Thursday, August 27, 2015

მოყევი რა ხდებოდაო, მაგრამ ძნელია, წერით უფრო შესაძლებელია...
როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა მენახა სვანეთი არ ვიცი, არ მაქვს ეგ წამი დაჭერილი, შეიძლება ქვეცნობიერმა არსენალი-მანჩესტერის დაპირისპირების დროს მიიღო, მაგრამ არ გაუმხილა ცნობიერს...
დაიწყო მომზადების ალბათ 2 წლიანი პროცესი, ფოტოების გაზიარებით, სვანეთის ამბების მოსმენით და იმით, რომ მყავდა მუზა...
მუზა ალბათ მოტივაციაა, ალბათ სიყვარულიც არის, მაგრამ საკმაოდ სპეციფიკური...

შარშან მარო იყო წასული და რომ ჩამოვიდა, დიდი აღფრთოვანებით მიყვებოდა იქაურ ამბებს, მე საკუთარი აღფრთოვანება დავახვედრე, მერე რა, რომ ჯერ არ ვიყავი სვანეთში ნამყოფი.
ზოგადად გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთულად გამომდის, ძალიან ბევრს ვფიქრობ და 1500 ეჭვი მიპყრობს ხოლმე, მაგრამ თუ საქმეში გულია გარეული, მაშინ ყველაფერი ბევრად იოლი ხდება...

მარომ წელსაც გადაწყვიტა წასვლა და მითხრა, მინდა შენც რომ წამოხვიდეო და ეს ისე თქვა, რომ მანდ გადაწყდა ჩემი წასვლა, წამი შევიფერე, როგორც ნიაზი იტყოდა, ახლაც ნიაზი მაქვს ჩართული : )

ვიყიდეთ ფრენის ბილეთები და გავფრინდით, გაფრენა ყველა მნიშვნელობით, რაც არსებობს...
ციდან ვუყურებდი სვანეთს და ზუსტად ვიცოდი, რომ იქ მივფრინავდი, სადაც უნდა გავფრენილიყავი, მერე მიწას შეეხო თვითმფრინავი და მიწაზეც იგივე გრძნობა დამეუფლა...

ყველა გეხმარება, თითქოს მთები მათი ხელებია და ასე მკაცრად გიხუტებენ გულში და ხარ დაცული...

მგონია, რომ მთელი ცხოვრება გავატარე იქ, სულ 5 დღე იყო და მე 5 წელი მაინც მგონია.
უშგულში ავდიოდით და უცბად მივხვდი, რომ როცა გეტირება,უნდა იტირო, ბუნებამ პირველად სვანეთში მატირა, ხოდა რაც გატირებს, ის ნამდვილია...
მერე იყო ჭალაადი...
24 კმ-ის გავლა ჩემთვის, ვინც მიცნობს იცის, რა მძიმეა, თან აღმართი და თან შაკიკი, ერთი წამით ვიფიქრე, რომ ვკვდებოდი, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა გული და გასკდებოდა, მაგრამ გადავრჩი...

შენი თავი შეიძლება ეძებო, ეძებო, მთელი ცხოვრება სადღაც ეძებო და მერე სვანეთში შეხვდე, შეეფეთო და იცნო და აღარ გაუშვა, დაიტოვო, მოუარო და მისცე შანსი, რომ იცხოვროს...

შემოდგომაზე ყველაზე ლამაზიაო, ხოდა წავალთ ალბათ, დავბრუნდებით!

წამოსვლისას კუჭი მტკიოდა, მეთქი რა ხდება, დავლიე წამლები, არადა მზის წნული მტკიოდა თურმე, არ უნდოდა ორგანიზმს წამოსვლა, ვერ შორდებოდა იქ ნაპოვნ საკუთარ თავს.
ვიხედებოდი ფანჯრიდან და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყველაფერი, რასაც ვხედავდი, არ მინდოდა განცდის სადღაც დაკარგვა...
წამოსვლისას, საკუთარი თავის რაღაც ნაწილმა, მაინც გადაწყვიტა იქ დარჩენა, მე აქ ვიქნები და აქედან მოგამარაგებ იმ ენერგიით, რომელიც გაგიადვილებს ცხოვრებასო, მეც მაგრად ჩავეხუტე და დავტოვე იქ, ინდირა გუჯეჯიანის ძალიან ლამაზ სახლში დავტოვე საცხოვრებლად...

გუშინ 10 საათი გავატარე მგონი სამარშუტო ტაქსში და რა თქმა უნდა შაკიკმაც არ დააყოვნა, შემოვედი სახლში, ვიფიქრე დავიძენებთქო, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი, სიცოცხლე მინდოდა მთელი სიმძაფრით, ამიტომ ავდექი და დავიწყე მომზადება, ვნახე მეგობრები და მერე მატჩზეც წავედით, მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის ამბებშია და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება...
 
შვებულება გრძელდება...
ზუსტად მაინც ვერ გადმოვცემ, თუ რა ვიპოვე სვანეთში ისეთი, რამაც თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, ალბათ მიმახვედრა იმას, რომ გულით ცხოვრებისთვის, თუ ხარ მოწოდებული, არ ღირს ამასთან ბრძოლა, უბრალოდ ასე უნდა იცხოვრო...