Monday, September 29, 2014

თავს რომ გადაუწყვეტ, რომ რაღაცას თავი დაანებო, ან უარეს შემთხვევაში ვიღაცას, აი მაშინ იწყება ბრძოლა...
ლიფტში შედის, გამოდის, თავს იკავებ რომ შეხედო და ამით ებრძვი თავს, აჭერს ღილაკს და ბოლო წამს მაინც უყურებ და გიყურებს ისიც, მაგრამ იცი არაფერი გამოვა ამ ამბიდან...
რატომ ?
სხვა ეროვნების რომ არის იმიტომ ?
მარტო ეს რომ იყოს...
სხვა რელიგიის სწამს, ანუ ყველაფერს სხვანაირად უყურებს, რადგან მუსულმანია, ცხოვრებას სხვანაირად გრძნობს და ალბათ სიყვარულსაც სხვანაირად განიცდის, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც ძლიერი ჩვენ ორს შორის...

ასე გადიოდა დღეები, სანამ ბოლოს არ გადაწყვიტა, რომ მოსულიყო და ეთქვა რაღაც, რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს, ანუ მეტი ვიდრე გამარჯობაა...
მარტო ვიჯექი სამუშაო მაგიდასთან, მეგობრის ნათხოვარ წიგნს ვკითხულობდი, რომელიც მალე მინდოდა დამემთავრებინა, რადგან ადამიანებს უხარიათ, როცა მათ მოცემულ წიგნებს მალე ამთავრებ და მერე უზიარებ შთაბეჭდილებას...
ძლივს მარტო აღმომაჩინა, რადგან ძირითადად 12 თანამშრომელი მაინც მახვევია ხოლმე თავს, თან 12 ბიჭი, ამიტომ ჩემთან მოახლოება არც ისე ადვილია...
თან საკუთარი თავდაჭერილობა არ აძლევდა საშუალებას პირდაპირ მოსულიყო და გამარჯობაზე მეტი ეთქვა ჩემთვის...
მაგრამ ბოლოს გრძნობა "თავს აკვლევინებს" ადამიანებს და ლაპარაკს როგორც ვერ დააწყებინებს...

-ვინ მღერის ამ სიმღერას?
-კირა ნაითლი, ფილმიდან არის, ახალი ფილმია
-სამსახურის მერე კინოში რომ დაგპატიჟოთ, წამოხვალთ?
ამ წამს იმდენ ხანს ველოდი, თავის დაფასებას ვეღარ დავიწყებდი, ანუ "გოგოშკური" ამბების დრო არ მქონდა, ძალიან მაინტერესებდა ეს ადამიანი და ისიც ვიცოდი, რომ მას უარესი ინტერესი ტანჯავდა.
-წამოვალ
-გმადლობ

არ გაუღიმია, ისე გამეცალა, ზოგადად სულ სერიოზული სახე ჰქონდა, თუმცა ერთი ორჯერ მახსოვს  მისგან მსგავსი რამ...

წიგნს გული ვეღარ დავუდე, 5 ლიტრი წყალი დავლიე, ძალიან ვღელავდი, თან ვერ ვხვდებოდი, როგორ მოხდებოდა ეს წასვლის ამბავი, მეტყოდა, რომ მოდი წავედით, თუ გარეთ დამხვდებოდა... თავის ტკივილის წამალი დამჭირდა და დამამშვიდებელიც...
თანამშრომლები რაღაცას მესაუბრებოდნენ, მაგრამ არაფერი მესმოდა და ეს ხმები ძალიან მაღიზიანებდა, რადგან ვერც ვიცინოდი და ვერც ვტიროდი...
დღის ბოლომდე 10 წუთი რჩებოდა, ზევით ავირბინე, თავი მოვიწესრიგე, სუნამოს დასხმაც შევძელი, მიუხედავად იმისა რომ ხელები მიკანკალებდა...
თანამშრომლები შეცოტავდნენ, მხოლოდ 2 ბიჭი დარჩნენ, მაგრამ 2 იქნებოდა, თუ 12, არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა...
ჩემს ადგილაზე ვიჯექი და თავს ვიმშვიდებდი...
ლიფტი გაიღო, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, მეგონა გული გაჩერდებოდა...
მომიახლოვდა
-წავედით ?
-კი
ძლივს ამოვილუღლუღე

ჩანთა როგორ ავიღე არ მახსოვს, ან როგორ დავემშვიდობე თანამშრომლებს, რომელთა გაკვირვებასაც შეხედვის გარეშეც ვგრძნობდი...
მანქანისკენ მივდიოდით ჩუმად, ერთმანეთს რუსულად ვესაუბრებოდით, ანუ გამარჯობას რუსულად მეუბნებოდა ხოლმე და იმ ერთ-ორ წინადადებასაც, რაც აქამდე უთქვამს...
რუსული თითქოს კარგად ვიცოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებული მქონდა...
მანქანის კარი გამიღო, ეს არც გამკვირვებია, რადგან საკმაოდ ზრდილობიანია, ალბათ მუსულმანებს ასე ზრდიან, არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხზე....

მანქანა დაქოქა...
-რომელი ფილმი გაინტერესებს? დარწმუნებული ვარ შეარჩევდი
-საიდან იცი?
-შენი გამბდედაობა მკარნახობს ამას
გამეცინა, საიდან გამოიცნო ვერ მივხვდი, ალბათ თავს რომ არ ვხრიდი, როცა მიყურებდა და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი, სავარაუდოდ ამას ჩამითვლიდა გამბედაობად...
-კი შერჩეული მაქვს...

ისეთ ფილმზე წავიყვანე, რომელიც ასჯერ მქონდა ნანახი, მაგრამ ძალიან მიყვარდა და მინდოდა მასაც ენახა...
პოპკორნი იყიდა, მე ფორთოხლის წვენი მომინდა პეპსის მაგივრად...
რეკლამებს არ იკლებენ კინოთეატრები, მაგრამ ეს არ მაბრკოლებდა, რაც უფრო დიდხანს ვიქნებოდი მასთან, თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდი, ხმას არ იღებდა, ხანდახან გამომხედავდა ხოლმე და ამ გამოხედვაში ყველაფერს დებდა, ყველა სათქმელს...

მერე მახსოვს ფილმში დავიკარგეთ, მაგრამ ერთმანეთი არ გვავიწყდებოდა, ვიცოდი რომ ვახსოვდი და ეს ძალიან მომწონდა, ზოგადად ფილმის დროს ვინმეს რომ ახსოვხარ, ეს ადვილი არ გეგონოთ, ფრიად დასაფასებელი ამბავია...
ამ ფილმზე გული მიჩუყდება ხოლმე, მაგრამ ახლა ასე არ მოხდა...

თავად ჩაფლული იყო ფილმში და ეს მისი ინტერესი ძალიან მომეწონა...
გამოვედით
მანქანასთან რომ მივდიოდი, უცბად გავჩერდი, ამ დროს მისი ხელი ჩემს თმას მოხვდა

-უკაცრავად
-არაუშავს
-მე გავურბოდი ამ ყველაფერს
-ვიცი
-ვიცი, რომ იცით
-მე რომ თქვენობით აღარ გელაპარაკებით, არაუშავს ?
-არაუშავს, მეც როცა შევძლებ გადავალ შენობით ფორმაზე
-კარგი...

სადარბაზომდე მიმიყვანა, ჩუმად ვისხედით ორივე
ბოლოს გაისმა მისი ხმა
-მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი დღისთვის, არ მეგონა ეს თუ ოდესმე მოხდებოდა
-არც მე მეგონა, თუ გაბედავდით ამ ნაბიჯის გადადგმას ოდესმე
-ადვილი არ იყო, ზუსტად არაფერი ვიცოდი, გათხოვილი იყავით თუ არა, ეს ბეჭედი ყოველთვის ეჭვს მიჩენდა, ყოველთვის როცა გხედავდით, ვხედავდი ამ ბეჭედსაც, რომელიც მაწამებდა და ხელის ჩაქნევისკენ მიბიძგებდა
-შეგამჩნიე ხელის ჩაქნევის წამები, სხვა გზით რომ დაიწყე სიარული კარგად მახსოვს
-ვიცი რომ შეამჩნიეთ...
გამიღიმა

ვიცოდი, რომ ძალიან ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა რა იქნებოდა მერე, იქნებ კინოში ისე გავყევი, უბრალოდ, ამას არ გამორიცხავდა მისი გონება და ეს ტანჯავდა...
მანქანიდან გადავედი, სადარბაზოსთან იდგა, სანამ ლიფტში არ ჩავჯექი, მერე ხმა გავიგე და მივხდი რომ გავიდა...

პირველი ტყუილი სახლში... ვთქვი რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი კინოში, ცხელმა შხაპმა ცოტა გამომიყვანა, დამამშვიდა, მერე თბილი პიჟამო ჩავიცვი და დავწექი, მეფიქრებოდა ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ზუსტად მახსოვდა...
მეორე დღეს არ ვმუშაობდი და ეს მამშვიდებდა, ერთი დღე, 24 საათი, დიდი დროა ყველაფრის დასამშვიდებლად...

გათენდა
უკვე მეღიმებოდა
და გასაგები იყო, რაც დაიწყებოდა ჩემს თავს...

ბევრი რამ იკარგება, როცა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ მე და შენ, მე სხვა ენაზე ვფიქრობ, საკუთარზე, მშობლიურზე, შენ საკუთარზე, მერე ვთარგმნით, ანუ ურთიერთობა უფრო დიდ შრომას მოითხოვს, ვიდრე ზოგადად...
წინასწარ ვერ დაგეგმავ ურთიერთობას, მაგრამ არსებობს ისეთები, თავიდანვე რომ განწურულია დიდი სირთულეებისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯებისთვის და უკან დახევისთის, ამისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი და თუ არ არის, მოემზადოს, რადგან თავგანწირვა სჭირდება ყველაფერს, განსაკუთრებით როცა ეს მეორე ადამიანს ეხება...

No comments:

Post a Comment