Monday, September 29, 2014

თავს რომ გადაუწყვეტ, რომ რაღაცას თავი დაანებო, ან უარეს შემთხვევაში ვიღაცას, აი მაშინ იწყება ბრძოლა...
ლიფტში შედის, გამოდის, თავს იკავებ რომ შეხედო და ამით ებრძვი თავს, აჭერს ღილაკს და ბოლო წამს მაინც უყურებ და გიყურებს ისიც, მაგრამ იცი არაფერი გამოვა ამ ამბიდან...
რატომ ?
სხვა ეროვნების რომ არის იმიტომ ?
მარტო ეს რომ იყოს...
სხვა რელიგიის სწამს, ანუ ყველაფერს სხვანაირად უყურებს, რადგან მუსულმანია, ცხოვრებას სხვანაირად გრძნობს და ალბათ სიყვარულსაც სხვანაირად განიცდის, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც ძლიერი ჩვენ ორს შორის...

ასე გადიოდა დღეები, სანამ ბოლოს არ გადაწყვიტა, რომ მოსულიყო და ეთქვა რაღაც, რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს, ანუ მეტი ვიდრე გამარჯობაა...
მარტო ვიჯექი სამუშაო მაგიდასთან, მეგობრის ნათხოვარ წიგნს ვკითხულობდი, რომელიც მალე მინდოდა დამემთავრებინა, რადგან ადამიანებს უხარიათ, როცა მათ მოცემულ წიგნებს მალე ამთავრებ და მერე უზიარებ შთაბეჭდილებას...
ძლივს მარტო აღმომაჩინა, რადგან ძირითადად 12 თანამშრომელი მაინც მახვევია ხოლმე თავს, თან 12 ბიჭი, ამიტომ ჩემთან მოახლოება არც ისე ადვილია...
თან საკუთარი თავდაჭერილობა არ აძლევდა საშუალებას პირდაპირ მოსულიყო და გამარჯობაზე მეტი ეთქვა ჩემთვის...
მაგრამ ბოლოს გრძნობა "თავს აკვლევინებს" ადამიანებს და ლაპარაკს როგორც ვერ დააწყებინებს...

-ვინ მღერის ამ სიმღერას?
-კირა ნაითლი, ფილმიდან არის, ახალი ფილმია
-სამსახურის მერე კინოში რომ დაგპატიჟოთ, წამოხვალთ?
ამ წამს იმდენ ხანს ველოდი, თავის დაფასებას ვეღარ დავიწყებდი, ანუ "გოგოშკური" ამბების დრო არ მქონდა, ძალიან მაინტერესებდა ეს ადამიანი და ისიც ვიცოდი, რომ მას უარესი ინტერესი ტანჯავდა.
-წამოვალ
-გმადლობ

არ გაუღიმია, ისე გამეცალა, ზოგადად სულ სერიოზული სახე ჰქონდა, თუმცა ერთი ორჯერ მახსოვს  მისგან მსგავსი რამ...

წიგნს გული ვეღარ დავუდე, 5 ლიტრი წყალი დავლიე, ძალიან ვღელავდი, თან ვერ ვხვდებოდი, როგორ მოხდებოდა ეს წასვლის ამბავი, მეტყოდა, რომ მოდი წავედით, თუ გარეთ დამხვდებოდა... თავის ტკივილის წამალი დამჭირდა და დამამშვიდებელიც...
თანამშრომლები რაღაცას მესაუბრებოდნენ, მაგრამ არაფერი მესმოდა და ეს ხმები ძალიან მაღიზიანებდა, რადგან ვერც ვიცინოდი და ვერც ვტიროდი...
დღის ბოლომდე 10 წუთი რჩებოდა, ზევით ავირბინე, თავი მოვიწესრიგე, სუნამოს დასხმაც შევძელი, მიუხედავად იმისა რომ ხელები მიკანკალებდა...
თანამშრომლები შეცოტავდნენ, მხოლოდ 2 ბიჭი დარჩნენ, მაგრამ 2 იქნებოდა, თუ 12, არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა...
ჩემს ადგილაზე ვიჯექი და თავს ვიმშვიდებდი...
ლიფტი გაიღო, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, მეგონა გული გაჩერდებოდა...
მომიახლოვდა
-წავედით ?
-კი
ძლივს ამოვილუღლუღე

ჩანთა როგორ ავიღე არ მახსოვს, ან როგორ დავემშვიდობე თანამშრომლებს, რომელთა გაკვირვებასაც შეხედვის გარეშეც ვგრძნობდი...
მანქანისკენ მივდიოდით ჩუმად, ერთმანეთს რუსულად ვესაუბრებოდით, ანუ გამარჯობას რუსულად მეუბნებოდა ხოლმე და იმ ერთ-ორ წინადადებასაც, რაც აქამდე უთქვამს...
რუსული თითქოს კარგად ვიცოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებული მქონდა...
მანქანის კარი გამიღო, ეს არც გამკვირვებია, რადგან საკმაოდ ზრდილობიანია, ალბათ მუსულმანებს ასე ზრდიან, არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხზე....

მანქანა დაქოქა...
-რომელი ფილმი გაინტერესებს? დარწმუნებული ვარ შეარჩევდი
-საიდან იცი?
-შენი გამბდედაობა მკარნახობს ამას
გამეცინა, საიდან გამოიცნო ვერ მივხვდი, ალბათ თავს რომ არ ვხრიდი, როცა მიყურებდა და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი, სავარაუდოდ ამას ჩამითვლიდა გამბედაობად...
-კი შერჩეული მაქვს...

ისეთ ფილმზე წავიყვანე, რომელიც ასჯერ მქონდა ნანახი, მაგრამ ძალიან მიყვარდა და მინდოდა მასაც ენახა...
პოპკორნი იყიდა, მე ფორთოხლის წვენი მომინდა პეპსის მაგივრად...
რეკლამებს არ იკლებენ კინოთეატრები, მაგრამ ეს არ მაბრკოლებდა, რაც უფრო დიდხანს ვიქნებოდი მასთან, თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდი, ხმას არ იღებდა, ხანდახან გამომხედავდა ხოლმე და ამ გამოხედვაში ყველაფერს დებდა, ყველა სათქმელს...

მერე მახსოვს ფილმში დავიკარგეთ, მაგრამ ერთმანეთი არ გვავიწყდებოდა, ვიცოდი რომ ვახსოვდი და ეს ძალიან მომწონდა, ზოგადად ფილმის დროს ვინმეს რომ ახსოვხარ, ეს ადვილი არ გეგონოთ, ფრიად დასაფასებელი ამბავია...
ამ ფილმზე გული მიჩუყდება ხოლმე, მაგრამ ახლა ასე არ მოხდა...

თავად ჩაფლული იყო ფილმში და ეს მისი ინტერესი ძალიან მომეწონა...
გამოვედით
მანქანასთან რომ მივდიოდი, უცბად გავჩერდი, ამ დროს მისი ხელი ჩემს თმას მოხვდა

-უკაცრავად
-არაუშავს
-მე გავურბოდი ამ ყველაფერს
-ვიცი
-ვიცი, რომ იცით
-მე რომ თქვენობით აღარ გელაპარაკებით, არაუშავს ?
-არაუშავს, მეც როცა შევძლებ გადავალ შენობით ფორმაზე
-კარგი...

სადარბაზომდე მიმიყვანა, ჩუმად ვისხედით ორივე
ბოლოს გაისმა მისი ხმა
-მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი დღისთვის, არ მეგონა ეს თუ ოდესმე მოხდებოდა
-არც მე მეგონა, თუ გაბედავდით ამ ნაბიჯის გადადგმას ოდესმე
-ადვილი არ იყო, ზუსტად არაფერი ვიცოდი, გათხოვილი იყავით თუ არა, ეს ბეჭედი ყოველთვის ეჭვს მიჩენდა, ყოველთვის როცა გხედავდით, ვხედავდი ამ ბეჭედსაც, რომელიც მაწამებდა და ხელის ჩაქნევისკენ მიბიძგებდა
-შეგამჩნიე ხელის ჩაქნევის წამები, სხვა გზით რომ დაიწყე სიარული კარგად მახსოვს
-ვიცი რომ შეამჩნიეთ...
გამიღიმა

ვიცოდი, რომ ძალიან ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა რა იქნებოდა მერე, იქნებ კინოში ისე გავყევი, უბრალოდ, ამას არ გამორიცხავდა მისი გონება და ეს ტანჯავდა...
მანქანიდან გადავედი, სადარბაზოსთან იდგა, სანამ ლიფტში არ ჩავჯექი, მერე ხმა გავიგე და მივხდი რომ გავიდა...

პირველი ტყუილი სახლში... ვთქვი რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი კინოში, ცხელმა შხაპმა ცოტა გამომიყვანა, დამამშვიდა, მერე თბილი პიჟამო ჩავიცვი და დავწექი, მეფიქრებოდა ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ზუსტად მახსოვდა...
მეორე დღეს არ ვმუშაობდი და ეს მამშვიდებდა, ერთი დღე, 24 საათი, დიდი დროა ყველაფრის დასამშვიდებლად...

გათენდა
უკვე მეღიმებოდა
და გასაგები იყო, რაც დაიწყებოდა ჩემს თავს...

ბევრი რამ იკარგება, როცა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ მე და შენ, მე სხვა ენაზე ვფიქრობ, საკუთარზე, მშობლიურზე, შენ საკუთარზე, მერე ვთარგმნით, ანუ ურთიერთობა უფრო დიდ შრომას მოითხოვს, ვიდრე ზოგადად...
წინასწარ ვერ დაგეგმავ ურთიერთობას, მაგრამ არსებობს ისეთები, თავიდანვე რომ განწურულია დიდი სირთულეებისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯებისთვის და უკან დახევისთის, ამისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი და თუ არ არის, მოემზადოს, რადგან თავგანწირვა სჭირდება ყველაფერს, განსაკუთრებით როცა ეს მეორე ადამიანს ეხება...

Tuesday, September 16, 2014

ყავისფერი ფერი მოდის ხოლმე და გვითრევს, მერე გინდა სულ სახლში იყო და გგონია, რომ ძალიან ცუდი ხარ და გარშემო ყველა ცუდია...
ჟამი, როცა მოწყენილობა მოდის... დეპრესია გადამეტებული სიტყვა იქნება, თუმცა თუ მიუშვი საკუთარი თავი, აუცილებლად გადაიზრდება...

იწყება ასე:
ვიღაც რაღაც სიბეცეს ჩაიდენს, შენც აღშფოთდები, ვითომ უარესი არ გიკეთებია ცხოვრებაში, გადარეკავ სხვასთან, იმასაც მოშხამავ, გეგონება შენი შხამი სხვას რომ გაუნაწილე, ამით მოგაკლდა და დაწყნარდი, სინამდვილეში სხვას ხომ გადასდე და თავადაც გაიმრავლე...

ქვეყანაში სიდუხჭირეა, უსამართლობაა, საცობებია, ნაგავია, ვიწყებთ წუწუნს, თითქოს გვშველის, თითქოს შვებაა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ისევ ისე რჩება...
რატომ ?
იმიტომ, რომ არ ვიხარჯებით ბოლომდე, საკუთარ საუკეთესოს არ ვაკეთებთ ცხოვრებაში.

ვისაც სპორტი არ უყვარს, ვერ გაიგებს, თუ რა ძნელია უყურო შენს გუნდს, რომლის გამოც (მაგალითად თვითმფრინავის შიში დაგიძლევია) აგებს, თან ისე, რომ ვერ იბრძვის...

კიდევ 12364479 მიზეზი, რომ იყო მოწყენილი, ადამიანი ისეთი არსებაა, იპოვის მიზეზს რომ იყოს ცუდად...

მაგრამ მერე ...

მერე უარესი წუთებიც დგება, მაგალითად როცა აღმოაჩენ, რომ ავად ხარ, ან ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს არის ავად, ღამე როცა წვება ლოგინში, მოიკუნტება თავისთვის და ხვდება, რომ ავადმყოფობა ჭამს შიგნიდან, ვერ შველის საკუთარ თავს და ეს სტკივა და გტკივა შენც, რადგან უძლური ხარ დაეხმარო მას...

მერე ყველა შენი წუწუნი რჩება უკან, რადგან სიცოცხლესთან გაქვს საქმე და სულ რომ აღარ მოვიდეს წყალი, ან მხოლოდ საღამოობით იყოს, სულ საცობში მოგიწიოს დგომა, ამაზეც თანახმა ხარ, ოღონდ ადამიანები, რომლებიც გიყვარს იყვნენ კარგად, იყვნენ ისე, რომ სუნთქვისას არ განიცდიდნენ ტკივილს და არ იყოს სიკვდილის შიში მტანჯველი...

მაგრამ სანამ ამას გააცნობიერებს ადამიანი, ცხოვრება გადის წუწუნში, ერთმანეთის განკითხვაში, არ დანდობაში, ეჭვიანობაში, ჩაშვებაში, სხვისი ცუდად ყოფნით გახარებაში და სისატიკეების მოფიქრებაში...

ცხოვრების დაწყება თავიდან არ შეიძლებაო ხომ ამბობენ, მაგრამ ფიქრს თუ დაიწყებ ახლებურად, ჩათვალე რომ იმ წამიდან შეძლებ ბევრი რამის შეცვლას საკუთარ თავში...

ხოდა დატოვე უკან ყველა გულისტკენა, მარცხი და წამოდექი მთელი ძალებით, გეტკინება სხეული და სულიც გეტკინება ბევრჯერ, მაგრამ წამოდექი, დაგეხმარებიან, ხან შენ დაეხმარები...

მთავარი რა არის ?
ერთმანეთია მთავარი და სიყვარული...
მე რომ ჩემი მეგობარი მიყვარს, არ უნდა გავიფიქრო მასზე ცუდი, კარგი უნდა მინდოდეს მხოლოდ მისთვის და მასთან გატარებული ყოველი წამი მიხაროდეს, უნდა მტკიოდეს მისი ავად ყოფნა, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე კარგად არ უნდა ვგრძნობდე თავს...

მგონი სიცხე მიწევს და აუცილებლად დავუბრუნდები ლოგინს, არადა მატჩზე წასვლა მინდოდა...

ბოლოს გუნდმა მაინც იბრძოლა, შეიძინა ფეხბურთელები და წამოდგა ფეხზე...

ადამიანები როცა ერთმანეთზე ფიქრობენ, ამით აძლიერებენ ერთმანეთს...
ფიქრს სიყვარულამდე მივყავართ...


Tuesday, September 2, 2014

რჩევები, რჩევები ყველგან და ყოველთვის, ასე ვარ მეც და ასე არიან სხვებიც, რადგან ადვილია, რადგან ზუსტად არ იცი რა ხდება და რაც მოხდება, არც ის შეგეხება ძლიერ...
ღირს თუ არ ღირს ? ან რა ღირს და რა არა?
ადამიანებს უნდათ, რომ დაგიცვან, ხან ავადმყოფისგან, ხან გულისტკენისგან, ხან ჩამოვარდნისგან, ხან გასუქებისგან, ხან თითის გაჭრისგან ...
რატომ ?
უყვარხარ და იმიტომ, ან მოვალეობდა მიაჩნია...
თუ უყვარხარ მაშინ გამართლებულია, თუ მხოლოდ მოვალეობაა, მაშინ აზრი არ აქვს...

რატომ არის რაღაც ფარსი?
იმიტომ რომ დადგმულია
რატომ არის დადგმული?
იმიტომ რომ გვეშინია დამარცხების ყველაფერში და ყველგან, სამსახურში, მეგობრებში, სიყვარულში...

არადა ცხოვრება დღეს არის და ხვალ რა იქნება არავინ იცის, დღეს თუ არ თქვი, ხვალ ან იტყვი, ან არა, დღეს თუ არ გააკეთე, ხვალ ან გააკეთებ, ან არა...

საქციელი
თუ სხვას არაფერს უშავებ და არ უშავებ საკუთარ თავს, ასეთი საქციელი მიღებულია, რადგან კეთდება რაღაც კარგისთვის, იმისთვის, რომ ან შენ იყო კარგად, ან სხვა, ან ორივე ერთად, ან ხუთივე

ადამიანები
მივდივართ აუცილებლად, რადგან ასეა საჭირო, ვინც რჩება ის მთავარია და მათთან ერთად ყოველთვის კარგია, სხვისი შეზღუდული თავისუფლებით, შენ ვერ იქნები კარგად...

ამაოა ფორმალობები, სტატისტიკები, იმის შესახებ, თუ რა ხერხით მოახერხებ ადამიანების დატოვებას შენს ცხოვრებაში :))
მთავარია, რომ დღეს ხართ ერთად...

შერგება?
ცხოვრებაზე შერგებაზეა...
გაატარე ის რჩევები, რომლებიც არაფერის მომტანია და იყავი ბედნიერი იმით, რასაც აკეთებ...