Saturday, October 31, 2015

-ტაის, შენც შემოგვიერთდი, აღარ არის ხალხი
-კარგი, დაასხით და ახლა თქვენ მომემსახურეთ

ნიკუშას გვერდით ვიჯექი და არ მჯეროდა, ისიც ჩემ გვერდით იყო, ხალხი საუბრობდა, მის მზერას სულ ვგრძნობდი, ისე მიყურებდა, თითქოს რაღაც ძალიან კარგს ხედავდა და ვხვდებოდი, რომ უნდოდა დროის გაჩერება...
ნინია ცეკვავდა და ბოლოს ამღერდა, ამ გოგონაზე ორმაგები ყველაზე მაგრად მოქმედებს...

მისი ირლანდიელი ბიჭიც მოვიდა, არ აღიარებს, მაგრამ მგონი ამასაც მოსწონს, ერთობა ჯერ, ახლა აიტეხა, იქით კვირაში ბაკურიანში წავიდეთო, ჯერჯერობით თანხმობა განვაცხადე, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს თანხმობა, არ ვიცი...

გენერატორში გადაინაცვლეს, ახალი ბარია, სოციალური ამბებით დატვირთული.

მე ჭიქები დავალაგე, ფული ავიღე და გარეთ გამოვედი, შემოდგომის ოდნავ ცივი და თბილი ჰაერი შემომეხვია სახეზე, გვერდით ნიკა იდგა, უკვე წასული მეგონა და გულმა რაღაცნაირად გამკრა...

-მეგონა წახვედი
-არა, ვიფიქრე გავისეირნებდით და თან სახლამდე მიგაცილებდი, თუ გინდა შენ მეგობარს დავეწიოთ
-არა, სახლში მირჩევნია მისვლა, ნინია ხვალ არ მუშაობს და მე მირჩევნია გამოძინება, თუმცა გასეირნებაზე უარს არ ვიტყვი...

გაეცინა, მინდოდა მუსიკა გვქონოდა ყურებში და ისე გვესეირნა, მაგრამ მარტო მას ჰქონდა ყურსასმენები, უცბად ნინიას ნაჩუქარი სპლიტერი გამახასენდა, რომელიც დღიდან ჩუქებისა სულ ჩანთაში მაქვს... 

სპლიტერი-მუსიკა ორისთვის...

ჩავარჭე მის აიფოდში და კოლმეურნეობიდან გამოვუყევით გზას...

-ჰეჰ, ისევ ირლანდიური სიმღერა
-ხო, შენ რომ გიყვარს, არ ნიშნავს ეს, რომ მარტო შენ გიყვარს
-სულ იმღერე ხოლმე
-მაშინ შენ სულ იარე...

გამეცინა... 
სახლს ვუახლოვდებოდით და ვიცოდი, დამთავრდებოდა მალე ყველაფერი, ისე მინდოდა დროის გაჩერება, ხან სუნთქვა შევიკარი, ხან ძალიან ვისუნთქე და მაინც არ გაჩერდა დრო, მაინც სადარბაზოსთან მოვედით...

იდგა და მიყურებდა, მე სადარბაზოში შევდიოდი, მაგრამ ვერ მოვითმინე და გამოვტრიალდი...

-ნიკუშ
-რა იყო?
-იქნებ ხვალ აღარ ვიყო ცოცხალი და მინდა გითხრა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემ ცხოვრებაში, მინდოდა დროის გაჩერება და არ გაჩერდა...

თვალებში ვუყურებდი, აუწყლიანდა, მაგრამ ღრმად შეისუნთქა და შეაკავა ცრემლი...

ახლოს მივედი, მისი სუნთქვა მესმოდა, ვეცადე მის რიტმში მესუნთქა, ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი, მისი ერთი ნაბიჯი და წასვლა კიდევ უფრო რთული გახდებოდა...
მაინც ვაკოცე...
და მაინც წამოვედი...

სახლში როგორ შემოვედი, ან როგორ გავემზადე დასაწოლად, საერთოდ არ მახსოვს, ნინიამ მომწერა, დღეს მეგობართან ვრჩებიო, მე კარი ჩავრაზე და თეორიულად ვცადე დაძინება, რომელიც პრაქტიკაშიც განხორციელდა...

ასე ტკბილად ბოლოს როდის მეძინა, თან წამლების გარეშე, არ მახსოვს. 

თვალი გავახილე, ნინია თავთან მეჯდა და მიღიმოდა...

-რა გაცინებს გოგონი?
-წამალი არ დაგილევია ღამე? ორი ტაბლეტი იყო დარჩენილი და ისევ ორია
-რა გიჟი ხარ, არ გაპატიებ, რომ შეამჩნიე 
-რა ხდებოდა გუშინ?
-არაფერი
-იტყუები...

 სიცილი აგვიტყდა და წავიდა ბალიშებით ბრძოლა, სახლში დავრბოდით, მე არ ვუყვებოდი, ის კიოდა და თან ვიხრჩობოდით სიცილისგან...

სკაიპის ხმამ შეგვაწყვეტინა მხიარულება, შოთა რეკავდა...

უცბად გავშეშდი, არ ვიცოდი რა მექნა და ნინიას ვთხოვე ეპასუხა...

-ნინიაა
-როგორ მენატრები შვილიკ
-მეც ძალიან, საღამოს დაგირეკავ, რაღაც საქმე მაქვს იმასთან და სად არის
-დაიცა, დავუძახებ

უნდა მივსულიყავი, სხვა გზა არ იყო...

-რა სახე მიგიღია?
-ოოო, არაფერი გამოგეპაროს
-კარგი, მერე მომიყევი, იცი რა მინდა, ყაზბეგში ფოტო რომ გადავიღე ხის, ის გამომიგზავნე, არ მქონია კომპიუტერში და აქ რაღაც კონკურსია და მჭირდება...

ცოტაც და ვიტირებდი, ისე მაგრად მიყვარს ეს ფოტო, ყაზბეგში ვიყავით, შოთა სადღაც გავიდა, მე ჩუმად გავყევი, უკან ვიდექი და ის იღებდა ხეს, რომელიც თითქოს მარტო იყო, მაგრამ თან დაცული, მთები იცავდნენ მას, მაგრამ არ აყვედრიდნენ ამას, დაცულად გრძნობდა თავს, მაგრამ ეს ისე გააკთეს მთებმა, რომ მისი დამოუკიდებლობა არ შელახეს...
ვუვყურებდი ამ კადრს და მინდოდა მისი ფოტო ასეთი გამოსულიყო, როცა მანახა, დავრწმუნდი რომ ერთნაირად ვფიქრობდით იმ წამებში...

ფოტო ვიჩუქე და ახლა ის კონკურსზე გადიოდა...

გავუგზავნე...

-ეს ფოტო რატომ გადაწყვიტე?
-არ ვიცი
-რა გჭირს?
-არაფერი ტაის, წავედი...

ნინია ყავას ამზადებდა და თან რაღაცის თქმას აპირებდა...

-შაბათს მივდივართ
-სად?
-ბაკურიანში
-კარგი
-რა კარგი? ხო მოდიხარ?
-წესით კი
-ოოო. მოდიხარ! ახლა გუდვილში გავიქცევი და ვიყიდი რაღაცეებს
-წამოგყვე?
-ნწ, მარტო წავალ, შენ დაისვენე...

სახლი დავალაგე და წამოვწექი ისევ, მივხვდი ძალიან დაღლილი ვიყავი, ფეხზე დგომამ დამცა გუშინ, თან მომწონდა კუნთების ტკივილი, ძველი დრო მახსენდებოდა, აქტიური დრო...
მუსიკა ჩავრთე, წიგნი ავიღე და კითხვაში ჩამეძინა...

ნიკა არ გამოჩენილა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ველოდი მის გამოჩენას, ჩემთვის ის ძალიან მაგარი წამები, იმ საღამოს დამთავრდა...

შაბათი გათენდა...
მზე იყო...
და ჩვენ ბაკურიანში მივდიოდით...
სადარბაზოდან ერთად გავედით მე და ნინია...
გული ისე ამომვარდა, მგონი მეც შევზანზარდი, მანქანასთან ნიკუშა იდგა, ნინიამ იგრძნო ჩემი ნერვიულობა და ძალიან მაგრად გაეცინა...

-ტაის
-შენც მოდიხარ?
-ხო
-კარგი...

გამეღიმა და მიხვდა, რომ გამიხარდა და არც ისე ცუდად იყო საქმე...
მანქანაში ყველა სახის ინსტრუმენტი აღმოვაჩინე და მივხვდი, ძალიან მაგარი სამი დღე გამოგვივიდოდა...

გზა 
ჩვენ
და სადღაც ახლოს იმედი, რომ ბევრი რამ იქნებოდა უკეთ...

ასეც ხდება ცხოვრებაში, მოვლენ და გადაგარჩენენ, როცა თავად აღარ გინდა ბრძოლა, მიგახვედრებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ხარ, რომ შენ გარეშე, მათ ცხოვრებას იასამნისფერი მოაკლდება, რომ ეწყინებათ, თუ შენ არ იქნები კარგად...
ალბათ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ერთმანეთის სუნთქვის მიმართ, თუ შენელდება, ან ძალიან ხშირი გახდება, შევუწყოთ ჩვენი, მოვუაროთ ერთმანეთის გულებს, რომ ჯერ არ გაჩერდნენ, რომ ძალიან არ ეტკინოთ...
მგონი ამისთვისაც დაიბადა ადამიანი, რომ მეორე ადამიანის გულს მოუაროს და არც საკუთარი დატოვოს უყურადღებოდ...



Saturday, October 24, 2015

თბილისში მზიანი დილაა, ადამიანები, ხეები, წყალი, თანდათან რომ იწყებენ გაღვიძებას და მეც მათთან ერთად ვიღვიძებ...
ადრე ავდექი, ნინიას საუზმე მოვუმზადე და სარბენად წავედი, ყველაზე გამოსწორებულებში ძალიან მარტივად მივითაგებოდი, მაგრამ ჯერ ძალიან მეშინია, არ ვიმჩნევ, მაგრამ მეშინია, თავიდან არ დაიწყოს ყველაფერი...

ჯერ მუსიკა მირბოდა, თუ ჯერ მე, ეს ვერ გავიგე, პრინციპში ჰარმონიას ჰქონდა ადგილი.
გუშინ იოგაზე ვიყავით, საკმაოდ დამშვიდებული გამოვედი იქიდან, მძღოლებმაც კი ვერ ამიშალეს ნერვები, ისეთ მწყობრში მოიყვანა იოგამ.
ნინია დიდი ხანია დადის და ალბათ იმიტომ მიტანს ასე ადვილად.
სახლში რომ დავბრუნდი, ნინია წასული დამხვდა, გავაპრიალე ყველაფერი, გამოვეწყვე და გარეთ გავედი...

ბარში შევიარე, სადაც ძალიან ხშირად დავდივართ ხოლმე, მაინტერესებდა ვაკანსია თუ ჰქონდათ რამე ახალი, ბარმენის ვაკანსია აქვთ, მე ბარმენობის კურსები გერმანიაში გავიარე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე და ნიტას მაგრად გვიქროდა...
საღამოს უკვე ვიწყებ მუშაობას და ნინია სამსახურის მერე აქ რომ შემოივლის, ნამდვილად გული გაუსკდება სიხარულისგან...

ასეც მოხდა, შემოვიდა მეგობრებთან ერთად და გრეიფრუტის წვენი მოითხოვა, ინსტიქტურად ბარისკენ  გამოიხედა და რომ დამინახა, საკმაოდ ხმამაღლა იყვირა.
რუნის დაბადების დღე იყო და ნინია ბარში აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს, ძალიან ბევრს სვამენ და მაგრად ერთობიან ყოველთვის...
მე ფეხბურთს ვეღარ ვუყურებ, ერთმანეთს გუნდმა დაგვაკავშირა ერთ დროს, მაგრამ ნიტას გარეშე ვერ ვუყურებ, ეგრევე წამალი მჭირდება და ჯერჯერობით არ ღირს...

-ტაისია, ორმაგი თუ შეიძლება
-მე წაგიღებ სახლში
-მოგიწევს აშკარად...

ბარში მუშაობას მაგარი მუღამი აქვს, სულ ხალხია, შენ რაღაც გემრიელობას ამზადებ და მათაც მოწონთ, ყველა შენთან მოდის, გესაუბრებიან, გიყვებიან ამბებს, თუ როგორ დაშორდნენ, რა ცუდი უფროსი ყავთ, როგორ იზღუდება მათი თავისუფლება და ა.შ.

5 საათი იყო რომ დავკეტეთ, ნინია ზურგზე მყავდა მოკიდებული, ძლივს მივედი მანქანამდე, მერე გასაღები ძლივს ვიპოვე და წავედით სახლში...
სასწრაფოს გამოძახება ორჯერ მომიწია, თან შოთენა მკლავდა სიცილით იქიდან, სკაიპიდან აფხიზლებდა თავის ჭკუით...

ბოლოს გადასხმა გაუკეთეს და ჩაეძინა ტკბილად...

-რა დალია ასეთი?
-რუნის დაბადების დღეა და ხო იცი ბევრს დალევდა
-ხო ვიცი, შენ არ სვამდი?
-მე ვმუშაობ, ბარში დავიწყე მუშაობა
-მართლა? რა მაგარი ხარ
-ძალიან... (ჩავბჟირდი)
-ტაის
-რა იყო?
-ჩამოდი რა ჩემთან, მე დაგასპონსორებ, ყველაფერს მე გავაკეთებ
-გააფრინე? არ მინდა
-რატომ?
-არ ვიცი
-კარგი
-რა იყო, გეწყინა?
-არა, გავიგე რომ არ გინდა, უბრალოდ სულ რაღაც მაკლია აქ, ყველაფერი მაქვს თითქოს და თან არაფერი
-და მე რა შუაში ვარ
-კარგი, დაიკიდე, წავედი... მიყვარხარ და მენატრები, ნინია რომ გაიღვიძებს ხვალ, აკოცე მაგრად...

ვერ წარმომიდგენია ხოლმე, რომ ასე ვაკლივარ, მე ძალიან მიჭირს მის გარეშე, მაგრამ ზუსტად იგივეს როგორ გრძნობს თავად, ეს ვერ წარმომიდგენია...

დილით მაღაზიაში, ფორთოხალი ვიყიდე და დავწურე ფრეში, საწოლთან დავუდგი ნინიას, საუზმესთან ერთად და გავიქეცი სავარჯიშოდ...

დავრბოდი და თან მუსიკას ვუსმენდი და უცბად ვის ვხედავ, ის ბიჭი, აი რომ უკრავს, ადრე მის კონცერტებზე რომ დავდიოდი გიჟივით, გამეცინა და ეტყობა შემამჩნია, მასაც გაეღიმა, მე სიჩქარეს მოვუმატე და უფრო მაგრად გავიქეცი, თან მაგრად მეცინებოდა, მესამე წრეზე კიდევ შევხვდი...

მეგონა უკან ჩამოვიტოვე და უცბად ვიღაცის ხელი ვიგრძენი საკუთარ ხელზე...

-დიახ
-იცით, მე გიცნობთ მგონი
-შანსი არ არის
-კონცერტებიდან მახსოვხართ
-ვაიმე ღმერთო (ვფიქრობ ჩემთვის და იმედია ჩუმად ვფიქრობ) ეგ შეიძლება
-მახსოვს წინ იდექით ხოლმე, სვამდით და მერე ერთი ბიჭი გაკითხავდათ და მიყავდით სახლში
-კი, ასე იყო ნამდვილად
-ახლა აღარ დადიხართ თითქოს
-ვეღარ
-მოდით დღეს, ირლანდიური მუსიკის საღამო გვაქვს და გიყვართ თქვენ მგონი
-ვმუშაობ, თორემ მოვიდოდი
-სად მუშაობთ?
-United pub-ში
-გასაგებია
-დიდი მადლობა, რომ გახსოვარ

ცოტა გაოცებულმა შემომხედა, ეტყობა ვერ მიხვდა რისი თქმა მინდოდა, ან მიხვდა და ეს გაუკვირდა ზუსტად...
-გამორიცხულია, რომ არ მახსოვდეთ და რატომ თავადაც არ ვიცი
-ნახვამდის
-კარგად...

ეს ცხოვრება რა არანორმალურია, საიდან გადავეყარე ახლა, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და მომეყოლა ნინიასთვის, მაგრამ რომ მივედი წასული დამხვდა, ამიტომ შოთენას დავურეკე

-რა ხდება, რა ხმა გაქვს?
-იცი ვინ შემხვდა?
-ვინ?
-ნიკუშა ყიფიანი
-ოპააა, მერე ავტოგრაფი გამოართვი?
-რა იდიოტი ხარ, რა ავტოგრაფი, თავად გამაჩერა, შენც ახსოვდი, აუ ძალიან მეცინება, დღეს კონცერტი მაქვს და მოდიო, მაგრამ ვმუშაობ და სად წავალ
-რა კარგია
-რა იყო? გეწყინა, თუ რა ხმა მიიღე?
-ოოო, არაფერი, ჩათვალე რომ ძალიან მაგარი დღე მექნება დღეს
-ნუ ეჭვიანობ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები ყოველთვის, ვერავინ შეგცვლის
-ასჯერ მითხარი ეგ და იქნებ მოვიდე ხასიათზე, კარგი წავედი, შენ იცი...

ტელეფონი გათიშა...
აკლია რა...
მე სამსახურში წავედი, დღეს ახალი კოქტეილის პრეზენტაცია მქონდა... უნდა დამეტესტა ჯერ და საღამოს ყველას გაესინჯა.

ხალხმა მოსვლა დაიწყო, მიყვარს ის ხალხი, ვინც პირდაპირ ბართან მოდის და ჯდება, ნინიაც მოვიდა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ჩემთან ადგილი აღარ იყო, ამიტომ შორს დაჯდა, ერთი სული მქონდა ნიკუშას ამბავი მომეყოლა, მაგრამ ვერ მოაღწია ჩემამდე...

12 საათზე სიტყვით გამოვედი, ახალი კოქტეილის შესახებ პატარა ისტორია მოვყევი და ყველას გავასინჯე, მაგარი გამოვიდა, ყველა მოდიოდა და დამატებას ითხოვდა, მეც ვუმატებდი და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს...

უცბად ნინია მომვარდა გიჟივით
-რა იყო შვილო?
-ნიკუშა ყიფიანია აქ
-რა თქვი?
-ხო
-დღეს გავიცანი, მინდოდა მოყოლა და ვეღარ მოვახერხე
-ვაიმე, მოდის
-ჩემი სიკვდილი

ნინია გამეცალა, ნიკუშამ დამინახა და გაეცინა... მომიახლოვდა...

-აბა კონცერტი მაქვსო?
-მქონდა და მერე აქ მოვედი
-კოქტეილი გაგასინჯო? სულ ახალი, სულ გემრიელი
-რა თქმა უნდა
-აი, ინებეთ
-გმადლობ...

ჭიქა ტუჩთან მიიტანა და ჩემი თვალებიც მისი ტუჩებისკენ გამოემართა, უცბად გავშტერდი, მაგრამ მერე თითქოს შემრცხვა ჩემი ფიქრების და ყურადღება ჭიქაზე გადავიტანე...

-ძალიან გემრიელია, კიდევ თუ შეიძლება
-რა თქმა უნდა...

ნიკუშ მოდი რა, დაუკარი რა, გაისმა ხმა...
-წავალ, დავუკრავ...

ვაჰ, ეს რა ხდება ჩემ თავს...
სცენისკენ გავიხედე, გიტარა აიღო...
სიმღერა პირველი აკორდიდან ვიცანი.
"Galway Girl"
აკლია რა...

ასე ხდება ცხოვრებაში, როცა არ ელი, მაშინ დაგატყდება თავს ყველაზე მაგარი რამ, რაც ყველაზე მაგრად გინდოდა ერთ დროს...
სურვილებზე მიჯაჭვულნი არ უნდა ვიყოთ მგონი, უნდა გავუშვათ და მერე თუ დაბრუნდებიან და თუ ჩვენც მზად ვიქნებით მისაღებად, უნდა მივიღოთ...
სიყვარული დედამიწის ჟრუანტელია, ალბათ მზეც ამ სიყვარულს ამოჰყავს...
ხშირად გვახსენდება ის, რაც არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია ჩვენ რას ვეძახით გამოსვლას...
სინამდვილეში პროცესია მთავარი, სიცოცხლეც ხომ პროცესია, ბოლო ხომ არ იქნება მთავარი, მოვკვდებით და სიკვდილის წინ, ალბათ პროცესი გაგვახსენდება, პროცესი, როცა კარგად ვიყავით, როცა გვიყვარდა ერთმანეთი, როცა მეგობრისთვის, ძალიან დაღლილი დგებოდი და მიდიოდი მასთან ჩასახუტებლად...
ეს წამები, ეს კონკრეტული წამებია მთავარი ...


Wednesday, October 14, 2015

 ნინიას ჩაეძინა სავარძელზე, ასე ემართება, როცა ლუდს სვამს, თავი ტკივდება, წნევა დაბლა უწევს, წამალს იღებს და მერე იძინებს.
თავის ნაჩუქარი პლედი გადავაფარე და იქვე თავთან მივუჯექით მე და შოთენა...

-გული გამისკდა, რომ დაგინახე
-და მე იქ მოვკვდი, ყველაფერი გათიშული რა პონტში გქონდა?
-რა ვიცი, დამავიწყდა რა
-ხვალ უკან ვბრუნდები, ამიტომ დღეს ვათენებთ რა
-წამოდი, ვიბოდიალოთ

ნინია გარედან ჩავკეტეთ და წავედით, ღამის 3 საათი იქნებოდა...

ნიტასთან ავედით, ღვინო ავიტანეთ და ქინდერის შოკოლადები, ძალიან უყვარდა ნიტას, სამი ცალი ყოველთვის ეგდო ჩანთაში, მე და შოთენას რომ გვნახულობდა, გვინაწილებდა და იყო სათამაშოების გარშემო ატეხილი ამბები...

-ყოველთვის ვიჭედები, როცა ნიტას სიკვდილზე ვფიქრობ, ვერ ვიგებ იმას, რომ ჩვენ ვართ და ის აღარ
-ვერ ვპატიობ სამყაროს ამ ამბავს
-უნდა აპატიო
-ჯერ არ გამომდის...

დილით დავბრუნდით სახლში, ნინიას ეძინა, ვისაუზმეთ და წავედით აეროპორტში.
ვერ ვიტან ამ გაცილებებს, გული მეკუმშება, სულ მგონია რომ ბოლოჯერ ვხედავ ადამიანს და ეს აზრი მოსვენებას მიკარგავს...

-ყველაფერი ჩართული გქონდეს
-ვეცდები, ან ძალიან რომ მომენატრები, ყველაფერს გამოვრთავ, შენ შეგეშინდება და ჩამოხვალ
-ავადო

ძალიან მაგრად ჩავეხუტე, აი ძვლების ტკაცუნი რომ გესმის ისე, გაეცინა, ძალიან მიყვარს, ჩემ სისულელეებზე რომ ეცინება, ამ დროს ვხვდები ხოლმე, რომ ისევ შემიძლია ადამიანების გამხიარულება, ადრე ყველაზე მაგრად ეს საქმე გამომდიოდა, შემეძლო ნებისმიერი მძიმე სიტუაცია დიდ მხიარულებად მექცია...

ამ ფიქრებით გამოვედი აეროპორტიდან...
ჩავჯექი ტაქსში და წამოვედი რუსთაველისკენ...
ვისეირნე და ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც გადამხდა და რაც არ გადამხდენია...
ჩვენ სტუდენტობაზე, გათენებულ ღამეებზე, ტეკილას საღამოებზე, როცა ტვინი გათიშულია და მხოლოდ ცეკვავ და დილით არაფერი გახსოვს...

ადამიანებს გვიჭირს შეგუება იმასთან, რომ ყველაფერი იცვლება და წარსულის დაბრუნება შეუძლებელია, გვინდა ისევ კარგად ყოფნა, მაგრამ ამ რეალობით არა, ის რეალობა უფრო გვაწყობდა, მაგრამ არ არის ცხოვრება ასე მოწყობილი და რა ქნას...

 საღამოს ბარში გავედით, ის ბიჭი უკრავდა, ნინია რომ უყვარს, მეც ვაიძულე რომ წამოსულიყო  და უარი ვერ მითხრა, ძლივს სადღაც გასვლა მომინდა და ვიცოდი ვერ შემეწინააღმდეგებოდა...

ჩვენი არჩევანი ყოველთვის პირველი მაგიდაა ხოლმე, აუცილებლად უნდა ვუყურებდე ადამიანს, რომელსაც ვუსმენ, სხვანაიარად ბოლომდე ვერ აღვიქვამ, ვერ შევიგრძნობ...
ჩაის ვსვამდით და ნამცხვარს მივირთმევდით...
ნინია სიგარტს ებრძვის და რაც ჩემთან გადმოვიდა აღარ ეწევა, მე გადავწყვიტე სასმელის გარეშე გავერთო და ასეთ თერაპიებს ვუტარებთ საკუთარ თავებს...

ნიტას ჩანაწერებით ვხელმძღვანელობთ, ძალიან კარგი ფსიქოლოგი იყო, რადგან უყვარდა ადამიანები. აკეთებდა ჩანაწერებს, სადაც წერდა თავის, სხვის გამოცდილებას, სულ რომ არ გინდოდეს უკეთ ყოფნა, ამ ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ მოგინდება...

   თუ ამჩნევთ, რომ ყველაფერი ყავისფერია...
ეცადეთ გამოიძინო და რომ გაიღვიძებ, თუ არ გეღიმება, დააძალე საკუთარ თავს და გაიღიმე, 5 წუთი კიდევ დარჩი ლოგინში, მერე წამოდექი, დალიე ერთი ჭიქა წყალი და შევარდი აბაზანაში, ვიცი, გირჩევნია ხალათი ჩაიცვა და პირწიგნაკს მიუჯდე და სქროლო მთელი დღე, მაგრამ ასე იქცევი უკვე 2 კვირაა და შენი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის...
და რადგან მე მკითხე, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება, მეც გთავაზობ ხერხს...
 ჩაიცვი, მაგრამ კარგად შეარჩიე რას იცმევ, ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ტანსაცმელი მარტო სიშიშვლის დაფარვა არ არის, ის განწყობის შექმნაა...
ძალიან ლამაზი თმა გაქვს, დაივარცხნე, მოეფერე, სავარცხელი მკურნალია თმისთვის.
ლამაზი სამაგრი არ დაგავიწყდეს, გთხოვ...
მეუბნები რომ ჯერ არ მუშაობ, ამიტომ ასე გამოწყობილი სახლში ხომ არ იჯდები, გადი გარეთ, გაისეირნე, ჩაისუნთქე ჰაერი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თითქმის აღარ ისუნთქება, მაინც.
 რომ დაბრუნდები, გამოიცვალე, მაგრამ ხალათით არ იარო, ეს მოშვების საუკეთესო საშუალებაა და ეს არ გჭირდება...
სახლის ტანსაცმელი ჩაიცვი, ჩართე მუსიკა, იმღერე, წაიკითხე წიგნი, ერთი თავი მაინც, უყურე ფილმს...
  საღამოს რომ დაგირეკავენ მეგობრები, ვიცი ძალიან დაგეზარება თავიდან ჩაცმა და მოწესრიგება, მაგრამ ეს უნდა გააკეთო, ყველაგან წადი, არ დაგეზაროს...
არ დაიზარო ცხოვრება...
ღამე რომ დაბრუნდები, პირდაპირ ლოგინში არ ჩახტე, მიიღე შხაპი, თმა დაივარცხნე, დარჩი საკუთარ თავთან მარტო, გაესაუბრე მას და უთხარი, რომ დღეს იამაყე მისით და ხვალაც ასე ხელჩაკიდებულები ივლით ...
მერე ჩათბუნდი ლოგინში და დაიძინე...

როდის ასწრებდა ამ ჩანაწერების გაკეთებას არ ვიცი, სულ გადარბენა ქონდა და არც ჩვენ, მეგობრებს, გვაკლებდა ყურადღებას...
ვერასდროს იფიქრებდა ალბათ, რომ მეც დამჭირდებოდა ამ ჩანაწერების წაკითხვა, მაგრამ დამჭირდა...

ბოლო სიმღერამდე დავრჩით, გაცილება შემოგვთავაზეს, მაგრამ ნინიამ ისეთი სახე მიიღო, ყველაფერი ცხადი გახდა...
სახლში მისვლა მაინც ყველაზე კარგი წამია, სხვა კომფორტია...
მალე დავიძინეთ, დილით იოგაზე მივდივართ, ნინიას მეგობარია ჩამოსული ტიბეტიდან...

ასეც ხდება, ხანდახან მთელი სხეული გვტკივა, მაგრამ მაინც ვიბრძვით, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ წინ. არ გვემორჩილება სხეული, მეგობრები გვკიდებენ ხელს და გვეხმარებიან, რომ დავძრათ საკუთარი თავი, რომ ისევ ვიცხოვროთ, ისევ შევძლოთ კარგად ყოფნა...
ხანდახან არც დახმარება გვინდა, ვეწინააღმდეგებით მათ, მაგრამ ისინი არ გვტოვებენ, არ უსმენენ ჩვენ უარს და ბოლომდე იბრძვიან ჩვენთან ერთად, რადგან იციან, ამ უარის უკან, დარჩენის თხოვნაა...
წადი, თავი დამანებე, სინამდვილეში ასე ჟღერს, დარჩი,
 არ დამტოვო ამ ჭაობში, უბრალოდ თანხმობის თქმის თავიც არ მაქვს, უბრალოდ მიხვდი და არ მიმატოვო რა...
 ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი და თუ შენ გარშემო ხალხი უბედურია, შენი მთავარი მიზანი მათი კარგად ყოფნაში დაბრუნება უნდა იყოს...






Friday, October 9, 2015

სულ ვმეცადინეობ, შევიშალე მგონი, ზომიერი არაფერი ვიცი, თუმცა მაგარი ადრენალინია, დილით ვიღვიძებ, ვსვამ ჩაის, ვწესრიგდები, თითქოს სადმე გავდიოდე და ვიწყებ დღის გეგმის დალაგებას, რამდენი ფურცელი უნდა წავიკითხო, რამდენი ვთარგმნო და ა.შ.
მერე ვსადილობ და მერე ისევ, გუშინ 11 საათზე შევასრული დღის გეგმა და შესანიშნავი შეგრძნება იყო...

რატომ ვწესრიგდები?
საკუთარ თავთან კომფორტში ვარ, ხალათით ვერ ვიმეცადინებ, შანსი არ მაქვს...

ღამე შოთას ზარმა გამაღვიძა, კარგად მოეწყო, გუშინ ლუდით იყო მთვრალი, ისე მაგრად მომინდა მეც მასთან ყოფნა და მიუნხენის ქუჩებში ბოდიალი.
მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ უნდა ჩავაბარო...

-გაგაღვიძე?
-ხო
-მენატრები
-მეც, კარგია მანდ?
-კი, ძალიან დაკავებული ვარ და ღამე იმიტომ დაგირეკე
-დამირეკე , როცა მოიცლი ხოლმე, ძილი და გაღვიძება რა მოსატანია
-უკეთესობისკენ მიდიხარ?
-არც ისე ადვილი ყოფილა, არის დღეები, როცა ვერევი თავს, მაგრამ არის დღეები, როცა საწოლიდან ადგომაც მიჭირს
-ტაის, ისეირნე, ბევრი ისეირნე
-გპირდები

მასთან ლაპარაკში ჩამეძინა, დილით ადრე ავდექი და ვირბინე, მერე ჩემი ნამუშევრების სანახავად წავედი, გაიყიდა რაღაცეები და ფული უნდა წამომეღო, 
ნინიამ დამირეკა და საღამოს ბარში წასვლა შემომთავაზე, მივხვდი რომ საერთოდ ვკარგავდი მეგობრებს და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ თავი ხელში ავიტატე და საღამოს უკვე ბართან ვიჯექი...

-ჰა, მივცეთ ორმაგები ?
-თავისთავად, ტეკილა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა

თავიდან ჩუმად ვისხედით, მუსიკას ვუსმენდით, ან არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო საუბარი, ორმაგი ორმაგს უერთდებოდა და ლიმონის სურნელი სადღაც წარსულში მიგვაქანებდა...

-არასდროს დაგვიბრუნდები?
-კი
-აღარ ვიცი ტაის, დღეს ძალა მოვიკრიბე, რომ დამერეკა და შემომეთავაზებინა წამოსვლა, რადგან აღარ ვიცი, როგორ მოგიდგე, რა გითხრა
-არ დამტოვო
-არასდროს

ძალიან მაგრად ჩამეხუტა, თავისი სამყაროს ნაწილი გადმომცა ამ ჩახუტებაში...
ფეხი უკვე გვერეოდა და ტელეფონს ცალი თვალით ვუყურებდით, ანუ ორმაგმა იმოქმედა...

სხვა ბარში გადავინაცვლეთ, ჩვენი საერთო მეგობარი უკრავდა, ნინია უყვარს, მაგრამ ნინიას ვერ დააჯერებ ამ ამბავს...
ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიცეკვეთ, ფეხით წამოვედით სახლისკენ, ნინია ჩემთან დარჩა, ღამე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და თითქოს დაბრუნდა ძველი დრო...

დილის ბახუსი...
თავი გვისკდებოდა...
აზრზე მოვედით...
მთელი დღე უნარებში მამეცადინებდა ნინია...

ძალიან ნიჭიერია, მეგობრისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ასეთი სიყვარული ჩემ სამეგობროში სხვას არავის შეუძლია, ყველაფერს გადადებს და მაინც ეცდება, რომ შენ კარგად იყო და როგორ ახერხებს ამას არ ვიცი...
ერთხელ მახსოვს მირეკავს, ჩამოდი რაღაც უნდა გაგატანოო, მთაწმინდაზე იყო და პონჩიკები ქონდა ჩემთვის, თბილად შენახული, ხო თითქოს პონჩიკია, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებთან იყო ასული და შენ გაახსენდი...
რატომ? ამას ვერ გაიგებ...
ასეთია და მორჩა...

ტელეფონი გამომირთავს და ჩართვა დამავიწყდა, ოთხი დღე ისე გავიდა, არ გამხსენებია...
ნინია ჩემთან გადმოვიდა...
ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი, რადგან ძნელია უყურო ადამიანს, რომელსაც ყოველ 5 წუთში ეცვლება ხასიათი, შეიძლება იტიროს, მერე წამალი დაჭირდეს...
ნინიას ადგილას არ ვიცი შევძლებდი, თუ არა ამის ატანას...

ოთხი დღის  მერე ჩავრთე ტელეფონი და მივხვდი, რა ცუდი რაღაც გავუკეთე შოთას, ძალიან ბევრი ზარი დამხვდა...
მივწერე, მაგრამ არ მიუვიდა...
ღამე პიცა შევუკვეთეთ, ფრეში მოვამზადეთ და ფილმს ჩავუსხედით...

გაბმული ზარია...
მეთქი ვინ არის, რა ხდება ამ შუაღამისას...

-ნორმალური ხარ?
-შოთა, აქ რა გინდა?
-ოთხი დღეა ვრეკავ და გათიშული გაქვს ტელეფონი, ძალიან ვინერვიულე

ვუყურებდი და პულსი 180 მქონდა მგონი...
ვეღარ მოვითმინე და ძალიან მაგრად ვაკოცე...
ხესავით იდგა, ეტყობა მართლა ძალიან ინერვიულა...

-შემოდი ახლა, პიცა ვჭამოთ
-არ ხარ ნორმალური რა...

მთელი ღამე გავათენეთ...
ერთ-ერთი ყველა ბედნიერი ღამე იყო...

ყველაფერი მტკიოდა, სულის, ნერვის, გულის ყოველი ნასკვი და არ ვიცოდი სად გავქცეოდი მას, სად დამეტოვებინა საკუთარი ტკივილი, დამევიწყებინა ჩემი თავი და მეცხოვრა ისე...
მაგრამ გული შემტკიოდა მასზე, ადრე ხომ ვმეგობრობდით და ახლა ვებრძოდით ერთმანეთს, თუ უფრო მე მას, ის თავისთვის იყო, არც გაბრაზებული ,არც ნაწყენი, მენატრებოდა, მაგრამ მასთან მისასვლელად ტკივილი უნდა გამევლო და ეს ტკივილის მოლოდინი მაშინებდა, მოლოდინს მოქონდა ტკივილი და მეც გავრბოდი ...

 ყველაფერი უნდა ჩაწყდეს შენ საკუთარ თავთან, ყველა დოგმა უნდა დაინგრეს შენ შიგნით, რომ თავიდან დაიწყო რაღაც, რომ მისცე საკუთარ თავს შანსი იყო თავისუფალი...

წარსული ყველა იმ წამს, იმ ადამიანს, იმ წინადადებას გახსენებს, სადაც დაუშვი შეცდომა, სადაც ატკინე, ან გატკინეს, მაგრამ იქნებ არ იყო შეცდომა, ან იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც უნდა მომხდარიყო, რომელიც უნდა ჩაგედინა, იქნებ მოვიდა დრო, რომ გადაჭრა თოკი, მოკვდე და დაიბადო თავიდან ...







Friday, October 2, 2015

საღამოს გამეღვიძა, საოცარი რეჟიმით ვცხოვრობ, უკვე დაღლილი ვიყავი. მუსიკა ჩავრთე და წამოდგომა ვცადე, ავდექი, მაგრამ ისევ საწოლში შევბრუნდი.
ყველაფერი მტკიოდა, ან გავცივდი, ან ნერვული სისტემა ისევ მძიმე მდგომარეობაშია.
პირწიგნაკი გავხსენი და აღარ დავხურე, ბოლოს მივხვდი თავი მტკივდებოდა.
მისი გვერდი ისევ არსებობს, თითქოს ისევ ცოცხალია, თითქოს არაფერი შეცვლილა. წერილებს წერენ ადამანები, უპოსტავენ რაღაცეებს და  მე მესენჯერში ვწერ ხოლმე, როცა ვერავისთან ვიცლები, მგონია რომ მხოლოდ ის მომისმენს.

-სად ხარ?
-საწოლში
-ამოვალ
-ამოდი

შოთა ამოვიდა, ლუდი დავლიეთ, რაღაც ჰქონდა სათარგმნი და მარტო ეზარებოდა, თან იცის, რომ უარს ვერ ვეტყვი და საქმე გამამხიარულებს, ხოდა მათარგმნინა და მათარგმნინა.
-გერმანიაში მივდივარ
-წადი
-ანუ არ წავიდე?
-უნდა წახვიდე, მე რას მეკითხები

ვიცი ეშინია, რომ თავს რაღაცას ავუტეხავ, მაგრამ ძალიან ცდება, თუმცა იფიქროს, ვიცი ეგოისტურად გამომდის და საერთოდ სხვა ადამიანი ვიყავი ადრე, მაგრამ მინდა მოჯაჭვული იყოს, ესეც დეპრესიის ნიშანია ეტყობა.
ადგა და წავიდა, ასე იცის ხოლმე, როცა რაღაცაზე ბრაზდება. 

მთელი ღამე წიგნებს ვკითხულობდი, ”მდგმურით” ხელში ჩამეძინა და ნიტამაც არ დააყოვნა და დამესიზმრა.
აივანზე ვისხედით ვითომ და რაღაც ფილმს ვუყურებდით, მაგრამ იქნებ ეს "ვითომ" არის ცხოვრება და სიზმარია რეალობა, როგორც უნდა და როგორც აწყობს, ისე იგებს ადამიანი და მე სიზმარი მაწყობდა ნამდვილად...

კარგ ხასიათზე გავიღვიძე, ძლიერ მუხტს ვგრძნობდი შინაგანად და ასეთი რამ ბოლო ოთხი წელია არ გაჭაჭანებულა ჩემში, ჩავიცვი, მოვწესრიგდი, თმაც დავიწენი, თან ლამაზად და გავედი გარეთ...

ძველ სამსახურთან მოვხვდი და ამიჩუყდა გული, გავბედე შევლა...
კართან ვიდექი და მეშინოდა შეღება...
მაინც შევაღე...
ყველა ისე თბილად შემხვდა, რომ ტირილი ვერ შევიკავე, თურმე დამრჩენია ცრემლი, ან თავიდან გამოიმუშავა გულმა.
მერე უფროსთან ვიჯექი კაბინეტში და რაღაც ახალ პროექტზე ვსაუბრობდით, მითხრა რომ ყოველთვის შემიძლია დაბრუნება, თუმცა იცის რომ არ დავბრუნდები, მიცნობს...

დადებითად დამუხტული გამოვედი და ძალიან ბევრი ვისეირნე, ფორთოხლის ფრეში ვიყიდე ”ანტრეში” და თითქოს ძველი დრო დაბრუნდა, ან აწმყო აღვიქვი, შევიგრძენი, ვიცხოვრე...

შოთა 7 საათზე ამთავრებს სამსახურს, გრეიფრუტის წვენი ვუყიდე და ჩამოვჯექი სკამზე...

-ტაისია, აქ რა გინდა?
-არ მელოდი?
-არა, ხო მშვიდობაა?
-ყველაზე დიდი მშვიდობაა ამ 4 წლის მანძილზე, წამო ნიტას მშლობლებთან ავიდეთ...

4 წელია არ მივსულვარ, ვერ გავბედე, არ შემეძლო, მთელი სხეული მტკივდებოდა, ძირს მაგდებდა და არ მიშვებდა, საკუთარ მშობლებსაც წელიწადში ერთხელ ვხედავ მგონი...

ჩვენი ეზო, ხეები ისევ მწვანეა, ოდნავ ყვითელი გამოერია, სული შემეკუმშა და შევჩერდი
-ცუდად ხარ ? თუ გინდა არ ავიდეთ, ამ ეზოში რომ დაბრუნდი, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია იცოდე
-არა, უნდა ავიდე, მინდა ასვლა

კიბით ავედით, შოთას სახლი და უკვე ვხვდები, რომ ერთი სართული მაშორებს, შოთამ ხელი ჩამკიდა და ზარი დავრეკეთ...
ნიტას მამამ გაგვიღო...
ვეღარ მოვითმინე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე, როგორც ბავშვობაში, შემოვახტი და ძალიან მაგრად ვიტირე...
ის ოთახი, სადაც ბოლოს გაუნძრევლად მწოლიარე ვნახე...
როგორ მიყვარს ღმერთო, როგორ მაგრად... და შენც მიყვარხარ, რომ ერთად, ერთ ქალაქში მოგვეცი დაბადების საშუალება...

დიდხანს ვისხედით და ვსაუბრობდით, ვათვალიერბდით სურათებს, ვიხსენებდით ძალიან ბევრ სისულელეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე...
დავპირდი, რომ ხშირად ვივლი და ვიცი შევუსრულებ...
მერე სახლში შევიარე...
ბებოს გაოგნებული სახე არ დამავიწყდება...
მერე შოთასთანაც შევედით და დედამისის მომზადებული უგემრიელესი ნამცხვარიც ვჭამე...

საღამო იყო, უკვე ბნელოდა და ჩვენ ჩვენი ქალაქის ქუჩებში მოვსეირნობდით...

-2 კვირაში მივდივარ
-უნდა წახვიდე შოთენ
-ვიცი, მაგრამ ...
-ნუ გეშინია, დაგელოდები ცოცხალი
-მინდა იცოდე, რომ ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა ხარ, ეს მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რამდენჯერ მიფიქრია, რომ დავიკიდებდი ყველაფერს და წავიდოდი სადმე შორს, მაგრამ შენ მაკავებ,  ცხოვრება ერთხელ დამთავრდა, მაშინ როცა ნიტა წავიდა...
-ვიცი შოთენ, ჩვენი მეგობრობა ერთადერთია რის გამოც გავაგრძელე ცხოვრება...

მერე ჩემთან ავედით, საბუთების ამბებში ვეხმარებოდი და თან ხილის ჩაის ვსვამდით...
ღამე წავიდა, მე ინტერნეტში შევძვერი, მაგისტრატურის ამბებს ვარკვევდი, დაფინანსება უნდა მოვიპოვო და წავიდე აქედან, იმიტომ კი არა, რომ სამშობლო არ მიყვარს, არა, სხვა ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო, შანსი უნდა მივცე საკუთარ თავს...

გათენდა... 
რა მალე გადის დრო. 
დღეს შოთა მიდის და იწყება რაღაც ახალი, რაც აუცილებლად მარტომ უნდა გავაკეთო.
ვდგავარ აეროპორტში და მაგრად ვეხუტები...
-მიყვარხარ
-მეც
მერე ვუყურებდი როგორ მიდიოდა და არ ვიცოდი, ვნახავდი თუ არა ისევ, რადგან ხშირად ვემშვიდობებთ ადამიანებს ისე, რომ არ ვიცით რამდენ ხანს ვიქნებით ამ დედამიწაზე კიდევ..

რისთვის ვიბადებით? ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანს მოსდის თავში, ან არ მოსდის, მაგრამ ვისაც მოსდის, ნეტავ როგორია მათი პასუხები, ალბათ ყველა ამ ადამიანის აზრი რომ შეგვეკრიბა, იქნებ დავხმარებოდით ერთმანეთს..
ყველას თავის გზა აქვს, მაგრამ სადღაც ერთ გზაზე ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, თითქოს რაღაც ერთი გზა გვაერთიანებს, სადაც კარვებით ვიკრიბებით და მერე ყველა თავის გზაზე მიდის ხოლმე, მაგრამ მიაქვს რაღაც მოგონება ამ შეხვედრიდან.
სიყვარულის გზა უნდა იყოს ეს გზა და თუ ასე არ არის, ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო...