Friday, October 7, 2016

   გუშინ სვანეთი დავტოვე და დავბრუნდი იქ, სადაც დავიბადე, მაგრამ გული არ აჩქარებულა შემოსვლისას, ალბათ იმიტომ, რომ ღამე იყო, ან გული მესტიაში დარჩა, ან უშგულში, სადაც სევდას ვერასდროს გავურბივარ, ხმა მიწყდება და ლაპარაკი არ მინდა, ყველას მოწყენილი ვგონივარ, სინამდვილეში კი, ამ მოწყენილობაშია ზუსტად ბედნიერება...
 წელს  ისე გამოვიდა, რომ ცაში დიდი დრო გავატარე და ტრასაზეც, არაფერია შენზე დამოკიდებული, ცხოვრობ, სუნთქავ, გეშინია, მაგრამ გრძნობ. 

ესპანეთში წასვლა, მერე ჩამოსვლა და უცბად სვანეთში გაფრენა. ფსიქიკას უჭირს ამ ყველაფრის მონელება, მაგრამ მისი გამოფხიზლებაც შეუძლია.

გახსენდება კადრებად: ღიმილი,ბუნება, გამოხედვა. ეს ის წამებია, რომელსაც თვალებით გადაუღე ფოტო და ეცდები დიდხანს დაიტოვო ტვინის ალბომში, რადგან იქნება ისეთი დღეები, როცა საკუთარი თავისგან გაქცევა მოგინდება, ჩართავ ამ მოგონებებს და საკუთარ თავში ჩაიყუჟები, აღარ გაიქცევი, გაუძლებ.

-ეს საფერფლეა, სიგარეტი გველის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც ადამიანს ჭამს, ეს არწივი თავისუფლებაა, რომელიც სიგარეტზე უარს ამბობს. მერე გრჩება ეს ფრაზები თავში და როდის შეგაცვლევინებს აზრს რიგ საკითხებზე, არავინ იცის.

სიკვდილზე ფიქრობს ხოლმე ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ცხოვრებიდან, ან მისი საყვარელი ადამიანების ცხოვრებიდან, საყვარელი ადამიანები მიდიან. ვერ აჩერებ ამ გარდაუვალობას, იმ ატრაქციონს გავს, რომლის დამუხრუჭებაც გინდა, მაგრამ არ გამოგდის და ბოლოს ხელს იქნევ, მიენდობი. ძნელია სიკვდილზე მინდობა, მაგრამ სხვა გზა არ არის.

იქნებ ადამიანები მთაში ინაცვლებენ, მათი ენერგია შეეზრდება იქაურ ჰაერს, მზეს, წყალს, სითბოს, ფოთლებს, ჩვენც ვუბრუნდებით მათ, როცა მთისკენ მიგვიწევს გული.

თბილისში დაძაბულობა იგრძნობა, სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც რას გვიქადის, არავინ ვიცით. ადამიანი კვლავ თავისუფლებისთვის იბრძვის, არჩევანის თავისუფლებისთვის, შეცდომის დაშვების თავისუფლებისთვის, კარგი საქმის კეთების თავისუფლებისთვის, მაგრამ ხშირად თავად იზღუდავს მას.

მარტო მოვდიოდი, მზე გზას ანათებდა და სიცოცხლისთვის აუცილებელ სითბოს მაწვდიდა, მე ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ეს სიყვარული, რაც სამყაროში შეგიძლია იგრძნო, სწორედ საკუთარი თავისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც სხვა ადამიანების გზებიც უერთდება და სადღაც შორს, საინტერესო აღმოჩენებისკენ მიყავხარ...