Sunday, July 28, 2013

ცხოვრებაზე დიდხანს რომ იფიქრო, შეიძლება ძალიან გაგიტაცოს ამ ყველაფერმა და ვეღარ გამოხვიდე ამ ყველაფრიდან, მაგრამ ცოტა რომ იფიქრო, შეიძლება ვერ შეამჩნიო ის საოცრება, რაც ჩვენს გარშემო ხდება.
ჩვენი დამოკიდებულება ადამიანებისადმი და მათი დამოკიდებულება ჩვენდამი, ვამბობთ და ვამჩნევთ რომ გაუფასურდა ბევრი რამ და გავუფასურდით ჩვენც, აღარ გვტკივა სხვისი ტკივილი და არ გვიხარია მათი სიხარული.
ჩავიკეტეთ საკუთარ ნაჭუჭში და იქიდან ვაკვირდებით სამყაროს, ადამიანები ითხოვენ დახმარებას, ხანდახან მათთან ერთად გაცინებას, მაგრამ ჩვენ არ გვცალია მათთვის, რადგან საკუთარი პრობლემებით ვართ გარშემორტყმულნი...

-მაკო რის გაკეთებას ცდილობ ვერ გავიგე, რატომ უნდა დაუბრუნდე, ხომ აღარ გიყვარდა?
-მეგონა ასე, მაგრამ ახლა სხვასთან რომ ვხედავ, მინდა რომ ისევ ჩემთან იყოს, მოკლედ სანამ სხვასთან არ დავინახე, ვერ მივხვდი რომ მიყვარდა
-სისულელეა, ეს არ არის სიყვარული, ეს ავადმყოფობაა, ეგოიზმის უმაღლესი მწვერვალი, არ მინდა რომ ჩემი მეგობარი ასეთი იყოს, ძველ მაკოს ვეძებ სულ და ვეღარ ვპოულობ, ამ ეჭვიანობამ და ავადმყოფურმა დამოკიდებულებამ თითქოს შეგჭამა და ჩემს წინ მხოლოდ ეს გრძნობებია და ის ადამიანი, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, სადღაც გაქრა
-ვიცი თიკ, ძალიან ვიტანჯები, მგონია რომ ვერ გავუძლებ და თავს მოვიკლავ, მართლა მეფიქრება ამაზე და მეშინია ამ ფიქრების, მინდა ვუთხრა ეს ყველაფერი საბას, მაგრამ არ მინდა რომ ვაიძულო ჩემთან დაბრუნება, არადა საშიშია რომ არ დაბრუნდეს, რადგან შეიძლება მართლა ჩავიდინო რამე
-მაკო ნუ მაშინებ, გინდა შენთან გადმოვალ ცოტა ხნით, ან სადმე წავიდეთ, დავფიქრდეთ, ერთად დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და იქნებ ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი
-კი ძალიან მინდა, გთხოვ არ მიმატოვო თინათინ და არ მომცე საშუალება რომ დავიკარგო, დავიკარგო ჩემი სამყაროს ცუდ ნაწილში...

სამსახური
პროექტები
საქმეში ჩართული ადამიანები
იდეები...

-თათ, რაღაც დაღლილი მეჩვენები
-ხო, ვერ ვარ თითქოს, დღეს გამოკვლევაზე მივდივარ
-წამოგყვები
-არ მინდა, მარტო მირჩევნია ექიმებთან სიარული
-მაშინ მოგაკითხავ და წამოგიყვან
-კარგი...

ექიმთან მისვლას ახლავს შიში, გაურკვევლობის შიში, არ იცი გადარჩები, თუ მძიმე დიაგნოზი იქნება, გინდა რომ ყველაფერი იყოს კარგად, მაგრამ თან ემზადები ცუდისთვის, ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ცხოვრება ცუდი ამბის შემთხვევაში...

-თათია დიაბეტის შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა, ანუ სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ ანალიზებში ცვლილებებია და მინდა თავის ტომოგრაფიაზე გაგიშვა
-ანუ ფიქრობთ რომ გენეტიკამ მაინც თავისი გააკეთა ?
-დედაშენს ადრე რომ გაეკეთებინა გამოკვლევა, იქნებ გადაგვერჩინა, მაგრამ ძალიან გვიან მოვიდა, მაშინ როცა ვერ ვუშველიდით და არ მინდა შენთანაც იგივე განმეორდეს, მინდა რომ კარგად იყო
-მეც ძალიან მინდა
-ხოდა მაშინც სწრაფად გამოკვლევაზე...

”თათ რას შვები? რაღაც დიდხანს ხარ მანდ, რამე ხომ არ ხდება? ვნერვიულობ...

წაიკითხა და ჩაიდო ტელეფონი
ტომოგრაფია
პასუხი ორ დღეში 

-სად იყავი ამდენ ხანს ?
-ექიმთან, მშვიდობაა დაწყნარდი
-გეტყობა, რომ მატყუებ
-კარგი, შემეშვი

წვიმდა
იჯდა თათია ბარში და ტეკილას სვამდა, მუსიკა ისმოდა ჩუმად და არ უშლიდა ფიქრში ხელს...
ხომ ვიცოდი ყოველთვის, რომ გენეტიკურად გადმოვიდოდა ეს დაავადება, რა დროს საბას შეყვარება იყო, ქიმიისთვის უნდა ვემზადებოდე და მძიმე დასასრულისთვის, მაგრამ რომ მინდა საბასთან ვიყო სულ, დავივიწყო რომ ავად ვარ, ეჰ ადამიანები რამდენს წუწუნებენ, როგორ უნდათ დრო მალე გავიდეს და მე კიდევ ყოველი წამი როგორ მჭირდება, მაგრამ კი არ მშურს, უბრალოდ მინდა ყველას დავუძახო და ვუთხრა, რომ ეს წამები და ეს საათები დააფასონ.
ახლაც, ამ ბარში როგორი მოწყენილი სახეებით სხედან, არ ესაუბრებიან ერთმანეთს, ალბათ დარჩენილი ცხოვრებას დავთმობდი, რომ ვიჯდე ახლა საბასთან ერთად და ვესაუბრებოდე, მაგრამ არ მაქვს ძალა და არ მინდა რომ ავადმყოფობის გამო იყოს ჩემთან.

საბა სახლში იყო, ნერვიულობდა, მაგრამ არ ურეკავდა, თითქოს თავს იკავებდა, რომ ცუდი ამბავი ცოტა გვიან გაეგო...
ვიცი რომ მიმალავს რაღაცას და არ მომცემს უფლებას რომ მის გვერდით ვიყო, მაგრამ მაინც არ მივატოვებ, იმ დღეს, როცა ჩამოვიდა რაჭაში, აი იმ წამს შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ძალიან მიყვარს, სიცოცხლეს გავუყოფდი, ნეტავ კარგად იყოს და დიდხანს იყოს...

ადგა და გავიდა, ბარში იქნება...
შედის
ზის თათია და იყურება სადღაც შორს
უყურებს საბა და თბება და ხვდება რომ ცოცხალია და უყვარს და თან ძალიან უყვარს...
-თათია
-აქ რა გინდა?
-ვიცი რომ რაღაც გჭირს, მაგრამ ამიტომ არ ვარ აქ მოსული, მიყვარხარ და ამ გრძნობამ არ გამაჩერა სახლში, გამომყევი ცოლად, არ აქვს მნიშვნელობა ერთი კვირით თუ 20 წლით, არ მინდა შენს გარეშე არც ერთი წამი
-საბა, ასე ხომ უფრო გამიჭირდება სიცოცხლესთან განშორება, ისედაც ძალიან მინდა სიცოცხლე და ახლა ეს ყველაფერი
-გამომყვები?
-გამოგყვებოდი
-გამომყევი რა

მეორე დღე
ჯვრისწერა
და ერთად გატარებული 1 წელი
ემფილდზე წასვლა
ქიმია
და სიცოცხლესთან განშორება...
მაგრამ სიცოცხლით სავსე სიცოცხლე...

ახლა ვზივარ იმ ბარში და იმ ადგილას, სადაც შენ გიყვარდა ჯდომა, სულ ვიხედები ქუჩისკენ და მგონია რომ დავინახავ შენს ჩანთას და შენს ტანსაცმელს, დაგინახავ შენ და გული ისევ აფრიალდება, სულ მგონია რომ შემოხვალ, გამიღიმებ და დამიჯდები გვერდში, მოითხოვ მენიუს და შეუკვეთავ რამეს გემრიელს და მე რომ არ მშიოდეს, მაინც მომინდება ჭამა, მიჭირს შენს გარეშე, სახლშიც მიჭირს და აქაც და ყველგან საერთოდ...
როგორ ვიცხოვრებ მერე?
ვიცხოვრებ ისე, როგორც შენთან შეხვედრის შემდეგ ვცხოვრობდი, ვეცდები ვაკეთო სიკეთე და ეს სიკეთე ვაკეთო შენთვის, რომ რაც შენ ვერ მოასწარი, მე შევავსო...
გავხსნი ბავშვთა სახლს, სადაც ონკოლოგიურ ავადმყოფებს დავეხმარებით...
ვგრძნობ რომ გესმის ჩემი, მაგრამ მჭირდება ხოლმე ნიშანი, რომ მართლა გესმის ჩემი...
უცბად მოდის ოფიციანტი და სთავაზობს ტეკილას, არადა ტეკილას არასდროს უკვეთავს საბა, მაგრამ ახლა იღებს...
აი ნიშანიც...
გმადლობ რომ ხარ და რომ გესმის...

სიკვდილით არ მთავრდება სიცოცხლე და ხანდახან არც სიცოცხლით იწყება სიცოცხლე, გააჩნია როგორ ვცხოვრობთ...
თავისი მოულოდნელობებით, ხანდახან ტკივილით, ხშირი სიხარულით, მაინც ყველაზე ტკბილი რამ არის...
ხანდახან ვსხედვართ სამსახურში და ველოდებით დროის სწრაფად გასვლას, რატომ, რისთვის?
ეს დრო ხომ აღარ დაბრუნდება
ეს დრო ხომ ერთხელ მოდის
და ამ დროში ღირს სიცოცხლე
ნამდვილი სიცოცხლე...




Thursday, July 11, 2013

”მოგაკითხავ დილით, ახლა მოვედი სახლში და შენ ალბათ უკვე გძინავს, შენ მითხარი რომ ინერვიულებდი დღევანდელ დღეზე და მე გამიკვირდა, რადგან ვერ ვხვდები რატომ უნდა ინერვიულო შენ ჩემზე, მე დავისახე მიზნად ნერვიულობა შენზე, ვერც იმას ვხვდები, რატომ გამიმართლა ასე ცხოვრებაში და რატომ ჩამოხვედი შენ რაჭაში, თითქოს დაბნელებული ცხოვრება გამინათე, ჯერ ზურგით იდექი და უკვე ანათებდი, ადამიანი თუ კეთილია, ზურგიდანაც იგრძნობა ეს... სასმელს არ დააბრალო ეს მონაწერი, რასაც გული ამბობს, იმას ვწერ, წავედი და დავიძინე”

თათია ღამე თიშავს მობილურს, დილით თვალს ახელს თუ არა, რთავს.ახლაც ასე მოხდა. დილა ხალისიანად დაიწყო მისთვის, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუ რატომ, რისთვის, როგორ, რატომ ეუბნებოდა ამ სიტყვებს, რით დაიმსახურა...
როგორ ხდება, რომ ადამიანები უმეგობრდებიან ერთმანეთს, რა არის ეს საიდუმლო, რაც ასეთი ძლიერი და თან ასეთი ტკბილია...

-სალამი
-როგორ ხარ ?
-შენი წერილის მერე მხნედ
-მეგონა ვერ გამიგებდი
-ტყუილად გეგონა
-სამსახურის მერე მატჩზე მივდივართ
-ხო, დღეს ხომ შენი დასაწვავი გუნდი თამაშობს
-ნერვები არ მომიშალო :))

როცა ადამიანთან კარგად ხარ, გინდა რომ დრო ნელა გავიდეს, ხშირად ამბობენ, რომ ურთიერთობის სიძლიერე მის ხანგძლივობაშია, მაგრამ ეს არ არის ასე, ანუ ეს ინდვიდუალურია, ადამიანები სულიერად უკავშირდებიან ერთმანეთს ყველაზე მყარად და ამისთვის ხანდახან წუთიც და წამიც საკმარისია...

ბარი
ერთი დიდი მაგიდა
მანჩესტერელები
და თათია

-აუ ბიჭო, მაკო მოვიდა
-მერე რა

 თათიას გულმა ფეთქვა სწრაფად დაიწყო, მაინც ნერვიულობს ადამიანი ასეთ დროს, რადგან უყვარდა, იქნებ დაუბრუნდეს ეს გრძნობა და ეს ყველაფერი დამთავრდეს, უნდოდა, არ შეემჩნია ეს ნერვიულობა, მაგრამ ავადმყოფობის გამო მაინც ეტყობოდა.
მაკომ პირდაპირ მივიდა მაგიდასთან და იქ დაჯდომა ითხოვა, უყურებდა თათიას და იყო ეს გამოხედვა სიძულვილის შემცველი, უყურებდა თათიაც, მაგრამ მის გამოხედვაში ინტერესი ჩანდა, ინტერესი მომავლისადმი...
ყველა დაძაბული იყო, ეს უხერხულობა თითქოს მთლიანად თათიასკენ მიდიოდა, უნდოდა ამდგარიყო და წასულიყო, მაგრამ ვერ აკეთებდა ამას...
მაკო რაღაცას ხმამაღლა საუბრობდა, მაგრამ საბას არაფერი ესმოდა, მხოლოდ თათიას ნერვიულობაზე ფიქრობდა, ახლა ცუდად რომ გახდეს, საკუთარ თავს არ ვაპატიებ...
  გოლები არ გავიდა
ზოგი ფეხით წავიდა, ზოგი მანქანით

-საბა გეჩქარება ?
-რა ხდება მაკო ?
-უნდა გელაპარაკო
-რაზე ? მართლა ყველაფერი გითხარი და მართლა აღარ მაქვს გრძნობა, ამით სამაგიეროს არ გიხდი, მართლა აღარ არის ეს გრძნობა
-გეშლება
-მაკო, ნუ მოწყდები რეალობას და შეეგუე რასაც გეუბნები, გაუშვი ეს ეგოიზმი და იყავი ბედნიერი რა...

თათია მიაცილა სახლამდე და კონვერტი გადასცა
-მინდოდა იქ მომეცა, მაგრამ ისეთი სახე გქონდა, გადავიფიქრე, სახლში გახსენი
-კარგი
-ნაწყენი ხარ ?
-არა საბა, უბრალოდ 1000 ფიქრია, 1000 ეჭვი და ეს ყოველთვის ანერვიულებს ადამიანს
-არაფერი გაქვს სანერვიულო, შენი გუნდის საოცარ მატჩებს თუ არ ჩავთვლით
-საბა ხმა... :))

ავიდა სახლში, ერთი სული ჰქონდა გაეხსნა კონვერტი
ხსნის
ბილეთები
ლივერპული : მანჩესტერი
ეს ფაქტიურად შეუძლებელია
იქ ვნახავ ?
არა, ეს სიზმარია
ურეკავს
აიღე
აიღე რა

-ხო თათია 
-ნორმალური ხარ, ეგრე ხომ შემიყვარდები, ესე არ გამოვა, მოგკლავ მოედანზე :)
-მიხარია, რომ გიხარია
-მიხარია ? ეს ძალიან სუსტი სიტყვაა, იმასთან შედარებით, რაც ჩემს თავს ახლა ხდება...

ბილეთს შეხედა 100-ჯერ, საწოლთან დაიდო, ტელეფონს ანათებდა და უყურებდა, ძილი არ მოდიოდა, ეს ხომ სასწაულია, ყველაფერი როგორ აეწყო, წავედი რაჭაში საქმისთვის, გავიცანი, ახლა ინგლისში მივდივარ, უმიზეზოდ არაფერი ხდება, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ხოლმე, თორემ ისე ყველაფერი რაც ხდება, რაღაცას გვსაწავლის, რაღაც მნიშვნელოვანს...
არ ვარ ასეთი ბედნიერების ღირსი, მაგრამ როგორც საჩუქარს ისე ვიღებ...

გრძნობენ თუ არა ადამიანები ერთმანეთის ფიქრებს? როცა ვინმე ჩვენზე ფიქრობს, როგორ უნდა ვიგრძნოთ ეს?
ალბათ ასეთ დროს გვეძლევა ძალა, ძალა იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, შევცვალოთ რამე ჩვენში, არის დღეები, როცა სიზარმაცე გვძლევს, ან უარესს შემთხვევაში, რამე ცუდის გაკეთებას განვიზრახავთ, მაგრამ მერე ვცლით ამ გადაწყვეტილებას, ან ჩავიდენთ, მაგრამ წუმპეში არ ვრჩებით დიდხანს, ერთმანეთის სიყვარული აძლიერებს ადამიანებს, შენ თუ გგონია, რომ ვინმესთვის უმნიშვნელოა შენი განწყობა მისდამი, ეს არ არის მართალი, რადგან ადამიანები გრძნობენ თავიან ცხოვრებაში შენს სიყვარულს...
ამიტომ სჯობს არ იფიქრო სხვაზე ცუდი, ან ეცადო დაბლოკო ეს ფიქრები...
მოვა ცუდი ფიქრი ?
გაუშვი
ეცადე გაუშვა
ანუ არ მიაქციო ყურადღება
ეცადე იპოვო ადამიანში კარგი
რომ არ იყოს ?
გამორიცხულია
ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი...
 

 

Wednesday, July 10, 2013

საჩუქრის არჩევა და ფიქრი იმაზე თუ როგორი იქნება შეხვედრა, ალბათ სალამი იქნება ცივი, მერე სუფრა, რომ გინდა არ გაიხედო მისკენ და მაინც იხედები, რადგან გაინტერესებს რას აკეთებს ამ კონკრეტულ წამს, რას ჭამს პირველად სუფრაზე, როგორ იცინის და როგორ ამბობს სადღეგრძელოს, იქნებ რომ გავიხედო, იგრძნოს ეს და შემომხედოს და მითხრას რამე ამ გამოხედვით, რაიმე ისეთი რაც თავის თავში არ მოიცავს სიძულვილს, არამედ პატივისცემას და სიყვარულს...

-თათია მე წავედი და შენ რჩები ?
-კი საქმეები მაქვს, წადი საბიკ
-ანუ მაინც არ წამოხვალ დაბადების დღეზე?
-არა, შენ უნდა წახვიდე და თან მარტო
-არ გადაიღალო ძალიან და მალე წადი სახლში
-თქვენი სიტყვა კანონია ბოსს
-ცანცარა შენ :)

სახლში ავიდა, დაისვენა ცოტა და წავიდა გიორგისთან
გზა და მანძილი, წუთები რჩება დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, უეჭველი მისული იქნება, ეგ ხომ მანიაკია, ერთი საათით ადრე მიდის ყველგან...
სადარბაზო
კიბეები
კარი
ზარი
გიორგის დედის შეხვედრა

შედის იქ, სადაც სტუმრები სხედან, კარი და მისი თვალები, მაკოც ელოდებოდა და სულ კარისკენ იყურებოდა, ნერვიულობდა ძალიან, გვერძე თიკო ეჯდა და საბა რომ შემოვიდა, ფეხი ძალიან მაგრად დაადგა ფეხზე...
მეგობრებს განსაკუთრებულად უყვარდათ საბა, ისეთია სულს რომ შეჰმატებს და გაალამაზებს ყველაფერს, გულწრფელია და უყვარს ის ადამიანები ნამდვილად, ვისთანაც არის და ვისაც ახლობლად თვლის, ამას არ ამბობს ხშირად, მაგრამ საქმით ყოველთვის ამტკიცებს...

-პრივეტ საბა
-როგორ ხარ მაკო ?
-უკეთ
-მიხარია
-ვიცი

ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, ამდენი ხნის შემდეგ, საბა სხვაგან იჯდა და მაკო სხვაგან და ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ სანამ ადამიანებმა სასმელი არ დალიეს, ყველა რაღაცნაირად უხერხულად გრძნობდა თავს...
მაკო თითქმის სულ უყურებდა, საბა მეგობრებში იყო გართული და არ იყურებოდა მისკენ, ეს არ იყო დადგმული, უბრალოდ არ გასჩენია ამის სურვილი...
ნეტავ წავიდა თათია სახლში, ან როგორ მივიდა, ხომ არ მოშივდა და ცუდად ხომ არ გახდა, ხომ არ ნერვიულობს ამ ყველაფერზე, ნეტავ რას შვება...

"თათ მიხვედი? მე რომ ვერ წაგიყვანე დღეს, დანაკლისი მაქვს თითქოს, დაამთავრე ბიუჯეტის შედგენა ?"

"რა დროს ბიუჯეტია საბიკ, გაერთე რა სადაც ხარ :) მივედი, ვჭამე და ახლა ვკითხულობ, მომიყევი მერე ამბები, ხომ არ გადაყევი პირველ "გამარჯობას"? ხვალ თუ მძიმედ არ იქნები, გამომიარე, მე ადრე ვიწყებ ხვალ, მეც მომაკლდა შენ რომ არ მიმიყვანე სახლში და გზად ნაყინი რომ არ მაჭამე, მაგრამ არაუშავს, ხვალ გამოვასწოროთ"

აივანზე გავიდა საბა და მაკოც გაჰყვა რატომღაც
-რაო მაკო ?
-არაფერი და თან ყველაფერი, მინდა ბევრი რამის თქმა და არ გამომდის
-მითხარი პირდაპირ, როდიდან გიჭირს საუბარი?
-საბა ყველაფერი მეგონა და მინდოდა რომ დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა არ ვიცი რა მინდა, შეიძლება უბრალოდ გადავიღალე და დასვენება მჭირდებოდა ჩვენი ურთიერთობისგან, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ხდება
-მაკო შენი საქციელით მე მივხვდი რომ მორჩა ყველაფერი და აღარ დავიწყე ბრძოლა, რადგან სიყვარული აღარ იყო და ძალით არ ხდება და არ მწამს მე ასეთი ურთიერთობის გაგრძელების
-ანუ აღარ გაქვს გრძნობაა?
-გრძნობა ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს აღარ არის სიყვარული
-ნუ ამბობ ასე
-რა გინდა მაკო, რას თამაშობ ახლა, არ დაიღალე?
-არა, ურთიერთობას ესაჭიროება დაშორებებიც და ჩხუბიც რომ განმტკიცდეს უფრო
-სად წაიკითხე ეს ?
-რატომ გაქვს ასეთი ტონი?
-მაკო დამთავრდა ყველაფერი და შენც იცი ეს

სახლში გვიან წამოვიდა, თითქოს თავისუფალი იყო ამ საუბრის შემდეგ, მაგრამ ეს თავისუფლება არ იყო  კომფორტული, როცა რაღაც მთავრდება, ამას ახლავს სევდა...

-მაკო რატომ ტირი?
-თიკო შევცდი მგონი, ძალიან მწყდება გული და მინდა ისევ მასთან ყოფნა
-ეს უკვე თამაშია და მოდი გონს გთხოვ, ასე ადამიანების გრძნობებით თამაში არ ხდება, დაფიქრდი და გაერკვიე საკუთარ თავში, ადამიანები არ არიან ვალდებულნი, რომ შენი ხასიათის ცვლილებები აიტანონ...

გულს ვტკენთ ერთმანეთს და სულ გვგონია რომ ჩვენსავით არავის სტკივა, ვეუხეშებით სხვებს და გვგონია რომ მხოლოდ ჩვენ გვეუხეშებიან, ეგოისტურად ვართ განწყობილნი ყველას და ყველაფრის მიმართ და მაინც სულ ვწუწუნებთ, რომ ადამიანებს არასაკმარისად ვუყვარვართ, ვშორდებით ერთმანეთს და გვინდა რომ ის ადამიანები არ იყვნენ კარგად, შეიძლება ზუსტად ასე არა, მაგრამ გვირჩევნია ჯერ თავად ვიპოვოთ ბედნიერება და მერე მათ...

ეს არ არის სიყვარული და არც სწორი მიდგომაა ადამიანების მიმართ...
სიყვარული გულის მდგომარეობაა
როცა გიხარია სხვისი სიხარული, როგორც საკუთარი გაგიხარდებოდა ისე,
როცა  გტკივა სხვისი ტკივილი
როცა გინდა რომ სხვა ბედნიერი იყოს, თუნდაც შენს გარეშე...
სიყვარული იძლევა ძალას სიცოცხლისთვის, ნამდვილი სიცოცხლისთვის...

Tuesday, July 9, 2013

-თათია გაიღვიძე, ჩამოვედით თითქმის
-ასე მალე, თუ ამდენ ხანს მეძინა
-კი გეძინა და მიხარია რომ დაისვენე

თბილისი
ადგილი არ ცვლის ურთიერთობას, მაგრამ სადაც ხდება პირველი შეხვედრა, იმ ადგილს ვეჯაჭვებით, იმ ადგილას ამ ადამიანებთან ურთიერთობა კომფორტს გვანიჭებს და გვგონია, რომ სხვაგან ასე კარგად აღარ ვიგრძნობთ მათთან ერთად თავს...

ტაქსი გავაჩეროთ
ჯერ ვაჟაზე და მერე რუსთაველზე
თათიას ეზო
ბარგი გადმოატანინა და ლიფტამდე მიატანინა, იყო სევდა ამ განშორებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ნახავდა სამსახურში, ის რაჭის ამბავი თითქოს აქ, ამ სადარბაზოში დამთავრდა და ახლა რაღაც ახალი იწყებოდა
ნომერი მაქვს, ხვალ დაგირეკავ დილით და წავიდეთ სამსახურში
-დროებით...

თბილისი არ იყო შეცვლილი, ისევ ისე მიიღო, როგორც ადრე იღებდა ადამიანებს, რომლებიც ტოვებდნენ მას, ახლა რომ უყურებს და დადის ამ ქუჩებში, გრძნობს რომ მონატრებია
თავისი ეზო
და მეგობრები
ხმაურიანი შეხვედრა
ოჯახი
და
ძმა
მშობლები
ასეთ წუთებში ნათლად გრძნობ თუ როგორ უყვარხარ ადამიანებს და როგორ უხარიათ შენი დანახვა, კარგად თუ შევიგრძნობთ ამ სიყვარულს, ეს დიდ ძალას იძლევა სიცოცხლისთვის...

-მაკო
-გისმენ თიკო
-საბა ჩამოვიდა
-ყოჩაღ

დაბრუნდა, ისევ მოინდომებს ჩემს ნახვას და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება? იმედი მაქვს მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თან ვფიქრობ და ვნერვიულობ, სხვასთან რომ ვნახო მაინც მეწყინება, ვიცი ეგოიზმია, შეიძლება უსიყვარულობაც, მაგრამ მირჩევნია ჯერ მე ვიპოვო ვინმე და მერე მან, რატომ მომდის ასეთი აზრები თავში არ ვიცი, მაგრამ მომდის და...

-საბა გამოგივლით ახლა, ჩამორჩი ცხოვრებას, დღეს ლივერპული :მანჩესტერია
-ვახ, როგორ მომნატრებია ჩემი გუნდი
-1 საათში შენთან ვარ

ფეხბურთი ცხოვრებაში
ჰკრავს ადამიანებს, ერთი მიზნის გარშემო რომ ერთიანდებიან ადამიანები, ეს მათ ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს, მაკო ღამეებს ათენებდა ხოლმე, რომ შეესწავლა წესები, რადგან სულ დადიოდა საბასთან ერთად, მაგრამ ეს ყველაფერი ხელოვნური იყო, ვინმეს გამო ვერ შეიყვარებ ამ სპორტს, თავად უნდა გიყვარდეს...

მეგობრები 
მანქანა
მუსიკა
და მატჩისკენ მიმავალი გზა
ბარი
-ადგილები არის ?
-თქვენთვის ყოველთვის
შედის იქ სადაც დიდი ეკრანია და ხედავს იმ ზურგს, რომელიც ორი დღის წინ ნახა პირველად რაჭაში, ის თმა ახლა ფორმას ფარავდა, ეს თითქმის წარმოუდგენელია, ნუთუ ფეხბურთი უყვარს
-თათია
-ვაიმე დედა, აქ რა გინდა?
-შენ რა გინდა აქ, მე მატჩზე ვარ მოსული
-კარგი ერთი, მეც
-ვგრძნობდი რომ რაღაც ცუდი იყო შენში და ლივერპულია ეს თურმე
-ნერვებს ნუ მიშლი და მიხედე შენს გუნდს

მატჩი დაიწყო
ეტყობა რომ მაგრად ესმის ეს საგანი
გასაოცარია, ფეხბურთიც უყვარს, უკვე მეშინია ამ გოგოსი
მანჩესტერმა მოიგო
-რას იზამ თათ, ასეთია თქვენი გუნდი
-შემეშვი :)
იყო ბევრი ხუმრობა, ბევრი ლუდი და ხვალ მძიმე ადგომა დილით:)

 სამსახურში საბას გამოჩენა შოკის ტოლფასი იყო, ყველას ეგონა რომ დაბრუნდა და ყველა კარგად გრძნობდა თავს
-ბრუნდები საბა?
-მინდა რომ თათია გავარკვიო ბოლომდე, ძალიან კარგი კადრია და მე კარგად შემცლის
-კი, ეტყობა, მაგრამ მე მირჩევნია რომ დაბრუნდე
-მე რომ დავბრუნდე, თათია უნდა გაუშვა და ეს იდეა არ მომწონს
-დაგტოვებთ ორივეს, ისედაც ბევრი საქმე გქონდა ხოლმე და ახლა თათია დაგეხმარება
-გიო, აბა ვიწყებთ გრანდიოზულს რამეს?
-აი ეგ მაკლდა, შენი შემართება

თათია კაბინეტში იჯდა, თავისი კუთხე უკვე მოწყობილი ჰქონდა და ახლა იმაზე ფიქრობდა, გაშვების შემთხვევაში, როგორ მოუწევდა ყველაფრის ალაგება, ჩამოხსნა და ჩალაგება

-თათია მოგიწყვია უკვე ოთახი
-კი და მომიწევს აშლა ხო ?
-კი, თუ ამ ლივერპულის ფორმას არ ჩამოხსნი აქედან
-ანუ ?
-ანუ ერთად ვიმუშავებთ, მე შენს პირდაპირ ვიჯდები და არ მინდა ეს ფორმა თვალში მეჩხირებოდეს
...
სამსახურში სიარული ისედაც უხაროდა თათიას და ახლა უფრო მეტად, დაიგეგმა ბევრი პროექტი, ზოგადად თავისუფალი გარემო აქვთ სამსახურში, შეზღუდულები არ არიან, იდეებს ამბობენ თამამად, ერთმანეთს, უფროსს პატივს სცემენ, საქმეს გულით აკეთებენ, არ ეშინიათ არც ერთმანეთის, არც კონკურენტების, პატივისცემაზე დამყარებული საქმე ბევრად წარმატებულია, ვიდრე შიშზე...

2 კვირა ისე გავიდა, მაკოს არსად შეხვედრია, მაგრამ დღეს მათი საერთო მეგობრის დაბადების დღეა და შეხვედრაც მოხდება, ეს ყველაფერი იძლევა ნერვიულობის საბაბს, ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ თან საკმაოდ გაურკვეველი

-თათია საღამოს რას აკეთებ, ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და წამოდი არ გინდა ?
-არა, ვიცი მაკო იქნება მანდ და მარტო უნდა შეხვდე, ასე აჯობებს
-ეგ რა შუაშია?
-თავშია დამიჯერე
-ასეთი ტონი რატომ გაქვს ?
-გითხრა პირდაპირ ?
-კი მითხარი 
-ვერ ვიტან დადგმულ სცენებს, შენ მძიმედ გადაიტანე ამ გოგოსთან განშორება, მერე გამოვჩნდი მე, ვიცი ამან შეგიმსუბუქა დარდი, მაგრამ მაინც მგონია რომ დაუბრუნდები მაკოს, მერე მე ვინერვიულებ ამაზე და ჩემთვის არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება ნერვიულობა, თორემ კარგი ვინერვიულებდი
-რატომ ინერვიულებ ? ანუ რაღაც გრძნობა გაქვს უკვე ?
- კი მაქვს, მაგრამ ვბლოკავ ჯერჯერობით...

ყველაზე დიდი შეცდომა, ერთი ურთიერთობის მეორეთი ჩანაცვლებაა, როცა ის ერთი ჯერ არ არის გარკვეული, ამით მომავალიც განწირულია ფაქტიურად, ჯერ დაამთავრე ის ერთი, დარჩი საკუთარ თავთან მარტო, გადააფასე, დააფასე, შეაფასე და მერე გაემზადე რაიმე ახლისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ძალით...
მოვლენები რომლებიც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, გაგვაძლიერებს თუ დაგვასუსტებს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს მიდგომაზე ცხოვრების მიმართ, შეცდომა ყველას მოსდის, თუ პატიობ ადამიანს, აღარ უნდა გაახსენო, შეიძლება ვერ დაივიწყო, მაგრამ თუ პატიობ, უნდა აპატიო ბოლომდე
ვინმემ გატკინა გული ?
ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები ცუდები არიან, ყველა ჩვენთაგანში არის კარგიც და ცუდიც, უნდა ეცადო კარგზე გაამახვილო ყურადღება სხვაში, ეს არ ნიშნავს რომ სუსტ მხარეს ვერ ამჩნევდე, მაგრამ უნდა ცდილობდე კარგი მხარეების გაძლიერებაში შეეშველო...
ადამიანებს ერთმანეთი აბედნიერებთ...
ხშირად ამწუხრებთ კიდეც
მაგრამ მთავარი მაინც ბედნიერი წამებია :)

Saturday, July 6, 2013

:)

სიჩუმე გაგრძელდა წუთები, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, თვალები ხშირად ყველაფერს ამბობს, თითქოს ეხვეწებოდა საბა დარჩენას, დარჩი და გადამარჩინე, ცხოვრებისკენ მომაბრუნეო...

-კარგი, ორი დღე ვრჩები, მაგრამ რაც სანახავია, ყველაფერი უნდა მანახო და არ დაიზარო
-გაემზადე და გავდივართ
-რა მაგარია, სამსახურში არ დაგვავიწყდეს დარეკვა, შაორზეც მინდა წასვლა, არ გამოგრჩეს
-ვეცდები :)

იარეს ბევრი
ჩანჩქერები
წყლით სიარული, სადაც შეიძლება იყოს გველები
რთული ასასვლელები
საბა ხელი მომკიდე
საბა ვაიმე
რა მაგარია
ჩანჩქერი, აქ უნდა ჩამოვსრიალდე

უკვე სახლისკენ ბრუნდებოდნენ, ორივეს მოშივდა, თათია უკან ჩამორჩა, მერე იყო სიჩუმე და მერე თათიას ხმა
 -საბა, საბა, ”რუგზაკში” ნემსი, საბა სწრაფად ამოიღე
მოიხედა და ხედავს თათიას, დაუცველს, რომელიც წევს მიწაზე და თითქოს სიკვდილს ებრძვის
წამებში ხსნის ”რუგზაკს”
ინსულინის ნემსი
ყველაფერი ცხადია
დიაბეტი აქვს
ყველაფერი კარგად იქნება, მორჩა დაწყნარდი, აი მოდიხარ ფერზე, ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა სახლში, თან ფიქრები, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს
საერთოდ არ ეტყობა რომ ავად არის, ასეთ დიდ გზაზე მარტო წამოვიდა, ეტყობა არ ეშინია ამ ყველაფრის, ან არ ფიქრობს და  როცა ცუდად ხდება, მაშინ  დგება ფაქტის წინაშე...

-მოდი დაწექი, საჭმელს მოგიმზადებ, შიმშილზე დაგემართა ეს შეტევა და რომ გეთქვა არ იქნებოდა ურიგო
-გეტყოდი ოდესმე, მაგრამ ახალი ჩამოსული ვიყავი და ”გამარჯობის” ნაცვლად, ”მე დიაბეტი მაქვს” ასე დამეწყო ეს ყველაფერი ?
-კარგი, მერე მომიყევი ყველაფერი
-კარგი

თისია და ტაისიაც მოვიდნენ, ბავშვი დადებითად მოქმედებს ყველაზე და ყველაფერზე, კალთაში ეჯდა თათიას და რაღაცას ეტიტინებოდა, თათიაც იცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე იყო, არ უყვარს როცა ვინმე წუხდება მისი ავადმყოფობით, თან ადრე თუ გვიან უნდა მოეყოლა ყველაფერი, ეს ხომ შეძენილი დაავადება იყო, რომელიც სტრესის გამო დაემართა...

საღამომ მხიარულად ჩაიარა
დარჩნენ მერე ორნი
-დაწექი საბა,ნუ გეშინია არაფერი მომივა, შიმშილზე დამემართა
-ვიცი, მაგრამ სანამ არ დაგეძინება არ მინდა რომ წავიდე, ჩამოგიჯდები აქ და მოგიყვები რამეს
-ასე ხომ დედა გამახსენდება :( დედა, რომელიც კიბოთი გარდამეცვალა, ეს ვერ გადახარშა გონებამ და აისახა სტრესში და ამ სტრესმა მოიტანა დიაბეტი, აი ასე მოკლედ მოგიყევი ჩემი ამბავი
საბას გული შეეკუმშა, უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ ეცდებოდა არასდროს მოშორებოდა გვერდიდან, მაგრამ ეს თითქოს ზედმეტად მოეჩვენა, დაუჯდა თავთან, აიღო მისი ხელი და დაიწყო მოყოლა...
ზღაპარივით ყვება ნამდვილ ისტორიებს, თან ხმაც რაღაცნაირად ტკბილი აქვს, ამშვიდებს ადამიანს, თათიაც დაწყნარდა და თანდათან მშვიდი ძილიც მოვიდა...

დილით საუზმე ლოგინთან იყო, საბა გარეთ მუშაობდა, ბავშვი ოთახში ხოხავდა, თისიაც რაღაცას საქმიანობდა
ადგა თათია
ჩაბარგდა
და ჩამოვიდა ქვემოთ
-საბა
-გაიღვიძე ? აბა სად მივდივართ დღეს, შაორზე წავიდეთ ჩემი იდეა ასეთია
-არა საბა, თბილისში ვბრუნდები
-რატომ, ცუდად ხარ ?
-არა, უბრალოდ მირჩევნია დავბრუნდე
-გეშინია რომ ვერ მოგივლი აქ ?
-არ მინდა რომ მომიარო და საერთოდ ტვირთად ყოფნა არ მინდა და არ მიყვარს
-კარგი დამელოდე...

10 წუთის შემდეგ ბარგით ჩამოვიდა
-ეს რა არის ?
- მოვდივარ მეც
-რატომ ?
-2 დღე საკმარისი აღმოჩნდა რომ დაგებრუნებინე თბილისში, ასე უფრო მშვიდად ვიქნები, პროექტებშიც გაგარკვევ და მერე რა იქნება ვნახოთ
-გავიჩალიჩე სამსახურის დაკარგვა :)

გასაღები თისიას დაუტოვა, დაჰპირდა რომ დაბრუნდებოდა, ბავშვს ჩაეხუტა, თათიას ბარგიც აიღო და წავიდნენ...

სამარშუტო ტაქსი
მძღოლის თბილი სალამი
-დათუნიკა ორი ადგილი გააქვთ ?
-შენთვის ყველაფერი მაქვს საბუნია, წინ გირჩევნია ?
-კი, ფანჯარასთან მირჩევნია

ბარგი საბარგულში
ელოდებიან შევსებას
უყურებს საბა თათიას და ხვდება რომ ცხოვრება ისევ გრძელდება, გრძნობს რომ ამ ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებს, აი ახლა ამ წამს, ვინმემ იარაღი რომ დაუმიზნოს თათიას, იცის რომ გადაეფარება, ეს აზრები მოსდის თავში და ვერ იჯერებს რომ ეს მართლა ხდება, ცხოვრება ხომ დამთავრებული ეგონა, იმ გაგებით რომ აღარ მოხდება რაიმე ისეთი, რაც გულს გაუთბობდა, მაგრამ რასაც არ ელი ის ხდება ხშირად...
-ჯერ მე შევალ, შენ ფანჯარასთან დაჯექი
-კარგი

გზა
გზა კიდევ უფრო აახლოებს ადამიანებს
ერთი გზა აქვთ, დროც ერთნაირად გადის, ერთი მიზანი აქვთ, რომ ჩავიდნენ, ან დრო გაიწელოს, რომ ერთად ყოფნა უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ხანდახან გინდა ადამიანს, რომ უსასრულო იყოს ეს გზა, რადგან არ იცი დანიშნულების ადგილზე რომ ჩახვალ რა იქნება მერე, როგორ განვითარდება მოვლენები, იქნებ ეს ყველაფერი გზასთან ერთად დასრულდეს...

თავი საბას მხარზე ედო და ეძინა მთელი გზა, საბა ფანჯრიდან უყურებდა გზას და თან ვერ ერეოდა ფიქრებს, ვერ ბლოკავდა მათ, თვეების შემდეგ ისევ თბილისი, მეგობრები, სამსახური, მაკო, რა იქნება და როგორ, მაგრამ მთავარია რომ თათია აქ არის ახლა დანარჩენს გაუმკლავდება...

მძიმე წუთები ?
ყველას ცხოვრებაში დგება, გადალახავ თუ არა, როგორი გამოხვალ ამ წუთებიდან, ეს შენზე, ადამიანზეა დამოკიდებული
ადამიანების დაკარგვა, როცა სიკვდილი გვართმევს მათ,
ვერ დაივიწყებ და არც უნდა დაივიწყო, მაგრამ სამუდამო გლოვას არ უნდა მისცე თავი,  რადგან ეს არ უხარიათ მათ, ისინი ისევ ის ადამიანები არიან, იმ გაგებით, რომ შენი ბედნიერება ისევ ისე უხარიათ, როგორც დედამიწაზე ყოფნისას უხაროდათ, შეიძლება ერთ ქალაქში ცხოვრობდეთ და ხშირად ვერ ესაუბრებოდეთ ერთმანეთს, ამისთვის ან უნდა ნახო, ან დარეკო, ახლა ის სხვაგან არის, ცაში, შენ ქვემოთ აქ, მაგრამ უფრო ესმის შენი, ფიქრობ მასზე და ესმის და თითქოს გულში გაძლევს პასუხს და შენ თუ არ გესმის მისი, მხოლოდ იმიტომ რომ ზედმეტ გლოვას მოუცვამს შენი გული და აღარ იტოვებ ბედნიერებისთვის ადგილს...
სიკვდილი ვერ აშორებს ადამიანებს ერთმანეთს, რადგან მთავარი ცხოვრება გულშია და თუ იქ გახსოვს, ანუ მასაც ახსოვხარ და არაფერია დაკარგული...
ხანდახან რომ ვერ ვერევით ცხოვრების სიმძიმეს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაც ძლიერ გვტანჯავს, ზოგი ავად არის, მაგრამ სიცოცხლე მაინც უხარია, ჩვენ არაფერი გვაწუხებს, მაგრამ თან რაღაც გვჭამს შიგნიდან...
ავადმყოფობისას მათ მიაგნეს მთავარს, იპოვეს ბედნიერების წყარო, რომელიც გულში მოედინება, შენ სადღაც შენს გარეთ დაეძებ მათ და იმიტომ გრძნობ თავს ცუდად
შიგნით ჩაიხედე
შენს შიგნით
გულთან, გულში, გულის კართან...
 

Thursday, July 4, 2013

:)

 სტატისტიკურად ცხოვრების დალაგება, ერთი დიდი ნაბიჯია უაზრობისკენ.
ასე მოხდება, ასე თუ მოიქცევი, მასთან ვიქნები მთელი ცხოვრება, არ მომბეზრდება, მეორე წუთს რა მოხდება არავინ იცის, შეიძლება უღალატო მეგობარს, აღარ გიყვარდეს ის, ვინც გეგონა რომ სიცოცხლეზე მეტად გიყვარდა, შეიძლება გაიქცე შენი სამშობლოდან ისე, რომ აღარც მოგენატროს, გრძნობებს სტატისტიკურად და გეგმის მიხედვით ვერ გააკონტროლებ, გონებით შეიძლება მართო, მაგრამ ზუსტად რა და როგორ იქნება ამის განსაზღვრა ძნელია.

-არ დაგირეკავს ?
-არა, არც თვითონ
-ანუ მართლა დამთავრდა ყველაფერი ?
-მგონი კი, მაგრამ ეს ”მგონი” ბოლოს მიღებს, მინდა ვიპოვო მიზეზი, თუ რატომ აღარ მაქვს ის გრძნობა, აი ის, რომ ვხედავდი და ქვეყნად ყველაფერი რომ მავიწყდებოდა, მზად ვიყავი საერთოდ არ დამეძინა და მხოლოდ მისთვის მესმინა, მახსოვს პირველად რაჭაში რომ წაგვიყვანა, ჯერ არაფერი იყო გარკვეული, ფეხით რომ მოგვატარა რაჭა, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ შემეძლო სიარული კიდევ დიდხანს, მთავარი იყო რომ მის გვერდით ვიყავი და მისი ხმა მესმოდა
-ღამე ცეცხლთან რომ ვისხედით და რომ გამოგხედა სხვანაირად, რაღაცაზე იცინოდი და საბას შევხედე მაგ დროს და ისეთი სიყვარულით გიყურებდა, ერთი სული მქონდა რომ მეთქვა შენთვის, მეგონა რომ გაჰყვებოდი ცოლად და ცხოვრების ბოლომდე თქვენთან ვივლიდი სტუმრად, მაგრამ არ მოხდა ასე
-კარგი წავედით და მორჩა ეს თემა, თორემ გული მიჩუყდება და ვერ ვხვდები რატომ...

თბილისი არ გამოირჩევა ბევრი დიზაინერით, განსაკუთრებით ოფისების და სახლების გაფორმების დარგში, საბა მართლა გამორჩეული იყო და სამსახურს ძალიან დააკლდა, აიყვანეს სხვა, ნიჭიერი გოგო, თათია, მაგრამ საბას ასე ადვილად ვერ შეცვლიდა...

-საბა დაბრუნებას არ აპირებს? ძალიან ბევრი პროექტია, რისი დეტალებიც მხოლოდ მან იცის და ვერ ვკიდებ ჯერ ხელს, მინდა რომ გავესაუბრო
-რაჭაშია წასული და იქ თუ ჩააკითხავ არ ვიცი
-რატომ ვერ ჩავაკითხავ, მისამართი მომეცით და მე მივხედავ ამ საქმეს
-არ არის პრობლემა...

-თისია ლობიო მოიხარშოს დროულად, ბავშვს მე დავიტოვებ, დღეს დიდი სტუმრიანობაა
-ანუ დიდი სმაც აიწევა
-კი, ამ სოფლის დღეა დღეს თუ გახსოვს და ახლა ჩემი ჯერია, ჩემს სახლში უნდა გაკეთდეს
-კარგი ლობიანებს და ხაჭაპურებს მე გავაკეთებ
-მიდი დატრიალდი, 7 საათია უკვე

საბა ბევრ საქმეს ავალებდე თისიას, შრომა ავიწყებს ადამიანს დარდს, უსაქმრად ყოფნის დროს მოდის ცუდი ფიქრები, თისია არ ვიცი ხვდებოდა თუ არა ამას, მაგრამ იცოდა რომ ეს კარგი იყო და დიდი ენთუზიაზმით შეუდგებოდა ხოლმე საქმეს...

სოფელში ყველაფერი პირიქით ხდება, ადამიანები ადრე დგებიან და ადრე იძინებენ, არის პერიოდები როცა ჩხუბობენ მეზობლები, მაგრამ ამ ჩხუბში არის ხოლმე რაღაც ძალიან თბილი და იუმორით სავსე...

სუფრა საღამოს 5 საათისთვის უკვე გაშლილი იყო, ეზო, ჰაერი, ადამიანები, მოკითხვა და პირველი სადღეგრძელო...
-საბაა
-ხო დიდედა
-ვიღაც ლამაზი გოგო გეძებს
-სად აბა?
-გამოდი ჭიშკართან დგას

დგება საბა, თან გული ეკუმშება, დავიჯერო მაკო ჩამოვიდა, არა ეს გამორიცხულია, ეზოდან კარამდე სულ 10 ნაბიჯია ალბათ, მაგრამ მაინც მთელმა ცხოვრებამ გაურა თვალწინ, წარსულმაც და მომავალმაც, აღებს ჭიშკარს და უყურებს ვიღაცის ზურგს
წაბლისფერი თმა, ტალღოვანი, შეკრული აქვს ბანტით, აცვია მწვანე კაბა, ვარდისფერი ყვავილებით, ეს ვინ არის ნეტავ
-თქვენ მეძებდით ?
ტრიალდება
სახე
არა, თვალები
მთავარი თვალებია
შეხედა პირდაპირ თვალებში

-დიახ მე გეძებდით, მე თათია ვარ, თქვენს პოზიციაზე ახლა მე ვმუშაობ და რაღაც დეტალებზე უნდა გაგესაუბროთ
-გაკვირვებული ვარ აქ თქვენი მარტო ჩამოსვლით, დღეს სამსახურზე გასაუბრების შანსი არ არის, ეს ხვალისთვის გადაიდება, მობრძანდით, აუცილებლად უნდა დაგვეწვიოთ
-უარს ნამდვილად არ ვიტყვი

სოფელში სუფრაზე თავს უცხოდ არასდროს იგრძნობს ადამიანი, გულწრფელად იციან მიღება და იციან რომ მათიანი ხარ, ერთი საქართველოს მიწაზე ცხოვრობ და ერთი ჰაერით, ერთი წყლით სულდგმულობ და ეს არ არის ცოტა...

-თათია ლობიანი?
-კი,კი აუცილებლად, სულ მაინტერესებდა რა იყო ეს რაჭული ლობიანი
-თათია ხვანჭკარას დალევ თუ კონიაკს?
-ხვანჭკარა, ხვანჭკარა

საბას გვერძე იჯდა, საბა გაოცებული იყო მისი ინტერესით ყველაფრისადმი, თან ეს ნამდვილი ინტერესი იყო, არ იყო ყალბი, ანუ მხოლოდ იმიტომ  გაკეთებული, რომ ვინმეს თავი მოაწონო
სუფრა გვიანობამდე გაგრძელდა
იყო სიმღერა
და რაჭული ცეკვაც

-თათაი იცეკვებთ ?
-კი, რა თქმა უნდა
-იცით ?
-ვცეკვავ ბავშვობიდან

ეტყობოდა რომ მართლა ცეკვავდა, არ ჰგავდა მაკოს ნასწავლ ერთ ცეკვას, რომელიც მხოლოდ იმიტომ ისწავლა, რომ საბა მოეხიბლა...

წავიდა ყველა
თისიაც წავიდა, ბავშვს ეძინებოდა
ჭურჭელი ღამის 3 საათამდე რეცხეს

-რომ დაგასაქმეთ არაუშავს ?
-სამსახურშიც თქვენს საქმეს ვაკეთებ და მივეჩვიე უკვე, მაგრამ დღეს სამსახურის საქმეები არ გვინდა, ერთი საბანი მომეცით, ჰამაკში მინდა დაძინება, არ დაიწყო შეგცივდება და რაღაც მსგავსი, ღვინომ დამარტყა და სახლში არ არის ჰაერი
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ისე შეგცივდება :)

ჭიშკარი ჩაკეტეს
დაწვა თათია, ჩაიფუთნა საბანში 
-ძილინებისა
-შენც
საბა ავიდა ოთახში და გადმოიხედა ფანჯრიდან, თათიას თვალები დახუჭული ჰქონდა და ეძინა ალბათ უკვე, თვითონ ერთი ორი საათი ვერ დაიძინა, მაგრამ ბოლოს მოვიდა ძილი...

მეორე დღე 7-ის ნაცვლად, 10 საათზე დაიწყო, თათია უკვე ფეხზე იყო და ”ზაგარს” იღებდა

-ოჰ გაიღვიძე ? მე  უკვე მზეს ვეფიცხები, არ ვისაუზმოთ ?
-კი, გარეთ გავაწყოთ
-მოდი მოგეხმარები, თან ვისაუბროთ
განიხილეს რაღაც დეტალები, საბამ აუხსნა ყველაფერი სწრაფად და მარტივად
-ისე ეს წასვლა და სამსახურის მიტოვება რა იყო ვითომ? როგორც გავიგე რაღაც დეპრესიული ამბებია ხომ?
-მოუყოლიათ უკვე და მე ვერაფერს დავამატებ
-არაფერი მოუყოლიათ, მითხრეს რომ საცოლეს დაშორდით და გაიქეცით
-ნუ ფაქტიურად ასე იყო
თათიას გაეღიმა
-ვიცი გაინტერესებთ რატომ მეღიმება, გეტყვი, უბრალოდ ეს დეპრესიული მიდგომები ბოლოს მიღებს, დაშორდებიან ვინმეს და ტირიან წლები, გარშემო არაფერი უხარიათ, დაშორდი ? გააკეთე ყველაფერი ? არ მოხდა შერიგება? ანუ მორჩა რა, რა საჭიროა ეს გლოვა სიცოცხლის ბოლომდე
-არავის მიუტოვებიხარ შენ ალბათ
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა, გიყვარდა, იყავი ამით ბედნიერი,  სიყვარული ვფიქრობ ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ მაინც, ადამიანებს სწორად რომ უყვარდეთ ერთმანეთი, არაეგოისტურად, აღარ დაიტანჯებოდნენ დაშორებისას...
წავედი ჩავალაგე ბარგი
-დარჩი დაისვენე, შვებულება მოიწყვე
-აქ რომ დავრჩე, დაგაბრუნებ თბილისში და დავკარგავ მერე სამსახურს
-დარჩი რა
შეხედა
იყო დუმილი...

მოულოდნელი შეხვედრები, იქ სადაც არავის ელი, იქ იციან გამოჩენა, მოვლენ და შეცვლიან ყველაფერს შენს გარშემო და შემოიტანენ რაღაც ძალიან თბილს შენში, ისეთს, რაც მოგცემს ძალას სიცოცხლისთვის...
მოხდა ცუდი ? 
უნდა ვიტირო
იტირე, მაგრამ არ იგლოვო მთელი ცხოვრება, ატარე გულში და შეინახე თბილად, მაგრამ ამდენი გლოვით ნუ დაუკარგავ ფასს...
მოგონებები ილექება ჩვენში, ეცადე შეინახო და გაიხსენო მძიმე წუთებში...
გიღალატეს?
ალბათ შენც გიღალატია, სხვისთვის თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც, მიიღე ეს როგორც გაკვეთილი და ეცადე ამ მასალით ააშენო საკუთარი თავი, ცოტა უკეთესი მაინც გახადო...
არაფერი ხდება ?
ხდება, როგორ არ ხდება
იყავი დაკვირვებული...
იცვლება ფიქრები და იცვლება ცხოვრებაც...