Thursday, June 27, 2013

-გისმენ
-...
-გისმენ

-ვინ იყო ?
-არ ვიცი, ხმას არ იღებს, ეს სახლის ტელეფონზე დარეკვა რაღაც ახალია
-ალბათ საბაა, რაჭაშია ისევ ?
-კი. მესამე თვეა და დავისვენე
-დაისვენე ? მეგონა კვდებოდი მონატრებით
-უი, არ დაიჯერო, 2 წელია ერთად ვართ და ყელშია უკვე, იმ გრძნობიდან არაფერი დარჩა, ამოვწურე ეგ ადამიანი, აღარ არის საინტერესო ჩემთვის
-მაკრინ, არ მჯერა რომ ამას შენ ამბობ, მახსოვს ერთი წელი სდიე, ტვინი უბურღე, თავი შეაყვარა და მორჩა ყველაფერი, ის რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?
-რადგან წავიდა, ალბათ იგივეს ფიქრობს
-რაღაც ცარიელი ტიპი გაიჩითე
-ხო ტას, მაგრამ ასე აჯობებს, სანამ შემძულდა, სჯობს წავიდეს...

საბა მხატვარია, რაჭველია და ამაყობს ამით, უყვარს ცხოვრება და უყვარს მაკოც,  პირველად რესტორანში ”რაჭულს”რომ ცეკვავდა მაკო, ამით მიიპყრო მისი ყურადღება, ეს ცეკვაც დადგმული იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ საბა მასთან ყოფილიყო, გოგოების ყურადღება არასდროს აკლდა საბას, მაგრამ ეს ცუდად არასდროს გამოუყენებია, მუშაობს დიზაინერად, მაგრამ ახლა ყველაფერი მიატოვა და წავიდა რაჭაში...
ამ დროს რაჭაში ცოტა ხალხია, მაგრამ მის მეზობლად ცხოვრობს თისია, თისიას ბავშვობიდან იცნობს, თისია 23 წლის არის, ქმარი დაეღუპა 2 თვის წინ, თავი მოიკლა, რატომ და რისთვის, არავინ იცის, ჰყავს შვილი, 1 წლის ანასტასია, ზრდის რაჭაში...

მაკო სცენარისტია
ძირითადად წერს
დღემდე უყვარდა ცხოვრება, მაგრამ ახლა ყველაფერი მობეზრდა, ტელეფონი გათიშული აქვს სულ და მიაჩნია, რომ რაც საბას გული ჩაიგდო ხელში, იქ მობეზრდა სიცოცხლე...

საღამოს გრილა რაჭაში, დღის სამუშაო შესრულებულია, ძირითადად თისიასთან არის საბა, ბევრს არ საუბრობენ, მხოლოდ ხანდახან, ადამიანებს სიჩუმეშიც სჭირდებათ გვერდში დგომა, სიჩუმესაც უნდა ხანდახან გაზიარება...

სოფელში დილა ბევრად ადრე იწყება, საბა 6 საათზე უკვე ფეხზეა, უვლის გარემოს, ძროხებს, ქათმებს, თისიასაც ეშველება და თავს არ გრძნობს ცუდად...
თბილისში დატოვა კარგი სამსახური, მეგობრები, მაგრამ აქ ურჩევნია, აქ სიმშვიდეა, ნაკლები თვალთმაქცობაა და მეტი გულწრფელობაა
ხანდახან ფიქრობს, რომ იმ ურთიერთობას გაექცა, რომელიც ჩიხში იყო უკვე შესული, თითქოს უყვარდა მაკო და ახლა გულს უკლავდე ეს გრძნობა, მაგრამ მისგან გრძნობდა მობეზრებას, როცა შენ აღფრთოვანებული ხარ ადამიანით და მას მობეზრებული და ამოწურული ჰყავხარ, სხვა გზა არ გრჩება, უნდა ადგე და წახვიდე, თუმცა მარტო ეს მიზეზი არ იქნებოდა...

სოფელში საქმეს რა გამოლევს, თან როცა ორი ოჯახია მისახედი, თისია ბევრს ვერაფერს ასწრებს, ბავშვი პატარაა და ყურადღება ესაჭროება სულ, საღამოს ნამცხვარს გამოცხობას ასწრებს ხოლმე, გამოდის ეზოში, შემოდიან მეზობლები, შემოდის საბაც, საუბრობენ, იგონებენ ქალაქის ამბებს, ტელევიზორსაც უყურებენ ხოლმე, მაგრამ იშვიათად...

-საბა არ აპირებ დაბრუნებას ?
-ჯერ არ გამჩენია ამის სურვილი, ქალაქში სულ ვგრძნობდი, რომ დროს უქმად ვხარჯავდი, აქ ეს გრძნობა არ მაქვს, თითქოს რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებ, ნუ ყოველ შემთხვევაში ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ
-მაკო რატომ მიატოვე, მახსოვს მაგრად გიყვარდა
-ახლაც მიყვარს, მაგრამ თავისი უსიყვარულობით მაიძულა მიმეტოვებინა, ბოლოს მართლა გაუსაძლისი გახდა ყველაფერი, აი რომ იღვიძებ და გულში რომ ვერ პოულობ მიზეზს სიცოცხლისთვის, მაშინ ან რაღაც ცუდს ჩაიდენ, ან გადაწყვეტ რომ იბრძოლო, მეც ავდექი და  გამოვეცალე იქაურობას, იმიტომ კი არა, რომ იქ ცუდია, ან ადამიანები არიან ცუდები, მხოლოდ იმისთვის რომ გული გამოვისწორო და ისე დავბრუნდე ჩემებთან, არავის უნდა მოახვიო შენი ცუდი თავზე, შენი გამოსასწორებელია ეს და შენ უნდა გამოასწორო
-მე არაფერი დამრჩა იქ, შვილი აქ მყავს და ნიკუშა აღარ არის, დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ თავი მოიკლა, აი ასე ადგა და მოიკლა თავი, მიყვარდა და მიყვარს ახლაც, მაგრამ ვერ ვპატიობ ამ საქციელს, მაგრამ ვაპატიებ ალბათ ოდესმე, უბრალოდ ჯერ ბოდიში არ მოუხდია, გულში უნდა ვიგრძნო ეს...

თბილისში ცხელა, დილა აქ მიახლოებით 8 საათისთვის იწყება, მანქანები დადიან ჩაძინებულები, აი ისე, კიდევ ერთი 4 საათი რომ დაიძინებდნენ დიდი სიამოვნებით, ადამიანები მუშაობენ, თამაშობენ ფეხბურთს, ”დინამო” მატჩებს იგებს და ბევრს აქვს იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, პარასკევი ისევ საყვარელი დღეა ადამიანებისთვის, თითქოს რომ მუშაობენ და ბევრი რომ აქვთ საქმე, ეს რამენაირად ხელს უშლიდეს ბედნიერებას :)
ბარები სავსეა ხოლმე, შაბათი დღე კარგი დღეა, ტელევიზორში ბევრი გადაცემა გადის, მაგრამ ამ გადაცემებიდან ყველაზე კარგი ”რა? სად ? როდის?” არის, ადამიანები იმარჯვებენ თავიანთი განათლების მიხედვით და ეს დასაფასებელია :)
სახეები ქუჩაში?
ისევ ისეთია
ზოგს ეჩქარება, ზოგი ნელა დადის , ამით ერთმანეთს ხელს უშლიან, მერე მუჯლუგუნს წაკრავენ, არც ბოდიშს მოიხდიან, ნუ ხანდახან იხდიან და ეს წამი სასიამოვნოა...

მაკრინეს დილაც 8 საათზე იწყება, მუშაობს ბევრგან, მაგრამ ყველგან ხარისხიანად, ახლა მარტო უწევს სამსახურში სიარული, ადრე საბა აკითხავდა, აღარ მოსდის მესიჯი ”ჩამოდი, აქ ვარ”
აწუხებს თუ არა ეს ?
ალბათ აწუხებს, სულ ცოტა დისკომფორტს მაინც უქმნის უმანქანობა, მაგრამ თან ისვენებს, ისვენებს დადგმული საუბრებისგან, რომლის დადგმაც უწევდა, ყველაფრისგან რაც აღარ იყო ნამდვილი, რაც არ მოდიოდა გულიდან, ადრე საბას რომ ხედავდა, აი მაგალითად მატჩებზე, უნდოდა რომ მსაჯს ერთი 90 წუთი კიდევ დაემატებინა, ახლა მასთან ერთად რომ უწევდა სიარული, ერთი სული ჰქონდა მორჩენილიყო ეს 90 წუთი და მსაჯის დამატებული 3 წუთი, ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასი იყო, რატომ უფასურდება ურთიერთობები, ყველაფერი თავიდან ძალიან კომფორტულია და ბოლოს გაუსაძლისი ხდება, არსებობს ალბათ მრავალი მიზეზი და მთავარი მიზეზი სიყვარულის არასწორად გაგებაა...

-რას შვები დღეს საღამოს ?
-თეატრში ვარ, ახალ პიესას ხომ ვწერ და ყველა ჩართულია ამ ამბავში, 10 საათისთვის თავისუფალი ვიქნები
-გავიდეთ სადმე ?
-კი, ოღონდ ისეთ ადგილას, სადაც მასთან ერთად არ ვარ ნამყოფი
-ასეთი ადგილი თბილისში არის ? :))
-არ ვიცი, მოიფიქრე რა 

რაჭაში 10 საათისთვის სიწყნარეა... საბა ჰამაკშია ძირითადად ამ დროისთვის და კითხულობს, ფიქრობს და საკუთარ თავთან შინაგან დიალოგს მარტივად წარმართავს, ქალაქში ეს რთული გასაკეთებელია... მოდის ტკივილი, რომელიც მაკოს გახსენებას ახლავს , თითქოს თბება გული, სიმშვიდე შემოდის და მერე გახსენდება, რომ ეს ადამიანი აღარ არის შენს გვერდით, მერე მოდის კითხვები რატომ? შენი ბრალია თუ არა ? რისთვის ? და საკუთარ თავს უცხადებ ომს, აწამებ და რატომ ესეც გაუგებარია, ამ ფიქრებში ჩაეძინება ხოლმე და ეს განწყობა დილითაც მოსდევს, მერე ხედავს პატარა ანასტასიას და ხვდება, რომ ცხოვრება არ არის ცუდი, ნუ ისეთი ცუდი მაინც, ახლა როგორც ხედავს...
ბავშვები ატარებენ ბევრად ძლიერ სითბოს, სიწმინდეს, რომელიც მოზრდილებს გამოცლილი აქვთ, ან მიტოვებული...

ცხოვრება მთავრდება წამებში, არ იცი ამ წამს რომ ცოცხალი ხარ, რა იქნება მეორე წამს, ადამიანებს კლავენ, ზოგი თავად იკლავს თავს, ზოგი ცოცხალია ფიზიკურად, მაგრამ სულში თითქოს არაფერია...
მოხუცებსაც უყვართ სიცოცხლე და არავინ თქვას რომ ნაკლებად, გარეგნულად ვიცვლებით, თორემ შიგნით ხომ არ ჩნდება ნაოჭები, შეიძლება ცხოვრებისგან გაჩნდეს ჭრილობები, მაგრამ ეს ყველაფერი მოშუშებადია...

არის დღეები დამთავრებული გგონია ყველაფერი კარგი, იქნევ ხელს, მაგრამ ხელის ჩაქნევის შემდეგ წამოდგომა არის გადამწყვეტი, უნდა მოერიო თავს, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან მხოლოდ ერთხელ ხარ სტუმრად ამ დედამიწაზე და ღირს ბრძოლა
ბრძოლა რისთვის ?
იმისთვის რომ იპოვო საკუთარი თავი
ისწავლო სიყვარული სხვა ადამიანების
და იმისთვის, რომ იპოვო გულში ბედნიერება... 
ადვილი იქნება ?
არა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია...