Thursday, April 18, 2013

”გიგზავნი შენი დაბადების დღის ფოტოებს, მომამიკითხეს შენმა მეგობრებმა და წავედით ირლანდიურ პაბში, დალიეს ბევრი, აი გადასხმა რომ გჭირდებათ ხოლმე ისე, მეც დავლიე , აი პირველად რომ მნახე, თითქმის ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მერე გარეთ ვობოდიალეთ, ვიმღერეთ, მერე იტირეს შენმა მეგობრებმა, ყველას ისე ენატრები, რომ ამეშალა ნერვები, მეგონა მარტო მე მენატრებოდი, მერე ავედით შენებთან, დედაშენს ძალიან გაუხარდა, იქაც დავლიეთ, მამაშენმა გვამღერა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ
მაგრამ ყველას ვიღაც გვაკლდა
და ეს ვიღაც იყავი შენ...

დაბადების დღე საავადმყოფოში გაატარა, დილით რომ გაიღვიძა არ ახსოვდა რომ ეს დღე იყო, უბრალოდ ფიქრი თავიდანვე მარიამისკენ წავიდა, მარიამიდან ფიქრი საკუთარი თავისკენ ბრუნდება ხოლმე, ამიტომ მიხვდა რომ 24 წლის გახდა, დღე, რომელსაც მეგობრებთან ერთად ატარებს ადამიანი, მაგრამ ეს დღე ასე არ ჩაივლიდა, იქნებოდნენ პაციენტები, 4 ოპერაცია და სიცოცხლისთვის ბრძოლა, თუმცა ეს არ თრგუნავდა, რადგან რა უნდა გაკეთდეს იმაზე მეტი, ვიდრე სხვისი გამოჯანმრთელება და ტკივილის შემსუბუქებაა...

ყავას სვამს, ზის თავის სამზარეულოში, აი, ყავასთან რომ განმარტოვდები და ფიქრები რომ წაგიღებს, ან მომავალში, ან წარსულში, ან სადღაც ფანტაზიებში, ფერად სამყაროში, სადაც ყველაფერი მაინც არ არის დალაგებული, გაახსენდა ის დღე, როცა მარიამი გაიცნო, ყველაფერი როგორ მარტივად და თან საინტერესოდ მოხდა:

სამსახურში მიდიოდა დილას, გაჩერდა შუქნიშანთან, არქივთან რომ არის იქ, 60 წამიანი ინთება, ეს საკმაო დროა იმისთვის, რომ ჩაფიქრდე, ირლანდიური მუსიკა ჰქონდა ჩართული და თითქოს გამიზნულად გაიხედა გვერძე, ტაქსი იყო ვარდისფერი და მოჩანდა გოგონას ხელი, თხელი ხელი, ფერადი სამაჯურებით და ერთი ლამაზი ბეჭდით, ფერები საკმაოდ ჭრელი იყო, მაგრამ ერწყმებოდა ერთმანეთს, თანხმობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან და თითქოს მიჯაჭვული ხდებოდი ამ წამზე, გამოიხედა გოგომაც, ოღონდ ისე, აი რომ მოგიწევს გახედვა...
დაიძრნენ მანქანები და ეს წამიც იქ დარჩა, შუქნიშანთან...

საღამოს მეგობრის დაბადების დღე
შედის ლევანი
დაგვიანებით რა თქმა უნდა, პაციენტებმა არ გამოუშვეს
არის უცხო საზოგადოებაც
და უცხო სიცილი

სიცილმა მიიქცია ყურადღება, ვიღაც იცინოდა და ვერ სუნთქავდა, თან ცდილობდა რაღაც მოეყოლა, მაგრამ სიცილი უშლიდა ხელს,ზურგით იჯდა, ხელი აწია და კიკინა გვერძე გადაიგდო და აი ამ წამში, შეამჩნია ის სამაჯური, ის ფერადი წამი, რომელმაც დილით მიიქცია მისი ყურადღება...
გაეღიმა
და თითქოს ამ წამმაც ჩაიარა
იყო გაცნობაც
-გაიცანი ეს მარიამია, ერთ დასში ვართ ახლა
-მარიამ ეს ლევანია, ექიმი ბიჭი
ხელის ჩამორთმევა
ის ფერად სამაჯურიანი ხელი ახლა ლევანის ხელში იყო, თითქოს დილას დაკარგული წამი ახლა დაიჭირა...

მარიამმა ბევრი დალია და რა თქმა უნდა გახდა ცუდად, ზოგადად არ სვამს ხოლმე, მაგრამ ახლა ასე გამოვიდა, გული ერეოდა და ტიროდა
-რა გატირებს მარიამ, რა იცით ამ გოგოებმა სიმთვრალეში ტირილი
-მეშინია ღებინების, აბა ბიჭის გამო კი არ ვტირი
-ასეთ საოცარ პასუხს პირველად ვისმენ
-შენთვის ადვილია თქმა, რადგან ექიმი ხარ და იცი რომ კარგად ვიქნები და საშიში არ არის, მაგრამ მე ხომ არ ვიცი ეს, ამიტომ ცხოვრებაში ეცადე, სხვის ადგილას დააყენო ხოლმე თავი და მხოლოდ შენი მხრიდან ნუ უყურებ
-ეს უკვე სიმთვრალის ამბავია
-გაჩუმდი რა, არ გიცნობ და ნერვებზე მოქმედებ...

შემთხვევით არაფერი ხდება, ამის დაჭერაა საჭირო და ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება, მერე ყველაფერს ეძლევა აზრი, რადგან ყველაფერი აზრიანად შეგვემთხვევა, შენც ცდილობ რაღაც სიახლის შეტანას შენს თავში, ხან ცუდის და ხან კარგის, მერე ცდილობ ცუდი გაუშვა და რაც შეიძლება მეტი კარგი დაიტოვო, იბრძვი ამ ყველაფრისთვის და სხვა დანარჩენისთვის, ეს ბრძოლაა ცხოვრება, საინტერესო ბრძოლა...
იცინი
ხან ვერ იცინი
ტირი
ხან ვერ ტირი
გიჭირს წამოდგომა
ხან პირიქით
გრძნობ ბედნიერებას
ცდილობ შეინარჩუნო
მაგრამ ხანდახან არ გამოგდის
მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან
და მაინც
ყოველთვის
საინტერესოა, რომ ხარ ცოცხალი <3

3 comments:

  1. წამი, ყველაზე მნიშვნელოვანია :)) უნდა დაიჭიროო სანამ წარსულად იქცევა <3

    ReplyDelete