Saturday, September 26, 2015

 მეგობრებთან ერთად წავედი კონცერტზე, ის უკრავდა, ასე შორიდან ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა რომ გამეცნო, რომ გვემეგობრა და მერე შევყვარებოდი, მინდოდა რომ ვყვარებოდი და რატომ ვერ ვხვდებოდი...
კონცერტმა კარგად ჩაიარა, იყო ბევრი ყვირილი და სიცილი, სასმელიც დავლიეთ და მანქანის დატოვება მომიწია...

-სად ხარ ? ძალიან მთვრალი ვარ და მიშველე რა
-ვსვამ, ერთხელ შენ რომ მიშველო, არა?
-ვერ
-ტაქსით ამოვალ

ტაქსისტების რომ მეშინია, მარტო შოთას დავაჯერე, არ ესმის, მაგრამ სჯერა რა. მანქანის ტარებაც შოთამ მასწავლა, რომ ცოტახნით მაინც დამენებებინა თავი და ყველა დათრობის შემდეგ მასთან არ დამერეკა...

ამოვიდა, ძალიან მაგრად ჩამეხუტა, როცა ნასვამია, ნამდვილ სახეს გამოაჩენს ხოლმე, თორემ ფხიზელი მაგარი ხეა, მიუხედავად ფსიქოლოგობისა.

-რას დაიარები ამ ბიჭის კონცერტებზე, არ დაიღალე, სამკურნალო ხარ, აკვიატებად გექცა უკვე
-მიყვარს
-კარგი

ჩამოვედით და ჩვენი ქალაქის ქუჩებში ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ, სახლში დაბრუნება საერთოდ არ მინდოდა, თან გული მერეოდა და ასეთ დროს სახლზე არ ვგიჟდები.
უკვე თენდებოდა და ჩვენ მაინც დავდიოდით, სპლიტერი შოთას აიფოდში იყო შეერთებული და ერთი მუსიკა ისმოდა ოთხივე ყურში...
მერე მარკეტში შეიარა, რაღაც საოცრებები მიყიდა, მიმაცილა სახლამდე და წავიდა...

ზუსტად რომელი წამიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება არ მახსოვს, წარსული ბუნდოვნად მახსოვს, შოთა ამბობს, რომ ეს დეპრესიულმა მიდრეკილებებმა გამოიწვია, მაგრამ არ მჯერა, თუმცა შეიძლება ასეა, რა მნიშვნელობა აქვს...
დიდიხანია ყველაფერმა დაკარგა აზრი, ”Nothing Else Matters" მაქვს ყოველ დილას ჩართული, მაგრამ ნიტა არ ბრუნდება...

მე და ნიტა ერთად გავიზარდეთ, სკოლა ერთად დავამთავრეთ, ინსტიტუტიც, მერე ნიტა ადგა და მოკვდა, ასე უბრალოდ ადგა და წავიდა...

 ერთ მზიან დღეს გავიდა სახლიდან, მანქანამ დაარტყა, თავი ცუდად დაარტყაო და თავის ტვინის ტრავმამ გამოიწვია სიკვდილიო, ვითომ ეს გაამართლებს, მაინც ვერ ვპატიობ, ვიცი სიკვდილს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ნიტას უნდა გაეკონტროლებინა...
ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით, მე და ნიტა ერთ სართულზე და შოთენა ნიტას ქვემოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, რაც მახსოვს იქიდან გამომაქვს ასეთი დასკვნა.

 ნიტაზე შემიძლია უსასრულოდ საუბარი, მაგისტრატურა ინგლისში დაამთავრა, შეიცვალა პროფესია და შოთასთან ერთად მუშაობდა ფსიქოლოგად, ცხოვრებას ყველაზე რეალურ ფერებში აღიქვამდა და მაინც მოკვდა...

სამსახურში ვიყავი, შოთა მოვიდა და ისეთი სახე ქონდა, მეგონა ვიღაც მოკვდა, ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი და თურმე არ მეგონა, ტიროდა, ყველას წარმოვიდგენდი, მაგრამ ნიტას არა...
იდგა ასე შეშასავით, მეც ვიდექი მის წინ, ვერაფერს ამბობდა...
მკვლელი სიჩუმე იყო, მერე ერთი სიტყვა წარმოთქვა, მისი სახელი, მერე თურმე გული წამივიდა, საავადმყოფოში გამეღვიძა, ერთი მთლიანი დღე მეძინა, შოთა ოთახში იჯდა, ისე მინდოდა, რომ სიზმარი ყოფილიყო, სიზმარში მინახავს მეგობრის სიკვდილი და ისე განმიცდია, რომ ტირილით გამიღვიძია...

-აღარ გახდე ცუდად, არ დამტოვო ამ ტკივლითან მარტო
-კარგი...

 მგონი შოთას ხათრით გადავრჩი საერთოდ, რადგან არ ვაპირებდი ცხოვრებას, აღარ მინდოდა. აზრი არ ქონდა, არც ახლა აქვს, მაგრამ მერე შოთა მახსენდება და მაგის ხათრით ვდგები დილით და ვცხოვრობ, თუ ცხოვრება ქვია ამას...

სამსახურიდან წამოვედი და დანაზოგით ვცხოვრობ, ერთი 5 წელი მეყოფა, მაგრამ ამდენ ხანს არ მგონია გავქაჩო ცხოვრება...
სულ ვკითხულობ, თან სულ ნიტას წიგნებს, მისი ტანსაცმელი მაცვია, ისედაც სულ ვცვლიდით ტანსაცმელს და ახლა ყველაფერი მე დამრჩა, წიგნებში მისი ჩანაწერებია, ყველა მნიშვნელოვან წინადადებაზე კომენტარი აქვს გაკეთებული და ეს წინადადება ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ხდება. წიგნის ბოლოს შემაჯამებელი ანალიზია...

ქარჩხაძის ”მდგმურის” ბოლო ფურცელზე უწერია :
” ეს ჩემი წიგნია, ცხოვრებაში საკუთარი წიგნი თუ იპოვე, ანუ მოასწარი ბევრი რამ, ამ წიგნს რომ ვხედავ, მეტირება, რადგან ნამდვილია, სიყვარული გადაატანინებს ადამიანს ამ ცხოვრებას და მხოლოდ ამ წამებისთვის ღირს ცხოვრება”
  ყოველდღე ვკითხულობ ამ ჩანაწერს და ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ ეს სიტყვები მაცოცხლებს, მაძლევს ძალას, რომ დავიბანო პირი და ჩავიცვა ნორმალურად...

შოთამ ფაქტობრივად ხელში ამიყვანა და ისე წამიყვანა პანაშვიდზე, შემიყვანა პირდაპირ კარებში, იმ დროს ჯერ კიდევ მშობლებთან ვცხოვრობდი.
იმ ოთახში იწვა, სადაც ფილმებს ვუყურებდით, სადაც გვედგა ბარბის სახლი, სადაც იხდიდა დაბადების დღეებს, სადაც მისი კომპიუტერი იყო და როცა შევდიოდი, ძალიან მაგრად გამიცინებდა ხოლმე და ვიწყებდით ხალისს.
იწვა გაუნძრევლად...
მთელი გულით ვამბობ, რომ მხოლოდ იმიტომ არ მინდოდა მის ადგილას ყოფნა, რომ ისეთი ტკივილი არ ეგრძნო, როგორიც მე ვიგრძენი.
მერე მახსოვს ოთახში ვიწექი, ისევ გული წამსვლია... მერე შოთენა ქსანაქსს მასმევდა და ამით მაცოცხლებდა...

გასვენებაში კაცებმა იკივლეს, ქალები გავიდნენო და აი ძალიან ცუდად გავხდი, მეთქი ყველა წადით, მე დავრჩები და ბოლო ნამცეც მიწას სანამ არ მიაყრით არ წავალთქო, ხმა უნდა გამეგო, მიწას რომ შეეხებოდა კუბო, აი ის ხმა, რომ დამეჯერებინა რეალობა...

იმ დღეს სვანეთში წავედით მე და შოთა, აი ასე, ჩავჯექით მანქანაში და უკვე უღელტეხილის მეწყერიანი გზა, რომ შემომეფეთა, მერე მივხვდი სად მივდიოდით.
შოთენა სვანია და სახლი აქვს უშგულში...
ერთი თვე ვიყავით იქ, ხმას თითქმის არ ვიღებდი, აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ან არ ვფიქრობდი...
შოთა დასალევად იყო წასული, მე არ წავყევი, ღამე მოვიდა, შემოვიდა ოთახში, მუხლებზე დადგა და მთხოვა, რომ ხმა ამომეღო, რადგან ორი ადამიანის დაკარგვას ვერ გადაიტანდა...
ისე ხმამაღლა ტიროდა, ამ ხმამ რაღაცნაირად შემაჯანჯღარა და ჩავეხუტე, მაგ ღამეს გამოვიტირეთ, მთელი ცრემლი  მაგ დროს დავხარჯეთ და ახლა ვცხოვრობთ უცრემლოდ, სიხარულის ცრემლები ისედაც აღარ მაქვს და ნიტაზე დიდი დანაკლისი ჯერ არ მქონია, ხოდა ვცხოვრობ ასე მშრალად...

თბილისში დავბრუნდით.
შოთამ მუშაობა გააგრძელა.
მე წამოვედი სამსახურიდან.
4 წელი გავიდა და ახლა 28 წლის ვარ და ნიტაც 28-ის იქნებოდა...

ვქსოვ და ვყიდი ნამუშევრებს, სამკაულებსაც ვაკეთებ და იმასაც ვყიდი, დამატებითი შემოსავალია, რაში მჭირდება არ ვიცი, მაგრამ იქნებ ოდესმე ისევ ვიცხოვრო, ამ სიტყვის ძველებური გაგებით...

მერე თანდათან მეგობრებთან ერთად სიარული ვისწავლე, თავიდან ვისწავლე, რადგან ვგრძნობდი, რომ სწყინდათ, ესმოდათ, მაგრამ სწყინდათ ჩემი დაკარგვა...
ყველაზე მაგრად ის მიკვირს, აი ბარში რომ ვზივარ ხოლმე და მენიუს მთელი სერიოზულობით ვათვალიერებ, ვითომ რამე მნიშვნელობა ქონდეს, თუ რას შევჭამ, ასეთ დროს ვხვდები, რომ ადამიანი არ კვდება სხვასთან ერთად, მკვდარი ცოცხლობს, მაგრამ ბოლომდე ვერ  კვდება...

ალბათ ყველაფერი იქიდან იწყება, როცა ვინმესთვის მნიშვნელოვანი ხდები, ეს თავიდან ოჯახიდან მოდის , დედის სიყვარული ისეთია, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მოგცემს ძალას, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო ხოლმე...
მერე მოდიან სხვა ოჯახის წევრები და მერე მეგობრები, აი არ გესმის რატომ უყვარხარ მათ და იღებ ამას, როგორც ნაჩუქარ რეალობას...
თბილისში შემოდგომაა, მაგრამ სვანეთის შემოდგომას ნახავდა ადამიანი. სადღაც გულის კუნჭულში მესმის მთების ძახილი, თავს არ მანებებენ, უნდათ რომ დავბრუნდე.
გადაფასება, შეფასება, თავიდან დაფასება, ამას ალბათ ყოველდღიურად აკეთებს ადამიანი და ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიდის, რომ ღირს ამ დედაიწაზე მოგზაურობა, რადგან დაიბადე, ანუ ბოლომდე ცხოვრებაც ღირს, ყოველი წამის ბოლომდე შეგრძნებაც ღირს...
დედამიწაც გულშია და შესაძლებელია შენ დედამიწას სიყვარულის სუნი ქონდეს...
ჟანგბადის სუნი, ტყის სუნი, ფიჭვის სუნი...