მგონი მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარეთ, მაგრამ სულ არ დავღლილვარ, ან დავიღალე და არ მინდოდა ამის შემჩნევა, რადგან თავს უხარხულად იგრძნობდა და სასტუმროში დაბრუნებას შემომთავაზებდა.
ნინია არ რეკავდა და არც მწერდა, მეც არ შევაწუხე, მინდოდა კარგად ყოფილიყო და ბოლომდე შეეგრძნო ცხოვრება.
5 საათი იყო ოთახში რომ შევედი, ნინიას უკვე ეძინა, მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ საკმაოდ სასტიკი საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან.
აივანზე გავედი, გადასაფარებელი სავარძელში იდო, ჩავჯექი და გადავიფარე, ფიქრებმა წამიღო სადღაც შორს, მერე ისევ ახლოს და ბოლოს საკუთარ თავში მივყუჩდი.
დილით თვალი რომ გავახილე, ნინია მეორე სავარძელში იჯდა და ყავას მიირთმევდა, ჩემთვისაც ამოეტანა, თან რძიანი, იცის ზუსტად როგორი მიყვარს, გამიღიმა...
-აღარ გაგაღვიძე გუშინ, რა ხდებოდა?
-დავლიეთ,ვიმღერეთ და მერე მომაცილა სასტუმრომდე
-მერე
-მერე არაფერი, დავემშვიდობე
-დღეს აღარ აპირებ ნახვას?
-არა
-რა გჭირს ნინია?
-არაფერი გამოვა რა, შეიძლება ერთმანეთი მოგვწონდეს, მაგრამ ისე არა, რომ მე აქ გადმოვბარგდე და ის საქართველოში წამოვიდეს
-ჯერ რა იცი, რა და როგორ იქნება
-მართალია არ ვიცი. შენ რა ჩაიდინე?
-არაფერი, ვისეირნე მთელი საღამო
-ჰაჰ, გასაგებია
ნინია ოთახში შევიდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო, საღამოს უკან ვბრუნდებოდით და ხვალიდან ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა.
სხვა ქალაქში ბოლო დღე ყოველთვის სევდიანია ხოლმე და თავს ვერაფრით დააღწევ ამ გრძნობას.
ლობში ჩავედი, ის იქ არ იყო, გამიკვირდა, საღამომდე არც გამოჩენილა, იმედია ახსოვს რომ 7-ზე უნდა წავიდეთ.
ქალაქში გავიარე, მაღაზიები დავიარე, მინდოდა გიოსთვის რამე მეყიდა,ბოლოს რაღაც სპორტულ მაღაზიას მივადექი და ლაშქრობისთვის ვუყიდე აღჭურვილობა, საჩუქარს რომ ვყიდულობდი მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან კარგად მიცნობს, ეს კი არც ისე ცოტაა...
ნომერში რომ ავედი, ნინია ჩემოდნებზე იჯდა ფაქტიურად და ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა ამ ქალაქიდან...
-რა იყიდე ?
-გიოს ვუყიდე რაღაც
-მაინც ძალიან გიყვარს ხო ?
-ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაგას ეკუთვნის, ერთად გავიზარდეთ და ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ
-გარდა იმისა, რომ მეგობრობაზე მეტი გაკავშირებთ?
-ხანდახან მეგობრობაც არ არის ბოლომდე სუფთა, ურევია ანგარება, ვნება და კიდევ მსგავსი ამბები, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობა თავისუფალია ასეთი რაღაცეებისგან
-მაგაში დარწმუნებული ვარ
გარეთ ვისადილეთ, მერე ცოტა დავიძინეთ, 7 საათი ხდებოდა, ბოლომდე ვეცადე შემენარჩუნებინა სიმშვიდე და მჯეროდა რომ მოვიდოდა, მართლაც მოვიდა, მოწყენილი მომეჩვენა, ბარგი ჩაიტანა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში, მე კიდევ ერთხელ გავხედე ქუჩას, თითქოს დავემშვიდობე აქაურობას...
ნინიაც მოწყენილი იყო, მაგრამ სანამ მანქანა დაიქოქებოდა, ნინიას მხიარული საუბარი შემომესმა, ტელეფონზე საუბრობდა:
მეც, მეც, იმედი მაქვს შემდეგ "ქუჩის მუსიკის დღეებზე" ჩამოხვალ...
თურმე იმიტომ არ გაუცილებია, რომ ეს დამშვიდობება ბოლოს უღებდა და ერჩივნა გუშინდელი დღე დარჩენილიყო ბოლო მოგონებად...
ღამე ჩამოვედით, ნინია სახლში დავტოვეთ და მერე საბურთალოზე წამოვედით, როცა ჩემს ქუჩას ვუახლოვდები, რაღაც საოცარი ბავშვური გრძნობა მიპყრობს ხოლმე და მინდება ისევ პატარა ვიყო, ისევ გიოსთან და ბავშვებთან ერთად ვთამაშობდე ეზოში...
სადარბაზოსთან გაჩერდა მანქანა, სიჩუმე იყო, ალბათ ყველას ეძინა, სახლებიდან შუქი არ გამოდიოდა, მანქანაში ჩუმად ვისხდით, ბოლოს გადავწყვიტე ხმა ამომეღო...
-რა გჭირს ?
-ყველაფერი
-ანუ?
-ანუ რადგან ყველაფერს ვერ ვიტყვი, სჯობს არაფერი ვთქვა
გაურკვეველ საუბარს ვერ ვიტან და ზოგადად გაურკვევლობა მკლავს, ბოლოს მიღებს, ასეთ დროს მზად ვარ ადამიანს საკმაოდ უხეშად ვესაუბრო, მაგრამ დავინდე და ეს რატომ გავაკეთე არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მის გრძნობას პატივს ვცემდი...
მანქანიდან გადმოვედი და დავემშვიდობე, სანამ სადარბაზოში შევიდოდი, მანქანის კარის ხმა გავიგე, გადმოვიდა და გამაჩერა
-მინდა იცოდეთ, რომ თქვენზე მეტად არავინ მყვარებია, ეს არის გრძნობა რომელმაც შემცვალა, მაგრამ ბოლომდე გადატრიალების ნებას ვერ მივცემ
-არ მესმის რას გულისხმობ
-თავს ვერ დავკარგავ
-ალბათ ტრადიციებს და რელიგიას გულისხმობ
-დიახ, მაგრამ ალბათ მხოლოდ ამას არა...
-სულერთია...
მართლა ასე იყო, რაც უნდოდა ის ექნა, ადამიანები უნდა გაუშვა ცხოვრებიდან და არ უნდა მოითხოვო მათგან მსხვერპლი...
გატრიალება დავაპირე
გამაჩერა
სახეზე მაკოცა
ჩავეხუტე
გულში ძალიან მაგრად ჩამიკრა და კიდევ ერთხელ მაკოცა...
ახლა სამსახურში ვზივარ, 2 კვირაა არ გამოჩენილა და თანდათან ვეგუები იმ აზრს, რომ აღარ გამოჩნდება, არ მიკითხავს სად გაქრა და არც არავის უთქვამს თავისი ნებით...
უკვე 4 თვე გავიდა და 2 თვეში გამოცდები მაქვს, დღე და ღამე ამერია, სულ ვმეცადინეობ, უნდა ჩავაბარო, წელს უნდა ჩავაბარო აუცილებლად...
გუშინ ბოლო გამოცდა მქონდა
დღეს პასუხებია
გიო ჩემთან გამოვიდა და ველით პასუხს
ჩავაბარე
ძალიან მიხარია...
ძალიან მაგარი ჯგუფი შემხვდა, ყველას უყვარს თავისი საქმე და გვინდა ადამიანების და საკუთარი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შევცვალოთ...
გიო სწავლას გერმანიაში აგრძელებს, ხშირად მწერს...
სამსახურში რომ შევდივარ ხოლმე, მაინც მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ისევ დავინახავ და ისევ მივესალმები, მაგრამ ასე არ ხდება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მომავალშიც არ მოხდება...
დეკანი მიბარებს
გერმანიაში მიშვებენ ტრეინინგზე, მაგრამ მანამდე ერთი კვირით აზერბაიჯანში...
ბაქოში ვარ
დავდივარ ქუჩებში და მეშინია სადმე არ შემხვდეს, თან მინდა შემხვდეს...
იმ კომპანიასთან მივდივარ, სადაც თბილისში მუშაობდა, იქნებ ისევ ამ კომპანიაში დარჩა...
ოფისთან ვარ
ხალხი იცლება
გული აღარ მაქვს, მეშინია...
გამოდის
მე ბოძს ამოვეფარე და თვალი არ მომიშორებია, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა, ვუყურებდი, ვერ მხედავდა, მანქანას ჯერ არ ძრავდა, სუნთქვა შემეკვრა, უცბად ისე მომინდა დაძახება, მაგრამ თავი შევიკავე, ერთი ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ მერე უკან გადმოვდგი, სურვილს ვძლიე და ამან დამამშვიდა...
სევდიანი იყო
მერე დაძრა მანქანა
მანქანის უკანა ფანჯარას შევხედე
მერე ვეღარ ვხედავდი...
მიუხენში ვარ
აეროპორტში გიო დამხვდა
ტრეინინგები სულ, სულ ტრეინინგები
პაბში ვსხედვართ
2 ლუდი თუ შეიძლება....
მეცინება
ხანდახან მეტირება ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი ცხოვრებას უხდება და აუცილებელია ჩვენთვის...
-სად ხარ?
-დღეს ჩამოვედი ნინია
-კონვერტი მოვიდა ჩემგან?
-კი ახლა ვხსნი, ეს რა 2 მოსაწვევია?
-ერევანში გელით
-და მეორე ვისია?
-მოაკითხავენ მაგას
-რა ხდება? ნუ მკლავ, რა ხდება ?
-წერია მანდ, რაც ხდება...
ხანდახან
სულ
ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა
ჩვენს სწორ ნაბიჯებზე ბევრია დამოკიდებული, რადგან მათ სიმშვიდე მოაქვთ...
ძნელია მიხვდე, თუ რომელია სწორი...
მაგრამ გული ხვდება ხოლმე...
No comments:
Post a Comment