Sunday, November 10, 2013

ზედ დაგვათენდა, განგებ ბავშვებმაც გაათენეს და არავის უცდია დაერღვია ჩვენი მყუდროება, ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი, არა სამნი, ან მეტნი, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ იო იყო ჩემს გვერდით და ვიცოდი, რომ ვუყვარდი, თუმცა არც ეს იყო მთავარი, მთავარი უფრო ის იყო, რომ მე მიყვარდა და შემეძლო მეცხოვრა მისთვის და ასევე მომკვდარიყავი მისთვის, ეს არ იყო რადიკალიზმი, არც ფანატიმზი, ეს იყო ყველაზე არაეგოისტური გრძნობა, რაც ვინმეს მიმართ მქონია...

ახლაც როცა ასე ცუდად ვარ,  როცა ქიმიაც აღარ მიმსუბუქებს მდგომარეობას, ეს დღე მაინც მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო...

დარიალიდან სამ დღეში დავბრუნდით და ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მე და იოს არასდროს გვქონია ჩვეულებრივი ურთიერთობა, ერთად არასდროს ვყოფილვართ ისე, როგორც ადამიანები არიან ხოლმე, დარიალის შემდეგ ერთხელ ვნახე მხოლოდ, გერმანიაში მიდიოდა და დამემშვიდობა...

მახსოვს ეს დღე ძალიან კარგად და მიხარია, რომ  ჩემმა ავადმყოფობამ მეხსიერებაზე არ იმოქმედა, მზიანი დღე იყო და კარგ ხასიათზე გამეღვიძა, ახლა ვნანობ ყველა იმ დღეს, როცა ცუდ ხასიათზე ვიღვიძებდი და არ ვაფასებდი ცხოვრებას, აბა დღეს ისიც არ ვიცი, საღამომდე ვიცოცხლებ თუ არა, გული გაუძლებს კი ამდენ წამალს ?

მომწერა და ჩავედი ეზოში, იდგა გაშეშებული და ოდნავ მომღიმარი, მივედი და ჩავეხუტე
-მიდიხარ ?
-კი, გერმანიაში დასთან
-ძალიან კარგი, აქ მაინც ვერ ძლებ შენ
-ასე არ არის, ვისწავლი და დავბრუნდები
-შენ უნდა იყო ძალიან კარგად
-შენ უფრო კარგად, შენ მომეცი ძალა რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და მინდა უკეთესი დავბრუნდე გერმანიიდან, ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვედროდით ერთმანეთს
-მეც ასე ვფიქრობ...

დიდხანს ვიდექით და ვუყურებდით ერთმანეთს, ძალიან მინდოდა რომ დარჩენილიყო, არსად წასულიყო და არ მიეტოვებინა თბილისი, რადგან მეგონა ვერ ვიცხოვრებდი მისგან დაცარიელებულ თბილისში...
”კაპიშონკა” მაჩუქა დინამოს ლოგოთი, ახლაც როცა ქიმიის მერე მაკანკალებს ხოლმე, მაგაში ვიფუთნები...

ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ამეტირა

იოც ნაღვლიანი იდგა
და მერე წავიდა...

2 წელი გავიდა ფიქრებში, მუშაობაში, სწავლაში, ძილში, ვატო იყო ჩემს ცხოვრებაში, ვმეგობრობდით და გვიხაროდა ერთად ყოფნა. მერე ისიც გავიგე, რომ ის ქერა გოგო მოიყვანა იომ ცოლად, ეს გოგოც ჩასულა გერმანიაში და შეუყვარდა ალბათ, ან მანამდეც უყვარდა, ის დღეც მახსოვს, როცა მუცლის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, სანდროს ძლივს დავუძახე, წამიყვანა ექიმთან, მერე სანდროს ცრემლიანი თვალებიც მახსოვს და მივხვდი საქმე ძალიან ცუდად იყო

-სოფ
-რა იყო ?
-დამპირდი რომ იბრძოლებ
-უი, მოვიდა სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო ?
-ხო

სიმსივნე, ადრე როგორც რაღაც შორეული ისე მესმოდა და ახლა უკვე ძალიან ახლობელია, ჩემს შიგნით ცხოვრობს, ერთად ვიძინებთ და ვიღვიძებთ, მჭამს შიგნიდან და მე არ ვაცდი ქიმიით ამას...

ვატო ახლაც ჩემს გვერდითაა, ალბათ ვინც არ მიგატოვებს, იმას უყვარხარ ნამდვილად, მაგრამ გადაჭრით ვერც იმას იტყვი, რომ ვინც მიგატოვა, არ უყვარდი, ზუტად არასდროს ვიცით რა ხდება სხვა ადამიანების გულებში.
ვატომ ცოლობა მთხოვა, მაგრამ აღარ აქვს აზრი, დრო აღარ მაქვს და ეს საოცარი გრძნობაა, ადრე არ ვიცოდი სად დამეხარჯა და ახლა ვეძებ ამ დროს, აი ექიმიც შემოდის

-სოფ ქიმიის დროა
-რაღა მიჭირს (და მეღიმება მე)

მივდივართ სპეციალური კაბინეტისკენ, ოჰ როგორ არ მიყვარს ეს გზა, მერე სულ ცუდად ვარ და სულ გული მერევა, მაგრამ დღეს ეს გზა არ იყო ცუდი, ვიყურები და ვხედავ იოს, იქნებ მეჩვენება და წამლების ბრალია...
მაგრამ მერე სანდროს ვხედავ იოს გვერდზე, სიმართლეა ანუ, სანდრო არასდროს მეჩვენება...
ეტლი გავაჩერე (ჩემით ვეღარ დავდივარ, ძალა აღარ მყოფნის)

-იო რა მაგარია, რომ კიდევ გნახე
-სოფო, სოფო, ვერაფერს ვამბობ არ მაქვს ძალა
ასეთი იო არ მახსოვს მე, მგონი ღირდა ჩემი ავადმყოფობა, რომ იოს ქვა გული ოდესმე ნამდვილი გული გამხდარიყო
ჩაიმუხლა და ცრემლები წამოუვიდა

-სოფ, ეს არ არის შეცოდება
-ვიცი იო
-მინდა გჯეროდეს, რომ ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ შენ მიყვარდი და ახლაც როცა სიყვარულზე საუბრობენ, მხოლოდ შენ მახსენდები, მაგრამ არ გამოვიდა ჩვენი ერთად ყოფნა
-ისედაც არ გამოვიდოდა იო, მალე მოვკვდებოდი მაინც

თავი ჩემს მუხლებში ედო და ტიროდა და მე თავზე ვეფერებოდი და ვფიქრობდი სიკვდილზე, ახლა რომ გაჩერდეს გული, ეს ნამდვილად არ იქნება ავადმყოფობის ბრალი, ეს დიდი ბედნიერების ბრალი იქნება...

მერე ისიც გავიგე, რომ იოს შვილს სოფო ერქვა და ამით დავრწმუნდი, რომ რაღაც ადგილი მართლა მქონდა მის გულში...

ჩემი ოჯახის ყურება ყველაზე მძიმე იყო, რომ არ უნდა შეიმჩნიონ ჩემი ცუდად ყოფნა, არადა ხომ ვიცი როგორ უმძიმთ, სანდრო შემოდის ხოლმე და აკვირდება ჩემს სუნთქვას, ეშინია არ გაჩერდეს ეს გული, როგორ მიყვარს ჩემი ძმა და როგორ ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ყოფნა...

-სანდრო
-რა იყო ?
-მაგრად მეშინია
-ვიცი
-შენს გარეშე რომ ვიქნები სანდრო, მესაუბრე ხოლმე რა, იფიქრე ხოლმე ჩემზე და ილოცე რა, ლოცვა ხომ საუბარია
-მე აქ დარჩენა მიჭირს შენს გარეშე, არასდროს მეგონა რომ ცხოვრება ასე შემოტრიალდებოდა
-არც მე მეგონა, ისევ ბავშვობა მინდა და მინდა ეს ცხოვრება თავიდან გავიარო, მგონია რომ დაძმური სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია სუფთა სიყვარულისა
-მეც ასე ვფიქრობ, სოფ რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო ?
-სიკეთე აკეთე სანდრო, მაგრამ ორმაგად რა, ჩემს მაგივრადაც, გთხოვ რა, ხელი არ ჩაიქნიო კიდევ და მოწყენილი არ იყო ხოლმე
სანდრო ტიროდა
ჩემი ძმა ტიროდა, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა ზოგადად...

ისე მიჭირს ეს ბოლო დღეები, დილა რომ თენდება, მგონია რომ აღარ დაღამდება და პირიქით, ნეტავ ადრე მეფიქრა ასე, ბევრად მეტ რამეს  მოვასწრებდი ცხოვრებაში...

ახლაც გათენდა, ვწევარ ოთახში, მალე ექიმიც შემოვა და გამიყვანს ქიმიაზე, მიუხედავად ამ ყველაფრისა  ძალიან მინდა სიცოცხლე, მინდა კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, თუმცა ვიცი ეს უკვე შეუძლებელია, ახლაც ჩამომდის ცრემლები, ჩემები მეცოდებიან და ხანდახან ჩემი თავიც მეცოდება, მტკივა და ალბათ იმიტომ მეცოდება და აი როცა ასე ვარ ხოლმე, ვიხსენებ იოს, ჩვენს გაქცევას, მერე მთას და იმ პატარა მონაკვეთს ჩემი ცხოვრებისას, რაც მასთან ერთად გავატარე...
ახლა მიხარია, რომ გავრისკე, რომ ვუთხარი სიმართლე და არ დავმალე ეს სიყვარული გულში, თორემ ისე მოვკვდებოდი, ვერც გაიგებდა ამას, ახლა როცა თავად იქნება ხოლმე ცუდად, როცა ეგონება რომ არავის უყვარს, როცა სიცივეს იგრძნობს ადამიანებისგან, მე გავახსენდები ხოლმე და ზუსტად ეცოდინება, რომ ნამდვილად შეიძლება მისი შეყვარება და თან მთელი გულით...

ვატო ზის აქ და მიკითხავს ”ზებულონს”
წიგნი, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო...
შემოდის სანდრო და მკოცნის შუბლზე
დედაც აქ არის
მამაც
კესოც
და მაკაც
და იოც აქ ცხოვრობს, ჩემს გულში...


სიცოცხლე?
ეს არის ის, რის გამოც ღირს სიცოცხლე
სიყვარული ?
ეს არის ის, რის გამოც ღირს სიცოცხლე
ადამიანი ?
ეს არის ის, რის გამოც ღირს სიცოცხლე...

Sunday, November 3, 2013

იმ ღამეს მშობლები ჩვენთან დარჩნენ, არ დაგვიძინია, ვიმღერეთ, ვიცეკვით და წამით მომინდა, რომ ყველას ერთად გვეცხოვრა ისევ, ეს ან სასმელის ბრალი იყო, ან სიყვარულის, ან ორივესი ერთად, მშობლებთან ყოფნას არაფერი სჯობს, თან ისეთ მშობლებთან, რომლებსაც ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც ადრე, მაგალითია ჩემთვის მათი სიყვარული და არ არის გასაკვირი, რომ თავადაც მჯერა ამ გრძნობის...
დილით დავწექი და თან გუშინდელი საღამო მახსენდებოდა, რა დროულად გამოჩნდა ეს ვატო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს სიკეთე შემოიტანა და თან თავისუფლებაც მოაყოლა, არ დამავიწყდეს კვირა, პირველი საათი და დინამოს მატჩზე წასვლა...

გადავწყვიტე დამეწყო ცხოვრება იოანეზე ფიქრის გარეშე, რამდენად გამომივიდოდა არ  ვიცი, მაგრამ მტკიცე იყო ჩემი გადაწყვეტილება...
კვირა დღეც მოვიდა, ადრე ავდექი, ჩავიცვი სპორტულად, ყავა გავამზადე და წიგნს ვკითხულობდი თან...

-რა ადრე ადექი
-მატჩზე მივდივარ
-დინამო?
-ხო
-ოჰ, რა ხდება? როდიდან? თან გასვლით თამაშზე
-ფეხბურთში ვერკვევი, თან ძალიან კარგად, დამპატიჟეს და მივდივარ
-მგონი იო არაფერ შუაშია ხო?
-მართალი ხარ
-კარგი, უქომაგე მაგრად, მეც წამოვიდოდი, რეპეტიცია რომ არ მქონოდა
-საღამოს შეიძლება გამოგიარო ბარში

მერე სანდროც გაემზადა წასასვლელად, ჩვენთვის ხომ შაბათ-კვირა არ არსებობს, მაკოცა შუბლზე და წავიდა...

პირველი საათი გახდა, რომ ვთქვა გული არ მიფრიალებდათქო ტყუილი იქნება, კიბეებზე ჩავდიოდი და ძალიან მიხაროდა, ვატო მანქანაში იჯდა და მუსიკას უსმენდა, იყურებოდა სადღაც შორს , ეცვა დინამოს მაისური, შორიდან ვუყურებდი და მისი დადებითი თვისებები ჰაერივით მომეწოდებოდა...

-პუნქტუალურიც ყოფილხარ ?
-ხომ, შენც
-აბა წავედით, ბიჭებს უნდა გავუაროთ

რუსთავში მალე ჩავედით, ახლა დავაკვირდი, რომ ქართულ ფეხბურთს არ უდგას საკმარისად ბევრი ხალხი გვერდში და იმ წამს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პირველ რიგში მე უნდა გამომესწორებინა...
ამინდი იყო თბილი, ყველაფერი იყო იმისთვის, რომ თავი ძალიან კარგად მეგრძნო, ვატომ მაისური მაჩუქა, ისე მიხდებოდა, ვიფიქრე არასდროს გავიხდითქო, მაგრამ ცხოვრება რისი ცხოვრებაა, რომ მოულოდნელობა არ ესროლა ჩემთვის, შევდიოდით სტადიონზე და უკნიდან მესმის ხმა, ხმა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, მერე მომესმა ჩემი სახელი და როგორ მივიხედე უკან, როგორ შევძელი ეს არ მახსოვს
-პრივეტ იო
-როგორ ხარ?
-კარგად
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი
-არც მე მეგონა
მიყურებდა დიდხანს, სევდიანად და რატომ ვერ ვხვდებოდი, მერე ვატომ ხელი მომკიდა და შემაქანა სტადიონზე, მე იოსკენ აღარ გამიხედავს, მაგრამ ვიცოდი მიყურებდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებას მოულოდნელობა უნდა ერქვას და კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდა ის...

 დინამომ მოიგო, მატჩს პატიოსნად ვუყურე, არ მიცეცებია თვალები აქეთ -იქით, ვუქომაგე და თავს კარგად ვგრძნობდი, სტადიონი დადებითად მუხტავს აშკარად, გამოსვლისას ვათვალიერებდი იოს, მაგრამ ვერსად ვნახე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამან სევდა მოიტანა, უფრო პირიქით...

რუსთავიდან მხიარულად ვიმგზავრეთ, შევიარეთ საჭმელად, ცოტა ლუდიც დავლიე, როგორც დამპირდა ვატო, ბოლოს მე მივყავდი სახლში
-სახლში არ დამტოვო, ქიაჩელზე დამტოვე
-მანდ რა ხდება?
-ჩემი ძმა უკრავს ბარში
-ვაჰ, რა მაგარია
-თუ გინდა წამოდი
-დიდი სიამოვნებით

სანდროს სახე მოვაწყვიტე კინაღამ, ისე შემომხედა, ეს იყო ”ძმური” გამოხედვა, შემფასებლური, ”ეს ვისთან ერთად მოვიდა ჩემი და” აი ზუსტად ასეთი...
-გაიცანი, ეს ვატოა
-სასიამოვნოა, სანდრო
მე მეღიმებოდა
-ერთად წავიდეთ სახლში, დამელოდე
გაისმა სანდროს მკაცრი ტონი
-მაგისთვის მოვედი, რომ ერთად წავსულიყავით
ავიდა სცენაზე და შეგვამკო აგრესიული მუსიკით
სახლში წასვლა ფეხით მოინდომა სანდრომ, ვატოს მადლობა გადაუხადა, თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს...

-რა იყო, ეს აზიატური შეხვედრა ?
-იოანე გიყვარს და ამ ბიჭთან რა გინდა ? ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცეები
-რა ვერ გაიგე, იოანესთან არაფერი მაკავშირებს და ამ ბიჭთანაც ვმეგობრობ
-მე რას მატყუებ, ადამიანებს წესიერად მოექეცი, არ მიყვარს ვინმეს გულს რომ ტკენენ და ძალიან არ მომეწონება ეს ჩემმა დამ რომ გააკეთოს
-გპირდები არავის ვატკენ გულს
მერე ჩამეხუტა სანდრო და ასე მივედით სახლში...

ღამე, სანამ ძილი მოვა ხოლმე, ძალიან ბევრს ვფიქრობ ცხოვრებაზე, ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენი თვისებაა საკუთარ თავში გამოსასწორებელი, სულ მომავლისთვის, რომ ვიცი ხოლმე გადადება, მაგრამ ამ ღამეს დავდე პირობა, რომ მივხედავდი საკუთარ შინაგან სამყაროს, ვეცდებოდი დილიდან ცუდი არასვისზე მეფიქრა და ცუდი არავისთვის გამეკეთებინა და ასეთ კარგ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც, უცნაურ სიზმრებში ვიყავი:

თითქოს დედამიწაზე ვცხოვრობდი და ვხედავდი სხვა პლანეტასაც, იმ პლანეტაზე მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი იყო, ვიხედებოდი ფანჯრიდან და ვუყურებდი ამ ყვითელ პლანეტას, რომელსაც გარშემო ლურჯი ფერი ერტყა, იქ ცხოვრობდა იო, რომელსაც არ უნდოდა დედამიწაზე ცხოვრება და იქ დასახლდა, მთელი გულით უნდოდა, რომ მეც იმ პლანეტაზე მეცხოვრა, მაგრამ როგორც ვთქვი, იქ მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი იყო...

რომ გავიღვიძე სიზმარიც გამოყოლილი მქონდა და ცოტა მოწყენილი ვიყავი, სანდრო შემოვარდა ოთახში, მომთხოვა მალე ჩამეცვა, ლაშქრობაში მივყავდი
-სად მივდივართ სანდრო?
-დარიალის ხეობა სოფ, სამსახურში დარეკე და გაენთავისფლე
-თუ გინდა საერთოდ წამოვალ
-მიდი დროულად...

დავირაზმეთ, კესო დედაჩემს დავუტოვეთ და წავედით, მე, სანდრო, მაკა და სანდროს 4 ძმაკაცი, რომლებიც სულ ტვინს მხდიან...
როდიდან დავიწყე ეს მთაში სიარული, ან ამ სანდროს საიდან მოაფიქრდა ჩემი წაყვანა ლაშქრობაში, მგონი მარტო არ უნდოდა რომ დავეტოვებინე...
 ხან წვიმდა, ხან მზე იყო, ეს ართულებდა გზას, მაგრამ მაინც მივედით დანიშნულების ადგილამდე...

ბუნება აბედნიერებს ადამიანს
დავბანაკდით, თუმცა ჩვენამდე ვიღაცას გაუშლია კარავი, ორადგილიანია, გული რაღაცას მიგრძნობდა, მაგრამ რას ვერ ვხვდებოდი...
საჭმელს ვამზადებდით, ამ დროს მოგვიახლოვდნენ ამ კარავის მდგმურნი, ვუყურებ და არ ვიჯერებ, ”ვერ” არა, არ ვიჯერებ, იო თავის ძმაკაც ნიკასთან ერთად, ეს ან სანდრომ გამიჩალიჩა, ან ცხოვრება მეთამაშება რაღაც უცხო თამაშს...
ძალიან დავიბენი
-გამარჯობა იო, მინდა იცოდე, რომ არ ვიცოდი შენი აქ ყოფნის ამბავი და ისე წამოვედი
-კარგი სოფო დაწყნარდი, ეს არც მიფიქრია
-იფიქრე
ეს ვუთხარი და კარავში გავიქეცი

-სანდრო იცოდი რომ აქ იქნებოდა?
-კი
-რატომ გააკეთე ეს ?
-აზრზე რომ მოხვიდე და რომ გაერკვე რა გნებავს

პირველად გავბრაზდი ჩემს ძმაზე სერიოზულად, მაგრამ თან მიხაროდა რომ ვნახე...

დაღამდა, ყველა გარეთ იყო, სვამდნენ, იო და ნიკაც მიიპატიჟეს და ერთობოდნენ, მე არ გავდიოდი და არც არავინ მეძახდა, ვკითხულობდი წიგნს ფანრის შუქზე...
-შეიძლება?
-კი
იო შემოვიდა
-რატომ არ გამოდიხარ, რამ დაგაკომპლექსა?
-ხომ ვთქვით რომ აღარ შევხვდებოდით და აი რა გამოვიდა
-მერე რა, მე მინდოდა შენი ნახვა, მოგწერე, მაგრამ შენ იშვიათად შემოდიხარ ხოლმე
-შენგან მოწერა, რა დაგემართა?
-შენი თავი დამემართა, სოფ ვიცი ერთად არ უნდა ვიყოთ, მაგრამ არ შემიძლია შენს გარეშე, აქაც იმიტომ წამოვედი, რომ იქნებ რამე მეშველა საკუთარი თავისთვის
მერე მოვიდა და ჩამეხუტა და ასე ვისხედით დიდხანს...

როგორ მიყვარს, ნეტავ სულ ცოტათი მაინც თუ გრძნობს ამას, ყველაზე ძალიან მიყვარს, ახლავე მოვკვდებოდი მის გამო, რომ გახდეს საჭირო...
მიყურებდა
მე ცეცხლს ვუყურებდი, რომელიც ლამაზად ანათებდა კარვის იქით

-იო, ეს გრძნობა იმდენად დიდია, რომ ვერ გაუძლებს დედამიწაზე არსებობას

-ვიცი, სოფ ეს სიყვარული მტანჯავს, მიყვარხარ და ვიტანჯები
- მე პირიქით ვარ, ბედნიერს მხდის, მაგრამ მზად ვარ რომ აღარ გიყვარდე, რადგან მინდა რომ კარგად იყო
-სოფ მეშინია, ცუდს მიგრძნობს გული
-მეც იო

მერე კიდევ უფრო მაგრად ჩავეხუტე, მეშინოდა არ მომეკლა, ისე მიყვარდა ისე, არასდროს მეგონა, რომ ასეთი სიყვარული შეიძლებოდა მცოდნოდა...

ადამიანები თავად აუშნოებენ ცხოვრებას, ფიქრობენ ცუდზე, ფიქრობენ ცუდად და მერე თავად დადიან მოწყენილები, უბრაზდებიან ერთმანეთს, გამოაქვთ ცუდი დასკვნები და მერე თავად დადიან მოწყენილები...
წუწუნებენ
წუწუნებენ
წუწუნებენ
არადა რამდენს ადამიანს უყვარს ისინი, ან სულ რამდენიმეს, ან ერთს საერთოდ, ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ერთ მეგობარსაც რომ უყვარდე, უნდა იცოდე, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ, უყვარხარ, წარმოიდგინე უყვარხარ, ეს ხანდახან ძალიან ცოტა გვგონია, არადა ძალიან ბევრს ნიშნავს, ყველაფერს ნიშნავს თითქმის...

გუშინდელი დღე ?
გამორჩეული იყო, არ ვიცი ვერ ვხვდები, როგორ გაჩნდა ასეთი კეთილი, ძალიან იშვიათად ვხედავ , მაგრამ ეს შთაბეჭდილება შემდეგ ნახვამდე მიმყვება ხოლმე, გუშინაც ჩავირბინე კიბეებზე, ზურგით იჯდა, მერე წამოდგა და ისეთი სახით მომესალმა, რომ ადამიანებმა მასთან უნდა გაიარონ ”გამარჯობის” კურსები...
უბედნიერესი უნდა იყოს ამ ცხოვრებაში :)