Sunday, September 29, 2013

დილით თათბირია !!!
-გიო ხომ არ დამაგვიანდა?
-არა, მოასწარი
-ვინ ატარებს ?
- ლევანი, დღეს გადაწყდება გერმანიის ამბავი

-როგორც იცით ჩვენგან 2 ადამიანი მიდის გერმანიაში და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ გიო და თაკო წავლენ, იმედი გვაქვს თქვენი და გვჯერა, რომ მარტო გართობაზე არ გადაეწყობით, მიუხედავად იმისა, რომ  ლუდის დიდი დღესასწაულის დროს გიშვებთ, თან საქმე აკეთეთ და თან დალიეთ...

”ანი მიშველე, ახლა თათბირზე ვარ და მე და გიოს გვიშვებენ გერმანიაში, ადრეც მითხრა, მაგრამ მეგონა ლევანი სხვა განაჩენს გამოიტანდა, როგორც არ უნდა იყოს მომავალში, ახლა გეუბნები, რომ ძალიან ცუდად ვარ ბედნიერებისგან, როგორი ამოჩემებული მყავდა ეს ადამიანი და ახლა მასთან ერთად მივდივარ, არ მოვკლა მეშინია, რა სახით ზის დაგანახა ახლა, უხარია მგონი, ან მეჩვენება, მაგრამ მთავარია რომ  მე მიხარია”

”ჰეჰ, რა მაგარია თაკინ, გამოდი დღეს ჩემთან, გათხოვებ რამე კომფორტულს, მიხარიააა”

-თაკო, ერთ კვირაში გვაქვს ფრენა და საქმეები მოაგვარე
-რა საქმეები უნდა მოვაგვარო?
-თუ გაქვს რამე
-არაფერი ისეთი, თქვენ გიზრუნიათ ყველაფერზე
-კი, მართალია 
-ისე ალბათ ბიჭთან ერთად გერჩივნა წასვლა ხო ?
-ეს ძალიან ”პაპსა” კითხვა იყო, არ არის ასე, მიხარია შენ რომ მოდიხარ
-კარგია...

”ამ გოგოს გონია, რომ მეზიზღება, თუ რა კითხვები აწუხებს, ალბათ ასე ჩანს და იმიტომ ფიქრობს ასე, ნეტავ შემეძლოს თქმა, მაგრამ ჯერ ადრეა და არ ღირს, იქნებ გერმანიაში ვუთხრა, თან იქ უკეთ გამიცნობს და დაიჯერებს ალბათ. შეშად ვიქეცი მგონი, თუ დაბადებიდან შეშა ვარ”

ირაკლი გვიან გამოვიდა სამსახურიდან, სახლში წასვლა დააპირა, მაგრამ რატომღაც ბარისკენ წავიდა
ცოცხალი მუსიკა ისმოდა, ხალხიც იყო, ბართან დაჯდომა არჩია და თან მარის ათვალიერებდა, არ ჩანდა თითქოს, ბოლოს დაინახა, ოდნავ მოწყენილი მოეჩვენა
-სალამი მარიამ
-ოჰ, დღეს მარტო ხარ ? რას დალევ?
-ლუდს
-კარგი, მოგიტან მალე

”რა სჭირს ნეტავ, ვინ აწყენინა, რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ ადამიანისთვის ნერვების აშლა, თუმცა შეიძლება მასაც აქვს ბევრი ცუდი თვისება, რაც ადამიანებში გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ კარგი თვისება უფრო მეტი აქვს აშკარად”

მუსიკა გვიანობამდე იყო და ხალხიც არ იშლებოდა, მერე ბოლო სიმღერაც დაუკრეს და მარიც მალე თავისუფალი იქნებოდა
-ანგარიში მომიტანე რა
-ახლავე, ისე შემორჩი, დღესაც მაცილებ აშკარად
-კი, სწორად მიხვდი...

”ეს პირდაპირობა როგორ გამოსდის, სხვა მის ადგილზე ასჯერ დაფიქრდებოდა, ეკითხა თუ არა ეს კითხვა, ამან თქმის პროცესში გაიფიქრა მგონი და ისე იკითხა”

გამოვიდნენ
მარი დაემშვიდობა თანამშრომლებს, ყურსასმენები აღარ ამოუღია, რადგან მარტო მგზავრობა აღარ უწევდა
-როგორ ჩაიარა დღემ?
-მძიმედ, სახლში ვიჩხუბე და წამოვედი, დღეს მეგობართან ვრჩები
-რა გაჩხუბებდა?
-ძალიან გაინტერესებს? ტყუილად არ მომაყოლო რა
-რომ ვიკითხე, ანუ მაინტერესებს
-აღარ ესმით ჩემი, უნდათ ისე ვიცხოვრო, როგორც თავად მოსწონთ, მაგრამ ასე არ იქნება, ჩემი ცხოვრება მაქვს და მინდა პასუხი თავად ვაგო ყველაფერზე, რასაც გავაკეთებ
-იქნებ არ აუხსენი ნორმალურად
-სულ ამაზე იყო ჩხუბი და ამომივიდა ყელში, ხანდახან მგონია, რომ არ ვუყვარვარ არც დედას და არც მამას
-სისულელეა, იშვიათია მშობელს შვილი რომ არ უყვარდეს, თან შენ არ იქნები ცუდი შვილი
-იქნებ ვარ, კარგი ოფიციანტი რომ ვარ, არ ნიშნავს, რომ კარგი შვილიც ვარ
-ადამიანი ხარ კარგი
-თავიდან ყველა კარგია
-ახლა ცუდ ხასითაზე ხარ და იმიტომ საუბრობ ასე
-ხო შეიძლება
-დამიჯერე უყვარხარ მათ, მე უცნობი ადამიანი ვფიქრობ შენზე და მშობლები ხომ საერთოდ
-რას ფიქრობ მაგრად მაინტერესებს
-დღეს მოვდიოდი სამსახურიდან და გულმა აქეთ წამოსვლა მთხოვა, ვერ წავედი სახლში, არ ვიცი რა არის ეს, მინდოდა მოვსულიყავი და გამეცილებინე
-კარგი მოსასმენია, აი მოვედით, მადლობა, რომ მომაცილე
-არაფრის, ამას ტრადიციად ვაქცევ და შეურიგდი რა მშობლებს, თუ რამეს არასწორად აკეთებენ, ესეც მხოლოდ დიდი სიყვარულისგან მოსდით, დაბრუნდი ხვალ სახლში
-კარგი მოვიფიქრებ...

”ფეხით წავალ სახლში, სად მეჩქარება, ძილი არ არის მთავარი, მინდა დიდხანს ვიფიქრო ამ ყველაფერზე, დიდი ძალა მომეცა თითქოს და მინდა რამ კარგ საქმეს მოვახმარო, ძალა მომცა ამ ადამიანის გაცნობამ, ძლიერი პიროვნებაა და ეს სიძლიერე მის სიკეთეშია მგონი”

-ოჰ მოაღწიე თაკო
-კი ძლივს, გვიანობამდე ვთარგმნიდით რაღაცას მე და გიო
-რაღაც დამეგობრდით, თუ მეჩვენება?
-არა, მგონი დავმეგობრდით, მისგან არაფერი მინდა, მხოლოდ ერთი რაღაც, რომ კარგად იყოს, პირველად რომ ვნახე, საოცრად ნაღვლიანი მომეჩვენა და იმ დღიდან სულ მინდა რომ კარგად იყოს
-არ მითხრა რომ არ მოგწონს, რადგან ვიცი სისულელეა
-მომწონს, მგონი უფრო მეტიც, მაგრამ არაეგოისტურად, მინდა რომ კარგად იყოს და მე ვიქნები თუ არა მის ცხოვრებაში, ეს მეორეხარისხოვანია
-ჩემი თაკუნა ხარ შენ, კეთილი და ძალიან ლამაზი
-ნიკა სად არის ?
-მუშაობს რაღაც პროექტზე და ვერ მოვიდა დღეს, უნდოდა შენი ნახვა წასვლამდე, იქნებ ხვალ გავიდეთ სადმე, დარჩი რა დღეს ჩემთან
-კარგი დავრჩები, გავათენოთ საუბარში :))

ერთი კვირა მალე გავიდა, ისე, როგორც საერთოდ ცხოვრება გადის ხოლმე, აეროპორტამდე ანიმ და ნიკამ მიიყვანეს, გიო ჯერ არ იყო მისული და თაკო უკვე ნერვიულობდა
-მოვა მალე, ყველა შენსავით პუნქტუალური ვერ იქნება
-ვღელავ, გზაში ხომ არ მოუვიდა რამე
-გააფრინე, აი მოდის
-რას აგვიანებ, მოვკვდი ნერვიულობით
-რა განერვიულებდა, მოვიდოდი სად წავიდოდი, ოჰ ირაკლიც მოვიდა
-სალამი, თქვენმა წასვლამ ყველა შეგვყარა, ან როგორ ხარ?
-კარგად იკუნ, შენ ?
-მეც, მეც
-გიო, მოუარე ბავშვს, ბევრი არ დაალევინო, თორემ მერე შენ აღმოჩნდები ცუდ დღეში, რამე სასიამოვნო ჩამომიტანეთ

მერე 2 საათიც გავიდა
მერე იყო ჩახუტება
”ანიუტ თავს გაუფრთხილდი, ფრენის მეშინია, ჩამოვარდნის მეშინია და თუ რამე მოხდა, იცოდე, რომ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან გიოსთან ერთად მივფრინავ და ახლა ვფიქრობ, რომ ღირდა ცხოვრება”

”ხმა, ხმა ნუ მესმის შენი, მიყვარხარ და ყველაფერი იქნება კარგად, მოგივლის გიო”

ხელის დაქნევაც იყო მერე და ზურგით წასვლაც, ხელის დაქნევის შემდეგ ხელები რომ ჩამოსწიეს, გიოს ხელმა თაკოს ხელი დაიჭირა, თითქოს ეს იყო ნიშანი, მე მოგივლი და შენი საქმე მხოლოდ კარგად ყოფნააო...
ეს ხელის დაჭერის ამბავი ანიმ დაინახა და გაეღიმა, რადგან მიხვდა, თაკო ვერ გადაიტანდა ამას...

ოცნება ?
რა არის ოცნება?
ალბათ ის, რაც ყველაზე ძალიან გვინდა რომ მოხდეს, ამისთვის უნდა იბრძოლო, თუ ფიქრობ, რომ ღირს ამის მოხდენა...
კიდევ?
იცხოვრო რა, თავისუფალი იყავი ბოღმისგან და ეცადე გიყვარდეს ადამიანები
კიდევ?
რაც გულს არ გიმძიმებს, ის აკეთე...
მოთმინება
ეს დიდი ნიჭია, თუმცა ესეც ისწავლება, ჯერ პატარა წყენას მოითმინ და თანდათან დიდ წყენასაც გადაიტან...
და პატიება?
ეგ მოთმინებასთან ერთად მოდის...
მიეცი ცვლილებებს უფლება, რომ იყვნენ შენს ცხოვრებაში, მაგრამ არ დაემონო საგნებს, ამაოებაზე არ იყო დამოკიდებული...
თავისუფალი იყავი...
 
 

Saturday, September 28, 2013

”ცხოვრება გრძელდება, მეც შევეჩვიე ამ სახლს ანის გარეშე, იმ გაგებით, რომ უკვე შემიძლია აქ შემოსვლა, თუმცა როცა ვბრუნდები სახლში, მაინც ვფიქრობ მასზე და დღემდე მინდა რომ აქ იყოს, თითქოს უნდოდა დაბრუნება, მაგრამ ეს უბრალოდ ეგონა, თორემ ხომ ვიცი შეუძლია ჩემს გარეშე ცხოვრება, პრინციპში მეც შემიძლია, მაგრამ მტკივა, ჯერ ისევ მტკივა გულიც, გონებაც, საკუთარი თავი მტკივა მის გარეშე...
რჩევები, რომ სხვას მივცე უფლება იყოს ჩემს გვერძე სისულელეა, ტკივილი მარტოობა კი არ არის, ტკივილი ანის გარეშე ყოფნაა...
ვეძებ მას საკუთარ თავში, ხანდახან ვპოულობ, მაგრამ ეს პოვნა ძნელდება უფრო და უფრო”

-რა შევუკვეთოთ ?
-მე ლუდი მინდა და ხინკალი
-ისევ უნდა დალიო? სამსახურში ვბრუნდებით აქედან
-ვიცი, შევიკეტები ჩემთვის და ვერავინ დამინახავს და შენ ნუ მოსდებ ქვეყანას
-კარგი

”არ მჯერა რომ აქ ვარ, გიოს წინ ვზივარ და თან ვეხუმრები რაღაცეებს, რა მოულოდნელია ეს ცხოვრება, მინდა რომ სულ ასე იყოს, მაგრამ ვინ იცის სადამდე გაგრძელდება”

”რა მჭირს ვერ ვხვდები, ასეთი რამ პირველად დამემართა, ახლა ხომ მეც ავიღებდი ლუდს და ხინკალსაც შევჭამდი, მაგრამ არ გადამივა ყელში, ეს დაავადებაა თითქოს, ვუყურებ თაკოს და ყველაფერი მავიწყდება, საჭმელიც, სასმელიც, მთავარია ფეხბურთიც არ დამავიწყდეს, თუმცა ამ გოგოსთან ვერ დავივიწყებ ამ ამბავს, ყველა სხვა თემაზე წუთობრივად საუბრობს და ფეხბურთს საათებს უძღვნის, ცოტა სუბიექტურია, სულ ცოტათი, მაგრამ უხდება, ან მე მომწონს”

-მშვენიერი გასვლა იყო ნიკუშ, ფოტოები გამომიგზავნე რომ მიხვალ
-ჯერ დავამუშავებ და გამოგიშვებ მერე
-ნიკ რა კარგია
-რა?
-რა ვიცი, ეს ყველაფერი
-ეს ყოველთვის კარგი იყო, დავიწყებული გვქონდა უბრალოდ
-ნიკუშ ყველაფერი კარგად იქნება ?
-ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ...

”დრო გადის და თანდათან ტკივილიც ქრება, არც სიცარიელეა, მაგრამ მაინც მწყდება ბევრ რამეზე გული, იქნებ იმას ვგრძნობ, რომ ნიკა არის ცუდად და ეს მაწუხებს, ეს მტანჯავს

ბარში ცოცხალი მუსიკა ისმოდა, ლუდიც იყო, ირაკლი და გიო ერთდროულად მივიდნენ, დანარჩენ მეგობრებს უკვე ლუდი ჰქონდათ აღებული და ახლა საჭმელს არჩევდნენ...
ერთი პატარა გოგოა აქ ოფიციანტი და ემსახურება 15-მდე მაგიდას, მაგრამ სულ იღიმის და არ არის ეს ყალბი ღიმილი, ყველაფერს სწრაფად აკეთებს და ძალიან უშუალოა ადამიანებთან, სულ რომ დააგვიანოს საჭმლის მოტანა, არავინ გაუბრაზდება...
ირაკლისთვის ლუდი რომ მოიტანა, ირაკლი რაღაცას მიშტერებოდა, ხელი აუფრიალა თვალებთან და ლუდი დაუდგა, ირაკლიც ცოტა შეცბა, მაგრამ გაუღიმა მერე
-აი შენი ლუდი, რას გარინდულხარ, ცხოვრება ასე უფრო მალე გავა და ვერაფერს მოასწრებ

მარი მხატვარია და საღამოობით ბარში მუშაობს, ძალიან ბევრს დადის და მაინც ბედნიერია რომ აქვს სამსახური, როცა ზურგი ძალიან ტკივდება, შეიყუჟება ხოლმე, სადაც თითქმის ვერან ხედავს და ვარჯიშობს, იქვე რაღაც წითელი სასმელი უდგას, ოღონდ ბარმენის გარდა არავინ იცის რა არის იქ...

ირაკლის ეღიმებოდა მარის რომ უყურებდა და თან აღფრთოვანებული იყო მისით, ასეთი უშუალო ადამიანი არსად მინახავს, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს...

-გიო რას ჩარგულხარ ტელეფონში ?
-თაკო მაინტერესებს რას შვება, მაგრამ იშვიათად დებს რამეს, ნეტავ რას შვება?
-მიწერე, ან დაურეკე
-არ მინდა ჯერ, არ მინდა რამის აჩქარება
-ძალიან დაგვიანებაც არ იქნება კარგი...

ბარი უკვე იკეტებოდა
ანგარიში მოითხოვეს
გარეთ გამოვიდნენ
მარიც მალე გამოვიდა ყურსასმენებით და დაუყვა დაღმართს

 -მარი მარტო მიდიხარ ?
-კი, ფეხით გავლა აუცილებელია
-თუ გინდა გაგიყვანთ
-არა იყოს
-მაშინ მიგაცილებ, ოღონდ მართლა იმიტომ რომ ღამეა
-ცუდი  არაფერი მიფიქრია
-დღეს გაკვირდებოდი და ძალა მომეცა თითქოს, შრომისმოყვრე ხარ საოცრად და თან გიყვარს ადამიანები
-კი ორივე სიმართლეა, რომ მიყვარს საქმე, უფრო იოლად გამომდის და რომ მიყვარს ადამიანები, უფრო ადვილად ვუგებ მათ
-არ იღლები ბარში ?
-კი, მაგრამ თუ გინდა რომ იცხოვრო, უნდა იმუშავო და არ აქვს მნიშვნელობა იღლები თუ არა
-სწავლობ?
-დავამთავრე ახლა, მხატვარი ვარ
-პირველი ნახატი რა იყო, რაც დახატე?
-ჰაჰ :)) გვირილები

”რა თქმა უნდა გვირილები უნდა ჰყვარებოდა, ანის ყვავილი, ამ ყვავილს როცა ახსენებენ სულ ანი მახსენდება”

-აი ჩემი სახლიც, მადლობა რომ მომაცილე
-არაფრის, კარგად

”რატომღაც შემეშინდა მარტო რომ წამოსულიყო, სხვა მის ადგილზე, რაღაც ცუდს იფიქრებდა, მაგრამ ეს იმდენად უშუალოა და სჯერა ადამიანების, რომ ცუდი არაფერი უფიქრია, კარგია ცხოვრება, თან ცხოვრება ასეთ ადამიანეთან ერთად, ერთ სამყაროში”

-ამანათი ჩამოგივიდა ანი
-უი მართლა ? ნიკუს საჩუქარია ალბათ, ვერ მოვითმენ ხვალამდე, ახლა წავუღებ
-გვიანია ადამიანო
-არაუშავს, აბა ხვალ რომ არ ვიყო ცოცხალი და შენ რომ მისცე მერე, ხომ არ ექნება იგივე ეფექტი
-რას ბოდიალობ

ნიკას ერთ-ერთი ჰობი დაივინგია, ღამის დაივინგშიც აქვს სერთიფიკატი აღებული, წყლის ფოტო აპარატი გაუფუჭდა და ახლის ყიდვას ბევრი ფული სჭირდებოდა, ანის ბანკში ანაბარი აქვს გახსნილი და როცა ეს ამბავი გაიგო, ეგრევე დაარღვია და გამოიწერა ნიკასთვის საჩუქარი...
 
-ნიკ სახლში ხარ ?
-ხო რა ხდება? 
-ჩამოდი ქვემოთ
-ოპანაააააააა, ეს რაღაც სერიოზულია
-ჩამოდი, ჩამოდი და ნუ ცანცარებ
 - ჰა ჩამოვედი, მოგენატრე უკვე და ვერ გაძელი ჩემს გარეშე ?
-იდიოტო:)) არა, ეს შენ 
-ვა, ვა, ვა საჩუქარიიი, ყოჩაღ, აბა გავხსნათ

მერე იყო შოკში ჩავარდნილი ადამიანის სახე
გაოცებაც იყო და დიდი სიხარულიც, საჩუქრის არჩევა ანის არასდროს უჭირდა, მაგრამ ეს მართლა საოცრებაა

-გააფრინეე ? ეეეეეეეეე, არ მჯერააა, თან ხომ არ მითქვამს რომ ეს მინდოდა, როგორ მიხვდი?
-მივხვდი, ვიცი, როგორიც გენდომებოდა 
-მართლა შოკში ვარ, შენ ხარ ლამაზი, ყველაზე ლამაზი, ამოდი ჩემთან, დედა ჩაის სვამს და დალევთ ერთად, თორემ მაგრად წვიმს
-დედა მელოდება, ისიც ჩაის დალევას აპირებდა, წავედი
-ანი
-ხო
-ანი
-ხო
-ასეთი რაღაც აღარ გაიმეორო რა
-რატომ?
-იცი რატომაც
-ფოტოები გამომიგზავნე
-ასეთი საჩუქრის შემდეგ მომიწევს

”რა გიჟია ეს გოგო, ეს რა ჩაიდინა, ყოველთვის ასეთი იყო, არ იცოდი რას მოიმოქმედებდა, ახლაც, როცა ამ ფოტოებს ვათვალიერებ, გაოცებული ვარ მისით, ისეთივეა კამერასთან, როგორც ცხოვრებაში, არ თამაშობს, ეს გვირილებიანი ფოტო, ვუყურებ და ვერ ვხვდები, რას ფიქრობს ამ დროს, თან ხომ არ იცის, რომ ამ წამს ვუღებ, როგორ მინდა რომ კარგად იყოს, რამდენი შესაძლებლობა აქვს ამის, ყველაზე კეთილია, ყველაზე საინტერესოა და ყველაზე ლამაზი ადამიანია ჩემთვის”

ხანდახან ჩვენ ვტოვებთ ადამიანებს, ხანდახან ისინი გვტოვებენ, ხანდახან სიკვდილი გვაშორებს ერთმანეთს, თუმცა სიკვდილის შემდეგაც ვცდილობთ მათთან საუბარს, თუმცა ძნელია, ძნელია არ გესმოდეს  ხმა, ვერ ხედავდე ადამიანს და მაინც გრძნობდე, რომ ცოცხალია...
ადამიანები სიკვდილზე რომ ფიქრობდნენ, ალბათ უფრო მეტ დროს გაატარებდნენ ერთად, არ დაეზარებოდათ ერთმანეთის ნახვა...
მერე დგება ხოლმე წამი და ხვდები, რომ აქ, ამ დედამიწაზე ვეღარ შეხვდები მას, იმ ადგილას ვეღარ ნახავ, სადაც გაიცანი და ეს ძალიან გტკენს გულს, გახსენდება ყოველი წამი, გახსენდება საათები მათთან გატარებული, მაგრამ წარსულად ქცეული, რომელსაც შენს გონებაში დაუდია ბინა...


 

Thursday, September 26, 2013

-თაკო თავს კარგად ართმევ საქმეს, მაგრამ მაინც გეტყობა, რომ დინამო უფრო ნაკლებად გიყვარს, ვიდრე სელტიკი
-ასე არ არის, უბრალოდ უფრო ნაკლებად მჯერა და რადგან ახლა აქ დავიწყე მუშაობა, ეგრევე ხომ ვერ ვირწმუნებ, რაც შეეხება სელტიკს, ბავშვობის სიყვარულია, ყოველთვის მჯერა მათი წარმატების და თუ წარმატების არა, თავდადების მაინც
-კარგი არ გვინდა ახლა შოტლანდიური ამბები, რადგან ჩემი სუსტი წერტილია ...

თაკოს სამსახურში ყველას ერთი მიზანი აქვს, რომ დინამომ უკეთესად იასპარეზოს, ამისთვის ათენებენ ღამეებს, დილით ადრე დგებიან და მთელს თავის სიყვარულს დებენ ამ საქმეში...
გიო გერმანიაში მიდის ცოტა ხნით, ალბათ ნახავს ბაიერნის სტადიონს, მწვრთნელს და ფეხბურთელებს, უნდა წაიყვანოს კიდევ ერთი ადამიანი, მაგრამ არ არის გადაწყვეტილი, თუ ვის წაიყვანს...

-ანი სად დაიკარგე?
-ნიკუშ, სულ ოპერაციებია და არ მძინავს თითქმის
-შაბათ-კვირას მიდივართ და არ დაგავიწყდეს
-არა, რა უნდა დამავიწყდეს, ნიკუშ, დღეს სიტი : მანჩესტერია და წამოხვალ?
-კი წავიდეთ...

ერთი პაბი აქვთ ამოჩემებული და სულ იქ უყურებენ ფეხბურთს, ასეთი ადგილები იშვიათია თბილისში, ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრებს, სახლს ჰგავს და ამ სახლში ყველა კარგად გრძნობს თავს...

თაკო და გიო პირდაპირ სამსახურიდან წავიდნენ, ირაკლიც იქ დახვდათ და თაკოსაც მათ მაგიდასთან მოუწია დაჯდომა, ნიკა და ანიტა იგვიანებდნენ, თუმცა მატჩი არ იყო ჯერ დაწყებული...
შემოვიდნენ ანი და ნიკუშა სიცილით, რაღაცას ღადაობდა ნიკა და ანი ფაქტიურად ჩაბჟირებული იყო, მაგრამ სახეზე ღიმილი გაუჩერდა, როცა ირაკლი დაინახა და თავში 1000 ფიქრმა გაუელვა

”რა თქმა უნდა აქ იქნებოდა, ეს ხომ ჩვენი შეკრების ადგილია, ალბათ უნდა მივიდე ახლა და ვიხუმრო რაღაცეები, თუ რა უნდა გავაკეთო”
ეს ყველაფერი ხდებოდა წამებში და ამ დროს ”გამარჯობის” დროც  მოვიდა...
ნიკუშა უკვე ირაკლის ესაუბრებოდა და რაღაცას უმტკიცებდა, თაკო ირაკლის კისერზე იყო ჩამოკიდებული, რომ შეგეხედა, მიხვდებოდი, თუ როგორ მონატრებოდათ მეგობრებს ერთმანეთი...

 -პრივეტ ირაკლი
-როგორ ხარ ან?
-კარგად მგონი
-კარგია...

ამ პაბში პატარა მაგიდებია, ნიკუშა და ანი ცალკე დასხდენენ და რა თქმა უნდა თაკოც მათთან გადაჯდა...
გიომ გააყოლა თვალი და უცბად იგრძნო, რომ გული დაწყდა, უნდოდა ეს 90 წუთი თაკო გვერდში ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში სულ ხედავს...

 -ჰა, რა დავლიოთ?
-ტეკილა ავიღოთ რა
-და სახლში აგიტანო მერე ?
-არ მგონია პირველად აგყავდე
-ეგეც მართალია...

მანჩესტერმა მოიგო
გიო რაღაც რეპლიკებს ისროდა და მსაჯების უნიოათო საქციელზე საუბრობდა, თუმცა ალბათ ბოღმა ალაპარაკებდა, რადგან ლივერპულს მსაჯებიც ვერ შველიან...

 -არ დავიშალოთ რა სახლებში
-აბა სად წავიდეთ?
-ვიბოდიალოთ რა
-კი, კი, მე მინდა, დავემშვიდობოთ ამათ და წავიდეთ

-თაკო არ მიდიხარ სახლში, დაგტოვებდი
-არა გიო, გარეთ ბოდიალის დროა ახლა, სახლში რომ მივიდე, კომპიუტერი უნდა ჩავრთო, ან ჩავუჯდე იმ  მასალას, რაც მომეცი და ახლა ამ ტეკილა დალეულზე, ყველაზე ნაკლებად მინდა ეს, წამოდი თუ გინდა
-არა იყოს, დილით ადრე უნდა ავდგე და შენც ეცადე არ დააგვიანო სამსახურში
-ნუ ღელავ, არასდროს ვაგვიანებ და არც გართობა მიშლის ამაში ხელს, წადი დაიძინე.

”არ მინდოდა რომ წასულიყო, მინდოდა მიმეყვანა სახლამდე, სანამ მივიდოდით სახლამდე, მისი ხმისთვის მესმინა, მინდა რომ სულ ლაპარაკობდეს, როცა თაკოსთან ერთად ვარ, ლაპარაკის სურვილი საერთოდ მეკარგება, მინდა რომ ვუსმინო და როცა ხმას ვიღებ, ეგ წამები დაკარგული მგონია, რადგან მისი ხმა არ მესმის და რა მჭირს ვერ გავიგე, ვეღარ ვცხოვრობ საკუთარ თავში”

ისეირნეს ბევრი, თაკომ ძალიან ბევრი დალია და ასჯერ წაიქცა, ასჯერ ჩავარდა ისტერიკაში სიცილისგან და ასჯერ იგრძნო, რომ ცხოვრება მაგარი იყო...
ბოლოს ხელში აიყვანა ნიკამ და აიყვანა სახლამდე...

-კარგი დღე გამოვიდა
-ცუდი როდის გამოგვდიოდა ანიუტ
-არასდროს პრინციპში, მაკლდა ეს ყველაფერი
-ახლა გექნება, აქ ვარ და აქ ვიქნები
-არ უნდა მეჩქარა მგონი, რა დროს ჩემი გათხოვება იყო
-ახლა გოდება არ დაიწყო, სანანებელი არ არის ეგ საქციელი, გიყვარდა და იმიტომ გაყევი, თან ძალიან კარგ ადამიანს, დღეს რომ ვაკვირდებოდი ირაკლის, მივხვდი რომ ახლაც უყვარხარ და ალბათ ბოლომდე ეყვარები
-აბა რატომ აღარ არის ჩემთან?
-შენ აღარ გიყვარს და იმიტომ, ფეხბურთის დროს სულ იხედებოდა, როცა მანჩესტერს უტევდნენ შენ გიყურებდა, ყველაფერი ენატრება შენთან დაკავშირებული
-რა იცი?
-ადამიანი ვარ და ვიცი და მეც მომნატრებია ადამიანები
-არ მჯერა, შენი მონატრება არ გაიშვას, ვინ მოგნატრებია ოდესმე?
-შენ მენატრებოდი...

შეხედა ანიმ, ეცადა რაღაც ამოეკითხა ამ ნათქვამში, ძალა ჰქონდა ამ ნათქვამს, ისეთი ძალა, რომელიც თავიდან სიცოცხლის დაწყების საშუალებას მოგცემდა...

-ვიცოდი რომ დაგაგვიანდებოდა
-5 წუთი არაფერს წყვეტს
-არაფერს, მაგრამ პასუხისმგებლობის ამბავია
-რა გინდა გიო?
-არაფერი, უბრალოდ გერმანიაში რომ წაგიყვანო, ხომ უნდა მქონდეს შენი იმედი
-რა თქვი ? მე უნდა წამიყვანო?
-ხო, გამოცდილებისთვის კარგი იქნება...

შაბათიც მოვიდა, დილის 7 საათია და ნიკა ანის ელოდება ქვემოთ

ზღვა
ბუნება
სიცივი
”პარაშუტი”
მოგზაურობა
საოჯახო სასტუმრო 

-სიმაღლის რომ მეშინია, გახსოვს ალბათ
-არაუშავს, გაფრენა თუ გინდა, დაძლევ ამ შიშს

მერე გაფრენაც იყო
მზეც იყო
უკანა გზაზე რაჭაში გავლაც

-მეოთხე დღეა თბილისიდან შორს ვართ და ისე არ მინდა დაბრუნება
-წამოვიდეთ კიდევ, თაკოც წამოვა და დანარჩენებიც, ფოტოებიც კარგი გამოვიდა
-მოკლედ ყოფილი ქმარიც და მეგობრებიც ფოტოების გადაღებაში მაგრები ხართ
-”ყოფილი ქმარი” რა საოცრად ეძახი, რა უბედურებაა, სახელი დაუძახე, ისეთ ტიპს ემსგავსები, მაგრად რომ არ მევასება, ”კაცების სინსილა გაწყდეს” და ”ყველა კაცი ერთნაირია” -ს ტიპს, ყოველთვის მომწონდა შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ინდივიდუალური მიდგომა მათდამი და არ დაკარგო ეს თვისება რა, ყოველთვის მაგალითი იყავი ჩემთვის გულწრფელობის და ჯანსაღი ურთიერთობის
-ძალა არ მაქვს თითქოს, ვერ ვპატიობ საკუთარ თავს და ბოღმა ირაკლიზე გადამაქვს
-რას ვერ პატიობ? ოჯახის დანგრევას ? ეს არ არის შენი ბრალი, ასე მოხდა, შეიძლება გეგონა რომ გიყვარდა, ან ძალიან არ გიყვარდა, მაგრამ მთავარია რომ ცუდი არ გინდოდა მისთვის, ცხოვრება ურთიერთობებისგან შედგება, რაღაც არ გამოვა, რაღაც გამოვა, მაგრამ მთავარია რომ ცუდი არავისთვის გინდოდეს, გიყვარდეს ცხოვრება, როგორც ადრე და შეირგე მაინც რომ ცოცხალი ხარ და თანდათან ბედნიერად სიცოცხლესაც ისწავლი
-ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნები ჩემს ცხოვრებაში
-ვიცი, რადგან შენც ასე იქნები მუდამ
-მიყვარს შენი არაეგოისტური გრძნობა ჩემდამი
-მეგობრობა გამორიცხავს ეგოიზმს
-ისე მე და შენ დავამთკიცეთ, რომ გოგოს და ბიჭს შორის შეიძლება იყოს მეგობრობა
-ჯერ არაფერი დაგვიმტკიცებია
-ამით რისი თქმა გინდა
-იმის, რაც ვთქვი
-საშიშროება არსებობს?
-ყოველთვის იარსებებს...

-თაკო ხინკალი არ გინდა? იქნებ უშველოს შენს ”პახმელიას”
-11 კათხაში ჩავირბინოთ, ბევრს ვერ ვივლი
-წამოდი...
  
”ან, ხინკლის საჭმელად მივდივარ გიოსთან ერთად, მგონი დამიმეგობრდა ცოტათი, გერმანიაში უნდა რომ მე წავიდე, მაგრამ მეშინია, გიოსთან ერთად უცხო ქალაქში, სულ მასზე ვიქნები დამოკიდებული და მერე შემიყვარდება და მერე უნდა ვიტანჯო, რადგან თავად მეგობრულად მიყურებს, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა, მაგრამ ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შეიძლება ”სკუპი” გავაკეთო, მალე ჩამოდი რა, ნიკუშას მოკითხვა, იდიოტი ეგ” 

”ნიკამაც მოგიკითხა, მინდორში ვართ, გაშლილი გვაქვს დასაფენები და მზეს ვუყურებთ, ცალი თვალი მოჭუტული მაქვს და ისე გწერ, უნდა წახვიდე გერმანიაში, ასეა საჭირო საქმისთვის, კარგია რომ დამეგობრდით, ეგეთ რთულ ტიპთან, შენ თუ გამონახავდი საერთოს, წადი ჭამე ხინკალი და გააცინე ხოლმე ეგ შეშასავით ბიჭი”

სურვილი სრულდება ?
გააჩნია სურვილს, შენი სურვილი არც შენ უნდა გაზიანებდეს და არც სხვას და ასეთ შემთხვევაში სრულდება...
ის შრომაც ტკბილია, რომელიც ამ სურვილის ასრულებისთვის გაგვიწევია და თავად ახდენის წამიც...
ხშირად ამბობენ, რომ სანამ აგისრულდება სურვილი, ეს პერიოდი უფრო ტკბილიაო
ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუ სურვილი ძლიერია, ახდენის შემთხვევაშიც ძლიერი იქნება, არ უნდა  გააუფასურო არც საქმე, არც სურვილი, არც ადამიანი...
როცა რამე არ გამოდის და ძალიან გინდა რომ გამოვიდეს, რა უნდა გააკეთო, რომ ისევ მხიარული იყო?
სცადე ბევრჯერ, მაგრამ შენს სიხალისეს ნუ შესწირავ, ნურც ერთ ადამიანს შესწირავ მეორეს და ნურც ბედნიერებას მოწყენილობას...
ძნელია ასე
ძნელი არის, მაგრამ გაჩერდი წამით და იფიქრე, რომ ხვალ შეიძლება აღარ მოგეცეს სიცოცხლის საშუალება, მაშინ ხომ შეძლებდი ბედნიერებასთან ერთად ცხოვრებას, ხომ არ მოიშორებდი თავიდან და ხომ იქნებოდი კომფორტულად მასთან ერთად, ასე იფიქრე ხოლმე და უფრო კარგად იცხოვრებ...
კი არ იარსებებ
იცხოვრებ...

Saturday, September 21, 2013

ყველაზე რთული მეორე დღეა, როცა ადამიანებს კარგავ, თენდება და გგონია, რომ გუშინდელი დღე სიზმარი იყო, მაგრამ მერე ხვდები, რომ გუშინდელი დღე იყო რეალობა და დღევანდელი დღეც რეალობაა, მაგრამ მის გარეშე და არ გინდა ეს რეალობა, მაგრამ არც სხვა რეალობა არსებობს, ეს არის ის, რასაც უნდა შეეგუო და იცხოვრო ამ რეალობასთან ერთად, ან შეცვალო რამე, მაგრამ რომ არ იცვლება, აი ამაშია საქმე...

 3 კვირაც გავიდა, დროა თბილისში დაბრუნების, საქმეს უნდა მიხედოს ყველამ, საქმე რომელიც აირჩიეს, კარი ჩაიკეტა და ზაფხულამდე დაემშვიდობნენ ყაზბეგს...

ორივე ჩუმდა ისხდნენ სამარშუტო ტაქსში და საკმაოდ განსხვავებული იყო მათი ფიქრები, გზა საუკთესო საშუალებაა ჯანსაღი ფიქრისთვის.

”ძალა მომეცეს ახლა, რომ თავიდან თუ არა, ახლებურად მაინც დავიწყო ცხოვრება, ხალისი არ დავკარგო და მჯეროდეს, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ვიმუშავო მთელი გულით, მიხაროდეს ისევ მუსიკის მოსმენა, ადამიანები მიხაროდეს და ფეხბურთი ისევ საუკეთესო ამბავი იყოს განტვირთვისთვის, მაგრამ ახლა მგონია, რომ ვერ შევძლებ ამას...”

მთები გაცილებენ და თითქოს გეუბნებიან, რომ მათი იმედი თბილისშიც უნდა გქონდეს და გთხოვენ დაბრუნებას, რომ კვლავ მიგიღონ, ჩაგიხუტონ და დაგიცვან... მთა მზრუნველია...

”ხვალ სამსახური, პირველად მივდივარ,  რა თქმა უნდა გიომ უნდა ამიხსნას ყველაფერი, ეს ასეა, ეს ისე და თავისი თვითდაჯერებული სახით უნდა ამიშალოს ნერვები, ისე რამდენჯერმე შემომხედა და ის წამი სულ მემახსოვრება, როცა თვალები შეხვდა ერთმანეთს, კარგი შეხვედრა იყო, ნეტავ დრო გაჩერებულიყო, არ მომბეზრდებოდა მისი ყურება, კომფორტულად ვგრძნობდი თავს იქ”

მერე გეგებება თბილისი და უკვე გრძნობ რომ შინ ხარ, ეს რეალობაში დაბრუნებას ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ ყაზბეგიც რეალობა იყო, აქ უკვე მოვალეობებია, ოჯახია, მეგობრებია, გადასახადებია...

-საღამოს რას აპირებ თაკ ?
-მოვემზადები ხვალისთვის
-გთხოვ ფეხბურთის ისტორიას არ ჩაუჯდე, იცი ისედაც და ნუ გეშინია რა
-შენ რას აპირებ ?
-”რა? სად? როდის? -ის ჩაწერაა დღეს და მივყვები ნიკუშას, იქ ვიქნებით ალბათ გვიანობამდე
-შენი პოზიტივის წყაროა ნიკა
-კი, ნიკა რომ არ იყოს, ალბათ ვერ ვიცოცხლებდი, საერთოდ მეგობრებში გამიმართლა
-ჩვენც გაგვიმართლა შენში, დღეს მოვიწყენ საღამოს, შენს საუბარს რომ ვერ გავიგებ
-მეც, ასე იცის ერთად დასვენებამ
-ხვალ ხაზზე ვიქნები...

დედა რომ გხვდება სახლში, ისევ ფიქრობ, რომ პატარა ხარ და გინდა რომ მოგიაროს და ასეც ხდება პრინციპში, გახვედრებს ცხელ ხაჭაპურს, ცივ წვენს, ნამცხვარს, ჩაის და მერე გელოდება, როდის მოუყვები ყველაფერს, მერე შენ ეუბნები, რომ ცუდად იყავი და ისიც პანიკდება, მაგრამ მერე ღიმილი ეფინება სახეზე, რადგან ახლა ჯანმრთელს გხედავს, მაგრამ გაფრთხილებს, რომ შემდეგზე წამლები წაიღო...

-დე, ვშორდები ოფიციალურად
-ხომ დაშორდი უკვე და ეს ოფიციალურობა მხოლოდ ფორმალობაა
-არადა არ მინდა
-ანი, ახლა გგონია, რომ ვერ გაძლებ მაგის გარეშე, მაგრამ მხოლოდ ამ შიშის გამო არ დაიწყო ამ ურთიერთობის გადარჩენა, მამაშენი არასდროს მომბეზრებია, ბოლოს ძალიან ცუდად რომ იყო, რომ ვერც დგებოდა და ყველაფერს მე ვაკეთებდი მის მაგივრად, რომ არც მეძინა, ასეთ დროსაც კი, მინდოდა სულ მეყურებინა, რომ მეხსიერებაში დამრჩენოდა სამუდამოდ, საერთოდ არ მეძინა, რადგან მეშინოდა, მარტო არ დარჩენილიყო სიკვდილთან, მარტოდ არ ეგრძნო თავი, არ ეფიქრა, რომ აღარ მიყვარდა, რადგან ბოლომდე მიყვარდა, გულს რაღაც საოცრება ემართებოდა, როცა ვხედავდი და ახლაც რომ ვიხსენებ, გული ისევ სითბოთი ივსება
-დეე, მამა ძალიან მაკლია, ახლა ამიყვანდა ხელში, დამატრიალებდა და მეტყოდა, რომ მე ისევ მეყვარება სიცოცხლე და ვიქნები ბედნიერი, დე, ხომ იცი, სიცანცარით არ გავთხოვილვარ, სულ მჯეროდა და ვიცოდი, რომ ეს ყველაზე სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა ცხოვრებაში და რამე ცუდი რომ მომხდარიყო, ამას ვერ გადავიტანდი
-ხელი არ ჩაიქნიო და წამოდექი, ტელეფონი გირეკავს და აიღე თან :)

ნიკა ანის მეგობარია, საერთო მეგობრისგან გაიცნეს ერთმანეთი ბარში, ჯერ კიდევ ირაკლის გაცნობამდე და წლებია მეგობრობენ, პირველივე შეხვედრიდან, ნიკა ანის დასაყრდენია, აი ხომ არსებობენ ადამიანები, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობით, ადამიანებს ხან სჯერათ ახლო მეგობრობის, ხან არა, მაგრამ ამათ სანამ სჯერათ, მანამ გამოსდით...

-ოჰ მოგხდომია ყაზბეგი, აქედან ჩამოღვენთილი გაგიშვი, აყვავებულხარ რაღაც
-დაიწყე ცინიკური ხუმრობები, არ დამინდო, ირაკლის ვშორდები
-გავიგეთ ეგ, ხომ იტირე იმ დღეს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ გამაფრთხილე, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიტანო შენი დეპრესია, მოვემზადები რა
-გვერდში იყავი, იხუმრე, წამიყვანე ყვალგან, სადაც წახვალ და გამოვალ თანდათან
-ცოლადაც ხომ არ მოგიყვანო?
-იდიოტო

სტუდია
ნიკას პიჯაკი
-მოდი შემომხედე, როგორ გამოვიყურები
-კარგი ხარ, მიდი მაგრად ითამაშე, აქ ვარ და გიყურებ
-რომ მიყურებ, იფიქრე კიდეც და სევდიან ფიქრებს არ მიეცე
-ხო, კარგი

თამაში მოგებულია, ახლა გასეირნების დროა, ლუდიც დაილევა და საუბარიც იქნება...

-სად წავიდეთ?
-წამოდი ”დუბლინში”
-შაბათ-კვირას თუ გცალია წამოდი ზღვაზე, ცივა უკვე, მაგრამ ”პარაშუტით” ვაპირებ გაფრენას და წამოდი გაგაფრენ
-წამოვალ, მორიგეობა არ მიწევს და ყველგან წამოვალ, ნიკუშ, ვიცი მოსაბეზრებელი ვარ ჩემი წუწუნით, მაგრამ გთხოვ არ გამიშვა უფსკრულისკენ, თუ წავბორძიკდი, დამიჭირე რა
-ანიუტ მომისმენი, არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ვიცი რომ გიყვარდა ირაკლი, მაგრამ ამოწურე ალბათ შენი თავი მასთან და ახლა ნუ დაიხევ უკან, შეგეძლოს ადამიანების გაშვება, ნუ იცი მიჯაჭვა, აი გაუშვი, თავისუფალი იყავი ყოველთვის. მახსოვს პირველად რომ დაგინახე, ვიფიქრე, რომ შენზე ხალისიანი გოგო არ დადიოდა დედამიწაზე და მერე გახდი ჩვეულებრივი, არ ვამბობ რომ ოჯახი ცუდია, უბრალოდ ყველაფერი ერთ ადამიანში ჩადე, ერთ სახლში, გარშემო მხოლოდ შენი და ირაკლის საერთო ნაცნობები შემოიკრიბე და ჩვენ გადავიწიეთ სადღაც იქით, მე ეს არ მწყენია, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ გული დამწყდა, რომ აღარ იყავი ისე ხშირად ჩემთან, შეიძლება შეიცვალო, მაგრამ უკეთესობისკენ მაინც, იმიტომ კი არ თხოვდებიან, რომ აღარ იყვნენ მრავალფეროვნები, პირიქით, უნდა გესწავლა, ლაშქრობებში გევლო, გემღერა, გეცეკვა, მარტო ფეხბურთზე რომ დადიოდი, ისიც ირაკლის სამეგობროსთან ერთად, რომ მიატოვე ჩვენი ბარი და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იყავი მანჩესტერში, ვისთან ერთადაც ნახე პირველი მატჩი
-მართალი ხარ ნიკუშ, საკუთარ თავთან დავუშვი შეცდომა, ვერ შევმატე ჩემს პიროვნებას რამე ახალი, გავიყინე და ვერ გავიზარდე
-ნუ არც ასეა საქმე, მაგრამ ხალისი სადღაც გაუშვი და გთხოვ ახლა დააბრუნო რა, მაკლიხარ ხალისიანი...

ღამე გვიან მოვიდა სახლში, აღარ იყო ცარიელი, ადამიანები ტოვებენ შენზე კვალს, გულს გიშუშებენ და ცუდი ფიქრები მიაქვთ შენგან და იმედსაც გჩუქნიან...

-დე, მაღვიძარას ვაყენებ, მაგრამ მაინც გამომხედე რა დილით, არ ჩამეძინოს
-კარგი დე, ტკბილი ძილი
-დე
-რა იყო?
-მიხარია რომ ხარ და რომ ჩემი დედიკო ხარ
-ძილის წინ ნუ მატირებ
-დე
-რა იყო ?
-დე, არ მიმატოვო რა, სულ იყავი
-კარგი დეე
 მერე იყო შუბლზე კოცნა, ეს კოცნა ყველაზე სუფთაა, საერთოდ დედასთან არსებული გრძნობა ყველაზე უანგარო და ყველაზე კეთილია...

დინებას გაჰყვე, შეებრძოლო, თუ როგორ მოიქცე ამ სასწაულში, რასაც სიცოცხლე ჰქვია, არ ვიცი ზუსტად, ხანადახან არაფერი გიხარია ადამიანს, ხანდახან ყველაფერი გახარებს, მაგრამ როცა არ გიხარია, იმის იმედს არასდროს კარგავ, რომ გაგიხარდება, თუმცა ხანდახან ეს იმედიც იკარგება, შეიძლება ლოგინიდან საერთოდ ვერ ადგე, არ გქონდეს სიცოცხლის ძალა, მაგრამ მაინც ეცადე, ბოლო ძალა მოიკრიბე და არ დაკარგო იმედი, ის ტკბილი იმედი, ის ძლიერი იმედი, რომელიც შენს გულში ცოცხლობს, არ გაუშვა იქიდან, სევდას არ მისცე უფლება, რომ გააცილოს, დაემშვიდობოს და შენი გულის კარი მიუკეტოს იმედს...

არსებობენ ადამიანები და არც იციან, თუ რა დიდი გავლენა აქვთ შენს ბედნიერებაზე, ნაცნობები არიან, მაგრამ ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, იმისთვის გამოჩდნენ, რომ რამე შეცვალონ მასში...
დადებითი ადამიანები ახლოს გყავდეს, იმ გაგებით, რომ იფიქრე ხოლმე მათზე, ცუდად როცა ხარ, გაიფიქრე რომელიმეზე, წარმოიდგინე, როგორ მოიქცეოდა ახლა რომ შენს გვერდით ყოფილიყო, აცხოვრე ადამიანები გულში, მაგრამ თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცი...
მეგობრობაში
სამსახურში
სწავლაში
სიყვარულში
მთავარი თავისუფლებაა
არ დაავალდებულო ვინმე, რომ აუცილებლად ძალიან უნდა უყვარდე, არ გააკეთო ეს, გაეცი ყურადღება, მეგობრობა, საჩუქარი, მოთმინება, მაგრამ არ იფიქრო იმაზე, თუ რას მოგცემენ ისინი...
იყავი თავისუფალი
თავისუფლად იცხოვრე და ამ თავისუფლებით არ შეზღუდო სხვისი თავისუფლება...
გიყვარდეს ადამიანები თავისუფლად, ნიშნავს იმას რომ ენდობოდე მათ, პატივს სცემდე და იყო ერთგული...
არ შებოჭო ადამიანები
გიყვარდეს ისინი
იზრუნე მათ ბედნიერებაზე...

Friday, September 20, 2013

ღამე არ ეძინა გიოს, თითქმის არ ეძინა, ეღვიძებოდა,ფიქრობდა და ფიქრი არ აძლევდა ძილის საშუალებას, არავის გამო გადარეულა, თავისი სამყარო ჰქონდა ყოველთვის, უყვარდა მოგზაურობა, უყვარდა მთები, გერმანიაც უყვარდა და ლუდიც და ოქტომბერში ხშირად ჩადიოდა, მაგრამ ახლა საწოლშია და ვერ იძინებს, რატომ ხდება ასე, რა არ აძინებს, თაკო ადრეც ჰყავდა ნანახი, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება, საერთოდ ადამიანებს არ აქცევს ყურადღებას, ჰყავს თავისი ადამიანები და ყოფნიდა დღემდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია...
ან მალე გათენდეს და ან არ ვიცი, სად მივდივარ, რატომ მივდივარ, რა მიზნით, არ ვიცი რა არის ეს, მინდა რომ უქვე იქ ვიყო, რომ არ იყოს გზა გასავლელი, მინდა რომ უბრალოდ დავინახო და ხმა გავიგო, შორს ვიჯდები, ახლოს არც მივალ, მინდა მესმოდეს ეს ხმა, რომელშიც არის სევდაც, მაგრამ არის მხიარულებაც, არის შიშიც და არის სიცოცხლეც...

გათენებას უყურა და 7 საათზე უკვე ირაკლისთან გაუშვა ზარი
-გღვიძავს ?
-კი, გამაღვიძე ამ წამს
-წავიდეთ რა
-შენ ვინ ყოფილხარ, 24 წელია არავინ შეგყვარებია და ახლა რამ შეგშალა
-წავედით, წავედით, გთხოვ
-გამოვალ მალე

ვიცი რომ ნახევარ საათში მოვა, მაგრამ ეს დრო რა ნელა გადის, მგონია რომ ღამეა და ისევ უძილობას ვებრძვი, ეს რაღაც სიგიჟეა და არ ვიცი როგორი უნდა ვიყო ამ სიგიჟეში...

ირაკლი სახლთან იყო
კიბეებზე ჩასვლა საოცრად სწრაფად გამოუვიდა

 -ჰა რა ჩავრთო?
-რამე შოტლანდიური ჩამირთე რა, იქნებ გავითიშო ცოტა ხნით
გუდაურის მერე ცუდი გზაა, იმ გაგებით, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად უყვარს ორივეს ყაზბეგი, რომ ეს გზა რა მოსატანია...

თაკოს და ანის გვიანობამდე ეძინათ, მერეც ეზარებოდათ ადგომა და დიდხანს ნებივრობდნენ ლოგინში, იხსენებდნენ 1000 სისულელეს და კარგად გრძნობდნენ თავს...

-ან, მაინც ფიქრობ რომ არ უნდა მომეწონოს გიო ხო ? მასწავლე რა ფიქრების დაბლოკვა
-ფსიქოლოგი არ ვარ, ქირურგი ვარ თუ გახსოვს, თუ გინდა მოგწონდეს, მაგრამ რაღაც სხვა განზომილების ბიჭია და არ მინდა რომ იტანჯებოდე, თან ვიცი რა მოუსვენარი ხარ, მეშინია არ უთხრა რომ მოგწონს
-შენ არ იყავი ირაკლის რომ პირველმა უთხარი და რა დაკარგე ამით?
-ამით არაფერი, მაგრამ ზოგადად ირაკლი ხომ დავკარგე
-შენ დაშორდი და რა მაგის ბრალია
-მორჩა, წავედით ყავა დავლიოთ

11 საათი ხდებოდა, მანქანის ხმაა, მამა ხომ არ ჩამოვიდა?
-ვაიმე ან, ირაკლია
იხედება ანაც
-მარტო ირაკლი არ არის, ოპაააა :))

მერე იყო თბილი შეხვედრა, გაურკვევლობაც იყო, ვინ რისთვის ჩამოვიდა რომ არ იცი, ირაკლი ცივად იქცეოდა, ყველანაირად აგრძნობინა ანის, რომ მის გამო აქ არავინ ჩამოსულა, თუმცა ყაზბეგში გასეირნება ამეგობრებს ადამიანებს...

გიო ხმას ისედაც ნაკლებად იღებს და ახლა საერთოდ, გინდა თქვა ძალიან ბევრი რამ და საბოლოოდ ვერაფერს ამბობ...

საღამოს იყო ცეცხლი
ნათესავებიც
მეზობლებიც
იყო ლუდიც
არაყიც
და ღვინოც
გიტარაც, რომელზეც გიო უკრავდა
თაკო პირდაპირ იჯდა, მაგრამ ვერ უყურებდა გიოს, თითქოს  ეშინოდა, მასაც არ შემოეხედა და არ ეფიქრა, რომ ესეც უყურებდა, გიო გახედავდა ხოლმე, მაგრამ მისი თვალები სადღაც შორს იყო, მერე მოდიოდა სევდიანი ფიქრი, არ იყურება, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გამოიხედოს...

მერე perfect day-ს აკორდიც გაისმა და თაკომ გაიხედა მისკენ, აინტერესებდა ამ პირველ აკორდზე, რა სახე ჰქონდა მას...
თვალების შეხვედრა დიდი შეხვედრაა, თითქოს სადღაც შორს მიდიხარ, თითქოს ოკეანეც არის და მთაც, სიცოცხლეც არის და სიკვდილიც, თითქოს ყველაფერია ერთად...
გიომ გაუღიმა და ამ ღიმილით მთელი სითბო გადასცა, რასაც იმ წამს ატარებდა გულით...

-გამიკვირდა რომ ჩამოხვედი
-ვიცოდი ანიუტ, რომ გაგიკვირდებოდა, მაგრამ ჩვენს გამო არ ჩამოვსულვარ
-ვგრძნობ ამას და მწყდება გული
-ან ასე აჯობებს, ერთხელ აგიცრუვდა გული და ჩემთვის ეს დასასრულია, არ მჯერა, რომ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და თან ვერ იტანდე მას, გარბოდე მისგან, ეს ჩემთვის გრძნობის დასასრულია და არ მინდა ქაღალდის გამო იყო ჩემთან, სჯობს დავშორდეთ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენი ზარი ყოველთვის აღებული იქნება, შენი მესიჯი ნაპასუხები, კარი გაღებული და თხოვნა შესრულებული
-ანუ არ მაპატიებ ?
-რა გაპატიო ან, აღარ გიყვარვარ და რა გაპატიო, მისმინე, ახლა გგონია, რომ დამკარგავ, როგორც მეგობარსაც და იმიტომ მებღაუჭები, მაგრამ გპირდები, რომ ასე არ იქნება
-ირაკლი
-კარგი მორჩა, არ გვინდა ახლა ეს საუბარი...

იმ წამს ეგონა რომ მორჩა ცხოვრება, შეიძლება ინფარქტს ძლიერი ტკივილი აქვს, მაგრამ არც ეს არის ნაკლები, მთელს სხეულს აზანზარებს და გგონია, რომ ვერ გადადგავ ნაბიჯს, გგონია, რომ ეს არის ის, რასაც სიკვდილს ეძახიან...

ანი ოთახში შევიდა და დაიძინა, ძილი კარგი საშუალებაა, როცა რეალობა გაუსაძლისია, გინდა გეძინოს, სანამ არ მოგვარდება პრობლემები, სანამ არ დალაგდება ცხოვრება...

-ან გაიღვიძე 2 საათია უკვე
-რატომ გავიღვიძო?
-რა ვიცი მოვიწყინე, 2 საათია მღვიძავს
-გაიღვიძეს?
-წავიდნენ უკვე, არც დაუძინიათ, იმედი მაქვს მშვიდობით ჩავლენ
-იმედია
-რა მოხდა გუშინ, ადრე რომ დაწექი?
-არაფერი, მორჩა ჩემი ამბავი
-არ მორჩება, უყვარხარ
-ჩემი გრძნობის არ სჯერა და ანუ მორჩა...

ხანდახან გგონია, რომ მთებს აიღებ და დამალავ, ოკეანეს დალევ, ცეცხლში ჩახტები, მაგრამ როცა მოქმედებაა საჭირო, ქვა ხდები, ხარ მიწაზე და ვერაფერს აკეთებ, ელოდები რომ ვინმემ ფეხი გკრას და გადაგაგდოს და იქნებ ეს იყოს ქმედება, ოცნებაში ძლიერი გგონია თავი, მაგრამ სინამდვილე სხვანაირია, არის ეჭვები და არის ცრუ შიშიც, რომელიც მთავარზე აგაღებინებს ხელს...

გაუშვი ადამიანები, თუ უნდათ წასვლა, მაგრამ ბოღმა არ გაატანო, გაუშვი გულით, მაგრამ გულში დაიტოვე, აცხოვრე იქ, მოუარე, ესაუბრე, ჩადი გულში და გაატარე მათთან დრო, უსურვე ხოლმე კარგი და მათზე კარგს რომ გაიგებ, იყავი ბედნიერი...
ძნელია ?
ალბათ
სულ ?
ალბათ
მნიშვნელოვანია?
ყველაზე ძალიან
რატომ, იქნებ არ არის ასე ?
იმიტომ რომ ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ
რისთვის?
იმიტომ რომ უყვართ
ხანდახან ხომ პირიქით ხდება, მხოლოდ საჭიროების გამო რომ არიან ერთმანეთთან
ალბათ არიან, არა, ალბათ არა, არიან, მაგრამ შენ ნუ იქნები ასე...
 

Thursday, September 19, 2013

ირაკლის წასვლის შემდეგ დაცარიელდა სახლი, რომ შედიხარ ოთახში, სადაც ის იჯდა და ჩაის სვამდა და ახლა აღარ ზის, უსაზღვრო სევდა მოაქვს ამას, ანი კითხულობდა, ფოტოებს იღებდა, დადიოდა ყაზბეგში ისე, თავისთვის, იცნობდა თაკოს ნათესავებს და ისინი ისეთები არიან, რომ არ მოგაწყენენ...

-თაკ, კიდევ ერთი კვირა დავრჩები რა, არ მინდა თბილისში
-დარჩი ანი, აქ არაფერი ხდება, ჩვეულ სისწრაფით მივექანებით
-დღეს დავალაგე სახლი, მთელი სოფელი მეხმარებოდა და საღამოს დიდი სადილი მოვაწყვეთ, ცოტა დავლიეთ და ახლა კარგად ვართ
-ვერ მოვითმენ რომ არ გითხრა, გიო შემეხმიანა გუშინ, აი ირაკლის ძმაკაცი, დინამოზე რომ მუშაობს, რაღაც ვაკანსია გვაქვსო და ხვალ მივდივარ გასაუბრებაზე
- რა მაგარია, ბუნებრივი იყავი და თქვი ის, რასაც ფიქრობ და არ აპარპაშო ეგ ”სკაუზერი” და მომწერე რა მოხდება
-კარგი ანიუტ :)

როცა ქალაქში არ არის უფრო რთულია ცხოვრება, რადგნ ქუჩაში რომ გავდივარ მგონია რომ შემხვდება, ახლა ვიცი რომ შორს არის, მთებში და გარეთ გასვლაც ნაკლებად მინდა, ამიტომ ვრჩები ალბათ სამსახურში დიდი ხნით, სახლში არავინ მელოდება და მეგობრებსაც არ მინდა ჩემი უჟმური სახით მოვაბეზრო თავი, მაგრამ მინდა მათი ნახვა, თან დღეს ლიგა იწყება და მარტო ყურება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება, გიოს დავურეკავ, მაგის გუნდი არ თამაშობს, მაგრამ როგორც ფეხბურთის ექსპერტს ენდომება ყურება...

-გიო სად ხარ?
-დინამოზე ვარ 
-საღამოს გამოდი, ფეხბურთს ჩავუჯდეთ
-კარგი, ლუდს წამოვიღებ და ვუყუროთ

სუფრა ეზოში იყო გაშლილი, მეზობლებმაც მოიტანეს საჭმელი, ისხდნენ, სვამდნენ ცოტას და თან საუბრობნენ, მთაში უფრო ფასდება სიცოცხლე, თითქოს ყოველი წუთი დაკავებულია, ადამიანობას უფრო დაკვირვებით სწავლობენ და თითქოს ყველაფერში სასწაულს ხედავენ, მიაჩნიათ რომ სწორად მოქცევა უფრო მნიშვნელოვანია და საქმის რთულად დასრულება, ვიდრე იოლი გზებით მიღწეული წარმატება, თანამედროეობის მიმართ აქვთ შენიშვნები, შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ იქ ეგ არ გაწუხებს, იქ ყველაფერი სულერთია, სიცოცხლის გარდა...

-ანი
-ხო ირაკლი, რა ხდება ?
-ვერ მოვითმინე, ახლა ფეხბურთს ვუყურებთ და 4:0 იგებს ჩვენი გუნდი
-ვაი, სულ გამოვეთიშე სამყაროს
-რას შვები ? ვერ უყურებ მანდ ?
-არ არის ტელევიზორი, ვსვამთ
-არ გამილოთდე, უფრო სწორად არ გალოთდე
-ირაკლი
-რა იყო?
-აუ არ ვიცი, დავიბენი
-ახლა არ გინდა საუბარი, დროა საჭირო, ცხელ გულზე დამშორდი და ცხელ გულზე შერიგებაც უაზრობა იქნება
-როდიდან გახდი ასეთი პრაგმატული ?
-რაც წახვედი, მას შემდეგ
-მაკლია ჩემი თავი შენთან
-მეც, მაგრამ ასე სჯობს

ტელეფონი გაითიშა, ანი კიდევ დიდხანს უყურებდა ეკრანს, თითქოს კიდევ უნდოდა რამის თქმა, მაგრამ არ აცადეს...
იქნებ შევცდი და დრო იყო საჭირო, იქნებ ხანდახან გვგონია რომ ნელდება გრძნობა და ეს განელება სულაც არ არის დამთავრება, ჩვენ კი გავრბივართ სადღაც, ძალიან შორს, მერე ვხვდებით, რომ ისევ არის, მაგრამ მოსაბრუნებელი გზები ბევრად ნაკლებია....

თაკო გასაუბრებისთვის ემზადება, რას მკითხავენ ნეტავ, ალბათ ფეხბურთზე, ეგ წესით არ უნდა შემეშალოს, მაგრამ ეს ბიჭი ისე ერკვევა, რომ  ჩაჭრის  მეშინია, აქ ხომ სამარშუტო ტაქსები სულ იგვიანებს, ადრე გავალ, თორემ ანისავით კი არ მაპატიებენ დაგვიანებას...

დინამო არენა, რამდენჯერ ყოფილა ამ სტადიონზე, მაგრამ გასაუბრებამ ნერვიულობა იცის...
-გამარჯობა
-გასაუბრებაზე ვარ
-გიორგისთან ალბათ
-დიახ
-წამომყევით...

-შემოდი თაკო, როგორ ხარ ?
-კარგად გიორგი
-ხომ არ ღელავ ?
-არც ისე, სულ ოდნავ...

დინამოს ისტორია რომ ფანტასტიკურად იცოდა, ამას არ გაუოცებია  გიორგი, მაგრამ შოტლანდიური ფეხბურთის შესახებ დეტალებმა, ძალიან გააოცა, მერე საუბარი ფილმებზეც  წავიდა და გასაუბრებამ დაახლოებით 2 საათი გასტანა
...
-დაგირეკავთ, ელოდე ზარს
-ძალიან არ დააგვიანოთ
-კარგი, რაღაც წიგნი მაქვს შენთვის და შემდეგზე მოგცემ
-ახლა აღმოაჩინე რომ გაქვს ?
-ხო, სიმართლე გითხრა, ვიცოდი რომ ერკვეოდი ფეხბურთში ირაკლისგან, მაგრამ ასე მაგრად თუ იყო საქმე, არ მეგონა...

-ანი ახლა გამოვედი გასაუბრებიდან და ცუდად ვარ
-რატომ, მიხვდი რომ ისევ მოგწონს ეგ ბიჭი ? მახსოვს შორიდან რომ ეტრფოდი :))
-რაღაცნაირი და თან გულჩათხრობილი, მაგრამ მაგის ცოდნა მაოცებს, ყველაფერში ერკვევა, ფილმებშიც კი
-ხო ვიცი, წასული იყო ეგ გერმანიაში და ახლა დაბრუნდა, მე რომ ირაკლის გავყევი, მაშინ არ იყო აქ
-მგონი ამიყვანენ, სახე ავახიე
-არ გაგიჭირდებოდა
-ყაზბეგში მოვდივარ დღეს, ახლა გადავწყვიტე
-ეეეე, რა მაგარია, რა დაგახვედრო?
-რაც გინდა, შენი გაკეთებული ყველფერი მომწონს

გუდაურთან იყო ახლოს, როცა ზარი გაისმა, გიოა, აცნობა რომ მუშაობას ორშაბათიდან უნდა შედგომოდა და მანამდე ურიგო არ იქნებოდა, რომ ენახა და რაღაც დეტალებში გარკვეულიყო, თუმცა გაიგო რომ თაკო ყაზბეგისკენ მიიჩქაროდა და ორშაბათამდე ვერ ნახავდა, ნუ თუ რა თქმა უნდა ყაზბეგში არ ჩავიდოდა...

-ირაკლი, ვიცი ასეთს არ მიცნობ, მაგრამ დღეს ანის მეგობარი იყო გასაუბრებაზე, თაკო და ავიყვანეთ
-მერე
-არ ვიცი რა მჭირს, რაც საუბარი შევწყვიტეთ, იმის მერე მინდა რომ სულ ვესაუბრო
 -ოჰ, შენ და მოწონება გიო, მიკვირს, მიკვირს, ყოჩაღ თაკოს
-კი, ყოჩაღი გოგოა
-მერე მე რა ვქნა მითხარი
-ყაზბეგში წავიდა და წავალ მეც, წამოდი კარვებით, ვიცი თქვენ მძიმე პერიოდი გაქვთ, მაგრამ მაინც გთხოვ
-მძიმე პერიოდი გვაქვს, მაგრამ კი არ გვძულს ერთმანეთი, წავიდეთ, ხვალ დილით
-კარგი...

თაკო ჩავიდა თავის ყაზბეგში, ანიმ ნამცხვარი დაახვედრა, ლამაზად მორთული და თან წარწერით
”ახლა დაიწყება ტვინის ბურღვა გიოთი”


-ანი, დავფრინავ, მეგონა დავიწყებული მყავდა, მაგრამ ისევ შემომიბრუნდა, ახლა არ დაიწყო ქადაგება, რომ არ ღირს და ეგეთები, ვიცი რომ სხვანაირია, სხვა განზომილებაშია და მე არასდროს შემომხედავს, მაგრამ ხომ გავაოცე მაინც და სამსახურშიც მთელი გულით ვიმუშავებ, მე ცალკე ვიჯდები, ის ცალკე, მაგრამ ხომ დავინახავ ხოლმე, ძალიან ლამაზია, ძალიან...
 -არაფერს დავიწყებ, უბრალოდ მინდა რომ დაწყნარდე და შეირგო ეს ბედნიერება
-წამოდი გავისეირნოთ და თან ნათესავებს დავლაშქრავ


იჩქარო, თუ გადადო საქმე, უცბად თქვა, რაც გინდა რომ თქვა, თუ გაანალიზო, დაფიქრდე და მერე თქვა?
ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, შეიძლება რომ გადადო, მერე თქმას აღარ ჰქონდეს მნიშვნელობა, ან რომ თქვა ყველაფერი გააფუჭო...
ან თქვა და ინანო, არ თქვა და უფრო ინანო...
პრინციპში შენი ნათქვამით, თუ არავის არაფერს დაუშავებ, სჯობს თქვა, რადგან მერე ეჭვებმა იცის მოსვლა, რომ მეთქვა, რომ გამომეყენებინა შანსი, რა იქნებოდა, ან რა არ იქნებოდა...
 არის დღეები, არ იცი როგორ იცხოვრო, ყველაფერი ყავისფერია, გგონია რომ ეს ბოლოა და არც არჩევანს აქვს მნიშვნელობა ცხოვრებაში, მაგრამ ასე არ არის სინამდვილეში, ჩვენს არჩევანზეა ბევრი რამ, არჩევანზე, რომელსაც გულში ვაკეთებთ...
დაფიქრდი
ჩადი გულში, სულ წუთით მაინც, იქ არის პასუხი, იქ არის ძალა...
ძალა, რომ წამოდგე
ძალა, რომ შეცვალო
ძალა, რომ შეცბლილი იყო უკეთესობისკენ...

 
 
 

Tuesday, September 17, 2013

ანი სამსახურში გავიდა, პაციენტები, მედიკამენტები და გადაერთო ამ ყველაფერზე, თუმცა დილა მაინც მძიმე აღმოჩნდა, ძირითადად ერთად საუზმობდნენ ხოლმე და ახლა დედამ მოუმზადა საჭმელი, დედის მომზადებული ცუდი კი არ არის, უბრალოდ ის დრო ენატრება...
3 წელი არ არის დიდი დრო, მაგრამ არც ცოტაა, ეს ყველაფერი არც დროზეა იმდენად დამოკიდებული, რამდენადაც ურთიერთგაგებაზე...

ირაკლიც გავიდა სამსახურში, ფინანსები, პროექტები, ღამის თენება, საქმე შველის გრძნობებს, თუ გაჰყევი საქმის დინებას, ჩაგითრევს და შეიძლება ცოტა ხნით დაგავიწყოს ის, რაც ყველაზე ძალიან გტანჯავს, თუმცა ეს არ მოხდება საბოლოოდ , მერე უცბად, გული შეგეკუმშება, დაფიქრედები რა გაწუხებს, გაგახსენდება და იდარდებ, იფიქრებ, რომ შეგეძლო რამის შეცლა და არ შეცვალე, შეგეძლო რამის თქმა, შეგეშინდა და არ თქვი და ეს ყველაფერი დაგამწუხრებს...

მერე გინდა ფორმალობებს მიხედო, მაგალითად ოფიციალურად გაშორდე, რადგან ფიქრობ ასე უფრო ადვილი იქნება ყველაფერი, ანი ფიქრობდა უკვე ამ თემაზე, მაგრამ მაინც ირაკლისგან ელოდა პირველ ნაბიჯს, ამით თითქოს პასუხისმგებლობას აკისრებდა მას, თუმცა ირაკლის ამ საკითხზე არც უფიქრია...

რატომ იყო მაშინ ყველაფერი კარგად და სად გაქრა ახლა ?


მეგობრობისას ჩვეულებრივად ვურეკავდი, ვეტყოდი წავედით ანი ლუდი დავლიოთ, ან ნაყინი ვჭამოთ, ან წამოდი კინოში, წამოდი გავისეირნოთ და მერე ყველაფერი შეიცვალა, ასე ადვილად ვეღარ ვრეკავდი, დასარეკად მომზადება მჭირდებოდა, ანუ უკვე ვფიქრობდი რომ უნდა დამერეკა, ადრე ამას მექანიკურად ვაკეთებდი, ადრე ტელეფონს სანამ არ აიღებდა არ ვთიშავდი, ახლა მესამე ზარზე თუ არ აიღებდა, ვთიშავდი, ვფიქრობდი, ხომ არ ვაწუხებდი და იქნებ რამე შეიცვალა მის გრძნობებში და ეს მუდმივ შიშში მამყოფებდა, მაგრამ მომწონდა ეს მდგომარეობა, ცხოვრებას აზრი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად, უფრო ძლიერად...
მერე მივხვდი რომ უნდა მეცხოვრა მასთან ერთად, მინდოდა ჩემი ცოლი, მეგობარი, რა ვიცი ყველაფერი ძვირფასი ყოფილიყო ცხოვრების ბოლომდე და ახლაც ასე მგონია...

ანის კარგად ახსოვდა ის დღე, როცა სამუდამოდ მასთან ცხოვრების წინადადება მოისმინა, მატჩიდან გამოვიდნენ, ძალიან დიდი საცობი იყო და ფეხით წამოვიდნენ, არჩევდნენ მატჩს, რაღაცაზე თანხმდებოდნენ, რაღაცაზე ვერ და სწორედ ამ დროს, თითქოს უადგილად, არადა ყველაზე ადგილიანად იყო კითხვა:

-ან წამოდი რა ?
-მოვდივარ, უფრო ჩქარა არ შემიძლია
-ოოო, წამოდი ვიცხოვროთ ერთად
-ეღადავე სუარესს
-ვერ ხარ ... აღარ წახვიდე სახლში და წამოდი ჩემთან, არ მინდა ”ეს 1 წელი უნდა ვიყოთ ერთად და მერე ვნახოთ ამბები”, მიყვარხარ და გიყვარვარ მგონი და წამოდი რა
-ანუ
-რა ანუ ? გვირილებიანი ბეჭედი ჩემზეა :))
-ოოოო, კარგი ხო, კარგი, კარგიიი, ვახ რა მაგარიააააააა, რა მაგარიააააააააა

და ახლა ფიქრია იმაზე, თუ რომელი მიხედავს ფორმალობას, რომელი ამოიღებს პირველი ხმას განქორწინებაზე...


-დე, ყაზბეგში მივდივარ 2 კვირით
-წადი დე, ბუნება ეხმარება ადამიანს, ბუნება ერთგული მეგობარია
-დე, სულ რატომ გესმის ჩემი?
-სულ არ მესმის, მაგრამ მჯერა შენი

ყაზბეგი,სახლი მეგობარმა დაუთმო, უნდა გქონდეს კარგი აპარატი, წიგნი, თბილი ტანსაცმელი, დანარჩენს იშოვი და თუ ვერ იშოვი, გიშოვიან, მარტო საშიშია თუ არა წასვლა? არ არის საშიში, იქ ცხოვრობენ ადამიანები, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და მშვიდად ხარ...

მაგრამ გზაში რაღაც შოკოლადმა მოწამლა ანი და ახლა ცუდად არის, თან დედას არ ურეკავს რომ არ ინერვიულოს, თან ღამეა და თან ეშინია, ავად რომ ხარ, მაშინ ყველაზე ძალიან გჭირდება ადამიანები, უბრალოდ იმისთვის, რომ უთხრა შენი ცუდად ყოფნის ამბავი, ისინიც მოგისმენენ და გეტყვიან რომ უკეთ იქნები დილით და მერე ყველაფერი წყნარდება თითქოს...

რომ დავურეკო, ან მივწერო, ეს დაემსგავსება იმ ამბავს, სიმთვრალეში რომ ურეკავენ ხოლმე შეყვარებულებს, მაგრამ მასზე კარგად ვერავინ დამამშვიდებს, ეს იქნება არასერიოზული საქციელი, რატომ ვფიქრობ ამდენს, სულ ხომ ამაზე  მეღადავება, ამდენს რომ ვღელავ და ვფიქრობ ამაზე

-ირაკლი როგორ ხარ ?
-რა ხდება ანი, მთვრალი ხარ ?
-არა, ავად ვარ
-რა გჭირს, სად ხარ ?
-ყაზბეგში და გული მერევა, მოვიწამლე, ვიცი ფიქრობ თუ რატომ გირეკავ შენ
-არ ვფიქრობ მაგას, ხომ იცი, გაგივლის მალე, დალიე ლიკანი
-კარგი ხო
-ასეა, მარტო რომ დადიხარ თაკოს სახლში
-მაპატიე რომ გაგაღვიძე
-გეპატიება
...

მერე იყო ზარი უფროსთან, მეორე დღეს სამსახურში არ მისვლის გაფრთხლება და ღამის 2 საათზე ყაზბეგში წასვლა...


2 საათი მარტო ებრძოდა ანი ცუდად ყოფნას, იმედი მაქვს არ მოვკვდები დღეს, მერე იყო მანქანის შუქი, რა ხდება ამ შუაღამისას, მერე კაკუნიც იყო, ვაიმე ვინ არის ნეტავ, მეზობელს ხომ არ უჭირს რამე...
ძლივს წამოდგა ლოგინიდან
ჩუმად მივიდა კართან
ჯერ სუნთქვას უსმენდა და შიშის ბურთულა ყელში ჰქონდა გაჩხერილი

-ვინ არის? (ამოილუღლუღა ძლივს)
-მე ვარ, გააღე

ხმა, რომელიც სულ ამშვიდებს და ხმა, რომელიც ძალას აძლევს, ადამიანი, ვისთანაც არის ისეთი, როგორიც უნდა რომ იყოს, იქ სადაც ცოცხალია...

-ვაიმეე 
-რა იყო?
-ჩამოხვედი
-ხო, რა იყო ?
-ვიტირებ
-იტირე, მოგეშვება, წამოდე დაწექი, სიცხე გაიზომე და წამალი დალიე
-არ შეგირიგდები
-მაგისთვის არ ჩამოვსულვარ
-ვიცი და ვერ ვუძლებ მაგ ფაქტს
-რა ფაქტს ?
-სიკეთეს უანგაროდ რომ აკეთებ
-ეს არ მიმაჩნია სიკეთედ, ამას სიყვარულით ვაკეთებ, გული მთხოვს და იმიტომ

სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაღალი არა, წამალი დაალევინა, საბანიც დააფარა და შუბლზე მოეფერა...

-კარგად იქნები დილას, გვერდულად დაწექი, ცუდად არ გახდე ისევ
-შენ მიდიხარ ?
-არა, აქ ვიჯდები
-ხელი გეჭიროს რა ჩემი
-მომეცი ანიუტ და მეჭირება და შენ დაიძინე
...
ყაზბეგის დილა მშვიდია და ასეთ დროს ხვდები, რომ იქ ხარ, სადაც უნდა იყო, საერთოდ ყაზბეგში გინდა რომ ჩუმად იყო, ამ სიჩუმეში პოულობ ბედნიერებას, იცი რომ ლაპარაკი ბევრ რამეს გაკარგვინებს და სიჩუმეში ბევრ რამეს იძენ...

-არ გეძინა ?
-კი, ცოტა
-მე კარგად მეძინა
-როგორ ხარ ?
-მგონი უკეთ
-ჩაის დაგალევინებ და სიცხე გაიზომე მანამდე
-კარგი :)

სიცხე აღარ იყო, მთაში ავადმყოფობა დიდხანს არ გრძელდება...

-როდის მიდიხარ ?
-საღამოს წავალ, მანამდე ვნახავ ჩემს ადგილებს
-წამოვალ რა
-თუ სუსტად არ ხარ წამოდი
-წამოვიღო აპარატი?
-წამოიღე...

ეს იყო ჩამოსვლა, იმიტომ რომ უყვარდა და არა იმიტომ, რომ ამას შერიგება უნდა მოჰყოლოდა, ეს იყო საქმე, რომელსაც აკეთებენ, იმიტომ რომ უყვართ...

მერე იყო ადგილები, რომელიც უნდა ნახო ყაზბეგში, უნდა შეიგრძნო, რომ ხარ გარშემო სულ მთებში და ხარ დაცული...

იყო ფოტოები
ყვავილებიც იყო
იყო სინანულიც
და სიყვარულიც ჯერ კიდევ იყო, მაგრამ ამ ყველაფერზე არ ყოფილა საუბარი, ეს ყველაფერი უბრალოდ იგრძნობოდა...

-რამე ხომ არ გრჩება ?
-არ ვიცი, თუ რამე დამრჩა წამომიღებ
-მადლობა რომ ჩამოხვედი
-მადლობა როგორ გაპატიო
-არ ვიცი
-წესიერად ჭამე და დაისვენე
-ირაკლი
-რა იყო?
-არაფერი ისე
-კარგი...

წავიდა
იდგა ანი და უყურებდა და ფიქრობდა, რომ მაინც გაუმართლა ცხოვრებაში, თან ისე გაუმართლა, რომ არ იმსახურებდა ამას...

გონებით უნდა იმოქმედო ცხოვრებაში, თუ გულით, ეს საკითხი საუკუნეების წინ დაისვა და დღემდე ვერ გადაწყვეტილა და ვერც გადაწყდება ალბათ, გააჩნია სიტუაციას, ადამიანებსაც გააჩნია და ყველაფერს საერთოდ, მაგრამ როცა ვინმეს სჭირდება შენი ყოფნა გვერძე და შენ ამ დროს გონებით საზღვრავ რაღაცეებს, ეს სიყვარულით გასაკეთებელ საქმეს აფერხებს...
ამიტომ როცა ადამიანებისთვის აკეთებ რამეს, ამ შემთხევაში გული სულ ოდნავ წინ წამოწიე და გონებაც ისე დაიხმარე, რომ არ ჩამორჩეს გულს და რაც მთავარია სიყვარულით გააკეთე, თუ თავიდან არ გამოდის, მერე გამოვა, მთავარია გულწრფელი იყო და შენი კეთილი საქმისთვის არ ელოდო რამეს, რამეს სანაცვლოდ...
სიყვარულს შეუცლია ადამიანები
დღეები შეუცლია
წამოუყენებია ადამიანები
ასე იყო ადრეც
და ასე იქნება ბოლომდე...

Friday, September 13, 2013

-სამსახურიდან გვიან გამოვედი, მაგრამ მაინც ჩქარა მოვდიოდი, შევიარე მაღაზიაში და ვიყიდე ანის საყვარელი ჩიფსები, სულ რომ მწერს მესიჯს და მაბარებს ხოლმე, მეგონა ახლაც ასე მოხდა, ავედი სახლში, ანის სუნი ჯერ კიდევ შერჩენია სახლს, მაგრამ აღარ ისმის მისი ხმა, აღარ ზის თავის წიგნებთან და აღარ მიღიმის...
მერე ვფიქრობ რომ დასასვენებლად არის წასული, მაგრამ მერე ვხვდები რომ წავიდა, ადგა და წავიდა, 3 წლის შემდეგ მიხვდა რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ რატომ მაქვს გული ასე მძიმედ, იქნებ მოგონებების გამო, იქნებ იმის გამო რომ დამთავრდა ყველაფერი და მე არაფერი გავაკეთე...

-ახლა მე, შენს ფიქრებს რომ მესაუბრები, არ ვიცი რა გიპასუხო, მახსოვს გონებით და გულით მოიყვანე ცოლად, მაგრად გიხაროდა სიყვარულში რომ გამოგიტყდა და ყოველი დღე ბედნიერებით იყო სავსე და მერე რა მოხდა არ ვიცი...

შოტლანდიაში 3 თვე იყო ანი, მუშაობდა თავის თავზე, სწავლობდა ბევრს და დამოუკიდებელ ცხოვრებასაც შეეჩვია, საზღვარგარეთ წასვლა და თან შოტლანდიაში ყოველთვის საინტერესოა, ადამიანები, თავისუფლება, არავინ ერევა შენს ცხოვრებაში, ცხოვრობ ისე, როგორც გინდა რომ ცხოვრობდე, რომ არა ირაკლის მიმართ ინტერესი, ალბათ არც დაბრუნდებოდა...

-მარიამ ხვალ ვბრუნდები და შენ გეუბნები მხოლოდ
-ანუ არავის ვუთხრა ?
-არავის გთხოვ
-კარგი

გამოვიდა აეროპორტიდან, ეტყობა მართლა არავის უთხრა, ნაცნობს ვერავის ვხედავ და თურმე მინდა რომ ვხედავდე...
მერე იყო ირაკლის სიცილი

-ანია ეს გაქცევა რა იყო ვითომ, გიყვარვარ ხომ არ გძულვარ, გეთქვა და გაგიგებდი, ამოგიდგებოდი მხარში :))

ამას ამბობდა და თან ბჟირდებოდა

”ახლა მოვკვდე და არაფერი მინდა, რა აუტანელიაააააააა, გახედვის მეშინია, არ შემიძლია მაგის სახის დანახვა”

-მოიხედე ანიააა, აქ ვარ, შემომხედეეეე
-ვერ გიტან
-კაი ღადაობ, აბა ის უსტარი რა იყო ?
-მეზიზღები

გაიხედა
იდგა ირაკლი და ალბათ მსოფლიოში ყველაზე გემრიელად იცინოდა
-რა გაცინებს ?
-გითხრა ?
-ხო
-იქნებ გაწვალო ცოტა
-ოოო
-ანიტ, ეს სამი თვე ყველაზე მოუსვენარი სამი თვე იყო ჩემს ცხოვრებაში, არ ჩამოვედი შოტლანდიაში მხოლოდ იმიტომ, რომ დრო მომეცა შენთვის
-დრო რისთვის ?
-იმისთვის რომ ახლა ჩემთან ერთად იყო
-ღადაობ ?
-არა
-აბა
-შიგნით ყველაფერი ღრიალებს, რადგან ყველაზე მაგრად გამიმართლა ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმ გოგოს ვუყვარვარ, რომელიც მეც მიყვარს და მიყვარს წივილამდეეე (ეცინება თან)
-გაეთრიეეეეეე
-შენ ხარ ჩემი ლამაზი გოგო, გოგო რომელიც სულ ზუის და ეს ზუილი მიყვარს მე...


ანი დედასთან დაბრუნდა, შევიდა თავის ოთახში და გაახსენდა ბავშვობა, მაგრამ მერე ფიქრი თავისი სახლისკენ გადავიდა, ალბათ უკვე სახლშია ირაკლი, მოვიდოდა დაღლილი სახით, იწუწუნებდა ქართული ფეხბურთის მძიმე მდგომარეობაზე, მერე ერთად დავლევდით ლუდს და ბოლოს იმაზე შევთანხმდებოდით, რომ დრო სჭირდება ქართულ ფეხბურთს და მერე ყველაფერი დალაგდება...

-დე გშია ?
-არა დე
-არაფერს გკითხავ, ვიცი მერე თავად მომიყვები
-აუუ დეე მეტირება
-იტირე და მე მოგეფერები
-ასე ხომ უფრო ამეტირება დე
-არაუშავს

დედასთან ტირილი ძალიან თბილია, გეტირება, წუწუნებ და ის მაინც გეთანხმება ყველაფერზე, თან ეცინება, რადგან იცის, რომ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება ხოლმე, მაგრამ ისიც იცის, რომ ამის თქმას ახლა აზრი არ აქვს...


-ჰა აბა როგორი იყო შოტლანდია ?
-ისეთი იყო, როგორსაც აღწერდი
-საქორწინო მოგზაურობაში მანდ წავიდეთ
-ასე უნდა დამცინო ახლა  ?
-არა ანიტ, მაგრად მიხარია რომ გიყვარვარ :))
-ვერ გიძლებ
-მთელი ცხოვრება უნდა გამიძლო

ალბათ ამ ყველაფრის იუმორში გატარებას თავისი მიზანი ჰქონდა, რომ ანის უხერხულად არ ეგრძნო თავი, რომ ისევ ისეთი ლაღი ყოფილიყო, როგორც ადრე და არ შეცვლილიყო...

მეგობრობიდან ძნელია გადაეწყო სხვა ურთიერთობაზე, თავიდან ორივეს უჭირდა ამასთან შეგუება, რაღაც დაძაბულობა იყო თითქოს, პირველი ერთი კვირა საერთოდ არ ეხმიანებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერი ერთმა ლამაზმა დღემ შეცვალა, როცა ინგლისის ნაკრები ჩვენს ჯგუფში მოხვდა და ბილეთები უკვე გაყიდვაში იყო...

-ანიაა როგორ ხარ ?
-კარგად, არ ვრეკავდი იმიტომ რომ
-ხო მეც ზუსტად იმიტომ და არ გინდა ახსნა- განმარტება
-რა ხდება ?
-წამოხვალ მატჩზე ჩემთან ერთად ?
-ააააა მოვკვდები, ხალხი მაგრად გაოცდება, მე და შენ ერთად, ნუ სულ ერთად დავდივართ მატჩებზე, მაგრამ ახლა ეს სხვა ამბავი
-გთხოვ არ დაიძაბო, იყვირე ისე, როგორც ადრე, არ განაზდე, როგორც შეყვარებული გოგოები ნაზდებიან, მე ასეთი შემიყვარდი და ვერ გადავიტან შენს შეცვლას
-ღადაობ ? ისევ ისე ვიყვირებ, მთავარია გვერდში იყო
-მე გვერდში ვიქნები, ნაკრების მოსაცმელი მაქვს შენთვის და ქუდი არ დაგავიწყდეს...

დინამო არენა
საათი 22:12
გზა გადაკეტილი

-სად ხარ ?
-შესასვლელთან
-შენ?
-მოვედი
-მოვიგებთ ?
-არ წავაგებთ

სტადიონს ერთ-ერთი ყველაზე დადებითი აურა აქვს ამქვეყნად, თუ არ ხარ ნამყოფი, ძნელია გაიგო ეს, მშვიდად ხარ იქ, მიუხედავად ღელვისი და ანგარიშისა, მაინც მშვიდად ხარ, რადგან ხარ კარგ ადგილას...



-ანი არ მიდიხარ სამსახურში ?
-ხვალ გავალ დე
-დეპრესია და მსგავსი ამბები არ გინდა გთხოვ
-არ იქნება დეპრესია, ხომ იცი, რომ ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ რაღაც შეიცალოს ჩვენში...


სანამ არ დაკარგავ, ვერ დააფასებო ამბობენ და შეიძლება სწორია, ან ხანდახან არის სწორი, ან იშვიათად, ვცხოვრობთ ადამიანებთან ერთად, ხანდახან გვაბეზრებენ თავს, გვინდა მარტო ვიყოთ ცოტა ხნით, არადა შეიძლება დადგეს დღე, როცა ისინი წავლენ ამ ქვეყიდან, ან წავლენ ჩვენი ცხოვრებიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს დავთმობდით, რომ ისევ გვესაუბრა მათთან, რომ უბრალოდ დაგვენახა ისინი, ეს დაგვიანებული სინანულია, თუმცა ბევრ რამეს გვასწავლის, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ყურადღებიანები ვხდებით...

სიახლებიი
კარგია ხშირად, ხანდახან პირიქით, მაგრამ რომ გაიზარდო, უნდა სცადო, უნდა იპოვო ის საქმე, ის სიმღერა, ის მხიარულება, ის ადამიანი, ის ადგილი, სადაც შეძლებ რომ იპოვო შენი თავი...
ალბათ გაჩნდება კითხვა, რას ნიშნავს იპოვო შენი თავი ?
ამაზე ზუსტი პასუხი არ ვიცი...
გვყვავს მეგობრები, მაგრამ გვყავს სულთან ახლოს მყოფი მეგობრები, მათ სამყაროში რომ გიყვარს საკუთარი სამყარო, ალბათ ეს არის იპოვო შენი თავი სხვაში, აღმოაჩინო მასში და მიხვდე, იგრძნო, რომ კარგად ხარ იქ, მათთან, ამ წამს, ახლა...





Thursday, September 12, 2013

-არ მიდიხარ სამსახურში ?
-არა, დღეს ვისვენებ, მინდა ქალაქგარეთ გავიდეთ ერთად
-ეს არაფერს უშველის, ეს ცოლ-ქმრობა დამთავრებულია, მე ასე მგონია, აღარ არის ის გრძნობა, რაც ადრე იყო და ახლა მთა და ბარი ვერ უშველის მაგას
-არ ცდილობ გადარჩენას, არაფერს ცდილობ და ასე მართლა დავკარგავთ ერთმანეთს
-ისედაც დაკარგულები ვართ, 3 წელი მაქსიმუმი აღმოჩნდა, აღარ მიხარია რომ მოდიხარ სახლში, აღარ მიჩნდება სურვილი რომ მოგწერო და გვერძე იყო და ვიცი შენც ასე ხარ, გული მწყდება მაგრად, მაგრამ ხომ გახსოვს დავპირდით ერთმანეთს, რომ მობეზრების შემთხვევაში დავშორდებოდით ერთმანეთს
-ყველაფერი მახსოვს ანი, მაგრამ თუ გვიყვარდა ერთმანეთი ,რატომ უნდა დამთავრებულიყო?
-არ ვიცი ირაკლი, შეიძლება არ გვიყვარდა, უბრალოდ აღფრთოვანებულები ვიყავით ერთმანეთით და მანამდე წლები ვმეგობრობდით, ვიცნობდით ერთმანეთს და მაინც არაფერი გამოვიდა, მოკლედ გადავდივარ დედასთან ცოტა ხნით მაინც, კარგია ბავშვი მაინც რომ არ გვყავს, თორემ მაშინ მაგის გამო დავრჩებოდი და კიდევ ერთ სისულელეს ჩავიდენდი
-პირველი რომელი იყო, რომ გამომყევი ?
-არა, რომ გამოგიტყდი გრძნობებში პირველად და მეგობრულად რომ არ დავტოვე ყველაფერი...


ანიტა ექიმია
ირაკლი ფინანსისტია

ყველაფერი დაიწყო დიდი ხნის წინ, როცა ერთმანეთი ლაშქრობაში გაიცნეს, ირაკლი მაშინ ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, ანი ფოტოებში კარგად გამოდიოდა,ეს დღე ალბათ ორივეს ახსოვს...
 საღამო იყო ანი რეზიდენტურაზე სწავლობდა და ბევრი ჰქონდა სასწავლი, მაგრამ  შაბათ - კვირა ლაშქრობებს ეთმობოდა...
ლაშქრობის აღჭურვილობისთვის არასდროს ენანებოდა ფული, ყველაფერს ძალიან გემოვნებიანად არჩევდა და ყველაფერი საოცრად ფერადი იყო...
სვანეთში პირველად მიდიოდა და მოლოდინი დიდი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა, დაბანაკდნენ, არ ცხელოდა  და არც ციოდა, ისეთი ტემპერატურა იყო, რომელიც ახარებს ადამიანების გულს, ანიტა გვირილებს კრეფდა და თმაში იმაგრებდა და ზუსტად ამ დროს მოხვდა ირაკლის ობიექტივში, შემთხვევით არაფერი ხდება, შეიძლება დაინახა და იმიტომ გადაუღო, ან მინდორს უღებდა და ანიც მოხვდა კადრში, ეს ფოტო დღემდე ყველაზე საყვარელი ფოტოა მისთვის...
მერე იყო ღამე, კარაველებმა ერთმანეთი გაიცნეს და ყველაფერმა მხიარულად ჩაიარა...

-კარგი ფოტო გამოვიდა
-რა ფოტო?
-დღეს ვიღებდი მინდორს და შენ ხარ იქ შენი გვირილებით
-ფოტობი ძალიან მიყვარს და რომ ჩავალ გამომიგზავნე რა
-ხვალ კიდევ რომ გადაგიღო შეიძლება ?
-რა თქმა უნდა, თუ გინდა სულ აჩხაკუნე აპარატი, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება აღბეჭდილიყო ფოტოებზე
-ჩემი მუზა არ გახდე მეშინია
-ნუ გეშინია :))

მერე იყო ბევრი ფოტო, გზა, თბილისი, დამეგობრება, მერე ირაკლის მეგობრის მოწონება და ირაკლისთვის ტვინის წაღება ამ თემით, მაგრამ არაფერი სერიოზული, გამოცდების დროს ვიღაცის ამოჩემება ანის სტიქია იყო, თითქოს ეხმარებოდა სწავლაში, რადგან არ იყო სერიოზული, რადგან მუცელში პეპლები არ დაფრინავდნენ ამ დროს და არც მადა ეკარგებოდა...

მეგობრობიდან იწყება, მერე, თუ წლების მერე, ამას ვერავინ განსაზღვრავს, უცბად რაღაც აფრიალდება, გაიფიქრებ რატომ აფრიალდა და მორჩა, მერე იწყება რაღაც ავადმყოფობის მსგავსი, ებრძვი და უარესდება სიტუაცია, არ ებრძვი და მაინც უარესდება...

ასე მოხდა იმ დღესაც, ანი მორიგე იყო, ცოტა ხნით ძილის საშუალება მიეცა და სწორედ ამ დროს მიწერა ირაკლიმ, ახალი ფოტო უნდა ეჩვენებინა, რომელიც დილამდეც მოიცდიდა, მაგრამ ანი გიჟივით ავარდა კომპიუტერთან, შევარდა ინტერნეტში და საუბარი დილამდე გაგრძელდა, რომ წავიდა დასაძინებლად ,მაშინ დაფიქრდა თუ რატომ წამოვარდა ასე გიჟივით და ამაზე ფიქრმა წაიღო და ამ დღის შემდეგ დაიწყო ტანჯვა, ირაკლის ყოველ დარეკვაზე გულის ფრიალნი, მესიჯის წერისას წინადადების სწორად დალაგების ამბავი და ყველაფერი საოცარი...

-რა გჭირს ანი, ძალიან გახდი თუ მეჩვენება?
-მარიამ არ ვიცი, ჩუმად ვარ თვეებია და გეტყვი რა თორემ შეიძლება მოვკვდე
-რა იყო, ირაკლი მოგწონს ხო ?
-საიდან იცი?
-ვიცი, გეტყობა ყველაფერში, როცა გირეკავს ისეთი სახე გაქვს, რომ ამას ადვილად ვარჩევ შენი ადრინდელი სახისგან
-მარიამ ყველაფერს გეფიცები არასდროს მიფიქრია მასზე სხვანაირად, ყოველთვის მეგობრულად ვუყურებდი და უცბად, ერთ დღეს დამატყდა თავს, ვებრძვი თავს და არაფერი გამოდის
-უთხარი
-გააფრინე, მაგას არასდროს ვეტყვი, ასე ხომ მეგობრულადაც დავკარგავ
-იქნებ ისიც ასეა, უბრალოდ მაგის ძმაკაცი რომ მოგწონდა ვითომ, ამიტომ არ დაიჯერებს შენსას
-უფფ, მაგის ძმაკაცზე ვხალისობდი უბრალოდ, არ ვიცნობ იმ ბიჭს, უბრალოდ არ მინდა რომ გაიგოს, საერთოდ რაღაც შემოთავაზება მაქვს, შოტლანდიის საავადმყოფოში მიწვევენ ცოტა ხნით და წავალ
-არ ეტყვი და ისე წახვალ ?
-ხო...

მერე იყო ირაკლის დაბადების დღე, რომელიც არ მიულოცა ანიმ, რადგან მაგ დღეს მიფრინავდა, მაგრამ მარიამს გაატანა მაისური ფერგიუსონის გამოსახულებით, რომელიც ინგლისიდან გამოაგზავნინა ირაკლისთვის...

-მარიამ სად არის ანი ? ამ ბოლო დროს ძალიან შეცვლილია
-ეს გამომატანა შენთვის და თავად შოტლანდიაშია მიდის ახლა

ხსნის საჩუქარს
ეღიმება 
ხედავს წერილს 
მაგრამ ამას მერე გახსნის...

ანი უკვე თვითმფრინავშია
უსმენს მუსიკას და ეტირება იმაზე, რომ გაექცა ამ ყველაფერს...

წერილი იხსნება
”აქ გილოცავ და ასე, იმედი მაქვს მაისური მოგერგება, მაგრად გამოიყურება ამ ფოტოზე ჩვენი ბაბუ
მოკლედ მინდა რომ მაგრად იყო და კარგად იყო, მე წავედი შოტლანდიაში და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ რაღაც გრძნობა დამატყდა თავს და ამ გრძნობის მიზეზი შენ ხარ...
არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ და ეს ავადმყოფობაა ჩემთვის”

იყო სიჩუმე
გაოცება
სიხარული
სევდა
შოტლანდიაში გაფრენის დიდი სურვილი
...

საიდან და როგორ ჩნდება გრძნობები ამის ახსნა ძნელია, უცბად მოდის, მერე აღმოაჩენ რომ მოვიდა და მერე ყველაფერი იცვლება...
”მე ეს არ დამემართება, ეს არასდროს მოხდება” ამას იტყვი და მაშინ ხდება ზუსტად...
ხვალ რა ელოდება ადამიანს არ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს აკეთოს საქმე სამართლიანად და იცხოვროს გულით, რადგან ასე მიეჩვევა სხვისთვის ცხოვრებას და როცა ვინმე შეუყვარდება, უფრო ადვილად დათმობს რაღაცეებს და უკვე ეცოდინება, როგორ უნდა იცხოვროს სხვისი ბედნიერებისთვის...
ადამიანები ეგოისტები ვართ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც, მაგრამ სიყვარული კურნავს ამ თვისებას, როცა გოგო დედა ხდება, ეგოიზმი სადღაც იკარგება, როცა ბიჭს გოგო უყვარდება, აქაც იკარგება ეგოიზმი და ასე ყველა შემთხვევაში...
მშვიდია თუ არა ეს გრძნობა ?
ეს არავინ იცის
ხან მშვიდია
ხან პირიქით
არ ექვემდებარება სტატისტიკას
არც გეგმას
და არც არაფერს
მაგრამ ამ გრძნობისთვის ღირდა და ღირს ცხოვრება ...