Tuesday, August 26, 2014

დავიწვი, წამალი მესვა ზურგზე, ვერ ვიხრებოდი წესიერად და უფრო უარესად ვერ ვსწორდებოდი, გასწორება უფრო რთულია ცხოვრებაში, ვიდრე მოხრა, გასწორებას უნდა ძალა და საკუთარ თავთან ბრძოლა, თორემ მოხრით სიამოვნებით მოიხრება ადამიანი, თუმცა მოხრის მერე დარჩენილი გრძნობა არც ისე სასიამოვნოა...
იქ, სადაც პირველად შევხვდი, იქ დავემშვიდობე ისევ, ამდენი წლის შემდეგ...
ეს წამები გვაცოცხლებდა ადრეც და მერეც ასე იქნება...
საკუთარ თავს მაშინ კარგავს ადამიანი, როცა სხვას კრიტიკული თვალით უყურებს, კრიტიკული თვალით ყურება ყველაზე ადვილი ყურებაა ყველა ყურებას შორის, როცა უყურებ ადამიანს და ცუდს ხედავ, უნდა ადგე და გაისეირნო სუფთა ჰაერზე, სუფთა ჰაერი მთაშია, ქალაქიდან შორს, ან არც ისე შორს...
მერე ყველაფერი რჩება უკან, ზურგი გტკივა და ნიმესილი რეცეპტით იყიდება და შენც ცდილობ, მოერიო  ამ ტკივილს თავად...
ჩახუტებას დიდი ძალა აქვს, ოღონდ სუფთას და ნამდვილს, ზურგი ძალიან მტკიოდა, მაგრამ მაინც არ ჩამოვშორდი, შემოვტრიალდი და წავედი, მინდოდა მეტირა და ვიტირე, რადგან მინდა რომ იყოს კარგად, ყველაზე კარგად ამ დედამიწაზე, ჩემზე კარგად, იმიტომ რომ სამართლიანია ბევრ საკითხში და ჰუმანურობას თითქმის არასდროს უხვევს...
ორი მთავარი ადამიანი დამიკარგავს ცხოვრებაში და მივხვდი დაკარგვა უფრო ადვილია, ვიდრე მეგობრობის გადარჩენა, სიყვარულის გულში დატოვება და იქიდან არ გამოძევება, სიმღერის ბოლომდე მოსმენა უფრო რთულია, ვიდრე მისი გამორთვა...
სვანეთში ვიყავი ფიქრებით, უფრო სწორად მეგორების ნაამბობში დავბორიალობდი, სვანეთის სიმწვანეს წარმოვიდგენდი და რაღაცით მთავარ მწვანეს გავდა, სტადიონის მწვანე ფერს...

ადამიანები კატეგორიებად არ უნდა დაშალო, თორემ თავადაც დაიშლები და მოგიწევს მერე ყველგან და ყველაფერში საკუთარი თავის ძიება, ან იპოვი, ან არა, მაგრამ ალბათ უფრო იპოვი...
ვინც ბოლომდე გენდო, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ შენ რაღაცით მაინც ცვლი მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ, მათ გამო მაინც უნდა წამოდგე და გახდე სულ ცოტათი კარგი, არც სიამაყისთვის, არც ვინმეს დასანახად, უბრალოდ შენი ადამიანების სიყვარულისთვის და გულისთვის, რომელიც ხან წამლებით იკვებება, ხან სიგარეტის ბოლით, ხან ალკოჰოლით და ხან ნამდვილი გრძნობით...
ხვალ ნინიას დაბადების დღეა, შარშან ძალიან ბედნიერბი ვიყავით ამ დღეს, ნინია და ანი ერთ დღეს დაიბადნენ, ტორტს ვერ ვასწრებდით, მაგრამ მოასწრეს ბოლოს...
ჩელსის ვეთამაშებოდით, ხომ სწორად მახსოვს ?
ალბათ თაკი მიპასუხებს, რომ კი, ან შემისწორებს...
ბუშტებიც იყო
საჩუქრებიც
ადამიანებიც
და ჩვენც...
დღემდე ვერ გავიგე რა არის მთავარი, მაგრამ მივხვდი ერთს, რომ ის, შენ, თქვენ და  მე, რომ არ ვისწავლოთ სიყვარული, ღირსეული არაფერი გამოვა, მაგრამ მჯერა რომ ერთმანეთის სიყვარულიც ისწავლება, ერთმანეთის დაცვაც და საკუთარი თავის რადიკალურად შემობრუნებაც...
ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა...