Friday, October 7, 2016

   გუშინ სვანეთი დავტოვე და დავბრუნდი იქ, სადაც დავიბადე, მაგრამ გული არ აჩქარებულა შემოსვლისას, ალბათ იმიტომ, რომ ღამე იყო, ან გული მესტიაში დარჩა, ან უშგულში, სადაც სევდას ვერასდროს გავურბივარ, ხმა მიწყდება და ლაპარაკი არ მინდა, ყველას მოწყენილი ვგონივარ, სინამდვილეში კი, ამ მოწყენილობაშია ზუსტად ბედნიერება...
 წელს  ისე გამოვიდა, რომ ცაში დიდი დრო გავატარე და ტრასაზეც, არაფერია შენზე დამოკიდებული, ცხოვრობ, სუნთქავ, გეშინია, მაგრამ გრძნობ. 

ესპანეთში წასვლა, მერე ჩამოსვლა და უცბად სვანეთში გაფრენა. ფსიქიკას უჭირს ამ ყველაფრის მონელება, მაგრამ მისი გამოფხიზლებაც შეუძლია.

გახსენდება კადრებად: ღიმილი,ბუნება, გამოხედვა. ეს ის წამებია, რომელსაც თვალებით გადაუღე ფოტო და ეცდები დიდხანს დაიტოვო ტვინის ალბომში, რადგან იქნება ისეთი დღეები, როცა საკუთარი თავისგან გაქცევა მოგინდება, ჩართავ ამ მოგონებებს და საკუთარ თავში ჩაიყუჟები, აღარ გაიქცევი, გაუძლებ.

-ეს საფერფლეა, სიგარეტი გველის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც ადამიანს ჭამს, ეს არწივი თავისუფლებაა, რომელიც სიგარეტზე უარს ამბობს. მერე გრჩება ეს ფრაზები თავში და როდის შეგაცვლევინებს აზრს რიგ საკითხებზე, არავინ იცის.

სიკვდილზე ფიქრობს ხოლმე ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ცხოვრებიდან, ან მისი საყვარელი ადამიანების ცხოვრებიდან, საყვარელი ადამიანები მიდიან. ვერ აჩერებ ამ გარდაუვალობას, იმ ატრაქციონს გავს, რომლის დამუხრუჭებაც გინდა, მაგრამ არ გამოგდის და ბოლოს ხელს იქნევ, მიენდობი. ძნელია სიკვდილზე მინდობა, მაგრამ სხვა გზა არ არის.

იქნებ ადამიანები მთაში ინაცვლებენ, მათი ენერგია შეეზრდება იქაურ ჰაერს, მზეს, წყალს, სითბოს, ფოთლებს, ჩვენც ვუბრუნდებით მათ, როცა მთისკენ მიგვიწევს გული.

თბილისში დაძაბულობა იგრძნობა, სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც რას გვიქადის, არავინ ვიცით. ადამიანი კვლავ თავისუფლებისთვის იბრძვის, არჩევანის თავისუფლებისთვის, შეცდომის დაშვების თავისუფლებისთვის, კარგი საქმის კეთების თავისუფლებისთვის, მაგრამ ხშირად თავად იზღუდავს მას.

მარტო მოვდიოდი, მზე გზას ანათებდა და სიცოცხლისთვის აუცილებელ სითბოს მაწვდიდა, მე ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ეს სიყვარული, რაც სამყაროში შეგიძლია იგრძნო, სწორედ საკუთარი თავისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც სხვა ადამიანების გზებიც უერთდება და სადღაც შორს, საინტერესო აღმოჩენებისკენ მიყავხარ...

Sunday, June 26, 2016

 არსებობენ ადამიანები, ჩაგკიდებენ ხელს და გადაგარჩენენ. ასე მოხდა გუშინაც, ჩამკიდა ხელი, წამიყვანა ჩვენს საყვარელ ადგილას და გადამარჩინა.
ისეთია, ყოველთვის რომ გაქვს მისი იმედი და იმ დედამიწაზე ცხოვრობს, რომელზეც შენ:)
ერთი წამი ცვლის ყველაფერს.
ადამიანში არის ძალა, რომ ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. გაუშვას ყველა დოგმა და დაიბადოს თავიდან, შეიგრძნოს ეს კონკრეტული წამი და შეისუნთქოს ბოლომდე...

ბარში ვისხედით, სანგრიას ვწრუპავდით და გვიხაროდა ერთმანეთი, ვხვდებოდი რომ მეძლეოდა ძალა სიცოცხლის.

-რას აპირებ ახლა?
-გეგმა არ მაქვს
-მგონი ეს ყველაზე კარგია.

თბილისში დაცხა, რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა დალიო ადამიანმა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნახოს, მოიაროს ახალი ადგილები, წაიკითხოს ახალი წიგნები, უყუროს ახალ ფილმებს, იტრიალოს და იბზრიალოს :)

გუშინ არ ვიყავი კარგად და თითქოს მთელი სამყარო გვერდში დამიდგა, ყველა ის ადამიანები შემომიკრიბა გარშემო, რომლებმაც იდეებით და გრძნობებით ამავსეს, ტატუს იდეამაც თითქოს შემომატრიალა სიხარულისკენ და ყველაფერი რიგზე დააყენა :)

არ დასვათ წერტილი, კიდევ ერთხელ დასვით წერტილ-მძიმე <3 

Saturday, June 25, 2016

 ახლა რომ ავდგე და ყველა ის საქმე მოვაგვარო, რომელიც მოსაგვარებელია, დავისვენებ მეც და დაისვენებენ ეს საქმეებიც.
-წესით უნდა დაფრინავდე სიცოცხლისგან
-რომელი წესის მიხედვით?
-არ ვიცი...

 შიში არც ისე კარგი მეგობარია, თუმცა შიშის დაძლევის მიზნით, გაკეთებულა დიადი საქმეები, ზოგიერთი მართლა შიშის ჯიბრზე.

დღეს იწყება თამაშები, გადავავლე თვალი და არის ისეთები, რომლებზეც იცი მაგრად ინერვიულებს, რეფლექსურად გახსენდება, რეფლექსად იქცა ეს გახსენება, ჩვევაშია.

წესით ვარჯიშზე უნდა გავდიოდე, მერე კბილის ექიმთან, მაგრამ ეს მეორე ამბის შიში, ხელს უშლის პირველის განხორციელებას.
ახლა მახსენდება, ბავშვობაში არ იყო ასეთი კარგი აპარატები და ერთხელ აშკარად ტრავმა მიმაღებინეს ამის გამო და ახლა იქ მისვლა მზარავს, თუმცა რაც მალე მიხვალ, უკეთესი.

ერთი შეხედვით რა ადვილია შიშის დაძლევა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

-და მაინც, როგორ მოიქცევი ნეტავ?
-ალბათ ავდგები, გავემზადები, წავალ ვარჯიშზე, ჩავეწერები ექიმთან და მივალ, ნერვიულობაზე აუცილებლად შაკიკი დამეწყება, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც გავაკეთებ.
-რატომ აკეთებ მაშინ, თუ ამდენი უნდა იტანჯო?
-შენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს, შეიძლება რაღაც საქმე სხვას გადააბარო, მაგრამ ისევ შენ გაკლდება ეს გამოცდილება, ამიტომ წინ...

წლები გავა და ის წამი... ბართან ახლოს წყალი მოდიოდა, თითქოს მუსიკას დამატებით ფონს უქმნისო, გარეთ ვიდექი, ვიღაც კიდევ იდგებოდა ალბათ, რაღაც გავცვალეთ ჰაერში, რაღაც მოუხელთებელი და დღემდე ეს ”გაცვლა” მაძლევს ძალას, რომ ვებრძოლო შიშს...

”თაგო”
25:06:2016



Thursday, June 23, 2016

  ინგლისი გერმანიას შეხვდა ფინალში და ყველაფერი ასე დაიწყო, იქნებ არც დაიწყო, იქნებ მხოლოდ გაგრძელდა.
მახსოვს ავტობუსში ვიჯექი, მუსიკას ვუსმენდი და გონებაში რაღაც ისტორიებს ვთხზავდი, თან მეღიმებოდა, მერე ვიფიქრე დავწერთქო. მოვედი სამსახურში, სიგრილე უკვე ჩართული იყო, წყალი დავისხი და წერა დავიწყე.

ადგილები წინასწარ დავჯავშნეთ, დილიდან მძიმედ ვგრძნობდით თავს, ადრე შევიკრიბეთ და დალევა დავიწყეთ, სხვანაირად ამ ყველაფრის გადატანა რთული იქნებოდა, ან პირიქით.

ტეკილა ტეკილას ცვლიდა, ჩვენ ვიცინოდით, ბარში ხალხი იმატებდა. მახსოვს როგორ შემოვიდა, სევდიანი ჩანდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ თავდაჯერებული, ჩვენთან ახლოს ქონიათ დაჯავშნილი, გამიხარდა და რატომ არ ვიცი. ყოველთვის მიხარია, როცა ახლოს არის, ძალას მაძლევს სიცოცხლის, რომ ვიცნობდე შეიძლება სხვანაირად მეფიქრა, ან უფრო გამყარებოდა ეს აზრი.
ახლა ვზივარ და მეშინია, ისე არ გამიტაცოს ამ ამბავმა, რომ რეალობის აღქმა დავკარგო, თუმცა როგორ დავადგენთ რა არის რეალობა, ის რაც ჩვენს თავს ხდება, თუ ის რაც გვაბედნიერებს.

 ვგრძნობდი მის ახლოს ყოფნას, რაღაც უცნაური საჭმელი შეუკვეთა, მეცინებოდა, თუმცა არ მივსალმებივარ, ასე არ ვესალმებით ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ხანდახან ვესალმებით კიდეც.

ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ საუბრობდა, საკუთარ აზრებში დარწმუნებული იყო, როგორც ყოველთვის, მე ალკოჰოლი მეკიდებოდა და სადღაც სხვაგან მიმათრევდა, აქ მინდოდა დარჩენა, მაგრამ აღარ ვეჭიდავე საკუთარ ფიქრებს და მეგობრებს შევუერთდი, ფეხბურთზე გაგრძელდა საუბარი და მეც მთელი არსებით ამ საუბარში გადავეშვი.

ნახევარი საათი და იწყება, აშკარად ნერვიულობდა, ფეხს აცანცარებდა, მეცინებოდა, მინდოდა სულ 10 ივლისი ყოფილიყო, მაგრამ არ ჩერდება ეს დრო, ხელიდან მისხლტებოდა, მეც მივუშვი და მასთან ერთად მივდიოდი.

დამატებითი დრო.
ვერ გადავიტანთ.
პენალტებიც.

პენალტებს ძირითადად ფეხზე დამდგარი ვუყურებ, ვიდექი ჩემი მეგობრის გვერდით, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა და უელსიც ძალიან უყვარს, რაღაცას მელაპარაკებოდა, ეტყობა უნდოდა რომ დავწყნარებულიყავი, არადა ტეკილა იმიტომ დავლიე,  რომ ნერვები მომედუნებინა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

 ბოლო პენალტია, თუ გაიტანს, ვიგებთ, რუნი დაარტყამს.
ვგრძნობ რომ ხელი ხელს ეხება, ავხედე. როდის ადგა სკამიდან, როდის მოვიდა ჩემთან...
ნერვიულობისგან ხელი მაგრად ჩამკიდა, გულისცემა ალბათ 187 მქონდა.
გაიტანა.
ყვირილი.
ვეღარ მოვითმინე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-გაჩერდეს ეს დრო რა
-გაჩერდეს, გაჩერდეს...





"თაგო"
11:07:2016


Saturday, April 16, 2016

 არის პერიოდები, როცა წიგნებში გადაწყვეტ ცხოვრებას, პრინციპში კი არ გადაწყვეტ, იმდენად მოიცავს ეს ყველაფერი შენს სამყაროს, რომ უარის თქმა ალბათ დიდი სისულელე იქნებოდა. გიხმობენ, თაროებიდან გეძახიან, ხან საკუთარი სახლის თაროებიდან, ხან მაღაზიების.

ეს ერთი თვე ასე ვიყავი ჩაკარგული, თან სოციალურ სამყაროს მოწყვეტილი, პირწიგნაკის განხრით.
თითქოს ჩავიძირე საკუთარ თავში, ეს ჩაძირვა აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ ეს აუცილებლობა ინდივიდუალურია, ყველას საკუთარი დოზა და სიხშირე აქვს.

ცხოვრება ყველაზე მოულოდნელი შემთხვევაა, რაც კი შეიძლება ადამიანს გადახდეს თავს, რაც ადრე ძვირფასი იყო, დარჩა ძვირფასად, მაგრამ სადღაც შორს, საკუთარი ადგილი დაუმკვიდრებია გულში, რომელიც რთულ პერიოდებში მახსენებს ხოლმე თავს, მთავარი ცხოვრება კი, ის რეალური წამებია, რომელიც ახლა ხდება ჩემს თავს და რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ყოველი ეს წამი, თავისი დადებითი და მძიმე მხარეებით, მაძლევს ძალას, რომ ვიცხოვრო.

  ადამიანები გაურბიან ხოლმე ერთმანეთს, გაურბიან რისკებს, საკუთარ თავებში არიან შეყუჟულები, რადგან რისკი ხშირად თავისუფლებასთან არის დაკავშირებული, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობა პასუხისმგებლობასთან.
პასუხისმგებლობა იმ გაგებით, რომ არ შეუზღუდო სხვას ბედნიერების სიჩქარე და არ ეცადო მის შეცვლას, რომ როცა შოკოლადი მოგინდება, ჩაკბეჩისას მეორე ადამიანიც გაგახსენდეს და ერთი ოთკუთხედი ფორმის ტკბილი წამი, მასაც შეუნახო...

https://www.youtube.com/watch?v=XEg1cF9Ycfs

 

Thursday, March 31, 2016

რამდენჯერ მიმიცია პირობა საკუთარი თავისთვის, რომ რაღაცას შევცვლიდი საკუთარ თავში, მაგრამ ზუსტად რას, ამაზე პასუხი ნაკლებად მქონდა ხოლმე და არც ახლა მაქვს და მგონი ზუსტად ეს არის პასუხი. რამე კონკრეტულს კი არ შევცვლი, არამედ ზოგადს შევცვლი ჩემში...
შეიძლება ადრე სხვანაირად ვცხოვრობდი, მაგრამ შევიცვალე,თუმცა დარჩა ძველი აჩრდილები, რომლებიც არ მასვენებენ და ხშირად ჩხუბობენ ახლანდელ მესთან... ჩხუბი ცოტა გადაზედმეტებული ნათქვამია ალბათ ...
გუშინ გზაზე რომ გადავდიოდი, წითელი მწვანე რომ მეგონა, თან დანამდვილებით და ჩხუბი დავუწყე მძღოლს, მერე მივხვდი, რომ ხანდახან თვალებსაც არ უნდა ენდოს ადამიანი...
შიშები, რომელბიც ჩემშია, ხშირად მხევენ უკან, მაგრამ მათ წინააღმდეგ რომ ვიბრძვი, ეს მაცოცხლებს კიდეც....
ეს წერილია საკუთარი თავისთვის, გადავიკითხავ ხოლმე და გამახსენდება, რომ ასეც ვფიქრობდი...
ის ხალისი, რომელსაც ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე საკუთარ თავში, მერე საკუთარი აგრესიისა და ადამიანებთან ჩემი დამოკიდებულებით იკარგება, იმალება და აღარ  უნდა ჩემთან.
გავაგრძელებ იმის ძებნას, რაც მომავალშია, შეიძლება წარსულშია დაკარგული, მაგრამ მომავალშია უნდა ვიპოვნო, ან იქნებ აწმყოში, მომავალი და აწმყო ხშირად მეგობრობენ, ვიდრე აწმყო და წარსული...
სახეზე დატოვებული საცხივით უნდა მოიშორო მოწყენილობა, ზიზღი და უხასიათობა, კრიტიკა, სხვების კრიტიკა, შეისხა ცივი წყალი, ჩაიხედო სარკეში, გაიღიმო და ყველაფერი დაიწყო ახლებურად, ისე როგორც ჩაფიქრებული გქონდა...
სანამ ცოცხალი ხარ, ჯერ კიდევ გაქვს შესაძლებლობა, გახდე ის, ვინც მოიხედავს ბოლოს და იტყვის, რომ ცხოვრება ღირდა...

Thursday, January 7, 2016

 ცხადი იყო, რომ მეორე დღეს აუცილებლად საღამოს წამოვიდოდით და ღამე ვიმგზავრებდით, რომ შემშინებოდა და ამშლოდა ნერვული სისტემა, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თორემ ისე ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ნინიამ ყველა ჩამოარიგა, ზოგი სახლში და ზოგი ბარში, ჩვენ მაკში შევიარეთ, ვიყიდეთ რაღაცეები და მივედით სახლში.

ლოგინზე წამოვგორდი და ჩავრთე კომპიუტერი, შოთას მოწერილი არ დამხვედა, ცოტა გაოცებული ვიყავი, მაგრამ გავატარე შეძლებისდაგვარად.

ნინია ტახტზე იჯდა, ცოტა მოწყენილი...
-რა გჭირს ნინია?
-არაფერი, გაუგებრობა
-გავერკვეთ, არ გინდა?
-კი, მინდა
-მგონი ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგატყდა თავს
-მეც ასე მგონია, წამოდი ახალ წელს შოთასთან
-ოოო
-გეშინია?
-ხო
-რისი?
-ორივესი
-ანუ მივდივართ
-ხო...

მახსოვს პირველ დეკემბერს გავფრინდით...
შოთამ არ იცოდა, ისე უნდა დავდგომოდით თავზე, ასეთ დროს 1000 ფიქრი მოგდის თავში, არ იცი გაუხარდება, თუ პირიქით...
უსაფუძვლო ფიქრებია, მაგრამ ვერ წაუხვალ.

სასტუმროში შევცვივდით, სასწრაფოდ ჩავრთეთ ტელეფონები, პირწიგნაკზე შევედი, სადღაც პაბში იყო დაჩექინებული...
მე და ნინიამ ერთმანეთს გადავხედეთ და გადავიხარხარეთ...

პაბში მივედით, ბართან იჯდა, ერთ მხარეს ტეკილა ედგა, მეორე მხარეს ლუდი, ძალიან გამეცინა. ახლოს მივედი და კეფაზე შევუბერე, ელვის სისწრაფით მოატრიალა თავი და რომ დამინახა, გაქვავავდა, მერე მაგრად გაიცინა და ბოლოს მაგრად ჩამეხუტა.

-გაკლიათ ხო?
-ხო
-მითხარი, რომ აღარ წახვალთ
-აღარ, აქ უნდა დავრჩე სამუდამოდ...

ეს ღამე აღარ მახსოვს, ძალიან ბევრი დავლიეთ და ბოლოს მგონი გავითიშე.
პარკში გამეღვიძა, საკუთარ მოსაცმელებზე გვეძინა, ნინიას და შოთას რომ გადავხედე, ჯერ კიდევ სიზმრებს ხედავდნენ...

ქუჩაში გავლა გადავწყვიტე, ყავა და ფუნთუშები ვიყიდე და მალე დავბრუნდი, ისევ ეძინათ, როგორ არ გავიყინეთ ღამე, ძალიან მიკვირს.
გარინდული ვიჯექი და ვფიქრობდი, მაგრამ ზუსტად რაზე არ ვიცი.
ნიტას გარეშე გავაგრძელე ცხოვრება, ბევრი რამ მიხაროდა და ბევრი მწყინდა. გული დამწყდა ამაზე, რადგან მეგონა, რომ მეგობრის გარეშე აღარ უნდა იცხოვრო, მაგრამ  პირიქით ყოფილა და სწორია ალბათ... ყველას თავისი სიცოცხლე აქვს და მასზეა პასუხისმგებელი.

შოთას გაეღვიძა, ხელი გადამხვია და ჩამიხუტა და დიდხანს ვიყავით ასე, ამ დროს ნიტაც ჩვენთან იყო, ვგრძნობდი და მეტი არაფერი მინდოდა. ნინიას სუნთქვის ხმა ჩაგვესმოდა და ორივეს გვეღიმდებოდა, რადგან გვიხაროდა რომ ცოცხალი იყო...

ეს დღე დამრჩა მეხსიერებაში...

მახსოვს ნინია გავაცილეთ და მე დავრჩი გერმანიაში და ახლაც აქ ვცხოვრობ, ვმუშაობ და ვსწავლობ, ხშირად ვიბნევი და ვიკარგები საკუთარ სამყაროში, მერე სხვა სამყაროში ვპოულობ საკუთარ თავს და ყველაფერს თავიდან ვიწყებ...

-გაიღვიძე რა
-რა ხდება?
-ისე, მიყვარს დილით შენთან საუბარი...
-წავიდეთ ირლანდიაში?
-რა თქმა უნდა, არ გვაპატიებს, ეს დღე რომ გამოვტოვოთ...

ცხოვრება ყველაზე დიდი მოულოდნელობაა, რაც კი ადამიანს შეიძლება დაემართოს. ალბათ ყველაზე საინტერესოც, ურთიერთობების შემდეგ.
მთელი ცხოვრება შეიძლება იცნობდე ადამიანს, ერთ დღეს კი მიხვდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, ადრეც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა მის გარეშე საერთოდ აღარ გინდა...
სად გადის ზღვარი წარმოსახვასა და რეალობას შორის, იქნებ არც არსებობს ეს ზღვარი, იქნებ ყველაფერი ნამდვილია.
რამდენი დღე გასულა ოცნებაში, ფიქრში და ბოლოს ყველაფერი სხვანაირად მოხდა და არავინ იცის, რა იქნება მერე და სწორედ ეს არის მთავარი წამი, როცა არ ვიცით,
რა იქნება, მაგრამ ინტერესით ველოდებით ყოველ მომდევნო წამს...