასვლაც, ლევანი ისვენებდა და ბევრი დრო ჰქონდა, მარიამის პირისპირ იჯდა და ისე ხანდახან გახედავდა ხოლმე, აინტერესებდა მაგალითად ამ წამს როგორ იცინოდა, ან ხელებით როგორ ხსნიდა რაიმეს, აინტერესებდა და ალბათ ამ ინტერესით იწყება ყველა ურთიერთობა, მეგობრულიც და საქმიანიც, ისეთიც და ასეთიც
-ლევან, რაღაც მინდა გითხრა
-მითხარი მარიამ
-ძალიან თავისუფალი ხარ, თუ მეჩვენება?
-ძალიან არ ვარ, ზომიერად ვარ, ზომიერებაშია თავისუფლება ჩემთვის
-ახლა რომ საუბრობ, მგონია რომ განსხვავებული ადამიანი ხარ
-ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან
-ამ გაგებით არა, არ გავხარ ჩარჩოში მყოფ პიროვნებას, დესპოტს, აზიატს ანუ
-არ ვიცი მარიამ რას გულისხმობ აზიატობაში, მე მინდა და ვარ თავისუფალი და მინდა რომ ჩემს გარშემო ასეთი ადამიანები იყვნენ...

ეს რომ გაახსენდა, გაეღიმა, რადგან ზუსტად ასე იყო, სიმართლე უთხრა მაშინ, რადგან როცა ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა, ამ სიმართლეს ყოველ ნაბიჯზე უმტკიცებდა, მარიამი თავად ეჭვიანი იყო, მაგრამ ლევანმა შეაძულა ეჭვიანობა, რადგან ეს უნდობლობის ყველაზე დიდ გამოხატულებად მიაჩნდა, ეჭვიანობა სიყვარულის ნაკლებობაა, როცა ადამიანი გიყვარს და უყვარხარ რატომ უნდა გასვარო ეს ყველაფერი ეჭვებით, რატომ უნდა იტანჯო და ტანჯო სხვაც...
მარიამი ლევანის გაცნობამდე უფრო შებოჭილი ცხოვრებით ცხოვრებდა, მიუხედავად იმასა რომ მსახიობია, სიყვარულთან ერთად, თავისუფლების სწორი აღქმაც ისწავლა, ლევანის გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ ერთადერთი ქართველი ბიჭი და ისიც ასეთი თავისუფალი მხოლოდ მას შეხვდა ცხოვრების გზაზე, რადგან მისი მეგობრები, ბიჭების დესპოტიზმისგან იტანჯებდნენ, ”არ წახვალ აქ, ხმის ტონის აწევა, ასე არ გაიცინო, ისე იქნება, როგორც მე მინდა” მსგავსი ფრაზები საერთოდ არ გაჟღერებულა მათ ურთიერთობაში, ლევანი ზოგადად შორს იდგა ამ ყველაფრისგან და მართლა გულწრფელად უყვარდა მარიამი...

”ლევან ვერ გწერდი, ძალა არ მქონდა ხელებში, რომ ამეღო კალამი და არც ფურცლის აღების ძალა მქონდა, ისევ მოვიდა ის სევდა, რაც მიტევს ხოლმე, რაც მაგდებს და არ მაძლევს უფლებას, რომ ვიცოცხლო, გუშინ სპექტაკლი მქონდა, ვითამაშე თავის იძულებით, დავლიე დამაწყნარებლები და ისე გავედი სცენაზე, ამას შენს გარდა, მართლაც ვერავინ გაიგებს, მინდა რომ ვიყო მხიარული და არ შემიძლია, არ გამომდის, არ მინდა რომ ვიწუწუნო, მაგრამ შენთან თუ ვერ ვიწუწუნე, საერთოდ რა აზრი ექნება წუწუნს, დიდი ხანია არ მოსულა ეს სევდა, დეპრესია თუ ყავისფერი ფონი, მაგრამ ახლა მოვიდა, ახლა აქ რომ იყო, არ ვიცი რა შეიცვლებოდა, თუმცა ერთი ვიცი, რომ წამიკითხავდი რამე საინტერესოს და მეტყოდი რომ გინდა ჩემი კარგად ყოფნა, ეს ისედაც ვიცი, მაგრამ შენი ხმით რომ მეტყოდი, ეს მომცემდა ძალას...
ვუსმენ მუსიკას, რომელიც გვიყვარს ერთად, მაგრამ არ მშველის, მუსიკაც არ მშველის, ყველაფერი უფერულია და მე მეშინია, საკუთარი თავის მეშინია, ჩემი უსუსური მიდგომის ამ ყველაფრისადმი...
ჩამოდი რა მალე
გთხოვ ჩამოდი
ეს მოთხოვნა არ არის, არც თხოვნა
ეს ჩემი გულის გამოძახილია... ეს ის არის, რასაც მართლა ვფიქრობ...

ურთიერთობები უფასურდება მაშინ, როცა იკარგება თავისუფლება, იკარგება თავისუფლება მაშინ, როცა ქრება სიყვარული, სიყვარული ქრება მაშინ, როცა არც უარსებია... რადგან თუ ნამდვილად არსებობს, ის არ ქრება და თუ არ ქრება, არ იკარგება თავისუფლებაც და გამომდინარე აქედან, ურთიერთობები არ უფასურდება ....

1 comment:

  1. ra nacnobi situaciaa :x autanlad nacnobi, chemi...:X <3 speqtaklis ambavze gavgijdi :D

    ReplyDelete