Wednesday, October 8, 2014

ძალიან ბევრი ვისეირნეთ, თითქმის სულ სიჩუმე იყო, მხოლოდ მუსიკა ისმოდა დაბალ ხმაზე, ერთად კარგად ვიყავით და ხმის ამოღებაც არ იყო საჭირო, უხერხულობას არ ქმნიდა...
ათასი ფიქრი მომდიოდა თავში, ახლა კი ვიყავი ასე კარგად, მაგრამ რა იქნებოდა მერე, მომავალზე ფიქრი ხშირად თრგუნავს ადამიანს, რადგან არ იცის როგორ გამოვიდეს რთული სიტუაციებიდან, როგორ დაუსხლტეს საზოგადოების თვალს და აზრს ხელიდან...

-ვიცი, რომ ბევრი რამ შეგიქმნით უხერხულობას
-მეც ვიცი
-მე მზად ყველაფრისთვის
-მაინც რისთვის?
-მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და იმაში, რომ რაღაც ძალიან ძლიერია გრძნობა მაქვს თქვენდამი, მინდა რომ კარგად იყოთ და იყოთ ჩემს გვერდით...

თავზარი დამეცა, ასე უცბად არ ველოდი ასეთ სიტყვებს, მგონი მიხვდა ჩემს ფიქრებს, მაგრამ თითქოს ელოდა ამ ყველაფერს...

სახლში ძალიან გვიან არ მივსულვარ, გიოს დავურეკე, არ მპასუხობდა, ჩავწექი, საბანი თავზე გადავიფარე და გავიპარე ფიქრებში, მერე რატომღაც ცრემლებიც წამომივიდა...

ღამე კარზე ზარი ყოველთვის ცუდის მომასწავლებელია, აბა 4-ის წუთებზე რატომ უნდა მოვიდეს ვინმე, თუ  რაღაც ცუდი არ ხდება. გიოს დედა იყო, გიო საავადმყოფოშია, რაღაც დალია და კინაღამ მოკვდა, საავადმყოფოში როგორ გავჩნდი მართლა არ მახსოვს, პალატაში ჯერ ვინ შემიშვებდა, ჯერ უნდა გადაეყვანათ იქ, რადგან რეანიმაციაში იყო გამწესებული...
ექიმი ცოტა შეშინებული გამოვიდა და ჩემი სახელი ახსენა, თურმე მიხმობდა ის ვაჟბატონი, დამრთეს ნება, მეც თეთრი ხალათი ჩავიცვი და შევედი...

-ავად ხარ შენ, იდიოტი ხარ, ვერ გიტან, დაგშორდები და აღარ ვიმეგობრებ შენთან
-მაპატიე, მართლა ვეცადე გამოვსწორებულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა
-სისულელეა, ნებისყოფა არ გაქვს
-დაჯექი რა ახლოს
-მეტი საქმე არ მაქვს

მერე ახლოს მივედი და ჩავეხუტე, სულ მეგონა რომ ეს ასაკისთვის დამახასიეთებელი სისულელეები იყო და ოდესმე გადაუვლიდა, მაგრამ ახლა ვხვდებოდი, რომ მართლა ცუდად იყო და ვეღარ შველოდა თავს და კიდევ უფრო დავწრმუნდი იმაში, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა ფსიქოლოგიურზე...

-უცბად რატომ დაძრა მანქანა? რატომღაც ვიფიქრე, რომ ავარიაში მოყვებოდი და ეს ჩემს გამო მოხდებოდა, ეს ფიქრი ამეკვიატა და იმიტომ დავლიე
-მე მაბრალებ შენს ცუდად ყოფნას?
-რას ბოდავ
-კარგი ხო
-წამიკითხე რამე, იქნებ ჩამეძინოს

რაღაც ჟურნალი გამოვართვი ექთანს და გათენებამდე ვკითხულობდი, გიოს ეძინა, მე მაინც არ შევეშვი კითხვას, სანამ თავადაც არ ჩამეძინა...

დილას სახლში წავედი, გამოვიცვალე და მთელი დღე წიგნიდან თავი არ ამიღია, რაღაც ძალიან დიდი მოტივაცია მქონდა, რომ თავი გადამედო სწავლისთვის, ისეთი რაღაცისთვის, რომელიც თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გამოადგებოდა, ტელეფონს ხმა გათიშული ჰქონდა, მეგობრებს ბევრი ურეკავთ, მაგრამ ჩემამდე არ მოაღწია ამ ამბავმა, უფრო სწორედ მე არ მოვაღწევინე...
გიოს მესიჯი ღამე მოვიდა:

"გმადლობ, რომ ჩემი ნამდვილი მეგობარი ხარ..."

არაფერი მიმიწერია, ისედაც იცის, რომ ძალიან ძვირფასია...

სამსახურში გამოუძინებელი მივედი, ხმა არავისთვის გამიცია, დავჯექი და პირნათლად შევუდექი მოვალეობის შესრულებას, მაგრამ თუ სამსახურში მხიარულად არ ხარ, არავის სჭირდება შენი დროულად შესრულებული საქმე, რადგან სამსახური პირველ რიგში ურთიერთობებისგან შედგება და შემდეგ სხვა ყველაფრისგან...

ამ დროს ლიფტიც გაიღო, ის შემოვიდა, არ გავხედე, უკვე მეშინოდა ამ ურთიერთობის, თითქოს მე ავტეხე ეს ამბავი, მაგრამ რაღაც რომ სერიოზულობისკენ წავიდა, უკან დავიხიე, ეს არც სამართლიანი იყო, არც კარგი და სწორიც არ იყო, მაგრამ მეშინოდა და შიში კი ბევრ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს...
ვიცი რომ  აანერვიულა ჩემმა არ შემჩნევამ, შესვენებამდე გარეთ აღარ გამოსულა, მე წიგნებში ვიყავი ჩაფლული და შესვენების დრო ისე მოვიდე ვერ გავიგე, არც მშიოდა, არც დასვენება მინდოდა, წიგნის კითხვა მსურდა მხოლოდ, აღარ მინოდა რეალობა, წიგნის რეალობა მერჩივნა, ხანდახან გინდა წიგნის გმირად იქცე და მხოლოდ წიგნში გეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ასე არ ხდება და ამას ყოველთვის აცნობიერებს ადამიანი, ის პასუხიმგებელი საკუთარ ცხოვრებაზეა, უფრო სწორად საკუთარ ნაბიჯებზეა პასუხისმგებელი...

შესვენებაზე გავედი, წვიმდა, წიგნის სახლში შევედი, ჩაი ავიღე, ნამცხვარი და ერთი ნაჭერი ხაჭაპური, შიგნით თბილოდა, გარეთ საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო...
ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ცხოვრებაში გადამხდენია, მაგრამ ერთად ვერ ვუყრიდი თავს, ხან რომელ მოვლენას ეჯაჭვებოდა გონება, ხან რომელს, აწმყოში ბევრი რამის მოსწრება მინდოდა, მაგრამ დრო არ მყოფნიდა, ამის გამო ყველაფერს ვაჩქარებდი, მაგრამ თავად დროს ვერ ააჩქარებს ადამიანი, რადგან "დროს როცა უნდა თოვს"
ნიაზის სიმღერა გამახსენდა და მივხვდი, რომ ხმამაღლა ვღიღინებდი...
გამეცინა და გავჩუმდი...

გიოს მესიჯი აზუილდა

"რას საქმიანობ? ალბათ შესვენებაზე ხარ გასული, ფიქრებში იქნები წასული, როგორც გჩვევია და აღარ იცი როგორ მოიქცე ცხოვრებაში, უცბად ძალიან მომენატრე, მინდა აქ იჯდა და წიგნს მიკითხავდე, სახლში ვარ, დედა არ მშორდება, გონია რომ ისევ რაღაც სისულელეს ჩავიდენ, არადა არაფერს ვაპირებ, ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მგონია...
მინდა ცოტა აზრზე მოვიდე, მომბეზრდა თქვენი ნერვების შლა"

ვკითხულობდი და მეცინებოდა, იქნებ მართლა შეძლოს ერთხელ და სამუდამოდ წამოდგომა და ნორმალური ადამიანივით ცხოვრება, მაგრამ ვიცი ამისთვის სტიმული დასჭირდება და რადგან ჯერ ვერ მიმხვდარა, რომ საკუთარი თავის სტიმული თავად არის, მანამდე რაღაც, ან ვიღაც უნდა გამოჩნდეს მის ცხოვრებაში...

ანგარიში გადავიხადე და გარეთ გამოვედი, ჯერ ადრე იყო სამსახურში დაბრუნება, გასეირნება გადავწყვიტე, რუსთაველზე სიარული ძალიან მიყვარს...
უცბად ვიგრძენი, რომ ვიღაც წამომეწია, გავიხედე, ის იყო

-რა გჭირთ? 
-არაფერი... გამარჯობა
-გამარჯობა... მგონი აღარ გინდათ ჩემთან ურთიერთობა და ახლავე თუ მეტყვით, უფრო მარტივად მოვერევი თავს

ეს ყველაფერი ისე მითხრა, რომ შეცოდების გრძნობა ნამდვილად არ გამჩენია, კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჩემგან პატივისცემა. 

-არ მიპასუხებთ?

ხმა არ ამომიღია, ხელკავი გამოვდე და თავი მხარზე დავადე, ამას აშკარად არ ელოდა, ალბათ მათ ქვეყანაში ადამიანები ასე მარტივად არ გამოხატავენ გრძნობას, თან განსაკუთრებით ქალები...
ნერვიულობდა, ზუსტად ვიცოდი რომ ძალიან ნერვიულობდა და ისიც ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი, რადგან ეს საქციელი არ იყო წინაპირობა რაღაც სერიოზულის, უბრალოდ მინდოდა ასე მესეირნა, არაფერი მინდოდა სხვა, მხოლოდ ჩვენ, გზა და ადამიანები, რომლებიც ჩქარა მოძრაობდნენ, რაც დიდად არ არის დამახასიათებელი ჩემი ქალაქისთვის...
ჩემ ქალაქში ნელ მოძრაობას ვართ მიჩვეულნი...

სამსახურში დაბრუნების დრო იყო, დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, ჩამოშორება გადავწყვიტე, მაგრამ იმიტომ არა, რომ რამის მრცხვენოდა, უბრალოდ სამსახურს თავისი წესები აქვს, რომელიც ადამიანს დაუწერელად უნდა ჰქონდეს გათავისებული...

თეო ღამე მუშაობდა, ბავშვი ჩემთან რჩებოდა, გამეხარდა, ბავშვებს სიმშვიდე მოაქვთ, ყველაზე ცელქ ბავშვებსაც კი...  თან უნდა ჩამელაგებინა, შაბათს სომხეთში მივდიოდი ნინიასთან ერთად, ერთი ბიჭი მოსწონს უკვე ერთი წელია, იმ ბიჭს კონცერტი აქვს და ავტეხე რომ დავადგეთ, შეიძლება სულ არ ვნახოთ, უბრალოდ კონცერტს მოვუსმენთ, ესეც ხომ საქმეა...

წვიმა მთელი დღე არ გაჩერდა, ტაქსის გამოძახება არ მინდოდა, ჯერ შუა რიცხვებია და კრიზისია, სანამ ავტობუსს ველოდი, ისიც გამოვიდა, უარს თქმას აზრი არ ჰქონდა, ასეთ წვიმაში სახლამდე მიყვანას არაფერს სჯობს...
-სომხეთში მივდივარ
-ვნახე სტატუსი რომ გეწერათ, ადრე საერთოდ არ შევდიოდი ამ საიტზე და ახლა მივეჯაჭვე, თქვენი ბრალია...

 გამიღიმა, როცა ამას ამბობდა...
მეც გავუღიმე

-შაბათ-კვირას მეც მცალია და თუ გინდა წაგიყვან
ხმა არ გამიცია
-ხანდახან მგონია რომ გეშინიათ ჩემი
-შენი რელიგიის უფრო

წინადადება რომ დავასრულე, მივხვდი რომ საერთოდ არ უნდა დამეწყო...
უხერხული სიჩუმე იყო, ბოლოს ამოიღო ხმა :

-იგივეს თქმა მეც შემეძლო თქვენთვის და ვიცოდი ყოველთვის რომ ეს თემა წამოიწეოდა, მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ და პატივს ვცემ თქვენ რელიგიას, ანუ იმას რისიც გწამთ, ან არ გწამთ, ანუ თქვენ აზრს ვცემ პატივს და რადგან მიყვარხართ, ამიტომ თქვენი არ მეშინია...
-ჯერ არ მიცნობ და როგორ უნდა შეგყვარებოდი?
-ასე მოხდა, რომ დაგინახეთ იმ წამიდან რაღაც ძვრა მოხდა ჩემში და მე მომწონს ეს ცვლილება
-და როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ერთად ყოფნა?
-თუ თქვენ იქნებით გვერდში, მე ყველაფერს შევძლებ...
-თანახმა ვარ სომხეთში წამიყვანოთ...
მანქანიდან გადმოვედი და სახლში ავედი...

ნიკა უკვე დაეტოვებინა თეოს, რომ დამინახა ძალიან გაუხარდა, წამოხტა და ჩამეხუტა, გადავწყვიტე ნამცხვარი გამომეცხო...
ბავშვებს უყვართ ტკბილი და როცა მათი გახარება შეგიძლია, რატომ არ უნდა გაახარო...

წინ გადადგმული ნაბიჯი, მერე უკან, მაგრამ ერთ ადგილზე დგომა უკან სვლაში ითვლება, რადგან ადამიანი მომავლისკენ მიდის,ამიტომ წინ უნდა იაროს ...
სამართლიანი ნაბიჯი, უსამართლო ნაბიჯი, ეს უკანასკნელი უკან სვლაა, რადგან თუ არ იქცევი სამართლიანად, ანუ შენი ადამიანობა უკან მიდის...
მე რომ შენ დაგითმობ, ეს წინ სვლა იქნება...
მერე შენც დაუთმობ სხვას და ეს ქვეყანასაც წაადგება...
დათმობაზე და მოთმინებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...








No comments:

Post a Comment