Friday, October 17, 2014

მგონი მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარეთ, მაგრამ სულ არ დავღლილვარ, ან დავიღალე და არ მინდოდა ამის შემჩნევა, რადგან თავს უხარხულად იგრძნობდა და სასტუმროში დაბრუნებას შემომთავაზებდა.
ნინია არ რეკავდა და არც მწერდა, მეც არ შევაწუხე, მინდოდა კარგად ყოფილიყო და ბოლომდე შეეგრძნო ცხოვრება.
5 საათი იყო ოთახში რომ შევედი, ნინიას უკვე ეძინა, მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ საკმაოდ სასტიკი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან.
აივანზე გავედი, გადასაფარებელი სავარძელში იდო, ჩავჯექი და გადავიფარე, ფიქრებმა წამიღო სადღაც შორს, მერე ისევ ახლოს და ბოლოს საკუთარ თავში მივყუჩდი.

დილით თვალი რომ გავახილე, ნინია მეორე სავარძელში იჯდა და ყავას მიირთმევდა, ჩემთვისაც ამოეტანა, თან რძიანი, იცის ზუსტად როგორი მიყვარს, გამიღიმა...

-აღარ გაგაღვიძე გუშინ, რა ხდებოდა?
-დავლიეთ,ვიმღერეთ და მერე მომაცილა სასტუმრომდე
-მერე
-მერე არაფერი, დავემშვიდობე
-დღეს აღარ აპირებ ნახვას?
-არა
-რა გჭირს ნინია?
-არაფერი გამოვა რა, შეიძლება ერთმანეთი მოგვწონდეს, მაგრამ ისე არა, რომ მე აქ გადმოვბარგდე და ის საქართველოში წამოვიდეს
-ჯერ რა იცი, რა და როგორ იქნება
-მართალია არ ვიცი. შენ რა ჩაიდინე?
-არაფერი, ვისეირნე მთელი საღამო
-ჰაჰ, გასაგებია

ნინია ოთახში შევიდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო, საღამოს უკან ვბრუნდებოდით და ხვალიდან ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა.
სხვა ქალაქში ბოლო დღე ყოველთვის სევდიანია ხოლმე და თავს ვერაფრით დააღწევ ამ გრძნობას.
ლობში ჩავედი, ის იქ არ იყო, გამიკვირდა, საღამომდე არც გამოჩენილა, იმედია ახსოვს რომ 7-ზე უნდა წავიდეთ.
ქალაქში გავიარე, მაღაზიები დავიარე, მინდოდა გიოსთვის რამე მეყიდა,ბოლოს რაღაც სპორტულ მაღაზიას მივადექი და ლაშქრობისთვის ვუყიდე აღჭურვილობა, საჩუქარს რომ ვყიდულობდი მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან კარგად მიცნობს, ეს კი არც ისე ცოტაა...

ნომერში რომ ავედი, ნინია ჩემოდნებზე იჯდა ფაქტიურად და ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა ამ ქალაქიდან...
-რა იყიდე ?
-გიოს ვუყიდე რაღაც
-მაინც ძალიან გიყვარს ხო ?
-ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაგას ეკუთვნის, ერთად გავიზარდეთ და ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ
-გარდა იმისა, რომ მეგობრობაზე მეტი გაკავშირებთ?
-ხანდახან მეგობრობაც არ არის ბოლომდე სუფთა, ურევია ანგარება, ვნება და კიდევ მსგავსი ამბები, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობა თავისუფალია ასეთი რაღაცეებისგან
-მაგაში დარწმუნებული ვარ

გარეთ ვისადილეთ, მერე ცოტა დავიძინეთ, 7 საათი ხდებოდა, ბოლომდე ვეცადე შემენარჩუნებინა სიმშვიდე და მჯეროდა რომ მოვიდოდა, მართლაც მოვიდა, მოწყენილი მომეჩვენა, ბარგი ჩაიტანა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში, მე კიდევ ერთხელ გავხედე ქუჩას, თითქოს დავემშვიდობე აქაურობას...
ნინიაც მოწყენილი იყო, მაგრამ სანამ მანქანა დაიქოქებოდა, ნინიას მხიარული საუბარი შემომესმა, ტელეფონზე საუბრობდა:
მეც, მეც, იმედი მაქვს შემდეგ "ქუჩის მუსიკის დღეებზე" ჩამოხვალ...
თურმე იმიტომ არ გაუცილებია, რომ ეს დამშვიდობება ბოლოს უღებდა და ერჩივნა გუშინდელი დღე დარჩენილიყო ბოლო მოგონებად...

ღამე ჩამოვედით, ნინია სახლში დავტოვეთ და მერე საბურთალოზე წამოვედით, როცა ჩემს ქუჩას ვუახლოვდები, რაღაც საოცარი ბავშვური გრძნობა მიპყრობს ხოლმე და მინდება ისევ პატარა ვიყო, ისევ გიოსთან და ბავშვებთან ერთად ვთამაშობდე ეზოში...

სადარბაზოსთან გაჩერდა მანქანა, სიჩუმე იყო, ალბათ ყველას ეძინა, სახლებიდან შუქი არ გამოდიოდა, მანქანაში ჩუმად ვისხდით, ბოლოს გადავწყვიტე ხმა ამომეღო...

-რა გჭირს ? 
-ყველაფერი
-ანუ?
-ანუ რადგან ყველაფერს ვერ ვიტყვი, სჯობს არაფერი ვთქვა

გაურკვეველ საუბარს ვერ ვიტან და ზოგადად გაურკვევლობა მკლავს, ბოლოს მიღებს, ასეთ დროს მზად ვარ ადამიანს საკმაოდ უხეშად ვესაუბრო, მაგრამ დავინდე და ეს რატომ გავაკეთე არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მის გრძნობას პატივს ვცემდი...
მანქანიდან გადმოვედი და დავემშვიდობე, სანამ სადარბაზოში შევიდოდი, მანქანის კარის ხმა გავიგე, გადმოვიდა და გამაჩერა

-მინდა იცოდეთ, რომ თქვენზე მეტად არავინ მყვარებია, ეს არის გრძნობა რომელმაც შემცვალა, მაგრამ ბოლომდე გადატრიალების ნებას ვერ მივცემ
-არ მესმის რას გულისხმობ
-თავს ვერ დავკარგავ
-ალბათ ტრადიციებს და რელიგიას გულისხმობ
-დიახ, მაგრამ ალბათ მხოლოდ ამას არა...
-სულერთია...

 მართლა ასე იყო, რაც უნდოდა ის ექნა, ადამიანები უნდა გაუშვა ცხოვრებიდან და არ უნდა მოითხოვო მათგან მსხვერპლი...
გატრიალება დავაპირე
გამაჩერა
სახეზე მაკოცა
ჩავეხუტე
გულში ძალიან მაგრად ჩამიკრა და კიდევ ერთხელ მაკოცა...

ახლა სამსახურში ვზივარ, 2 კვირაა არ გამოჩენილა და თანდათან ვეგუები იმ აზრს, რომ აღარ გამოჩნდება, არ მიკითხავს სად გაქრა და არც არავის უთქვამს თავისი ნებით...

უკვე 4 თვე გავიდა და 2 თვეში გამოცდები მაქვს, დღე და ღამე ამერია, სულ ვმეცადინეობ, უნდა ჩავაბარო, წელს უნდა ჩავაბარო აუცილებლად...

გუშინ ბოლო გამოცდა მქონდა

დღეს პასუხებია

გიო ჩემთან გამოვიდა და ველით პასუხს

ჩავაბარე

ძალიან მიხარია...

ძალიან მაგარი ჯგუფი შემხვდა, ყველას უყვარს თავისი საქმე და გვინდა ადამიანების და საკუთარი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შევცვალოთ...
გიო სწავლას გერმანიაში აგრძელებს, ხშირად მწერს...

სამსახურში რომ შევდივარ ხოლმე, მაინც მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ისევ დავინახავ და ისევ მივესალმები, მაგრამ ასე არ ხდება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომავალშიც არ მოხდება...

დეკანი მიბარებს
გერმანიაში მიშვებენ ტრეინინგზე, მაგრამ მანამდე ერთი კვირით აზერბაიჯანში...

ბაქოში ვარ
დავდივარ ქუჩებში და მეშინია სადმე არ შემხვდეს, თან მინდა შემხვდეს...
იმ კომპანიასთან მივდივარ, სადაც თბილისში მუშაობდა, იქნებ ისევ ამ კომპანიაში დარჩა...
ოფისთან ვარ
ხალხი იცლება
გული აღარ მაქვს, მეშინია...
გამოდის
მე ბოძს ამოვეფარე და თვალი არ მომიშორებია, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა, ვუყურებდი, ვერ მხედავდა, მანქანას ჯერ არ ძრავდა, სუნთქვა შემეკვრა, უცბად ისე მომინდა დაძახება, მაგრამ თავი შევიკავე, ერთი ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ მერე უკან გადმოვდგი, სურვილს ვძლიე და ამან დამამშვიდა...
სევდიანი იყო
მერე დაძრა მანქანა
მანქანის უკანა ფანჯარას შევხედე
მერე ვეღარ ვხედავდი...

მიუხენში ვარ
აეროპორტში გიო დამხვდა
ტრეინინგები სულ, სულ ტრეინინგები
პაბში ვსხედვართ
2 ლუდი თუ შეიძლება....
მეცინება
ხანდახან მეტირება ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ცხოვრებას უხდება და აუცილებელია ჩვენთვის...

-სად ხარ?
-დღეს ჩამოვედი ნინია
-კონვერტი მოვიდა ჩემგან?
-კი ახლა ვხსნი, ეს რა 2 მოსაწვევია?
-ერევანში გელით
-და მეორე ვისია?
-მოაკითხავენ მაგას
-რა ხდება? ნუ მკლავ, რა ხდება ?
-წერია მანდ, რაც ხდება...

ხანდახან 
სულ
ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა
ჩვენს სწორ ნაბიჯებზე ბევრია დამოკიდებული, რადგან მათ სიმშვიდე მოაქვთ...
ძნელია მიხვდე, თუ რომელია სწორი...
მაგრამ გული ხვდება ხოლმე...






Friday, October 10, 2014

თბილისში ამინდი გამოვიდა და ხალხი ცოტა გამხიარულდა, ყველგან იგრძნობა ეს მუხტი, ტრანსპორტშიც კი...
მეც კარგად ვგრძნობდი თავს და ამის მიზეზი მხოლოდ ამინდი არ იყო, სიმშვიდე მოსულიყო გულში, ყველაზე ძალიან ეს გრძნობა მიყვარს, როცა არაფერი მაფორიაქებს და შემიძლია გული და გონება თანაბრად გამოვიყენო...

სამსახურში წასვლამდე ვირბინე, მერე ნიკუშა გავაღვიძე, მოვუმზადე გემრიელი საუზმე და ბაღში წავიყვანე, სამსახურში ფეხით წავედი და არც დავაგვიანე...
ოფისის კარი რომ შევაღე, იქაც ბედნიერი სახეებით დამხვდნენ და მაგიდას მივუახლოვდი, ვიღაცას ყვავილები მოეტანა, კინაღამ გული გამისკდა, ისე სხვათაშორის ვიკითხე, თუ ვინ მოიტანა და პასუხის მოსმენა ძალიან მაშინებდა...

-გიო იყო დილით მოსული და დაგიტოვა
-გიო?
-ხო გიო, შენ ალბათ შენი მუსულმანი მეგობარი გეგონა
-რა საოცრებაა ასე ადამიანის მოხსენიება, არაფერი გეშველება...

გიოს მესიჯი მივწერე და მადლობა გადავუხადე, მსგავსი ამბები ადრე უფრო იცოდა, როცა სრულ ჭკუაზე იყო და ახლაც ამ საქციელით იმედი მომეცა, რომ ცოტა აზრზე მოდიოდა...

ნინია დილიდან "ფორიაქული" საუბრით გამოირჩეოდა, ათასჯერ შემეკითხა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სომხეთში წასვლა და ბოლოს იმდენი ქნა, რომ მეც ამანერვიულა და ჩემი სიმშვიდე მიისაკუთრა...
საღამოს დიდი გზა გვქონდა წინ, ამიტომ დროულად შევუდექი საქმის კეთებას, ისე გამიტაცა ამ ყველაფერმა, ბოლოს მუღამიც დავუჭირე და მინდოდა სულ მემუშავა. ასე იცის ყველაფერმა, თუ კარგად იგრძენი თავი, მერე აღარ გინდა თავის დანებება, ცხრილების შევსებაც რძიან ყავად მოგეჩვენება...

შესვენებაზე შევამჩნიე რომ სამსახურში არ მოსულა და ამან ჩემი სიმშვიდე საბოლოოდ გააქრო, რა დაემართა? რამე ხომ არ მოუვიდა? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ვერავის დავუსვამდი ამ შეკითხვებს და ვერც ვერავინ მიპასუხებდა...

ნინია სულ ხაზზე იყო, არ ვიცოდი რა მეთქვა, დღემდე ვიცოდი, რომ საღამოს იმას მივყავდით, თუმცა არც ახლა მეპარებოდა ეჭვი, რომ ასე იქნებოდა, რაღაცნაირად ვენდობოდი, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი კარგად...
7 საათიც გახდა და გამოვედი, მიწისქვეშით უნდა გადავსულიყავი გაჩერებამდე და ამ დროს მხარზე მისი ხელი ვიგრძენი, სანამ მოვიხედავდი, ვიცოდი, რომ ის იყო...

-არ მელოდებით და ისე მიდიხართ ?
-იმედი მაქვს იქიდან რომ ჩამოვალთ, მაშინ მაინც გადაეჩვევი თქვენობით საუბარს
-არ მგონია ასე მოხდეს, ამით პატივისცემას გამოვხატავ თქვენდამი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება
-რა ზრდის?
-სიყვარული

ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი მკლავდა, რადგან ვიცოდი ტანჯვად უნდა მექცია ეს გრძნობა მისთვის, ამას სპეცილაურად არ გავაკეთებდი, მაგრამ საკუთარი ხასიათი კარგად მქონდა შეცნობილი და თუ არ შევიცვლებოდი, ტანჯვა მისთვის გარდაუვალი იყო.

-ოჰ ქამ ონ რა 
-ძალიან მწყინს, თუ არ გჯერათ
-კარგი წავედით

სახლში გავიარეთ, ჩემოდანი ავიღე, ნინია უკვე ქვემოთ მელოდებოდა, ერთმანეთი გავაცანი, მხიარული სალმებიც მოვისმინე და მანქანიში ჩავჯექი. ღამე მგზავრობას თავისი მუხტი აქვს, მანქანა ხან რის გამო გავაჩერებინე, ხან რის გამო, ასჯერ მომშივდა, თუ ეს ყველაფერი მოგონილი იყო არ ვიცი, იქნებ მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო გზა, ყველაზე ბედნიერი გზაში ვარ ხოლმე, თავად ამ პროცესით ვტკბები...
ნინამ თავისი ფლეშკა ჩაართვევინა, არ ვიცი როკი რამდენად უყვარდა მას, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია, შუაღამისას ჩავედით...

სახლის უნდა მოძებნა გვქონდა განზრახული, მაგრამ მას თურმე უკვე დაეჯავშნა სასტუმრო, შემრცხვა, მაგრამ ვერ გავუბედე უარის თქმა...
ჩემი და ნინიას ოთახი ძალიან ლამაზი იყო, ყვავილები დაგვხვდა შიგნით და საჩუქარი, რომელსაც ჩემი სახელი ეწერა...
გული მიფრიალებდა, სანამ გავხსნიდი, ცისფერ ქაღალდში იყო შეფუთული, რომ გავხსენი ჩემი წიგნი აღმოჩნდა, რომელსაც ფილმის მერე ჩავუსაფრდი და ძალიან მინდოდა რომ მქონოდა, ისე გამიხარდა, რომ ვიკივლე, ქაღალდიც ზუსტად წიგნის ფერი იყო, რაც ამ ფილმს ვუყურე და ქართულად წავიკითხე, ცისფერი ფერი შემიყვარდა...
ნინიას ეცინებოდა ჩემს საქციელზე, ბოლოს მოვიდა და ჩამეხუტა, კინაღამ ამეტირა, მეგობრებისგან მიღებული გულწრფელი სითბო მატირებს ხოლმე, რადგან ვფიქრობ რომ არაფრით დამიმსახურებია ეს.

მოვწესრიგდით და ძალიან ტკბილად დაგვეძინა...

12 საათი იყო რომ გავიღვიძეთ, სანამ ავდგებოდით ბევრი ვისაუბრეთ, დილის საუბრები ძალიან მიყვარს და უყვარს ნინიასაც.
ფოიეში ჩავედით, ის უკვე იქ იჯდა და თავის ლეპტოპში იყო შემძვრალი, რომ დამინახა გაეღიმა, ფეხზე წამოდგა და მოგვესალმა

-მეგონა საღამომდე არ გაიღვიძებდით
-გვიყვარს ძილი
-მივხვდი
-ისაუზმე?
-კი, მაგრამ თქვენთან ერთადაც სიამოვნებით მივირთმევ, აქ გირჩევნიათ, თუ გავიდეთ სადმე ?
-გავიდეთ, ოღონდ ჩვენ გპატიჟებთ
-კი, როგორ არა
 

ძალიან ლამაზ კაფეში ვისხედით და ვსაუბრობდით, ისე მომწონდა ეს ყველაფერი, რომ მინდოდა სულ ასე ყოფილიყო, რაღაცას მეხუმრებოდა და თვალებში მიყურებდა და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, ახლა სულ ვერ ვატყობდი საკუთარ თავს, რომ ოდესმე დავტანჯავდი მას...
ქალაქი ფეხით მოვიარეთ, საღამოს კონცერტზე მივდიოდით და მთელი დღე ნინიას გამხიარულებას ვცდილობდით, აიჩემა იგნორს გამიკეთებს და ამას ვერ გადავიტანო, საბოლოოდ მისი გამხიარულება შევძელით, საღამოს სასტუმროში ავედით, გამოვიცვალეთ და წავედით დანიშნულების ადგილას...

კონცერტი გარეთ ტარდებოდა, ყველაფერი როკის სტილში იყო გადაწყვეტილი, ნინიამ სცენაზე მისი გიტარა შენიშნა და კინაღამ წაიქცა, ძლივს დავიჭირე...
მერე იყო პირველი აკორდიც
მისი გამოსვლაც
და ნინიას ბედნიერი სახეც
ყველა სიმღერა ზეპირად იცოდა, სულ წინ ვიდექით, ხანდახან ჩერდებოდა ხოლმე, ეშინოდა არ შეეჩნია ბიჭს, რომ ყველაფერი ასე ზედმიწევნით ახსოვდა, აკორდებიც კი...
სცენიდან დაინახა და გაუღიმა
აქ მართლა ვიფიქრე ხელში არ ჩამკვდომოდა, რადგან დიდად ვერ გამოხატავს ხოლმე ემოციებს, მაგრამ ზუსტად ვიცი შიგნიდან ფეთქდება და ეს უფრო საშიშია...
2 საათი უკრავდნენ და მერე სხვა ჯგუფმა შეცვალა...
დარჩენა გადავწყვიტეთ, ლუდები ავიღეთ და შავ "პუფებში" ჩავეშვით...

-ნინია როგორ მიხარია რომ ჩამოხვედი

ნინია სულ თეთრი იყო, თურქეთში მიღებული რუჯი ერთ წამში გადაუვიდა

-მეც მიხარია, ძალიან მაგრად დაუკარით
-დიდი მადლობა. კონცერტის მერე ბარში მივდივართ და აუცილებლად წამოდი შენს მეგობრებთან ერთად

ნინია მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ უნდა გაეცნო ჩვენთვის...

ღამე ბარში წავედით და იქ ყველაფერი ის იყო, როგორც საჭიროა...
ბევრი მუსიკა
ლუდი
და გახარებული ნინია
რისთვისაც ჩამოვედით ყველაფერი ახდა და უკეთესადაც კი, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა...

მე მასთან ერთად ვიჯექი და ვსაუბრობდი, თავისი ქვეყნის ამბებს მიყვებოდა, ბევრ რამეში არ ეთახმებოდა იქ გამეფებულ ტრადიციებს, მაგრამ ბევრი რამ გამჯდარი ჰქონდა, თუმცა ეს მის ადამიანობას სულაც არ აკნინებდა, უფრო პირიქით...
ლუდს ვწრუპავდი...

-ლუდი ძალიან გიყვართ ხო?
-კი ძალიან... გთხოვ თქვენობით ფორმას შეეშვით
-არ შემიძლია, ასე უფრო მშვიდად ვარ
-რატომ?
-ანუ მგონია, რომ ასე ძალიან ახლოს არ ვარ თქვენთან და დიდი გზა მაქვს გასავლელი...
-მეგონა მოგწონდა ჩვენი დამეგობრების ამბავი
-ძალიან მომწონს, მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილია
-რას გულისხმობ?

 მაგრამ არაფერი უთქვამს, სადღაც ფიქრებში წავიდა და მეც აღარ ჩავეძიე...
ნინიასკენ გადავიდა ჩემი მზერა, რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანდა, მასთან ერთად იჯდა და იცინოდა, მერე ჭიქა მიუჭახუნა და თმები აუჩეჩა...
გული მე გამისკდა და წარმომიდგენია ნინიას რა დაემართებოდა...

გარეთ გამოვედით სასეირნოდ, ნინია ბარში დავტოვე...

თბილი ამინდი იყო, მიყვარს მშვიდი ნიავი რომ დამთამაშებს ხოლმე სახეზე, თავი მხარზე ჩამოვადე, როგორც მაშინ იმ წვიმიან დღეს...
მერე კი მივხდი, რომ ლოყაზე მეფერებოდა...

გარემო ახდენს ადამიანზე გავლენას, ანუ ამინდსაც შეაქვს წვლილი ადამიანის ჩამოყალიბებაში...
დღეს თბილისში კარგი ამინდია და ყველა გახარებულია, მაგრამ წინა დღეებში რომ არ ეწვიმა, ასე კარგად ვერ შევამჩნევდით მზეს...
ჯერ შემოდგომაა და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ხან წვიმს, ხან ქარია და მზესაც არ გვაკლებს და სავარაუდოდ ნოემბრის ბოლომდე კიდევ შემოგვთავაზებს ხოლმე...
მეგობრები ყოველთვის გვერდში იქნებიან, მაშინაც კი, როცა დედამიწაზე დავშორდებით ერთამანეთს, რადგან მეგობრული სიყვარული მიწას ცდება, უფრო დიდია ვიდრე დედამიწა...




Wednesday, October 8, 2014

ძალიან ბევრი ვისეირნეთ, თითქმის სულ სიჩუმე იყო, მხოლოდ მუსიკა ისმოდა დაბალ ხმაზე, ერთად კარგად ვიყავით და ხმის ამოღებაც არ იყო საჭირო, უხერხულობას არ ქმნიდა...
ათასი ფიქრი მომდიოდა თავში, ახლა კი ვიყავი ასე კარგად, მაგრამ რა იქნებოდა მერე, მომავალზე ფიქრი ხშირად თრგუნავს ადამიანს, რადგან არ იცის როგორ გამოვიდეს რთული სიტუაციებიდან, როგორ დაუსხლტეს საზოგადოების თვალს და აზრს ხელიდან...

-ვიცი, რომ ბევრი რამ შეგიქმნით უხერხულობას
-მეც ვიცი
-მე მზად ყველაფრისთვის
-მაინც რისთვის?
-მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და იმაში, რომ რაღაც ძალიან ძლიერია გრძნობა მაქვს თქვენდამი, მინდა რომ კარგად იყოთ და იყოთ ჩემს გვერდით...

თავზარი დამეცა, ასე უცბად არ ველოდი ასეთ სიტყვებს, მგონი მიხვდა ჩემს ფიქრებს, მაგრამ თითქოს ელოდა ამ ყველაფერს...

სახლში ძალიან გვიან არ მივსულვარ, გიოს დავურეკე, არ მპასუხობდა, ჩავწექი, საბანი თავზე გადავიფარე და გავიპარე ფიქრებში, მერე რატომღაც ცრემლებიც წამომივიდა...

ღამე კარზე ზარი ყოველთვის ცუდის მომასწავლებელია, აბა 4-ის წუთებზე რატომ უნდა მოვიდეს ვინმე, თუ  რაღაც ცუდი არ ხდება. გიოს დედა იყო, გიო საავადმყოფოშია, რაღაც დალია და კინაღამ მოკვდა, საავადმყოფოში როგორ გავჩნდი მართლა არ მახსოვს, პალატაში ჯერ ვინ შემიშვებდა, ჯერ უნდა გადაეყვანათ იქ, რადგან რეანიმაციაში იყო გამწესებული...
ექიმი ცოტა შეშინებული გამოვიდა და ჩემი სახელი ახსენა, თურმე მიხმობდა ის ვაჟბატონი, დამრთეს ნება, მეც თეთრი ხალათი ჩავიცვი და შევედი...

-ავად ხარ შენ, იდიოტი ხარ, ვერ გიტან, დაგშორდები და აღარ ვიმეგობრებ შენთან
-მაპატიე, მართლა ვეცადე გამოვსწორებულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა
-სისულელეა, ნებისყოფა არ გაქვს
-დაჯექი რა ახლოს
-მეტი საქმე არ მაქვს

მერე ახლოს მივედი და ჩავეხუტე, სულ მეგონა რომ ეს ასაკისთვის დამახასიეთებელი სისულელეები იყო და ოდესმე გადაუვლიდა, მაგრამ ახლა ვხვდებოდი, რომ მართლა ცუდად იყო და ვეღარ შველოდა თავს და კიდევ უფრო დავწრმუნდი იმაში, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა ფსიქოლოგიურზე...

-უცბად რატომ დაძრა მანქანა? რატომღაც ვიფიქრე, რომ ავარიაში მოყვებოდი და ეს ჩემს გამო მოხდებოდა, ეს ფიქრი ამეკვიატა და იმიტომ დავლიე
-მე მაბრალებ შენს ცუდად ყოფნას?
-რას ბოდავ
-კარგი ხო
-წამიკითხე რამე, იქნებ ჩამეძინოს

რაღაც ჟურნალი გამოვართვი ექთანს და გათენებამდე ვკითხულობდი, გიოს ეძინა, მე მაინც არ შევეშვი კითხვას, სანამ თავადაც არ ჩამეძინა...

დილას სახლში წავედი, გამოვიცვალე და მთელი დღე წიგნიდან თავი არ ამიღია, რაღაც ძალიან დიდი მოტივაცია მქონდა, რომ თავი გადამედო სწავლისთვის, ისეთი რაღაცისთვის, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გამოადგებოდა, ტელეფონს ხმა გათიშული ჰქონდა, მეგობრებს ბევრი ურეკავთ, მაგრამ ჩემამდე არ მოაღწია ამ ამბავმა, უფრო სწორედ მე არ მოვაღწევინე...
გიოს მესიჯი ღამე მოვიდა:

"გმადლობ, რომ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ..."

არაფერი მიმიწერია, ისედაც იცის, რომ ძალიან ძვირფასია...

სამსახურში გამოუძინებელი მივედი, ხმა არავისთვის გამიცია, დავჯექი და პირნათლად შევუდექი მოვალეობის შესრულებას, მაგრამ თუ სამსახურში მხიარულად არ ხარ, არავის სჭირდება შენი დროულად შესრულებული საქმე, რადგან სამსახური პირველ რიგში ურთიერთობებისგან შედგება და შემდეგ სხვა ყველაფრისგან...

ამ დროს ლიფტიც გაიღო, ის შემოვიდა, არ გავხედე, უკვე მეშინოდა ამ ურთიერთობის, თითქოს მე ავტეხე ეს ამბავი, მაგრამ რაღაც რომ სერიოზულობისკენ წავიდა, უკან დავიხიე, ეს არც სამართლიანი იყო, არც კარგი და სწორიც არ იყო, მაგრამ მეშინოდა და შიში კი ბევრ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს...
ვიცი რომ  აანერვიულა ჩემმა არ შემჩნევამ, შესვენებამდე გარეთ აღარ გამოსულა, მე წიგნებში ვიყავი ჩაფლული და შესვენების დრო ისე მოვიდე ვერ გავიგე, არც მშიოდა, არც დასვენება მინდოდა, წიგნის კითხვა მსურდა მხოლოდ, აღარ მინოდა რეალობა, წიგნის რეალობა მერჩივნა, ხანდახან გინდა წიგნის გმირად იქცე და მხოლოდ წიგნში გეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ასე არ ხდება და ამას ყოველთვის აცნობიერებს ადამიანი, ის პასუხიმგებელი საკუთარ ცხოვრებაზეა, უფრო სწორად საკუთარ ნაბიჯებზეა პასუხისმგებელი...

შესვენებაზე გავედი, წვიმდა, წიგნის სახლში შევედი, ჩაი ავიღე, ნამცხვარი და ერთი ნაჭერი ხაჭაპური, შიგნით თბილოდა, გარეთ საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო...
ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ცხოვრებაში გადამხდენია, მაგრამ ერთად ვერ ვუყრიდი თავს, ხან რომელ მოვლენას ეჯაჭვებოდა გონება, ხან რომელს, აწმყოში ბევრი რამის მოსწრება მინდოდა, მაგრამ დრო არ მყოფნიდა, ამის გამო ყველაფერს ვაჩქარებდი, მაგრამ თავად დროს ვერ ააჩქარებს ადამიანი, რადგან "დროს როცა უნდა თოვს"
ნიაზის სიმღერა გამახსენდა და მივხვდი, რომ ხმამაღლა ვღიღინებდი...
გამეცინა და გავჩუმდი...

გიოს მესიჯი აზუილდა

"რას საქმიანობ? ალბათ შესვენებაზე ხარ გასული, ფიქრებში იქნები წასული, როგორც გჩვევია და აღარ იცი როგორ მოიქცე ცხოვრებაში, უცბად ძალიან მომენატრე, მინდა აქ იჯდა და წიგნს მიკითხავდე, სახლში ვარ, დედა არ მშორდება, გონია რომ ისევ რაღაც სისულელეს ჩავიდენ, არადა არაფერს ვაპირებ, ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მგონია...
მინდა ცოტა აზრზე მოვიდე, მომბეზრდა თქვენი ნერვების შლა"

ვკითხულობდი და მეცინებოდა, იქნებ მართლა შეძლოს ერთხელ და სამუდამოდ წამოდგომა და ნორმალური ადამიანივით ცხოვრება, მაგრამ ვიცი ამისთვის სტიმული დასჭირდება და რადგან ჯერ ვერ მიმხვდარა, რომ საკუთარი თავის სტიმული თავად არის, მანამდე რაღაც, ან ვიღაც უნდა გამოჩნდეს მის ცხოვრებაში...

ანგარიში გადავიხადე და გარეთ გამოვედი, ჯერ ადრე იყო სამსახურში დაბრუნება, გასეირნება გადავწყვიტე, რუსთაველზე სიარული ძალიან მიყვარს...
უცბად ვიგრძენი, რომ ვიღაც წამომეწია, გავიხედე, ის იყო

-რა გჭირთ? 
-არაფერი... გამარჯობა
-გამარჯობა... მგონი აღარ გინდათ ჩემთან ურთიერთობა და ახლავე თუ მეტყვით, უფრო მარტივად მოვერევი თავს

ეს ყველაფერი ისე მითხრა, რომ შეცოდების გრძნობა ნამდვილად არ გამჩენია, კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჩემგან პატივისცემა. 

-არ მიპასუხებთ?

ხმა არ ამომიღია, ხელკავი გამოვდე და თავი მხარზე დავადე, ამას აშკარად არ ელოდა, ალბათ მათ ქვეყანაში ადამიანები ასე მარტივად არ გამოხატავენ გრძნობას, თან განსაკუთრებით ქალები...
ნერვიულობდა, ზუსტად ვიცოდი რომ ძალიან ნერვიულობდა და ისიც ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი, რადგან ეს საქციელი არ იყო წინაპირობა რაღაც სერიოზულის, უბრალოდ მინდოდა ასე მესეირნა, არაფერი მინდოდა სხვა, მხოლოდ ჩვენ, გზა და ადამიანები, რომლებიც ჩქარა მოძრაობდნენ, რაც დიდად არ არის დამახასიათებელი ჩემი ქალაქისთვის...
ჩემ ქალაქში ნელ მოძრაობას ვართ მიჩვეულნი...

სამსახურში დაბრუნების დრო იყო, დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, ჩამოშორება გადავწყვიტე, მაგრამ იმიტომ არა, რომ რამის მრცხვენოდა, უბრალოდ სამსახურს თავისი წესები აქვს, რომელიც ადამიანს დაუწერელად უნდა ჰქონდეს გათავისებული...

თეო ღამე მუშაობდა, ბავშვი ჩემთან რჩებოდა, გამეხარდა, ბავშვებს სიმშვიდე მოაქვთ, ყველაზე ცელქ ბავშვებსაც კი...  თან უნდა ჩამელაგებინა, შაბათს სომხეთში მივდიოდი ნინიასთან ერთად, ერთი ბიჭი მოსწონს უკვე ერთი წელია, იმ ბიჭს კონცერტი აქვს და ავტეხე რომ დავადგეთ, შეიძლება სულ არ ვნახოთ, უბრალოდ კონცერტს მოვუსმენთ, ესეც ხომ საქმეა...

წვიმა მთელი დღე არ გაჩერდა, ტაქსის გამოძახება არ მინდოდა, ჯერ შუა რიცხვებია და კრიზისია, სანამ ავტობუსს ველოდი, ისიც გამოვიდა, უარს თქმას აზრი არ ჰქონდა, ასეთ წვიმაში სახლამდე მიყვანას არაფერს სჯობს...
-სომხეთში მივდივარ
-ვნახე სტატუსი რომ გეწერათ, ადრე საერთოდ არ შევდიოდი ამ საიტზე და ახლა მივეჯაჭვე, თქვენი ბრალია...

 გამიღიმა, როცა ამას ამბობდა...
მეც გავუღიმე

-შაბათ-კვირას მეც მცალია და თუ გინდა წაგიყვან
ხმა არ გამიცია
-ხანდახან მგონია რომ გეშინიათ ჩემი
-შენი რელიგიის უფრო

წინადადება რომ დავასრულე, მივხვდი რომ საერთოდ არ უნდა დამეწყო...
უხერხული სიჩუმე იყო, ბოლოს ამოიღო ხმა :

-იგივეს თქმა მეც შემეძლო თქვენთვის და ვიცოდი ყოველთვის რომ ეს თემა წამოიწეოდა, მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ და პატივს ვცემ თქვენ რელიგიას, ანუ იმას რისიც გწამთ, ან არ გწამთ, ანუ თქვენ აზრს ვცემ პატივს და რადგან მიყვარხართ, ამიტომ თქვენი არ მეშინია...
-ჯერ არ მიცნობ და როგორ უნდა შეგყვარებოდი?
-ასე მოხდა, რომ დაგინახეთ იმ წამიდან რაღაც ძვრა მოხდა ჩემში და მე მომწონს ეს ცვლილება
-და როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ერთად ყოფნა?
-თუ თქვენ იქნებით გვერდში, მე ყველაფერს შევძლებ...
-თანახმა ვარ სომხეთში წამიყვანოთ...
მანქანიდან გადმოვედი და სახლში ავედი...

ნიკა უკვე დაეტოვებინა თეოს, რომ დამინახა ძალიან გაუხარდა, წამოხტა და ჩამეხუტა, გადავწყვიტე ნამცხვარი გამომეცხო...
ბავშვებს უყვართ ტკბილი და როცა მათი გახარება შეგიძლია, რატომ არ უნდა გაახარო...

წინ გადადგმული ნაბიჯი, მერე უკან, მაგრამ ერთ ადგილზე დგომა უკან სვლაში ითვლება, რადგან ადამიანი მომავლისკენ მიდის,ამიტომ წინ უნდა იაროს ...
სამართლიანი ნაბიჯი, უსამართლო ნაბიჯი, ეს უკანასკნელი უკან სვლაა, რადგან თუ არ იქცევი სამართლიანად, ანუ შენი ადამიანობა უკან მიდის...
მე რომ შენ დაგითმობ, ეს წინ სვლა იქნება...
მერე შენც დაუთმობ სხვას და ეს ქვეყანასაც წაადგება...
დათმობაზე და მოთმინებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...








Wednesday, October 1, 2014

ძალიან ბევრი საქმე მქონდა, სამეცადინო, დასალაგებელი, მაღიაზიებში სასიარულო, დაქალის ბავშვიც უნდა დამეტოვებინა, მაგრამ მხოლოდ ეს უკანასკნელი გავაკეთე...
თეო დილით მოვიდა, ბავშვი მომიყვანა და გაიქცა სამსახურში...
მეგობრის ბავშვი ერთ-ერთი ყველაზე ახლობელია ადამიანია, იმის შვილი, ვისიც არასდროს შეგრცხვენია, ვისთანაც ყველაზე ბუნებრივი ხარ...
ლოგინში ჩავაგორე, წიგნი ავიღე, საჭმელი მოვიმარაგე და 5 საათი ისე გამიფრინდა აღარ მახსოვს, მერე თეოც მოვიდა და მიყვებოდა მთელი დღის ამბებს, ნახევარი არ მესმოდა, ეს ფაქტიურად მეგობრის "ღალატია", მაგრამ რა მექნა, გუშინდელი დღის მერე კიდევ კარგად ვიყავი...

მაგისტრატურაზე ვაბარებ, კერძოდ ფსიქოლოგიურზე და ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, ახლა ამ თავზედატეხილი გრძნობის გამო ყველაფრის წყალში ჩაყრა, საკმაოდ დიდი უსამართლობა იქნება საკუთარი თავის მიმართ და მაინც, რასაც უნდოდა იმას მიკეთებდა ეს გრძნობა, მაგდებდა, მაძინებდა, მამღერებდა, მომაწყენდა, უმადობას იწვევდა და ხან პირიქით...

მეორე დღეს მაღვიძარას დავასწარი, სამსახური მელოდებოდა და 1000 შეკითხვა, თუ რატომ და რისთვის წავედი ამ ადამიანთან ერთად, თან სად წავედი და რას ვაპირებ მომავალში და ქართველი აღარ მეყო და ახლა უცხოელებზე გადავედი.
დილის სუსხი შემომეფეთა სახეში, მაგრამ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, თითქოს მაფხიზლებდა, რომ საბოლოოდ არ ჩავძირულიყავი ამ ყველაფერში.
სამსახურში მდუმარედ შევედი, მაგრამ თანამშრომლების ღიმილიანი სახეები რომ დავინახე, ამან ცოტა ამანერვიულა, არ ვიცოდი ტყუილი უნდა მეთქვა, თუ ზოგადი სიმართლისთვის მომეყარა თავი, მაგრამ რომელი იყო სიმართლე და რომელი ტყუილი ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გამერკვია, ეს კი არც ისე ადვილი პროცესია...

-აბა კითხვებით დავიწყოთ, თუ თავად მოგვიყვები რა ხდება ?
-რა უნდა მოგიყვეთ? რა უნდა მომხდარიყო?
-მუსულმანი გაკლია, ოჯახში იციან?
-არაფერი ხდება, სახლში მიმიყვანა უბრალოდ

აჰა, მეორე ტყუილიც ვთქვი, ერთი ოჯახში და მეორე აქ, რას ვიტყუები, ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას ვუზამ, მაგრამ თითქოს მაინც რაღაც "პასუხისმგებლობა" გვაკისრია საზოგადოების წინაშე, მაგრამ ზუსტი სიტყვა ვერ მოვუძებნე ამ ყველაფერს.

-შემეშვით რა, არ მაქვს თქვენი თავი
კომპიუტერს მივუჯექი, მუსიკა ჩავრთე და წავედი სადღაც შორს...

მანქანი შემოვიდა, ყოველთვის ვგრძნობ, როცა მოდის, მაგრამ დღეს  განსაკუთრებულად დამძაბა ამ ყველაფერმა, არ ვიცოდი როგორ უნდა მივსალმებოდი...
შემოვიდა, კომპიუტერს თვალს არ ვაშორებდი, მაგრამ თან ვხედავდი გვერდიდან, ეტყობა ისეთი გაყინული სახე მქონდა, რომ მოსვლა ვერ გაბედა, ლიფტში შევიდა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და სანამ ლიფტი დაიკეტებოდა შევხედე, მიყურებდა, მაგრამ საკმაოდ გაბრაზებული მომეჩვენა და ეს მესიამოვნა, როცა შენს გამო ბრაზდებიან, ანუ ადამიანისთვის წარმოადგენ რაღაცას და არა მხოლოდ რაღაცას...

ზარმა გამომახიზლა, გიო მირეკავდა, ზუსტად ამ დროს იცის დარეკვა, გიო ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ სართულზე ვცხოვრობთ და ერთად გავიზარდეთ, ახლა გზას აცდა, თავად ასე ამბოს და ვიმეორებ მეც, მაიმუნობს რაღაცეებს, ამ "რაღაცეებს" მაიმუნობას რატომ ეძახიან არ ვიცი, მაიმუნები არ ერთობიან აშკარად ასე

-ხო გიო
-ცუდად ვარ
-რა გჭირს ?
-დავლიე გუშინ
-მერე მე რა გიშველო, ხან სვამ, ხან იმ ტაბლეტებს ყლაპავ, გევასება ჭაობი და აიტანე ახლა ცუდად ყოფნა 
-ჩართე ხომ სისასტიკე?
-რა ვქნა აბა, ძალიან მიყვარხარ და მეზიზღები თან, რადგან ჭაობში ხარ, თან უარესად ეფლობი
-გუშინწინ ვინ მოგიყვანა მანქანით ?
-შენ რა იცი?
-აივანზე ვიჯექი და დაგინახე, ის ტიპიც დავინახე, სანამ არ ახვედი იდგა სადარბაზოსთან, რა უქენი ასეთი, ცუდი ტიპი ხარ რა
-რატომ?
-რადგან არ იქნები მაგასთან, შენ უცხოელს ვერ აიტან
-აივნიდან მაგის უცხოელობა რომ შეამჩნიე, ეს არის საოცრება
-არ მეშლება მსგავსი ამბები, კარგი წავედი და გნახავ საღამოს
-შემეშვი რა
-იმ ებრაელზეც ასე გეუბნებოდი, მაგრამ არ მიჯერებდი
-მომშხამე უკვე, წადი
-გკოცნი

ჩემი ცხოვრების გველია გიო, მაგრამ ბავშვობის წლები მთავარი წლებია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ვდგამთ მთავარ ნაბიჯებს გაზრდისკენ და ძალიან ბევრი თვისება, რასაც ამ დროს ვიძენთ მიგვყვება ბოლომდე, ან თითქმის ბოლომდე...

შესვენება პირველზე ეწყება ხოლმე, მაგრამ არ ჩანდა ამჯერად, აღარ დავუცადე, ავდექი და წავედი სასეირნოდ, არ უნდა დადგა სცენები და ვითომ არ უნდა შეეფეთო ადამიანებს, მაგრამ ჩვევაში რომ გაქვს ქცეული, არ არის ადვილი გადაჩვევა, თუმცა დღეს ვცადე ერთი პატარა გამარჯვება განმეხორციელებინა საკუთარ თავზე, სოკოს სუპი შევუკვეთე, ვიჯექი ჩემთვის მარტო და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი.
მერე წიგნის მაღაზიაში შევიარე, რა მინდოდა არ ვიცოდი, მაგრამ მინდოდა რამის ყიდვა, ისევ ფსიქოლოგიის განხრით ვიყიდე რაღაც, იმ იმედით რომ ამასაც აუცილებლად წავიკითხავდი...
 სამსახურს ვუახლოვდებოდი და კართან დამხვდა, ეს მოულოდნელი შეხვედრები ყოველთვის მღუპავდა ცხოვრებაში, გულმა ისეთი შემომცხო, მეგონა გადმოვრდებოდა საგულედან და ხელის ისეთი მოძრაობა გავაკეთე თითქოს მისი  დამეჭირა მინდოდა
-შეგაშინეთ ?
-დიახ, მოულოდნელობები მაშინებს
-დღეს კიდევ რომ დაგპატიჟოთ სადმე, თავხედობა იქნება ?
-იცი, მგონი ძალიან ჩაკეტილი ხარ და გეშინია ბევრი რამის ცხოვრებაში
-ბევრი რამის არ მეშინია, მაგრამ თქვენ რაც შეგეხებათ, აი ამასთან დაკავშირებით ბევრი რამის მეშინია
-რატომ?
-მზარავთ
მახსოვს გამეღიმა
-ეს კარგია?
-თქვენთვის კი, მაგრამ ჩემთვის არა, ძნელია შიშში ცხოვრება

საღამოს გიო უნდა მენახა, მაგრამ ამ საქმეს გადადება ემუქრებოდა 

-კარგი წავიდეთ

ნეტავ სადამდე მიმიყვანდა ეს ყველაფერი, თუ არ დამანგრევდა ეს უკვე წარმატება იქნებოდა, საღამოს მხიარულად ვიყავი, თმა გავიშალე და სარკეში საკუთარ თავსაც ვუღიმოდი...
-წავედით ?
-კი

მასთან თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ, მთელი დაძაბულობა სადღაც მიდის და თავი ყველაზე დაცული მგონია.
-როგორ ჩაიარა დღემ?
-კარგად, დილას თუ არ ჩავთვლით
-ვიცი რასაც გულისხმობ, ჩემი დილაც არ ბრწყინავდა და მგონი იგივე მიზეზით
-ვერ მოვახერხე გამარჯობის თქმა
-საზოგადოება გაბრკოლებთ ალბათ
-კი და ძალიან ბევრი კითხვა
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და იმიტომ ვიკავებდი თავს, არ მინდოდა უხარხულობა შემექმნა თქვენთვის
-ცხოვრება უხერხულობით არის სავსე

ჩემს საყვარელ ბარში წავიდეთ, ჩუმი ადგილია და ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ, ვუყვებოდი საკუთარ თავზე, მისმენდა და ძალიან ბევრ რამეს იმახსოვრებდა, თითქოს წიგნს კითხულობს და რაღაცას ინიშნავსო. წითელ ღვინოს ვწრუპავდი და ძალიან მიხაროდა ეს წამები, რადგან ვიცოდი, რომ ოდესმე დამთავრდებოდა, ზოგადად რაღაცის დაკარგვის შიში რომ გაქვს უფრო გიხარია და ირგებ ამ კონკრეტულ რაღაცას

-საქართველოში ჩამოსვლა არ მინდოდა, მერჩივნა საკუთარ ქვეყანაში ვყოფილიყავი, მაგრამ სამსახურში ყოფნის პირველმა დღემ ყველაფერი შეცვალა, მახსოვს შემოვედი და თქვენი თმები იყო პირველი, რაც დავინახე, შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ ამ წამმა ცხოვრება ამომიტრიალა, ნაწნავი გქონდათ დაწნული და ამან მიმაჯაჭვა, ეს რაღაც საოცრება იყო, ასეთი რაღაცეები მეგონა მხოლოდ წიგნებში ხდებოდა, მაგრამ არც იქ წამიკითხავს მსგავსი რამ, მახსოვს მერე გამომხედეთ, მაგრამ ეს არ გემახსოვრებათ და იქ დამთავრდა ყველაფერი, ანუ ძველი ცხოვრება დავტოვე უკან, სადღაც სამშობლოში და დაიწყო რაღაც ახალი...
ასეთი ძლერი გრძნობები აფერხებს ადამიანებს და თან საოცრად ძლიერს ხდის, ყველაფრის გაკეთება შემოძლო თქვენს გამო და ახლაც ასეა

ცოტა გაოცებული ვუსმენდი, მოსმენის მეტი რა უნდა მექნა, ან რა უნდა მეკითხა ვერ ვხვდებოდი, ადამიანი თავისი გრძნობების შესახებ მესაუბრებოდა, ასეთ დროს გაჩუმება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილებაა, სხვა ყველაფერი თვალთმაქცობა იქნებოდა ჩემი მხრიდან...

ჩემი საყვარელი ადგილები დავათვალიერებინე, ალბათ ბევრჯერ იყო აქ ნამყოფი, მაგრამ ყველაფერს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს, მგონი ამ ინტერესის გამო მომწონდა ყოველდღე უფრო და უფრო...
მერე ნაყინი ვჭამეთ, ციოდა, მაგრამ ნაყინის ჭამა ყოველთვის შეიძლება...
გიო იკლებდა ტელეფონს, მაგრამ არ ვპასუხობდი, არ მქონდა მაგის თავი...
ეზოში შემოვედით მანქანით, სანამ გადმოვიდოდი, დავინახე სადარბაზოსთან მდგარი გიო და მანქანაში დავრჩი
-ვინ არის?
-მეგობარია
-გასაგებია
-რა არის გასაგები?
-ის რომ მეგობარია

ძალას ვიკრებდი მანქანიდან გადმოსასვლელად, თან ზუსტად ვიცოდი, რომ მანქანა დამახსოვრებული ექნებოდა და ფეხს არ მოიცვლიდა იქიდან, სანამ არ გადმოვიდოდი, არაფერი გამომდიოდა... მანქანა დაიძრა და აწყვეტით მოვშორდით ეზოს...

საკუთარი თავი სულ კონტროლში ვერ გეყოლება, ხანდახან ეშვები და თავის ნებაზე უშვებ, არადა ამ კონტროლს დიდი ძალა აქვს, რომ ზომიერად გამოიყენო ჯერ გონება და მერე გული, ან პირიქით...
ნახვამდის
მშვიდობით
დროებით
ამ სიტყვებიდან "დროებით" ალბათ საუკეთესო ვარიანტია იმისთვის, რომ ადამიანს იმედი ჰქონდეს, იმედი იმის, რომ მორიგი "გამარჯობა" იქნება ოდესმე...
მაგრამ ხანდახან მხოლოდ მოგონებებში ვხვდებით ერთმანეთს...
რაღაცის გადაზედმეტება, თავისუფლების შეზღუდვას იწვევს...