Wednesday, July 10, 2013

საჩუქრის არჩევა და ფიქრი იმაზე თუ როგორი იქნება შეხვედრა, ალბათ სალამი იქნება ცივი, მერე სუფრა, რომ გინდა არ გაიხედო მისკენ და მაინც იხედები, რადგან გაინტერესებს რას აკეთებს ამ კონკრეტულ წამს, რას ჭამს პირველად სუფრაზე, როგორ იცინის და როგორ ამბობს სადღეგრძელოს, იქნებ რომ გავიხედო, იგრძნოს ეს და შემომხედოს და მითხრას რამე ამ გამოხედვით, რაიმე ისეთი რაც თავის თავში არ მოიცავს სიძულვილს, არამედ პატივისცემას და სიყვარულს...

-თათია მე წავედი და შენ რჩები ?
-კი საქმეები მაქვს, წადი საბიკ
-ანუ მაინც არ წამოხვალ დაბადების დღეზე?
-არა, შენ უნდა წახვიდე და თან მარტო
-არ გადაიღალო ძალიან და მალე წადი სახლში
-თქვენი სიტყვა კანონია ბოსს
-ცანცარა შენ :)

სახლში ავიდა, დაისვენა ცოტა და წავიდა გიორგისთან
გზა და მანძილი, წუთები რჩება დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, უეჭველი მისული იქნება, ეგ ხომ მანიაკია, ერთი საათით ადრე მიდის ყველგან...
სადარბაზო
კიბეები
კარი
ზარი
გიორგის დედის შეხვედრა

შედის იქ, სადაც სტუმრები სხედან, კარი და მისი თვალები, მაკოც ელოდებოდა და სულ კარისკენ იყურებოდა, ნერვიულობდა ძალიან, გვერძე თიკო ეჯდა და საბა რომ შემოვიდა, ფეხი ძალიან მაგრად დაადგა ფეხზე...
მეგობრებს განსაკუთრებულად უყვარდათ საბა, ისეთია სულს რომ შეჰმატებს და გაალამაზებს ყველაფერს, გულწრფელია და უყვარს ის ადამიანები ნამდვილად, ვისთანაც არის და ვისაც ახლობლად თვლის, ამას არ ამბობს ხშირად, მაგრამ საქმით ყოველთვის ამტკიცებს...

-პრივეტ საბა
-როგორ ხარ მაკო ?
-უკეთ
-მიხარია
-ვიცი

ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, ამდენი ხნის შემდეგ, საბა სხვაგან იჯდა და მაკო სხვაგან და ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ სანამ ადამიანებმა სასმელი არ დალიეს, ყველა რაღაცნაირად უხერხულად გრძნობდა თავს...
მაკო თითქმის სულ უყურებდა, საბა მეგობრებში იყო გართული და არ იყურებოდა მისკენ, ეს არ იყო დადგმული, უბრალოდ არ გასჩენია ამის სურვილი...
ნეტავ წავიდა თათია სახლში, ან როგორ მივიდა, ხომ არ მოშივდა და ცუდად ხომ არ გახდა, ხომ არ ნერვიულობს ამ ყველაფერზე, ნეტავ რას შვება...

"თათ მიხვედი? მე რომ ვერ წაგიყვანე დღეს, დანაკლისი მაქვს თითქოს, დაამთავრე ბიუჯეტის შედგენა ?"

"რა დროს ბიუჯეტია საბიკ, გაერთე რა სადაც ხარ :) მივედი, ვჭამე და ახლა ვკითხულობ, მომიყევი მერე ამბები, ხომ არ გადაყევი პირველ "გამარჯობას"? ხვალ თუ მძიმედ არ იქნები, გამომიარე, მე ადრე ვიწყებ ხვალ, მეც მომაკლდა შენ რომ არ მიმიყვანე სახლში და გზად ნაყინი რომ არ მაჭამე, მაგრამ არაუშავს, ხვალ გამოვასწოროთ"

აივანზე გავიდა საბა და მაკოც გაჰყვა რატომღაც
-რაო მაკო ?
-არაფერი და თან ყველაფერი, მინდა ბევრი რამის თქმა და არ გამომდის
-მითხარი პირდაპირ, როდიდან გიჭირს საუბარი?
-საბა ყველაფერი მეგონა და მინდოდა რომ დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა არ ვიცი რა მინდა, შეიძლება უბრალოდ გადავიღალე და დასვენება მჭირდებოდა ჩვენი ურთიერთობისგან, მაგრამ ახლა არ ვიცი რა ხდება
-მაკო შენი საქციელით მე მივხვდი რომ მორჩა ყველაფერი და აღარ დავიწყე ბრძოლა, რადგან სიყვარული აღარ იყო და ძალით არ ხდება და არ მწამს მე ასეთი ურთიერთობის გაგრძელების
-ანუ აღარ გაქვს გრძნობაა?
-გრძნობა ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს აღარ არის სიყვარული
-ნუ ამბობ ასე
-რა გინდა მაკო, რას თამაშობ ახლა, არ დაიღალე?
-არა, ურთიერთობას ესაჭიროება დაშორებებიც და ჩხუბიც რომ განმტკიცდეს უფრო
-სად წაიკითხე ეს ?
-რატომ გაქვს ასეთი ტონი?
-მაკო დამთავრდა ყველაფერი და შენც იცი ეს

სახლში გვიან წამოვიდა, თითქოს თავისუფალი იყო ამ საუბრის შემდეგ, მაგრამ ეს თავისუფლება არ იყო  კომფორტული, როცა რაღაც მთავრდება, ამას ახლავს სევდა...

-მაკო რატომ ტირი?
-თიკო შევცდი მგონი, ძალიან მწყდება გული და მინდა ისევ მასთან ყოფნა
-ეს უკვე თამაშია და მოდი გონს გთხოვ, ასე ადამიანების გრძნობებით თამაში არ ხდება, დაფიქრდი და გაერკვიე საკუთარ თავში, ადამიანები არ არიან ვალდებულნი, რომ შენი ხასიათის ცვლილებები აიტანონ...

გულს ვტკენთ ერთმანეთს და სულ გვგონია რომ ჩვენსავით არავის სტკივა, ვეუხეშებით სხვებს და გვგონია რომ მხოლოდ ჩვენ გვეუხეშებიან, ეგოისტურად ვართ განწყობილნი ყველას და ყველაფრის მიმართ და მაინც სულ ვწუწუნებთ, რომ ადამიანებს არასაკმარისად ვუყვარვართ, ვშორდებით ერთმანეთს და გვინდა რომ ის ადამიანები არ იყვნენ კარგად, შეიძლება ზუსტად ასე არა, მაგრამ გვირჩევნია ჯერ თავად ვიპოვოთ ბედნიერება და მერე მათ...

ეს არ არის სიყვარული და არც სწორი მიდგომაა ადამიანების მიმართ...
სიყვარული გულის მდგომარეობაა
როცა გიხარია სხვისი სიხარული, როგორც საკუთარი გაგიხარდებოდა ისე,
როცა  გტკივა სხვისი ტკივილი
როცა გინდა რომ სხვა ბედნიერი იყოს, თუნდაც შენს გარეშე...
სიყვარული იძლევა ძალას სიცოცხლისთვის, ნამდვილი სიცოცხლისთვის...

No comments:

Post a Comment