Thursday, May 29, 2014

ყველას ეძინა, ნუცა ვერ იძინებდა და გარეთ გამოვიდა, ციოდა, თბილად ეცვა, დაჯდა ეზოში და ატირდა, ტიროდა ყველაფერზე, რაც შიგნიდან აწუხებდა და რაც ბედნიერების შეგრძნებას უკარგავდა, ლუკა საათში ერთხელ იღვიძებდა და ამოწმებდა ნუცას ოთახს, სულ ეგონა, რომ საკუთარ თავს რაღაცას დაუშავებდა, ერთ-ერთ ასეთ შემოწმებაზე შეამჩნია, რომ ნუცა არ იწვა ლოგინში, გიჟივით გავარდა გარეთ და მასთან ზურგით მჯდარი ნუცა დაინახა, რომლის ზურგიც ცახცახებდა, შორიდანაც ჩანდა რომ ტიროდა...

-რა გჭირს ჩემო გოგო? რატომ ტირი? მითხარი რა გჭირს? ნიკას გამო ხარ ასე? 
-ლუკა, ძალა არ მაქვს, სულ ვკანკალებ შიგნიდან
-მოდი ჩემთან
გულში ჩაიკრა და "Love is a laserquest "-ს ჩასჩურჩულებდა ყურში
-წამალი დალიე?
-კი, მაგრამ პატარა დოზა და არ მიშველა ალბათ
-გახდი კარგად გთხოვ, არ შემიძლია ასეთს რომ გხედავ, ჩემი ნუცა მინდა მე
-ვეღარ ვპოულობ ჩემს თავს, ლუკა ვერ ვპატიობ საკუთარ თავს
-რას ?
-ლუკა, შენ არ იცი ბოლომდე
-რა არ ვიცი ?
ლუკამ მისი სახე ხელებში აიღო და თვალებში მკაცრად შეხედა, ბნელოდა, მაგრამ თვალები თითქოს სიბნელეშიც ჩანს ხოლმე
-ლუკა, ბავშვი დავკარგე, ნიკასგან ბავშვს ველოდებოდი, მაგრამ ვერ მოვასწარი თქმა, ქუჩაში რომ დავეცი, მომეშალა მუცელი და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს
-რაა? რატომ არ უთხარი ?
-ვერ მოვასწარი, ეს რომ გავიგე, ნიკა უკვე აღარ იყო ძველებურად ჩემთან და არ მინდოდა ამით დამება, მეზიზღება მსგავსი საქციელი და ვერ ჩავიდენდი, არასდროს უთხრა, რადგან სინანული მოკლავს
-არაფერს ვეტყვი. თუ ცუდად ხარ, დავბრუნდეთ თბილისში
-არა, არ მინდა იქ, უბრალოდ ოთახში ვერ შევდივარ და აქ დავიძინებ
ლუკამ მიიკრა გულთან და ნუცასაც ჩაეძინა...

რომ შემეძლოს ახლა მისთვის მომავლის ჩვენება, გადავახვევდი ფირს და ვეტყოდი, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის და ისევ ბედნიერი იქნება, რომ აუცილებლად ეყოლება შვილები და აუცილებლად წამოიყვანს მათ სვანეთში, ახლა გულში მყავს ჩაკრული, ასე ახლოა ჩემთან და ვერაფრით ვეხმარები, ალბათ ნიკაც რომ დაბრუნებულიყო, ვერც ის შეცვლიდა რამეს, რადგან ბავშვი აღარ არის, რადგან ურთიერთობა ერთხელ უკვე გატყდა და უკან დაბრუნება სისულელეა, ახლა მთავარია მოერიოს თავს, ცოტა მკაცრად მოექცეს საკუთარ თავს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არ აქვს ამის ძალა.
ჩემო პაწია გოგო, ასე ნუ იტანჯები რა...

ნენემ საბუთები შეიტანა კულინარიის სკოლაში, სამსახურის მერე პირდაპირ იქ მიდიოდა და თითქმის არაფრისთვის ეცალა, ნიკა აკითხავდა და სახლში მოჰყავდა
-დაიღალე ?
-საქმე, რომელიც მიყვარს არ მღლის, სამსახურშიც იშვიათად ვიღლები
-როდის მომიმზადებ  გემრიელობებს ?
-როცა გინდა, ხვალ ამოდი ჩვენთან, მსოფლიოს გახსნას ერთად ვუყუროთ, ტრადიციულად სახლში ვუყურებ ხოლმე პირველ მატჩს
-ყველა სახლში იქნება ?მამა ვის გულშემატკივრობს ?
-იტალიას, მაგრამ მამა აღარ მყავს და არც დედა, ოღონდ ახლა სიჩუმე არ ჩამოწვეს რა ნიკუშ, ავარიაში გარდაიცვალნენ და დამტოვეს 
-ვაჰ რა, კარგი წავედით
-ვიცოდი მაინც სიჩუმე იქნებოდა, ამიტომ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ადამიანები ტრაგიკულად იღებენ სიკვდილის ცნობას, თითქოს დედამიწის დატოვებით მთავრდებოდეს სიცოცხლე
-რა როგორ მთავრდება, ეგ არავინ იცის, ან როგორ უნდა იგრძნო?
-როგორ უნდა იგრძნო არ ვიცი, გულის საკითხია ეს და ყველამ თავის გულში უნდა ეძებოს პასუხი
-ზოგადად ძალიან მკაცრი რომ ხარ, თუ დაკვირვებიხარ?
-მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, შეიძლება მერე ვეღარ ვიშორებ ხოლმე და თქვენზეც გადმომაქვს, საერთოდ ვერ გამოვხატავ გრძნობებს და ეს საკმაოდ ძნელია, თუმცა ასეთი ვარ და რა ვქნა?
-არაფერი  ნენე, მე კარგად ვგრძნობ შენთან თავს
-მეც ასე ვარ ნიკუშ
...

-კარავი ჩქარა ამოიღე ნუც, თქეში წამოვა ახლა
-ვაიმე დედა, ცუდად ვარ, რა მაგარია
-ის ჩანთა მომაწოდე ჩქარა
-აიღე
ლუკამ სწრაფად გაშალა კარავი, ორივე შეიყუჟნენ
-ჩაიცვი რამე კიდევ, არ გაცივდე, თორემ თავს ავიფეთქებ
-ნუ გეშინია ლუკინ, ხომ იცი მიჩვეული ვარ ასეთ ამბებს
-გშია?
-მმმ,კი, აუ რა მალე დაღამდა
-გვიან გამოვედით და მაგის ბრალია
-ხომ, ამ საოცარ რაღაცეებს რომ ვსვამ, მერე სამ საათამდე მძინავს
-თაკომ მომწერა, ერთ კვირაში ჩამოდის
-რა თქვი? ვაჰ
-რა გჭირს? ნუ ტირი გთხოვ, უკვე ვერაფერს გეუბნები, სულ გეტირება
-ყველაფერი გულზე მხვდება, თუმცა ადრეც ასე ვიყავი
-კარგი მორჩა, დალიე ცოტა, გათბები
-ის ჩანთა მომაწოდე რა, მწვანე
-წიგნი გაქვს ხომ უეჭველი წამოღებული?
-კი, ფერგის წიგნი და ახლა ჩავუჯდეთ
-წაიკითხე რა ხმამაღლა, მიყვარს შენი წაკითხულის მოსმენა
-ვიცი
...
-რიოზე რა მაგრად უწერია, მახსოვს ეგ პერიოდი, ძალიან მძიმე იყო გუნდისთვისაც და თავად რიოსთვისაც
-ხო ძალიან, ისე ლუკა, გუნდზე საუბარი არასდროს ბეზრდება ადამიანს
-რაც გიყვარს, იმაზე საუბარი არასდროს გვბეზრდება... ნუც, პირველად რომ დაგინახე ბარში, აი ეგ იყო პიკი, ხელი რომ კარი კათხას და რომ შემომესხა ლუდი, მაგ დროს მზად ვიყავით მოგვეკალი
-მახსოვს, მაგრად არ გევასებოდით, თუმცა არც ჩვენ ვგიჟდებოდით თქვენზე
-ნუც, თაკოს ჩამოსვლის დღეს დავბრუნდეთ თბილისში ?
-ხო რა, მანამდე არ მინდა
-კარგი,მიდი,მიდი, გააგრძელე კითხვა
-ხო,ხო...

თაკო საჩუქრებს ყიდულობდა, ბრუნდებოდა სამშობლოში, სადაც ოჯახი და მეგობრები ელოდებოდნენ, სადაც ხატავდა ბევრს, სადაც ყველაფერი უხაროდა, თაკო იყო ადამიანი, რომელიც თითქმის არასდროს წუწუნებდა, იყო მოწესრიგებული, ყველაფერის გაწერას
ცდილობდა, მაგრამ ადამიანები ხშირად ურევდნენ გეგმებს, იყო საოცრად სამართლიანი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ამერიკაში გაიარა კინომატოგრაფიის კურსები, დაესწრო Arctic Monkeys-ს კონცერტს და სრულიად ბედნიერი ბრუნდებოდა შინ...
ნუცასთვის მოჰქონდა 5 დიდი პარკი, რაც თავისთვის უნდოდა, საბოლოოდ ყველაფერი ნუცას უყიდა...
ბრუნდებოდა იქ, სადაც ბევრი რამ იყო შეცვლილი...

ნუცას ეძინა, ლუკა საჭმელს ამზადებდა, თან ნუცას სუნთქვას აკვირდებოდა, სულ რაღაცის შიში ჰქონდა, რადგან იცოდა მის ცუდად ყოფნას მძიმედ იტანდა, ასე ვიცხოვრებდი სამუდამოდ, აი აქ მთაში, ოღონდ ესეც აქ უნდა იყოს, რას ვბოდავ, რა აზრები მაწუხებს, ოე ლუკა მოდი გონს...


ადამიანებს გამოსწორებას ვცდილობთ ხოლმე, ეს საკმაოდ ცუდი საქციელია, შენ, რომელსაც საკუთარი თავისთვის ვერ მიგიხედავს, რა რესურსით ცდილობ სხვის სწორ გზაზე დაყენებას, სწორი გზა ერთმანეთის სიყვარულია და ამ არჩევანს ადამიანი თავად აკეთებს...
ადამიანები ერთმანეთის გვერდში ყოფნით და საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლით, აძლევენ სხვებს იმედს, რომ ყველაფერი გამოსწორებადია, თუ თავად გვენდომება ეს...




Tuesday, May 27, 2014

საავადმყოფოდან გამოსვლა, თითქოს შანსია ყველაფერი თავიდან დაიწყო, ნუცაც დიდ ძალას გრძნობდა შინაგანად, მზად იყო ახალი შემართებით დაეწყო ცხოვრება, გარეთ მშობლები ელოდებოდნენ, პალატიდან ლუკამ გამოიყვანა, ნივთები სახლში წააღებინა, სვანეთში წასაღები ნივთების ჩალაგებაში დაეხმარა და მთისკენ გაუყვნენ გზას...

-ლუკა არ მჯერა, რომ ასე ადვილად დამიყოლიე წამოსვლაზე
-სულ აქეთ მიყოლიებ ხოლმე და რა გიკვირს, შენ ოღონდ მთა გიხსენოს ადამიანმა და შეგიძლია ყველა საქმე გადადო იქ წასასვლელად
-ბუნება აძლიერებს ადამიანს
-ხოდა მივდივართ, რა ჩავრთო?
-ჯერ ნიაზი ჩამირთე და მერე თაკოს Arctic Monkeys... როგორ მაკლია თაკუნა, მხოლოდ შენ იცი
-მეც ძალიან მაკლია, მიჯაჭვული ვარ მასზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვა გრძნობა მაკავშირებს
-ხო ვიცი, ისიც ასეა, მაგრამ მგონი ეს ზღვარზე მყოფი ურთიერთობაა, მეგობრობაზე ცოტა მეტი, მაგრამ მეტი არაფერი, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სუფთაა თქვენი ურთიერთობა
-კი, ნამდვილად სუფთაა, რომ შემიყვარდეს, ვიცი სუფთად მეყვარება, არ მექნება მომხმარებლური დამოკიდებულება
-შენი ყოველთვის მჯერა ლუკა, შენ სულ უნდა იყო ჩვენს ცხოვრებაში, ლუკა მითხარი, რომ კარავშიც დავრჩებით და დავლაშქრავთ მთებს
-თავისთავად....

ხეები ხეებს უთმობდნენ გზას, მუსიკა ამ ყველაფერს დამაჯერებლობას მატებდა და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობდა თავს...
ნუცას მანქანაში ჩაეძინა, გადახედა ლუკამ და დამშვიდდა, რადგან ნუცას ძილიც მშვიდი იყო, ლუკა ფიქრებმა წაიღო და გზაც მალე გავიდა, თუმცა შეეძლო გზას საერთოდ არ დამთავრებულიყო, რადგან სავსებით კარგად გრძნობდა თავს მანქანაში, მძინარე ნუცასთან ერთად, რომელიც მიჰყავდა სვანეთში, სადაც უთბილესი ბებია და ბაბუა ელოდებოდა...

-აუცილებლად უნდა დავასპონსოროთ ეს პროექტი,  C ჰეპატიტი იკურნება, უბრალოდ წამლები ძალიან ძვირი ჯდება, გამოკვლევაც და დაზღვევა არ ანაზღაურებს ამას, ადამიანებს უნდა მივცეთ შანსი, რომ იყვნენ კარგად
-ნენე, სარეკლამო კომპანია ვართ და შენ ჯანდაცვაში გაგვრიე უკვე
-სარეკლამო ვართ, რომელსაც დიდი ჯგუფი უდგას სათავეში დიდი ბიუჯეტით
-ეს საქმე ჩვენ არ გვეხება
-რაც ეხებათ ადამიანებს, რომლებიც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომელშიც ჩვენ, ანუ ჩვენც გვეხება, თუ გინდა გავახმაუროთ და ისე დავასპონსოროდ, რომ ამან მეტი ცნობადობა მოგვიტანოს, ანუ მეტი ფულიც, რომ შენ წყნარად იყო, მაგრამ მთავარია დავეხმაროთ მათ
-კარგი ნენე, დაწერე პროექტი და მოგვაწოდე
-რომ მერე გადააგდო ?
-ასე რატომ საუბრობ ?
-იმიტომ რომ სულ ასე ხდება, ძალიან ბევრი პროექტი აგაფარე სახეზე და მხოლოდ 5 დაამტკიცე
-ეგ ხუთიც არ უნდა დამემტკიცებინა და მერე უფრო კარგად იმუშავებდი
-გავედი მე, აღარ მეთათბირება...

ნენემ კარი გამოიჯახუნა და თავის კაბინეტში შევიდა, თათბირიც მალე დამთავრდა, ზუსტად ვიცი შემოვა ახლა და დაიწყებს დემაგოგიას, ამ ბიჭთან ერთად მუშაობა არ შეიძლება რა, ისე რომ გამეცნო, ალბათ ვიმეგობრებდით, მაგრამ ამ ვითარებაში გამორიცხულია, აი მოდის...

-საკუთარი პროექი რომ გაიტანო, ამისთვის ყველაფერის გაკეთება შეგიძლია ?
-როცა დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი მართლა კარგია, მაშინ კი, მაგრამ შენ არასდროს გჯერა ჩემი
-იმიტომ რომ დაფრინავ
-ადამიანების გადარჩენა, თუ გაფრენას ნიშნავს, მაშინ მართალი ხარ
-რთულია შენთან მუშაობა
-არც შენთან არის იოლი
-საღამოს რას აპირებ ?
-რამის დაპირებას მთავაზობ?
-ჩვენები თამაშობენ შვეიცარიაში და ვუყუროთ
-კარგი, თანახმა ვარ
-მეგონა ფეხბურთს მხოლოდ გიოსთან ერთად უყურებდი
-ეს რა ეჭვიანობის მარცვლებია

ორივეს გაეცინა, ნიკა ახლოს მივიდა და თმაზე ხელი გადაუსვა, ნენემაც გაუღიმა და ცოტა ხნით მისი ხელი საკუთარ ხელში მოაკალათა, ნიკა უყურებდა და ბოლოს გაეღიმა
-ვიცი, რაღაც დაიწყება
-არა ნიკუშ, დაიწყო უკვე
-მგონი პირველად რომ შემოვიხედე შენს კაბინეტში მაშინ
-არა, როცა გაიფიქრე, რომ გინდოდა შემოხედვა, აი მაშინ დაიწყო
-არ იქნება ადვილი ამბავი, ბევრი ჩხუბი და გულისტკენა არ აგვცდება
-ვიცი...

მანქანა ლუკას სოფელში შევიდა, ნუცამაც გაიღვიძა და გულში რაღაც საოცარი გრძნობა გაჩნდა, რამდენჯერ ყოფილა აქ ნიკასთან, ლუკასთან და თაკოსთან ერთად, კარვებით, სახლში, წვიმაში, ზამთარში, ოთხშაბათს, თუ 2006 წელს...
ბებია და ბაბუა ღობესთან იდგნენ,

ნუცა შორიდან ხედავდა, უნდოდა გადმომხტარიყო მანქანიდან, რადგან ეგონა ფეხით უფრო მალე მიირბენდა, თან სიყვარულს ასე უფრო გამოხატავდა...

-ლუკა გააჩერე რა, უნდა გავიქცე მათთან
-მიდი

მანქანა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გაჩერებული, ნუცა გადმოხტა და გაიქცა მათკენ, ცრემლები უკვე მოსდიოდა თვალებიდან, მაგრამ ეს თავისუფლების ცრემლები იყო...
ძალიან მაგრად ჩაიკრეს გულში ნუცა, ლუკამ მანქანა დააყენა და ერთად შევიდნენ ეზოში...
ატყდა ქაოსი, ბედნიერი ქაოსი, მეზობლების გადმოსვლა, ნათესავების გაღიმებული სახეები, ბებოს ფუსფუსი, მონატრებული ”ძალიან გეშიებათ” და ”როგორი გამხდარი ხარ ნუცა”
ჟიბიანი ნუცას საყვარელი სოფელი იყო, ყველაზე ბედნიერი წამები აქ ჰქონდა გატარებული, გეგონებოდა თავადაც სვანი იყო, ვერ იფიქრებდი, რომ ლუკასთან ჩამოდიოდა სტუმრად...

ლუკას ბებოს დიეს ეძახდა და ბაბუას ბაბლინს, პატარა ბავშვით ორივეს კალთაში იყო ხოლმე მოკალათებული, თავისი ბებია-ბაბუა ადრე გარდაცვლილიყვნენ და არ ახსოვდა, მეექვსე წელი იყო, რაც იპოვა ეს ორი ადამიანი და სულ მათთან უნდოდა ყოფნა...

ისადილეს
ცოტა დალიეს, ნუცამ განსაკუთრებით ცოტა, რადგან წამლებს სვამდა, იჯდა ბალახზე და დიეს უყვებოდა თავის ამბებს
-ბები, დაშორება განიცადე ასე ?
- არ მინდოდა დიე, მაგრამ ეტყობა მაგრად მიყვარდა ნიკუშა და ვერ წარმოვიდგინე მის გარეშე ჩემი დარჩენილი ცხოვრება
ბაბუც ჩაერთო საუბარში
-ჩემო გოგო, ყველა ბიჭის წასვლა ასე თუ განიცადე, რაღა დარჩება შენგან, ისედაც ძალიან გამხდარი ხარ
-ბაბლინ, ნიკა ყველა არ იყო
-ვიცი ხო და მოეთხოვება მაგაზე პასუხი
ბებო უსმენდა თავის ქმარს და ბოლოს უთხრა
-შე კაცო, სიყვარულზე პასუხი როგორ უნდა მოსთხოვო ადამიანს, უყვარდა და აღარ უყვარს, ან სხვანაირად უყვარს, გულს ხომ ვერ უბრძანებ, თორემ ბრძანება რომ შემძლებოდა, შენნაირი ჯაჯღანა კი არ შემიყვარდებოდა
ორივემ ისეთი თვალებით შეხედა ერთმანეთს, რომ მიხვდებოდი, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი...

-ნუც არ გცივა?
-კი ლუკა
ლუკამ შემოსახური გამოუტანა, მიუჯდა გვერდით, მოახურა, თავი მხარზე დაადო და გააგრძელა სოფლის ამბების მოსმენა...

-უტევენ ნახე
-მაგარი ბიჭები გვყავს ნიკუშ
-გოლიააააააააააააა
-ვაიმეე დედა, ვაიმეეე რა მაგარიააა
-ლუკას უნდა დავურეკო

-ბიჭო გაიტანეს
-ვინ გაიტანა?
-გიომ გაიტანა
-ეგ მაგარი ბიჭია, ჩვენ ეზოში ვართ და მოგვწერე ანგარიში
-როგორ არის ნუცა?
-ეზოში ზის, თავი ბებოს კალთაში აქვს მიდებული და ბებო ეფერება, ამ გოგოს სიყვარულის გამოხატვის საოცარი ნიჭი აქვს, ხანდახან მშურს მისი, ბებიაჩემს ისე ეხუტება და იმასაც ისე უყვარს, რომ მინდა მეც შემეძლოს ასე
-კარგი, დამანებე თავი, წავედი, ნუცა ყოველთვის გამორჩეული იქნება
-ბიჭო, არ გინდა ჩამოდი?
-არ მგონია გაუხარდეს, თან არ მინდა ინერვიულოს და მის ჯანმრთელობას ოდესმე რამე დაემუქროს
-კარგი წავედი, დალევა უნდა გავაგრძელო და ანგარიში შემატყობინე და იყვირე ჩემს მაგივრად, ნუცას მაგივრად ყვირილის ვერ შეძლებ, არ გამოგივა
-განვედ, აღარ მაქვს შენი თავი

ერთმანეთზე ცუდის ლაპარაკი გვიყვარს, მაგრამ მერე ვნანობთ ამას, დგება წამი, როცა იღებ გადაწყვეტილებას, რომ სხვაზე აღარ თქვა ცუდი, ეს ხან გამოგვდის, მაგრამ უფრო ხშირად არ გამოგვდის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ყოველდღე უნდა მივიღოთ თავიდან და შევუდგეთ მის განხორციელებას.
ადამიანებს ბეზრდებათ ერთმანეთი, ტოვებენ ერთმანეთს, ანაცვლებენ სხვებით, ალბათ ასეთ წუთებში არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ვისაც დღეს ხედავ, შეიძლება ხვალ ვეღარ დაინახო, შეიძლება შენ გახდე ცუდად, ან ის წავიდეს სხვა ქვეყანაში, ან შეწყდეს მისი სიცოცხლე ამ დედამიწაზე, ან შენი შეწყდეს, ამით არ მინდა იმის თქმა, რომ შევინიღბოთ და უგულოდ დავრჩეთ ერთმანეთთან, მაგრამ როცა ადამიანი შენი მეგობარი ხდება, როცა მას შენს გულში უშვებ, ადვილად აღარ უნდა აძევებდე იქიდან.
რას ნიშნავს არ გააძევო ადამიანი შენგან ?
ეს არის იფიქრო მასზე, კარგი მოგონებები შეინახო მასზე და თუ რამ ცუდი იყო, დაივიწყო, რაც რადგან ძნელია, სჯობს გამოცდილებად აქციო და ეცადო იგივე არასდროს გაუკეთო მას, მაგრამ ამით არ იამაყო...



Sunday, May 25, 2014

ნიკამ გააცილა სახლამდე ნენე და სანდრო, გზაში ბევრი ილაპარაკეს, ნიკა დაპირდა, რომ შაბათს გაჰყვებოდა კულინარიის სკოლაში, ღია კარის დღე ტარდებოდა და ნენეც მალე აპირებდა საბუთების შეტანას, სანდრომ სახლში მალე აირბინა, ნიკა და ნენე კიდევ დარჩნენ, ახლა უკვე ნენეს ეზოში და საუბრობდნენ...

-ანუ ვაპატიეთ ერთმანეთს და აღარ გვაქვს უთანხმოება ხო?
-კი ვაპატიეთ ნიკუშ, მართლა ძალიან ვინერვიულე
-იცი რა მიკვირს ცხოვრებაში, ოღონდ ამას გულწრფელად ვამბობ, ჩემს გამო რატომ უნდა ინერვიულოს ადამიანმა, აი ასე დაჯდება სახლში, ან ყავას სვამს სამსახურში და ჩემზე ნერვიულობს, მართლა ვერ წარმომიდგენია, ამას ცრუ თავმდაბლობის გამო არ ვამბობ, მართლა ვერ ვუშვებ გონებით მსგავსს სიტუაციებს
ნენეს გაეცინა
-ბიჭები მართლა განსხვავებულად უდგებით ცხოვრებას, გოგოები სხვანაირად და ალბათ ამიტომ ხდება ამდენი შეხლა-შემოხლა
-თათბირებზე ყოველთვის გაკვირდებოდი, სულ წინააღმდეგ გამოდიოდი, ხანდახან შენი გაწიწკვნის სურვილი მიჩნდებოდა
-შენ ფინანსები გეხება, შენ უნდა გამოყო ფული ჩემი იდეების დასასპონსორებლად, ეს არ გინდა ხოლმე, ჩემი იდეები არასდროს მოგწონს და კიდევ მე ვარ დამნაშავე ?
ეღიმებოდა ნენეს და ღიმილიანი თვალებით უყურებდა ნიკას
-ყოველთვის მომწონს, მაგრამ შენ ემოციურად უდგები ყველა საკითხს, ყველას დახმარება გინდა, ”სოციალური პასუხისმგებლობა” შენთვის მთავარია
-სამსახურში მაშინ ვგრძნობ თავს კარგად, როცა სხვებს ვეხმარებით, ჩვენი საქმე რეკლამაა, მაგრამ მხოლოდ ამისთვის არ ვარსებობთ
-ვიცი, მაგრამ მე მაინც პრაგმატულად ვუდგები ყველაფერს
-შენიც მესმის...

ნენე სახლში ავიდა, სანდრო და ბაბუ რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ
-რა ხდება ?
-არაფერი ნენ
-მითხარით
-ნენ შეყვარებული ხომ არ ხარ ?
-გააფრინე სანდრო, ბაბუ არ დაუჯერო რა
-მოდი ბაბუ მომიყევი ვინ არის რა
-ოოო ბაბუ ნერვებს ნუ მიშლი
-ჩაი დაისხი და მოდი ჩვენთან, ფეხბურთამდე ვისაუბროთ და მერე სიჩუმეს მოვითხოვ
-ჩემი გუნდი არ თამაშობს და არ მინდა ყურება
-ნენ შენი გუნდი ერთი წელი ვერ ითამაშებს და ნუ აგვხდი ახლა თავს
-სანდრო შემეშვი
-ეს დრო გადაიწიოს რა მალე, დილით ადგომა იკვლევინება...

რა თქმა უნდა უყურეს ფეხბურთს, გოლებს შეძახილები მოჰყვა და ბაბუს წამალიც დასჭირდა, რადგან ძალიან ინერვიულა...

ნიკა ისევ ლუკასთან დარჩა, ლუდი აიტანა, ლუკამ კიდევ მეტი რაოდენობის დაახვედრა და ჩაუჯდნენ ფეხბურთს...

-ნიკუშ გახსოვს ბარში რომ ვუყურებდით, ნუცა რა გიჟი ფანი იყო, თავს რომ გვხდიდა, მაგრად ვერ ვიტანდით თავიდან
-რა დამავიწყებს, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბოლოს შემიყვარდებოდა, მაგრამ რაც არ გგონია, ის ხდება ცხოვრებაში
-ძალიან სხვა გოგოა, ძალიან მაკლია, მგონი თაკო რომ ამერიკაში წავიდა, ეგეც ძალიან განიცადა, ბევრი სტრესი მიიღო და იმიტომ გახდა ცუდად, ხვალ უნდა ავიდე მაგასთან, მახსოვს ჩემები წასულები იყვნენ, რაღაც ენტეროვირუსი შემხვდა, ჩემთან იყო სულ, მივლიდა და მე ერთხელაც ვერ ავედი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია ცუდ ხასითზე მყოფი ვნახო
-დღეს ვიყავი და ბევრად უკეთ არის, ზუსტად ვიცი მალე გამოძვრება, ძლიერია
-შენ რაღაც ისე საუბრობ, ვინმე სხვა ხომ არ ჩაგივარდა მაგ სასტიკ გულში ?
-არა, მგონი არა
-დაასხი რა, გაკლია
-ხვალ დინამო თამაშობს  და წავიდეთ რა
-თავისთავად
-მიხარია რომ დაბრუნდი
-მეც ძმის გულის ხვედრითი წილო
 ძალიან ბევრი იცინეს და მალე დაიძინეს...

ნენეც მიდიოდა მეორე დღეს მატჩზე და მარტო იმიტომ არა, რომ დინამო მისი ქალაქის გუნდი იყო და უყვარდა, ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა, გუნდში თამაშობდა ადამიანი, რომელიც ნენეს გამორჩეული მეგობარია, გიორგი ჯაფარიძე-შემტევი ნახევარმცველი, ნენეს გვერდში იყო თითქმის ყოველთვის და ნენეც ყოველთვის ცდილობდა მის გვერდში ყოფილიყო,  მშობლების გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებულად მიწეპებული აღმოჩნდა მასზე ნენე, ერთ ეზოში გაიზარდნენ და ბავშვობის ლამაზი წლები ძალიან კრავს ადამიანებს, თუმცა გიორგი არასდროს უმალავდა თავს, რომ ნენე უყვარდა, მაგრამ ამის თქმას  არ აპირებდა და ალბათ არც ეტყოდა...

-სან, დინამოს მაისური ხომ გაგირეცხე ?
-კი ნენე, გავემზადები და წავიდეთ
-კი, გიოს ძმა მომიტანს ახლა მოსაწვევებს
-ოჰ, უნდა მოგართვან, სად შემიძლია
-სანდრო ნუ ღადაობ

სტადიონზე ძირითადად სანდროსთან ერთად დადიოდა, თუ სანდროს არ ეცალა, მაშინ მარტო. ზოგადად მარტობაა უყვარდა ნენეს და თვლიდა, რომ თუ მარტო ვერ იგრძნობს ადამიანი თავს კარგად, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ სხვებთან ერთად მოახერხოს ბედნიერი ცხოვრება. 
დინამოს მაისურის გარეშე არასდროს მიდიოდა მატჩზე, მიაჩნდა რომ ყველაფერს და ფეხბურთსაც სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა...

იქ, სადაც პირველი იარუსი მეორე  იარუსს უნდა ჩამოშორდეს, აი ამ მონაკვეთში დაინახა ნიკამ ნენე, გულმა გაუქროლა, ზუსტად ისე, რაღაცას რომ წამოკრავ ფეხს და ძალიან შეგეშინდება, დაძახებას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა, თუმცა ბოლოს მაინც დაუძახა
-ნენე
ნენემ ხმაზე იცნო და სანამ მოიხედავდა, გაეღიმა, აქ არის, ვგრძნობდი რომ აქ იქნებოდა და რატომ არავინ იცის...
-როგორ ხარ ნიკუშ?
-კარგად ნენე, არ მეგონა აქ თუ გნახავდი
-მე მეგონა სამაგიეროდ
-გაიცანი ეს ლუკაა
-სანდროს იცნობ უკვე
-შევედით, თორემ დაიწყება მალე და არ მიყვარს წამით დაგვიანებაც...

ნენე ნიკას გვერდით იჯდა, ნიკა თითქოს რაღაც ქაოსში ეხვეოდა, არ უნდოდა ყურადღება მატჩის გარდა კიდევ რამეზე გადატანილიყო, მაგრამ არ გამოდიოდა, ნენეს ტაში, ნერვიულობა, სიცილი, ის სურნელი, რასაც ნენე ტოვებდა, როცა ტაშს უკრავდა, ან როცა თითქმის გატანილ გოლზე წამოხტებოდა, ნიკას ახალ პრობლემად გადაიქცა, რომლისგან გაქცევას ის აშკარად აღარ აპირებდა...

მატჩი დინამოს გამარჯვებით დამთავრდა და გოლი გიომაც გაიტანა, ნენე და სანდრო ბედნიერები იყვნენ..
-ნენე მიგიყვან სახლში
-არა ნიკუშ, გიოს უნდა დაველოდო, ყოველთვის ასეა, როცა მატჩი აქვს, სულ ველოდები და მერე ერთად ვბრუნდებით სახლში
-ეტყობა ძალიან მეგობრობთ
-კი ასეა
-კარგი, გამიხარდა რომ გნახე
-მეც...

-ნუცა, ერთ კვირაში გაგწერთ
-მართლა? თუმცა მეშინია
-რატომ ?
-აქ თქვენ მივლიდით, ვიცოდი ცუდად რომ გავმხდარიყავი, თქვენ მიშველიდით და ახლა რა იქნება
-ყველაფერი კარგად იქნება, წამლების მიღებას გააგრძელებ და მერე ჩემთანაც მოხვალ კონსულტაციაზე, ნუ გეშინია ცხოვრების, იცოცხლე და ახლა მნახველი მიიღე...

ლუკა გიჟივით შევარდა პალატაში, ნუცა წამოხტა საწოლიდან და მისკენ გაიქცა, ხელში აიყვანა ლუკამ და ძალიან მაგრად დააბზრიალა, ისე მაგრად, რომ წამით ბავშვობა გაახსენდა ნუცას, საკუთარი თავი საქანელაზე ეგონა, რომელიც ძალიან მაგრად ტრიალებს...

-ნუცა, მითხარი რომ მაპატიებ იმას, რომ ვერ მოვდიოდი, ალბათ გოგოები უფრო მაგრები ხართ მძიმე სიტუაციებში, ვიდრე ჩვენ, არ შემეძლო შენი აქ დანახვა, რადგან მინდა, რომ სულ კარგად იყო
-რა უნდა გაპატიო ლუკა, ხო გიცნობ და ვიცი რაც ხარ, ძალიან მაკლდი და მენატრებოდი, ერთ კვირაში გამომწერენ და დამპირდი, რომ ისევ ირბენ ჩემთან ერთად
-რა თქმა უნდა, ეს პერიოდი სულ მარტო დავრბოდი და გვერდით რომ არ მომყვებოდი, სახე მეხეოდა... თაკოსთვის არ მითქვამს შენი ამბავი
-სწორად მოიქეცი, მიცნობ და იცი, არ მიყვარს საკუთარი პრობლემების აფიშირება და სხვასთან წუწუნი
-მგონი ეს არც ისე კარგია შენი ჯანმრთელობისთვის
-მთავარია ღირსება არ დაკარგოს ადამიანმა, თორემ ჯანმრთელობას ვკარგავთ ბოლოს
-გამოწერის დღეს მოგაკითხავ და მერე სვანეთში მივდივართ, გადაწყვეტილია
-ბებო როგორ არის?
-სოფელშია და გველის...

ეჭვიანობა ყველაფერში მჟღავნდება, შეიძლება დედაზეც იეჭვიანო და მეგობარზეც, მაგრამ ზოგადად ალბათ ავადმყოფობაა ეს გრძნობა, რადგან როგორ უნდა მოითხოვო ადამიანისგან სიყვარული, ან ისეთი დამოკიდებულება, როგორიც შენ გინდა, ადამიანები ინდივიდუალურები არიან და ამიტომ მათი დამოკიდებულება ჩვენდამი ინდივიდუალური და განსხვავებულია, შენ როგორც გიყვარს დედა, მას ისე ვერ ეყვარება...
თავისუფლება ეჭვების გარეშე ცხოვრებაც არის...




Thursday, May 22, 2014

ღამემ მშვიდად ჩაირა, ნიკას მეორე დღის ბახუსს თუ არ ჩავთვლით და ნენეს გასიებულ თვალებს.

დღეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა სანდრომ გააღვიძა ნენე და სკოლაში წაყვანა სთხოვა.
ნენეს ადგომა ეზარებოდა, თითქოს შინაგანი ძალა მხნეობას მატებდა და უმტკიცებდა, რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იქნებოდა, მეორე მხარე საწოლში დარჩენას სთავაზობდა, საბნის თავზე გადაფარებას და რეალობისთვის თვალის არ გასწორებას.
ნენეს ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, შეეძლო ბაბუსთვის ეთხოვა და ის წაიყვანდა სანდროს სკოლაში, მაგრამ ეს საკუთარ თავთან ბრძოლაში არ იქნებოდა სწორი საქციელი, იოლია ადვილი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შედეგი ყოველთვის გიმძიმებს სულს...
ნენე წამოფრინდა ლოგინიდან, შევარდა აბაზანაში, წყალი თითქოს სხეულის გარდა, სულსაც გისუფთავებს, ფიქრობ რომ აბაზანიდან გამოსული ახალ ცხოვრებას იწყებ, თუმცა აქ არ არის ტყუილი, ყოველი წამი ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსია...

წავედით სანდრიკ
ჩუმად მიდიოდნენ, დილის თბილი ჰაერი აფხიზლებდა ორივეს და ცხოვრებისთვის ძალას თანაბრად უნაწილებდა, გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებდა.

-მეგონა მოგბეზრდა ჩემი სკოლაში ტარება
-არა სანდრიკ, უბრალოდ გუშინ ერთ ადამიანს ვატკინე გული და ამან გამიფუჭა ხასიათი და იმიტომ ვერ ვდგებოდი
-ნენ, მიდი დღეს და გამოასწორე შენი საქციელი
-როგორ სან?
-მიდი და ჩაეხუტე, სიტყვებს ხანდახან ვერ იგებენ ადამიანები, ამიტომ პატიება ხანდახან ჩახუტებითან უნდა ითხოვოს ადამიანმა. მანამდე ნაყინი ვჭამოთ ”ლუკაში”და უფრო კარგ ხასიათზე წახვალ სამსახურში...

 ნაყინიც ჭამეს, ერთმანეთს აკოცეს, სანდრო სკოლაში შევიდა და ნენე სამსახურისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით...

ნიკა ლუკასთან სვამდე დილის 4 საათამდე, ამიტომ დილით გაღვიძებული მიხვდა, დღეს საავადმყოფოში წასვლას ვერ მოასწრებდა და ეს პირველი დღე იყო 6 თვის მანძილზე, როცა ნიკა პირდაპირ წავიდა სამსახურში, ისე რომ ნუცა არ ნახა.

ნენე  ოფისში ავიდა,  ნიკას კაბინეტი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ დღის შუქი ცდილობდა მის განათებას...
ჯერ არ მოსულა, მოსამზადებლად დრო მაქვს, მაგრამ რომ მოვემზადო, ეს უკვე ფარსი იქნება, ანუ გულწრფელად არ ვნანობ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება...
ნენე სკამზე ჩამოჯდა და ტრიალი დაიწყო, ტრიალებდა და ამით თითქოს ბავშვობაში ბრუნდებოდა, მოუნდა დედასთან ჩახუტება, დედა ენატრებოდა, რომელიც 2 წლის წინ დაკარგა და რომელიც აღარ დაბრუნდებოდა, სამსახურში ეს ამბავი თითქმის არავინ იცოდა, მხოლოდ უფროსმა, რომელსაც არავისთან დაუწყია ამ თემაზე საუბარი...
ნიკას ოთახის კარის ხმა ჩაესმა ნენეს...
მოვიდა
ვაჰ, რა ვქნა ახლა
უნდა მივიდე...
მართალი აღმოჩნდა, ოთახში უკვე შუქი ჩახჩახებდა, ნენე კართან იდგა...
თავს მოერიე ნენე და შედი, ნენე გულის ხმას უსმენდა და მაინც ეშინოდა შესვლა, მაგრამ ბოლოს გაბედა, როგორც დილას ადგომა არჩია, სახლში დარჩენას.

-ნიკა გამარჯობა
ნიკა ფანჯარაში იხედებოდა, უცბად შემოტრიალდა, მაგრამ სანამ შემორიალდებოდა, გულმა გაჰკრა და ეს ნენეს ხმამ გამოიწვია...
ნენე ახლოს მივიდა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა, მთელი სინანული ამ ჩახუტებაში ჩადო, ასე იდგნენ ცოტა ხანი და ბოლოს ნიკამაც პატიების ნიშნად ჩაიკრა გულში...
ასე სიტყვების გამოუყენებლად დაუბრუნდნენ სამუშაოს...

დღემ ისევ საქმეებში ჩაფლულმა ჩაიარა, ნიკა სამსახურიდან გვიან გავიდა, ნენეს ოთახს გახედა და ის ჩაბნელებული იყო...
წასულა უკვე...

-გამარჯობა ბატონო ირაკლი
-სალამი ნიკა, გამიკვირდა დილით რომ არ მოხვედი,ნუცამ გიკითხა?
-მიკითხა ? 
-კი, უკეთ არის, შედი და ნახე

ახლა, როცა გონს მოვიდა, უფრო გართულდება მისი ნახვა, ყველაფერი თავიდან დაიწყება, ახსნა-განმარტებითი საუბრები, ხომ შეიძლება ადამიანები ადეკვატურად იღებდნენ ყველაფერს, რაც მათ ცხოვრებაში ხდება...

ნუცა დამშვიდებული იჯდა საწოლზე და წიგნი ეჭირა ხელში, ნიკას ნაჩუქარი ჯემპრი ჰქონდა შემოცმული და თითქოს გულში იკრავდა მას...

-ნუც, როგორ ხარ?
-რატომ არ მოხვედი დღეს ?
-ლუკასთან დავრჩი და დავლიეთ ბევრი
-ჰმ, ლუკა, როგორ მენატრება, მენატრება ჩემი თავი, მაგრამ ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი, ვიცი ახლა გერიდება ჩემთან საუბარი და გგონია რაღაც მომივა, მაგრამ ასე არ არის ნიკუშ, მე შევეგუე შენს წასვლას მაშინ, მაგრამ ფსიქიკამ ვერ გაუძლო, არ ვიმჩნევდი, ვერთობოდი და არაფერს ვამბობდი ხმამაღლა, ღამე მეღვიძებოდა და ცრემლები შტორმივით ჩამომდიოდა თვალებიდან, ყელში მიჭერდა და მახრჩობდა, მერე სახლში ჩამკეტა ამ ყველაფერმა, ამეკვიატა აზრი, რომ შენი წასვლა ჩემი ბრალი იყო, სარკესთან ვიჯექი ხოლმე საათობით, ჩამომდიოდა ცრემლები, საკუთარ თავს ვიცოდებდი და უარეს ისტერიკაში ვიგდებდი თავს და ბოლოს ქუჩაში გავედი, გადასასვლელზე ვიდექი და ვგრძნობდი მიწა მეცლებოდა და სადღაც ჯურღმულში მიმაქანებდა და მერე დავეცი და თითქოს შვება ვიგრძენი და ახლა აქ ვარ გამოკეტილი...

ნიკა მივიდა და ჩაიკრა გულში
-ნუც, ვიცი სისულელეა რამის ახსნა, თანდათან გაუფერულდა ურთიერთობა, ისე აღარ მიხაროდა შეხვედრები, ეს მაფიქრებდა და ვგრძნობდი იმ გრძნობიდან არაფერი იყო დარჩენილი, რასაც ადრე საკუთარ თავში ვატარებდი, ვცდილობდი ყველაფერი ისევ ისე ყოფილიყო, მაგრამ აღარ გამომდიოდა, პირდაპირ ამის თქმა გამიჭირდა და წავედი სადღაც და აშკარად ძალიან ცუდად მოვიქეცი, მეგონა ასე დაგიცავდი გულისტკენისგან, არადა სინამდვილეში საკუთარ თავს ვუფრთხილდებოდი.

-ვიცი ნიკუშ, ადამიანები არასწორად ექცევიან ერთმანეთს, როცა სათქმელს პირდაპირ არ ეუბნებიან, გაურკვევლობა ყველაზე დიდი სასჯელია, რაც ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორეს გაუმზადოს, მოსულიყავი და გეთქვა პირდაპირ, ჩვენ ხომ მეგობრებიც ვიყავით და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით და როგორ შეიძლებოდა, რომ არ გამეგო შენთვის. ახლა კი წადი ნიკუშ, უნდა დავისვენო, წამოვდგე და ცხოვრებას ისევ დავეწიო, რომელმაც სადღაც გამასწრო და მე დავრჩი კუთხეში, საკუთარი თავის სიბრალულში ჩამწყვდეული

-იცოდე რომ
-ვიცი, რომ თუ რამე დამჭირდა, ყოველთვის მქონდეს შენი იმედი...

მოვლენები, ადამიანები, გრძნობები ენაცვლებიან ერთმანეთს, ჩვენ გვინდა სწორად მოვიქცეთ, შეძლებისდაგვარად არ ვატკინოთ ერთმანეთს არც სული და არც სხეული, არ შევურყიოთ, ისედაც დაუძლურებული ჯანმრთელობა, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრს ვფიქრობთ და სხვა ადამიანებს ყოველთვის ჩვენზე ქვემოთ ვაყენებთ, მერე შეიძლება ვწუხვართ მათ გამო, თუმცა საკუთარ თავს ყოველთვის ნაკლებად გავიმეტებთ, ვიდრე სხვას...

ნიკა მიდიოდა სოლოლაკისკენ, სადაც ყოველი მოსახვევი და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ყოველი ხე, მისთვის ნამდვილად ახლობელი იყო, რაღაც ეტაპი დამთავრდა მის ცხოვრებაში, ნუცამ გაუშვა, მაგრამ სიცარიელეც დაუტოვა, ის სიცარიელე, რომელიც მოსვენებას გაძლევს, მაგრამ თითქის შევსებასაც ითხოვს...

ნენე სანდროს გაკვეთილებს იბარებდა, ეს ყოველთვის მხიარული პროცესი იყო, რადგან სანდრო კარგად სწავლობდა...
-შეურიგდი თანამშრომელს ?
-როგორც დამარიგე, ისე მოვიქეცი და იმედი მაქვს მაპატია
-გაპატიებდა, წამოდი გავისეირნოთ არ გინდა ?
-დაღლილი რომ ვარ
-არაუშავს, ცოტას კიდევ დაიღლები და უფრო კარგად დაგეძინება
-მეზარება
-წამოდი რა
-კარგი

გაზაფხულის ამინდი ადამიანებს სახეზე ეფერებოდა და თითქოს ყურში ცოტა ხმამაღლა ეუბნებოდა: იცხოვრეთ სანამ დრო გაქვთ, ერთმანეთთან ხშირად არ იჩხუბოთ, შეხვდით ერთმანეთს, გაამხიარულეთ ერთმანეთი
-არ იცი სად ცხოვრობს  შენი თანამშრომელი?
-კი ვიცი
-წამოდი ვნახოთ
-რატომ ?
-ისე, გაიგებ გაპატია თუ არა
-სიგიჟეა
-ცხოვრებაც სიგიჟეა ცოტათი, გამართლებული სიგიჟე

ნიკას სახლის ეზოსთან იდგნენ, დაძახება, თუ არ დაძახება, ახლა ეს იყო მათ ცხოვრებაში მთავარი თემა, შეიძლება ჯერ კიდევ შემოტრიალდე და არ გადადგა რაღაც ნაბიჯი

-მიდი დაუძახე
-მიტყდება, იფიქრებს, რომ გავაფრინე
ბოლოს სანდრომ დაუძახა, ნიკა ამ დროს აუდიტს აკეთებდა და ხმა ბუნდოვნად მოესმა
ვინ იძახის, ალბათ სხვას ეძახიან
აწმყომ მოიტანა ის გარემოება, რომ ადამიანები ურეკავენ ერთმანეთს და ეზოდან აღარ ეძახიან...
-ნიკაა
-კარგი გაჩერდი, წავედით, აღარ დაუძახო სანდრო

ნიკა აივანზე გამოვიდა, ნენე მის აივანთან იდგა, ვიღაც ბავშვთან ერთად
-ჩამოვალ ნენე, არ წახვიდე...
ათასი ფიქრი თავში, რომ ჩამოვა რა უნდა ვუთხრა, იქნებ დადუმება უკეთესი გამოსავალი იყოს
ნიკა მხიარული ჩანდა, თითქოს რაღაც მძიმე მდგომარეობას დაეტოვებინოს ის, სანდრო მიესალმა, გაეცნო და მაღაზიაში გაიქცა, მიზეზად წყურვილის დაუოკებელი გრძნობა მოიმიზეზა
-ძალიან მიკვირს აქ რომ ხარ, თუმცა მიხარია
-მეც ვერ გავიგე, რატომ ვარ აქ
-იმ დღეს მეც უაზროდ მოვიქეცი და მაპატიე
-ჩემი საქციელი ბევრად უაზრო იყო ნიკა
-გავატაროთ, მორჩა
-კარგი, წავედი ახლა, თორემ გვიანია
-არ წახვიდე რა...

სამშობლო, ალბათ იმ ადამიანების ერთობლიობაა, რომლებიც გვიყვარს, ხშირად სიტყვით ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს ჩვენს სათქმელს, მერე ვფიქრობთ, თუ როგორ გამოვხატოთ ზუსტად ის, რასაც ვგრძნობთ, რაც გვინდა რომ სხვამაც გაიგოს.ძნელია ფიქრის შესატყვისი მოქმედება იპოვო, თუ ვინმეზე ნაწყენი ხარ და ზუსტად ვერ უხსნი, რატომ ხარ ნაწყენი, გენატრება მეგობრები და იცი ამ გრძნობას, მხოლოდ სიტყვა "მონატრებით" ვერ გამოხატავ, შეიძლება სხვა ქვეყანაში იყო და ვერ ჩაეხუტო, როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს...
ამაზე ზუსტი პასუხი არ ვიცი, შეიძლება სხვამ იცოდეს...
ადამიანები გულიდან გონებაში და გონებიდან გულში ხშირად მოძრაობენ, ცხოვრებენ ჩვენს გულებში და როცა მათზე ფიქრს ვიწყებთ, გონებაში ინაცვლებენ, როცა ვინმეზე კარგს ვფიქრობთ, გონება თავად ეახლება გულს და ფიქრობენ ერთად, როცა ვინმეზე წყენა გვაქვს, მხოლოდ გონება ფიქრობს, ამას ხვდება გული და ადის გონებასთან, რომ წყენის დავიწყებაში დაეხმაროს...





Tuesday, May 20, 2014

დგება ცხოვრებაში პერიოდი, როცა აღარ გჯერა ადამიანების, გრძნობების, ემოციების, მაგრამ ეს დროებითია, რადგან არ შეიძლება არ გჯეროდეს ადამიანების იქამდე მაინც, სანამ გიღალატებენ, გაწყენინებენ, ან მარცხენა ფეხს დაგიდებენ, თუმცა არც მერე გაქვს უფლება ნდობის დაკარგვის, რადგან თუ ერთხელ გიღალატეს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ქრონიკულ ხასიათს მიიღებს...

ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ მხოლოდ თეორიულად, მალე გავიდა და მარტიც მალე მოვა, გარეთ პრაქტიკულად გაზაფხულია და გულშიც მსგავსი ამბები ხდება, თითქოს ნუშის ხე გაზრდილიყოს და რაღაც მხიარულების მსგავსს გპირდებოდეს.

ნიკამ დილით ადრე გაიღვიძა, ფანჯარა გამოაღო, გაიზმორა და მზერა სადღაც იქით, ჰორიზონტს  მიაპყრო, თითქოს მთელი კვირის გეგმები კიდევ ერთხელ გადაალაგა თავში...

აბაზანა, წყალი თავიდან ცივი წამოვიდა, მერე შეთბა, მაგრამ მერე ძალიან გაცხელდა, როგორ ხდება ცხოვრებაში ისე, რომ საშუალოს ვერ ვაგნებ ხოლმე, აბაზანაშიც კი...
წყალი ამშვიდებდა, თითქოს სადღაც სოფელში იყო და მდინარეში ცურვას ლამობდა, არადა თბილისის ერთ-ერთ უბანში იმყოფებოდა, სამსახურში აგვიანდებოდა, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს დამტკბარიყო ბანაობით...

ნენეც ადრე დგებოდა, მუშაობდა, მერე სწავლობდა, მერე ისევ მუშაობდა და ახლა კულინარიის სკოლაშიც აპირებდა ჩაბარებას.
ზოგადად ბევრ რამეს ასწრებდა, ალბათ იმიტომ რომ ემოციებს არ იყო აყოლილი, თუ რამე არ გამოსდიოდა, მაინც ბოლომდე იბრძოდა და თუ მაინც არ გამოვიდოდა, ამის გამო სასოწარკვეთას არ ეძლეოდა...
ნიკასთან ერთად მუშაობდა სარეკლამოში და თავს ყოველთვის მხიარულად გრძნობდა, ან ხალხს არ აჩვენებდა თავის სევდას, ან პრობლემას, რომელიც იმ კონკრეტულ წამში აწუხებდა.


ნიკას დილა თითქმის ყოველთვის სახლში იწყებოდა, საკუთარ თავს არ აძლევდა გართობის საშუალებას, ამის მიზეზი ნუცა იყო, რომელიც ფსიქიატრიულში გადიოდა ექვსთვიან კურსს, სამსახურამდე ყოველთვის მის ექიმთან მიდიოდა, ისმენდა განაჩენს და მერე საკუთარ ცხოვრებას უბრუნდებოდა...


-გამარჯობა ნიკა
-გამარჯობა ბატონო ირაკლი, როგორ არის?
-გუშინ კარგად ეძინა, დოზა არ გაგვიზრდია, ეს დასაიმედებელია
-შეიძლება შევხედო
-კი შედი...

ნუცა თეთრ ოთახში იწვა, ეს ადგილი ზოგადად სიჩუმის მომცველი იყო, რომელიც გამშვიდებდა, როცა ნიკამ პირველად მოინახულა ნუცა, ძლივს დააღწია თავი ამ ადგილს...

ნუცას წიგნი ეჭირა ხელში და თითქოს კითხულობდა, მაგრამ კარგად რომ დაკვირვებოდა ადამიანი, შეამჩნევდა რომ მისი ფიქრები წიგნის პერსონაჟებს გასცდენოდა და სადღაც, საკუთარ ქვეცნობიერში დაბორიალობდნენ...
ნიკას მოსვლა უცბად იგრძნო და შუშის თვალებით გახედა, ნიკა მის საწოლზე ჩამოჯდა, სახეზე მოეფერა და შუბლზე აკოცა, ნუცა უყურებდა, ბოლოს თავი მიატრიალა და დაიძინა, უყურებდა ნიკა იმ ადამიანს, რომელიც 6 თვის წინ მასთან ერთად იყო ყოველდღე, მისი ზარი აღვიძებდა დილით, სიცილიანი ხმით ურეკავდა და ასე იწყებოდა ყოველი ახალი დღე. ახლა ეს ადამიანი გამოკეტილია საავადმყოფოში, ძალიან ბევრი წამლის გარემოცვაში, რომლებიც არ იცის უშველიან თუ არა...

სამსახურში დროულად მივიდა, შეიკეტა თავის კაბინეტში, შესვენებაზეც არ გასულა, ისე მოახლოვდა 8 საათი ვერც მიხვდა, ყველა წასული ეგონა, თუმცა ერთ კაბინეტში შენიშნა შუქი, შეიარა, ჩაქრობას აპირებდა, მაგრამ ნენე შეამჩნია, რომელსაც თავის მაგიდასთან ჩასძინებოდა...
-ნენე გაიღვიძე
ნენე შეხტა და ნამძინარები თვალებით შეხედა ნიკას
-აუ ჩამძინებია, ვკეტავთ უკვე ?
-ხო რა ვიცი, 9 დაიწყო, თუ დარჩენა გინდა, დარჩი
-არა, წამოვალ, დროა სახლში მივიდე
წამოხტა, ჩალაგდა...

კიბეზე ნელა ჩამოდიოდნენ, ნენე თავს იფხიზლებდა
-გაგიყვანო, წვიმს ძალიან
-ველოსიპედით ვარ და თუ გინდა მე გაგიყვან
ნიკას გაეცინა
-ამ წვიმაში არ ღირს შენი ველოსიპედით სიარული
-კარგი წავიდეთ, მანამდე ერთი ჭიქა ლუდი დავლიოთ რა
ნიკას დიდად არ უნდოდა წასვლა, თითქოს სინდისი ქენჯნიდა, თვითონ ლუდი უნდა დაელია და ნუცა ამ დროს წამლებს სვამდა, თუმცა მაინც დათანხმდა...

ორი ლუდი და ორი ფრი თუ შეიძლება...
-ნიკა, ისე მაგარი შეცვლილი ხარ, ეს ბოლო თვეები ვერ გცნობ
-მგონი არც მანამდე მიცნობდი კარგად
-სულ ჩამოგტირის სახე, რამე პრობლემა გაქვს ?
-ყველას აქვს თავისი წილი პრობლემა ცხოვრებაში და არც მე ვარ გამონაკლისი
-არ გინდა ეტყობა საუბარი და არ ჩაგეძიები

ლუდი ცივი იყო და ფრი გემრიელი, გარეთ წვიმა მოდიოდა, ლუდი ორგანიზმში მიედინებოდა და თითქოს რაღაც შვებას იძლეოდა იმ წუთებში, ნენემ ნიკას გახედა, ის ფრის ჭამდა და თითქოს ლუკმა არ გადასდიოდა

-ასე დიდხანს ვერ იცოცხლებ ნიკა, თუმცა მე თუ მკითხავ, არც ახლა ცოცხლობ.
ნიკას ისედაც ყველაფერი ნერვებს უშლიდა და ეს საუბარიც ყველა ნერვს ერთად ეხებოდა, ნიკამ ფული ამოიღო, მაგიდაზე დადო და უხმოდ გავიდა გარეთ, რადგან გრძნობდა, ნენეს კიდევ ერთი სიტყვა და ამას რაღაც ცუდი მოჰყვებოდა...

ნენემ ლუდი ბოლომდე დალია, ჭამა... ნიკა მანქანასთან იდგა. ნიკას გახედა და გვერდზე გაურა

-სად მიდიხარ ამ თქეშში?
-არ მინდა შენი გაყვანა, შენი ცუდი ხასიათი გადამდებია
-წამოდი წაგიყვან
-არ მჭირდება, მირჩევნია დავსველდე, ვიდრე შენს სახეს ვუყურო, როგორ შეგიძლია ასე ცხოვრება ვერ ვხვდები
ნიკას სისხლი ყელში დაუგუბდა და ბოლოს ღრიალის სახით ამოფეთქა

-ნენე რა გინდა ? რაში გაინტერესებს რა მჭირს? ადამიანი, რომელიც ყველაზე მაგრად მიყვარდა ცხოვრებაში, ახლა საგიჟეთშია და ეს ყველაფერი ჩემს გამო და შენ კიდევ ითხოვ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო ?

ნენეს თმა სველი იყო და თან წელს წვდებოდა, ეს თმა ნენესაც ასველებდა და ამინდთან ჰარმონიაში მოდიოდა

-შენ გგონია ადამიანებს არ აქვთ პრობლემები, გგონია ყველა დალხენილია, თუ მე რომ არ ვიბღვირები, ძალიან კარგად ვცხოვრობ ანუ ?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს, როგორ ცხოვრობ...

ნენემ რამდენიმე წამი უყურა თვალებში, მერე გატრიალდა და წავიდა, წყალი უკვე პატარა ნიაღვარებს ქმნიდა და ნენე მარჯვედ მიაბიჯებდა, მერე ტაქსი გააჩერა და წავიდა...

-ლუკა სად ხარ ?
-ვაა ნიკუშ, გაცოცხლდი შე მკვლელო?
-სად ხარ ?
-ვერანდაზე ვსვამ
-ამოვდივარ...

ცხოვრება, რომელიც სულ სხვანაირი იყო 6 თვის წინ, მეგობრები, ხელფასის ხარჯვის სიამოვნება, ფეხბურთი, ჩოგბურთის თამაში, კარტი, სასმელი ყოველ შაბათს, რადგან მეორე დღეს კვირაა და ის მშვენიერი დილა, როცა პარასკევი მოსულია და სამსახურიდან წამოსული უნდა გაერთო, სულ რომ არ გინდოდეს გართობა და ამ ყველაფერს ძილი გერჩივნოს...

ნიკა სანამ ვერანდაზე გავიდოდა, ლუკას ოჯახის წევრებს ჩაეხუტა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ და მერე ვერანდაზე გავიდა, მუსიკის ხმა შემოესმა...

Arctic Monkeys
ჰმ, როდიდან ?
ლუკა გიჟივით წამოხტა, თუმცა გიჟი იყო და აბა როგორ წამოხტებოდა და მაგრად ჩაეხუტა ნიკას
-შენ თუ ოდესმე მომენატრებოდი, აი ამას ვერ ვიფიქრებდი
-რატომ ავადო ?
-სულ გხედავდი და მერე ერთ დღეს ადექი და გაქრი, ყველას ხელი გვკარი
- და თქვენც გაიგეთ
-კი, გავიგეთ, რადგან ირლანდიაში დავდეთ ერთხელ პირობა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ერთმანეთს ყოველთვის გავუგებდით და მოთმინებით მოვეკიდებოდით ერთმანეთის უცნაურობებს, გახსოვს მაინც ?
-მახსოვს... ეს მუსიკა როდიდან ?
-თაკოდან... თაკოს უყვარს, ახლა ამერიკაშია და როცა მენატრება ვუსმენ, ან როცა ვუსმენ მენატრება, რას გაუგებ ამ გრძნობებს

დაილია 1 ლიტრი არაყი და ძალიან ბევრი ლიტრი ლუდი
-ნიკუშ, როგორ არის ?
-ისევ ისე
-არ აპატიე ხომ საკუთარ თავს ?
-ვერ ვაპატიე, მინდოდა, ვეცადე, მაგრამ ვერ ვაპატიე
-მე მაინც ვფიქრობ, რომ არ ხარ შენ დამნაშავე
-აზრი არ აქვს იმას, თუ ვინ არის დამნაშავე, ბიძგი ჩემმა საქციელმა მისცა და ახლა ის ცუდად არის
-ნახულობ?
-ყოველდღე
-ძალიან მენატრება ის დრო, ერთად რომ ვიყავით ყველა, მაგრამ ვერ ავდივარ საავადმყოფოში, არ შემიძლია საწოლში და ოთახში გამოკეტილი ვნახო
-მეზიზღება საკუთარი თავი, იმის გამო, რომ ახლა ის ასეა
-ვერ ვხვდები რა უნდა გექნა, საკუთარ გრძნობებში ეჭვი შეგეპარა და დრო ითხოვე
-არ მითხოვია, უბრალოდ წავედი მისი ცხოვრებიდან
-და ფიქრობ ამის გამო გახდა ცუდად ?
-ექიმმა მითხრა, რაღაც მძიმე სტრესი გადაიტანაო და სხვა რა უნდა მომხდარიყო, ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ...
-კარგი, მოდი დავლიოთ...

ნენე სახლში სულ სველი ავიდა, კანკალებდა, ვერ გაიგებდი ეს ნერვიულობის კანკალი იყო, თუ სიცივის. სანდრო გაკვეთილებს სწავლობდა და ბაბუა საინფორმაციოს უყურებდა.
-მოხვედი ნენიკ?
-კი ბაბუ
-მიდი გამოიცვალე, სულ სველი ხარ და მე ჩაის მოგიმზადებ
-კარგი ბაბლიკ

ნენემ ცხელი შხაპი მიიღო, თბილად ჩაიცვა და ბაბუსთან ჩამოჯდა.
-რაღაც მოწყენილი ხარ
-ხო ბაბუ, ერთი თანამშრომელი მყავს, მგონი რაღაც პრობლემები აქვს და მე კიდევ რაღაც უაზრობები ვესაუბრე, მაგრამ მინდოდა კარგად ყოფილიყო, მაგრამ უარესი გამომივიდა
-იქნებ არ გამოგსვლია უარესი, დაიმახსოვრე, თუ სიყვარულით და გულით გინდა ადამიანის დახმარება, ეს საბოლოოდ მაინც გამოიღებს შედეგს
-ბაბლიკ, მენატრებიან ჩვენები
-ვიცი ჩემო გოგო, მაგრამ ეს მონატრება სანდროს არ უნდა მოვახვიოთ თავზე, ის მოწყენილობაში არ უნდა გაიზარდოს...
ნენე ბაბუს ჩაეხუტა და ატირდა...

როცა გვეკითხებიან გამარჯობის შემდეგ, თუ როგორ ვართ და ჩვენ ვპასუხობთ, რომ კარგად, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიბრძვით საკუთარ თავში კარგად ყოფნისთვის, როცა ვპასუხობთ, რომ ისე რა, ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ ცუდად ვართ და არ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად...
ბოლომდე კარგად ვერ იქნება ადამიანი, რადგან შეიძლება ამ დროს მისი მეგობარი ღამეს ათენებდეს ტკივილებისგან და თუ ეს, ადამიანის კარგად ყოფნაზე არ მოქმედებს, მაშინ მას გადასახედი აქვს თავისი შინაგანი სამყარო...

ადამიანს შეიძლება ვერ ხედავდე ყოველდღე, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც უნდა გაიფიქრო მასზე, ეს ფიქრი აღწევს ამ ადამიანამდე და ტკივილის დროს, რომელიც თითქოს ცოტა ხნით ყუჩდება, იქნებ ხშირად შენი ფიქრის გამო ყუჩდებოდეს...