Friday, March 29, 2013

დროს აქვს დიდი მნიშვნელობა, მოთმინებაა საჭირო, ყოველი ახალი დღე თაკოსთვის ტანჯვის მომტანი იყო, რადგან არ იცოდა რა იქნებოდა მერე, ვერ გრძნობდა ფეხებს, იწვა გაუნძრევლად,ოპერაცია იყო საჭირო, მაგრამ ჯერ ვერ გაკეთდებოდა, ჩასატარებელი იყო გამოკვლევები, უნდა ჩამქრალიყო ანთება და 1000 სხვა პროცედურა...
ოპერაცია გერმანიაში, თან აუცილებლად მანდ
მაგრამ ჯერ არა
ელენე სულ თაკოსთან იყო, პალატიდან მუშაობდა, ან სანდროს აკეთებინებდა პროექტებს...
ასეთი ამბები აახლოვებს მეგობრებს, ყველას ერთი მიზანი აქვს, მიზანი არის ის, რომ თაკო იყოს კარგად...
საავადმყოფოს ფულს ვატო იხდიდა, მაგრამ ეს არ იცოდა თაკომ... შორიდან უყურებდა ხოლმე ვატო, თაკო ამას ვერ ხედავდა...

-თაკო არ გინდა რომ ნახო ვატო?
-რატომ, რისთვის ?
-ისე, თითქმის სულ აქ არის
-ცოლი არ მოუყვანია ?
-თაკო კარგი რა, ასეთ დროს ცოლს მოიყვანდა?

ელენე და სანდრო საელჩოს საქმეებზე გავიდნენ, თაკო სულ დამაწყნარებლებზე იყო და თითქმის სულ ეძინა, ახლა თვალები ჰქონდა დახუჭული, ვატო კარებთან იდგა და თაკოს სუნთქვას აკონტროლებდა, სულ ეშინოდა რომ არ გაჩერებულიყო...
თაკომ თვალები გაახილა და ჩუმად დაიწყო ტირილი, ადამიანი როცა მარტოა, ყველაზე გულიანად ასეთ დროს ტირის...
ვერ მოითმინა ვატომ და შევარდა პალატაში
-თაკო, თაკო, არ იტირო გთხოვ, თაკო რა გავაკეთო, რომ აღარ იყო ასე
-ვატო,ჰმ, რამდენია ხანია არ მომიმართავს შენთვის, უკვე წლებია, შენ ვერაფერს შეცვლი, ეს ჩემი ცხოვრებაა და ეს ჩემი გადასატანია
-თაკო, გთხოვ რომ მაპატიო, ვიცი რომ ჩემს საქციელს არ აქვს გამართლება და არც ვიმართლებ თავს, უბრალოდ გთხოვ რომ მაპატიო
-რა გაპატიო, რა ? ის რომ ჩემს მეგობართან მიღალატე, გაანადგურე ყველაფერი, დამინგრიე გულში ის, რისიც მჯეროდა, ვიცი, რომ მთვრალი იყავი, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს და კიდევ უარესი გითხრა, გითხრა რატომ დამარტყა მანქანამ ??? გეკითხები, გითხრა ?
-მითხარი თაკო
-შენი ქორწილის ამბავი შემატყობინეს მაგ დროს, შენ ნაგავი ხარ...
თაკომ ვეღარ ამოისუნთქა, ისე ტიროდა რომ სუნთქვა ეკვროდა
-თაკო ნუ ტირი გთხოვ, მეც დამენგრა ცხოვრება იმ დღეს, როცა შენ გიღალატე, იმის მერე ვეღარ ვცხოვრობ, ყველაფერი სანახევროა, მთლიანობაში ვერ აღვიქვამ საგნებს, მოვლენებს, მწუხარებას, თუ სიხარულს, ვერც საჭმელს და ვერც ძილს, ვიცოდი რომ ამას არასდროს მაპატიებდი და ვერც გაიგებდი, რადგან იგივე შენ რომ გაგეკეთებინა, მე ვერ გაპატიებდი
-აბა ჩემგან რატომ ითხოვ ამას ?
-იმიტომ რომ ვიცხოვრო, რომ საბოლოოდ არ შემეზიზღდეს საკუთარი თავი
-ვატო, მაპატიე ნაგავი რომ გიწოდე, ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან, ვერ ვიტან ერთი საქციელის ან თუნდაც 1000 საქციელის გამო რომ ბოროტდებიან ადამიანები, ახლა კი წადი, აქ არ არის შენი ადგილი და იყავი ბედნიერი, ამას მართლა გულით გეუბნები, რადგან მე მიყვარდი და მიყვარხარ ახლაც და მეყვარები, რომ მოვკვდები მერეც, სიკვდილის წუთებში შენზე ვიფიქრებ ალბათ და საოპერაციოდ რომ შემიყვანენ მაშინაც, რადგან შენ ყველაზე დიდი საჩუქარი იყავი ჩემთვის, მაგრამ ეს ახლა წარსულია და თან დანგრეული წარსული, მაგრამ სიყვარულით სავსე
-თაკო, მე ვერ ვიქნები ბედნიერი, მე ამის შანსი მქონდა, მაგრამ საკუთარი ბედნიერება თავად დავანგრიე...

დოკუმენტების ამბები გადაწყვეტილი იყო, ოპერაციის ხარჯებს ვატო და სანდრო დაფარავდნენ, მაგრამ ამას ვერ გაიგებდა თაკო...
ელე თაკოსთან დარჩა
ვატო და სანდრო ფეხით წამოვიდნენ
-სანდრიკ დავლიოთ რა
-წამოდი ჩემთან
იყიდეს ლუდი და სანდროს მანსარდაზე ავიდნენ
ლუდი, ცივი ლუდი, სასმელი არ შველის ამ სევდას, უბრალოდ ეხმარება ადამიანებს, უფრო ადვილად იტირონ, ან თქვან სათქმელი, ეს სასმელის გარეშეც შეიძლება, უბრალოდ ძალიან უნდა მოგაწვეს...
-მოდი რაჭის ვიდეო ჩავრთოთ, მაშინ თაკო დადიოდა და შენ გიყვარდებოდა, ჰაჰაჰა ახლა გამახსენდა,  პირველად რომ მითხარი , ეს გოგო ყველაზე სხვა გოგოა ვინც კი მინახავს და ვისაც ვნახავო
-მახსოვს, ეგრევე შემიყვარდა და თან სახელი რომ შემიმოკლა და ისე რომ მეძახდა, ვახ როგორ მიყვარს სანდრიკ, დღეს რომ ველაპარაკებოდი მეგონა მოვკვდებოდი, ისეთი მშვიდია და თან ისეთი მხიარულიც, მაინც აქვს მხიარულება თვალებში, არ არის სევდიანი, ასეთმა ცუდმა ამბავმაც ვერ გატეხა, ისევ ისე უყვარს ცხოვრება, პირველ რიგში ამიტომ შემიყვარდა, ამან მიიპყრო მაშინ ჩემი ყურადღება, ვერ წარმომედგინა, ასე თუ შეიძლებოდა სიცოცხლის სიყვარული და თაკოსთან როცა ვიყავი, მეც მასავით მიყვარდა სიცოცხლე და მერე, ეჰ ნეტავ მომკვდარიყავი
-ვატო დადუმდი და ვუყუროთ ვიდეოს...

როცა ვანგრევთ რაღაცას, როცა არ ვფიქრობთ სხვებზე, როცა ვკარგავთ ადამიანებს, როცა არ ვუფრთხილდებით მეგობრებს და ვკარგავთ სიყვარულს, როცა ვცარიელდებით და ვიკარგებით, დავდივართ რობოტებივით და ვეძებთ გულს, როცა არ ვიცით სად ფეთქავს ის, იქნებ აღარ არის გული???
არა, გული არის და შენ ხარ ცოცხალი და შენ შეგიძლია გადაარჩინო ჯერ საკუთარი გრძნობები და მერე სხვისი, დამსხვრეული ურთიერთობებიც აღდგენილა, რადგან შეუძლებელი არაფერია, ყველას მოგვდის შეცდომა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ კარგი საქმის კეთებაც შეგვიძლია...
ადვილად არ უნდა დათმო მეგობრები და საერთოდ ადამიანები არ უნდა დათმო ადვილად
ადამიანებისთვის უნდა იბრძოლო, ყველას თავისი ადგილი აქვს გულში და ამ ადგილს სათუთად მოპყრობა ესაჭიროება...

Thursday, March 28, 2013

შეგიძლიათ შეხვიდეთ რომელიმე, მეგობრების თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, ოღონდ არ შეიცოდოთ, არ აგრძნობინოთ ეს, რადგან ეს შეიძლება ყველას დაემართოს, ასეთ დროს, უნდა ეცადოთ რომ გააძლიეროთ ადამიანი და ტირილი და გოდება არ არის საჭირო...

-ელე შედი შენ, შენზე ძალიან არავის ნახვა არ გაუხარდება
-არ შემიძლია, ამეტირება და ინერვიულებს უფრო
პირველი შესვლა ყოველთვის ძნელია, არ იცი რას გეტყვის, რომ დაგინახავს რას მოიმოქმედებს, რას შეგეკითხება...

-ძალიან მინდა რომ ვნახო, მაგრამ არ მაქვს უფლება, ვერ მიტანს
-ვატო, თაკო ეგეთი არ არის, სიძულვილს საერთოდ არ ატარებს გულში
-სანდრო, შენ უნდა შეხვიდე
თეთრი ხალათი
ნერვიულობა
ბურთულა, რომელიც ყელში გეჩხირება

ძალიან მშვიდად იწვა, კედელს უყურებდა და ჩუმად ტიროდა, აი, ცრემლები რომ თავისით მოდის...
-თაკო
-სანდრიკ, ვიცოდი, რომ შენ შემოხვიდოდი, რადგან ელენე უეჭველი ტირის ახლა და თავის ვითომ გულქვაობას სამუდამოდ უსვამს წერტილს
-თაკ, გთხოვ შენ ილაპარაკე, თაკო, არ ვიცი რა უნდა გითხრა, მხოლოდ ერთს გეტყვი, რომ არ მოგშორდები, სანამ არ გახდები კარგად
-ვიცი სანდრიკ, შენი იმედი ყოველთვის მქონდა, სანდრიკ, თუ ვეღარ გავივლი, ვაკის პარკში ხომ გამასეირნებ ხოლმე...
მეცოდება ჩემი თავი, ვიცი ეს სისუსტეა, მაგრამ ამ წუთას ძალიან მეცოდება
ტიროდა თაკო
და ტიროდა სანდროც
-ელენე მარტოა გარეთ?
-არა, ვატოც აქ არის
-ვატო???, ნუთუ ავარიამ მაინც მოულბო გული
-თაკ, ხომ იცი რომ უყვარდი და უყვარხარ
-არა, სამწუხაროდ არ ვიცი და არც მინდა რომ ვიცოდე

მერე იყო ექიმის შემოსვლა
დროა დაისვენოს თაკომ
მერე დასამშვიდებელი ნემსი
და ძილი
სიზმრებიც ალბათ
სადაც ალბათ ბედნიერი იყო...

სანდროსთან ავიდნენ, ისხდნენ ჩუმად
მათი მეგობარი, არის ცუდად, თითქოს უძლურები არიან, რადგან ბოლომდე ვერ გააცნობიერებენ თაკოს ტკივილს, რადგან მათ შეუძლიათ სიარული და თაკო ვერ დადის...

ვატო ადრე წავიდა სახლში, არავინ და არაფერი არ უნდოდა, თან ნინუცასთან საუბარი იყო წინ, ქორწილი რომ გადაიდებოდა დროებით, ან სამუდამოდ, ეს გარდაუვალი იყო...

-სანდრო, რატომ იტანჯებიან ადამიანები, მითხარი რატომ იტანჯება თაკო ახლა?
-ელე, ეს მე ზუსტად არ ვიცი, მამაც ძალიან ცუდად იყო ბოლოს, მორფის გარდა ტკივილებს არაფერი უყუჩებდა, მაგრამ სულ მეუბნებოდა, რომ ამ ავადმყოფობამ უფრო ძლიერი გახადა და რაც მთავარია ადამიანები უფრო შეაყვარა, არ ვიცი ეს რატომ მოხდა, მაგრამ როცა ადამიანი ცუდად არის, სხვის ტკვილსაც უფრო კარგად იგებს
-სანდრო ახლა რა უნდა ვქნათ, დღემდე ძალიან ძლიერი მეგონა თავი და დღეს თაკოსთან ვერ შევედი, თაკოსთან სანდრო, ასეთ რამეს ხომ ვერ წარმოვიდგენდი
-ელე, შეძლებ ყველაფერს, თაკოს სჭირდები...

გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, დროა ხანდახან საჭირო, მოთმინება, რაღაცის დათმობა, გულით და გონებით მოქმედება...
ხშირად გვგონია, რომ არაფერი შეგვიძლია, რომ არ შეგვიძლია თანადგომა, მაგრამ თუ გიყვარს ადამიანი, ამას შეძლებ, ეს გრძნობა ყველაფერს დაგაძლევინებს...
ყურადღება უნდა იყოს გულწრფელი
როცა უბრალოდ უნდა იყო ადამიანთან
ეს ”უბრალოება” არის მთავარი
იცის, რომ შეუძლია იწუწუნოს შენთან, გითხრას რომ სტკივა, გითხრას რომ ცუდად არის და შენ ასეთ დროს მზად იქნები გაუგო და გაინაწილო ეს ტკივილი...
ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული აძლევთ ძალას, გაუმკლავდნენ პრობლემებს, როცა ვინმე შორს არის, მაგრამ ფიქრობს შენზე, გულით ფიქრობს,  თითქოს გეძლევა ძალა, ძალა წამოდგომის, ძალა იმის, რომ იბრძოლო...

მაშინ , როცა ერთმანეთი გვახსოვს...

Wednesday, March 27, 2013

მეორე დღე
პახმელია
პირველად სამსახურში
მამის კაბინეტი
სკამი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, სანდროს უნდა დაეკავებინა, უნდა გაეგრძელებიანა საქმე, რომელიც დღემდე პატიოსნად მიდოდა, მთელი გულით ემსახურებოდა სანდროს მამა ამ საქმეს და ახლა ეს პასუხისმგებლობა სანდროზე უნდა გადასულიყო...
ნერვიულობდა ძალიან, გული უნდა ჩაედო საქმეში, რადგან მამას მისცა პირობა...
ჯერ სულ რაღაც 21 წლის არის და უკვე რაღაც უნდა გააკეთოს...
-დე, წავედი, შენ იცი, საღამოს გამოგივლი სამსახურის შემდეგ და ვივახშმოდ სადმე
-მიდი სანდრიკ, სცადე და თუ ვერ შეძლებ, თუ ვერ ჩადებ გულს, სხვას გადავაბარებთ ამ საქმეს
-დე, ყველაფერი იქნება კარგად
-კარგი, მე მჯერა შენი...

გზაში მუსიკა ჰქონდა ჩართული...
ელენეს მესიჯი:
”ეი, წარმატებები დღეს, გუშინ კი ამიშალე ნერვები, მაგრამ მაინც, აეეე, ყველაფერი გამოგივა, აეე ნიჭიერ :))”

ადამიანები ხვდებიან, როცა გჭირდება მათი თანადგომა და ზუსტად ამ დროს იციან გამოჩენა...
გველი გოგოა რა, მაგრამ თან ყველაზე გულიანია
-გმადლობ ელე, ვეცდები ყველაფერი იყოს კარგად, საღამოს გნახავ...

შესასვლელი
თანამშრომლები
ყველა ისე უყურებს, როგორც მის შვილს, როგორ შოთას შვილს
ყველა უცინის
და სანდრო ფიქრობს ამ დროს ”ელე აქ რომ მუშაობდეს და რომ არ მიცნობდეს, წარმომიდგენია რა სახით დამხვდებოდა, გამომცდელი მზერით და თითქოს მეტყოდა, ”აეე პატარა ბიჭი, აბა დაამტკიცე, რომ მამას აჯობებ”, ნეტავ აქ იყოს მართლა და საერთოდ რატომ ვფიქრობ ახლა ელეზე”

ეს თქვენი კაბინეტია
და ჩვენ ყველა თქვენს გვერდში ვიქნებით და ჩვენ ერთად წარმატებულ გზას გავაგრძელებთ...

პირველი დღე ემოციებით არის ხოლმე სავსე და ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებს...

დედა სახლში დატოვა და ელესთან გავიდა
ელე არ დახვდა
ურეკავს არ იღებს...
ვატოს ზარი:
-სანდრიკ, სანდრიკ, თაკო ავარიაში მოყვა, მე და ელენე ახლა მოვედით საავადმყოფოში, გამოდი ჩქარა
...
როცა, რაღაც მოულოდნელად ხდება, არ ელი, სიმშვიდეა თითქოს, ნერვიულობ რაღაც წვრილმანებზე და ამ დროს იგებ ასეთ ამბავს...
თაკო ვატოს პირველი და ერთადერთი სიყვარულია, ელეს უახლოესი მეგობარია და სანდროსთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია...

საავადმყოფო და ვატოს ტკივილი, ტკივილი, რომელსაც ვერ უძლებს და ხვდება და რწმუნდება, რომ მზად არის ახლა, ამ წუთას, გაუცვალოს თაკოს ადგილი, ოღონდ ის იყოს კარგად, ოღონდ ის იყოს ბედნიერი
-სანდრიკ, რამე რომ მოუვიდეს, იცოდე რომ ვერ გადავიტან, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, რომ წარმოვიდგენ, როგორ ეშინოდა მანქანის დარტყმისას, ალბათ როგორ სჭირდებოდა შველა, თაკო, სანდრიკ, თაკო, გოგო, რომელიც შემიყვარდა და რომელიც სულ მიყვარს...

ელენე თავისთვის იჯდა, სადღაც კუთხეში 
ხმას არ იღებდა
მხოლოდ ფიქრები:
რომ ვერ გადარჩეს, ახლა რომ გამოვიდეს ექიმი და რომ თქვას :ყველაფერი მორჩაო, თაკო რომ აღარ იყოს ჩემს გვერდით... ჩემი ბრალია, ასეთი სასტიკი რომ ვარ, მე რატომ არ დამარტყა, თაკო ხომ სანდროს შემდეგ, ყველაზე კეთილი ადამიანია და ახლა იტანჯება...
როცა ადამიანებს ერთი ტკივილი აერთიანებთ...
მწუხარება იკლებს თითქოს და გემატება მხნეობა, რომ უფრო ძლიერი გახდე და დაუდგე იმ ადამიანს გვერდში, ვინც იტანჯება...
სიყვარულით
ნამდვილი და გულწრფელი თანადგომით...
ექიმი მართლაც მალე გამოვიდა:
ოპერაცია დამთავრდა, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა
ხერხემალი აქვს დაზიანებული...
დიაგნოზი
სიჩუმე
ტკივილი
და იმედი
იმედი
რომ, ყველაფერი გამოსწორდება...

Tuesday, March 26, 2013

ბიჭების გართობა უფრო განსხვავებულია, როცა ერთად იკრიბებიან კარგად გრძნობენ თავს, ანუ არ წუწუნებენ- ”ახლა გოგოები მოვიდნენ ნეტავ” რაღაცნაირად ამუღამებენ ერთმანეთს, თუმცა გოგოებიც ასე არიან, ნუ გააჩნია მიზეზს, თუ რისთვის იკრიბებიან, როცა საჭმელებს ამზადებენ და როცა სასმელი უხვად აქვთ, მაშინ ურჩევნიათ ბიჭებიც იყვნენ, უფრო მხიარულად გრძნობენ თავს, ისე უფრო კარგად არიან  და მეტი არაფერი...
ერთმანეთის გარეშე მაინც არ არიან სრულყოფილად... ადამიანები ავსებენ ერთმანეთს...

ვატოს ოთახი ოთახს აღარ გავდა, დაილია ლიტრობით ლუდი და არაყი.
ვატო სანდროს საუკეთესო მეგობარი იყო, ცოლი მოჰყავდა მალე, ნინუცა, ისეთი გოგოა, სკვინჩა, სახე სულ უცინის, სამი თვეა ერთად არიან და ვატომ სულ რაღაც 2 დღის წინ გადაწყვიტა დაქორწინება და იმის მერე აღარ გამოფხიზლებულა...

-ვატო რომ გალოთდი თუ ატყობ და ჩვენც რომ გაგვალოთე არაუშავს ?
-ერთხელ მომყავს ცოლი და რა ვქნა, ვერ ვუყურებ ფხიზელი ამ ამბავს
-ანუ მთელი ცხოვრება უნდა სვა ?
-ოოო, ეს მოსამზადებელი პერიოდია რა, აუუ ვერ წარმომიდგენია ცოლი ტო, ჩემი ცოლი იქნება ნინუცა
-ძალიან საყვარელი გოგოა, მაგრამ მგონია რომ არ გიყვარს, რაღაც ამოჩემებაა, შენ მარტო ის გიყვარდა, ის გველაძუა გოგო და მაგის ჯინაზე მოგყავს
-სანდრიკ შემეშვი რა, გთხოვ
-შეშვებული ვარ, დაასხი გირჩევნია

ელენე თავის ახალ შეყვარებულთან ერთად ამოვიდა, უკვე მთვრალი იყო, საერთოდ ცხოვრებაზე არის გაბრაზებული, თუ თავის თავზე ვერ გაიგებ, ძალიან მაგრად ხატავს, ხაზავს, მაგრამ უხასიათოა, სულ ბუინობს, მაგრამ უყვარს ადამიანები და განსაკუთრებით სანდრო...

ვერ გაიგებ ამ მეგობრობისას ვერაფერს, ხომ ამტკიცებენ ხოლმე არ არსებობსო, მაგრამ ამათ შემთხვევაში თითქოს არსებობს, ან უნდათ რომ დაამტკიცონ ეს...
სანდროს გამო მზად არის მოკვდეს, არ აქვს პრობლემა, ან შეიძლება იმიტომ რომ არ უყვარს სიცოცხლე, ვერ გაიგებ პრინციპში, ყავს საუკეთესო მეგობარი თაკო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მისგან, თაკო ვატოს სახლში დიდი ხანია აღარ მოდის, ნუ მას შემდეგ რაც მიატოვა...
კიდევ ბევრი დალია ელენემ და ბოლოს იმდენი გააკეთა, რომ სკანდალით გააძევა ვატოს სახლიდან თავისი ახალი ბიჭი...

-ელენე, შენ ხარ ავად, მეზიზღები ხანდახან, შენი საქციელების გამო, ვერ ვიტან შენს დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ
-ვერც მე გიტან ხანდახან, მაგ შენი კეთილშობილობის გამო
ჩაის ჭიქაში კიდევ დაისხა ლუდი, გაურია არაყი და დალია და გავარდა გარეთ...

-სანდრიკ, ნუ ელაპარაკები ეგრე, ხომ იცი, მაგის გამოსწორება მარტო შენ შეგიძლია
-ადამიანს, თუ არ უნდა, სხვა  ვერ გამოასწორებს, კარგი დავეწევი, არ შემიძლია, როცა ცუდად არის და ამოვალ

-ელენე მოიცადე რა, რა გჭირს ტო, ეს შემოტევები რატომ გეწყება ხოლმე
-რასაც მინდა იმას ვაკეთებ, შენგან განსხვავებით, წადი რა კომპანია მართე და მე დავხაზავ, დავხატავ და შენს საყვარელ საქმეს მე გავაკეთებ
-მოდი დაჯექი და ეგ სისინა ენა გააჩერე ცოტა ხნით მაინც, გინდა გითხრა რაღაც ?
-რა უნდა მითხრა, რომ ვარ ”პახაბნი” გოგო, არ მიყვარს ცხოვრება და არავინ მაინტერესებს, თუ რას შეეხება დღევანდელი შენი ლექცია ?
-დადუმდი და მომისმინე... შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ვერ ვუძლებ, ხარ ყველაზე ლამაზი არსება, გაქვს ყველაზე ლამაზი თვალები, ხარ ძალიან ნიჭიერი, მიყვარხარ, თან ისე, რომ მინდა რომ არ მიყვარდე, მაგრამ ასე ვერ იცხოვრებ, ყველა ვერ გაგიგებს, არ შეიძლება ანთხიო სიძულვილი, თან ისეთი, რომელიც შენ გამოიგონე, რამ გაგაბრაზე ასე ცხოვრებაზე, მითხარი ერთი, რა გაქვს საწუწუნო, ჯანმრთელი ხარ, გყავს მშობლები, კარგი სახლი, რომლიდანაც წამოხვედი და გადაბარგდი მარტო, მითხარი რა გემართება ? იყო დრო და სხვანაირი იყავი, ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ ელე...
-შენ ვერ გაიგებ ამას სანდრიკ, რადგამ შენ კეთილი ხარ, გული სიყვარულით გაქვს სავსე, გიყვარს ადამიანები, არ მინდა სიმთვრალეში საუბარი, არ მიყვარს ხომ იცი...

სახლამდე მიაცილა და ვატომდე ფეხით აბოდიალდა
-აუუ, სანდრიკ იქნებ მართლა არ მიყვარს ნინუცა, მეზიზღება ჩემი თავი და თაკო კიდევ უფრო მეზიზღება
-ახლა შენს ზიზღს უნდა გავუძლო კიდევ ? წავედით ვაკის პარკში, სკამზე უნდა დავიძინო...

ადამიანები ყოველდღიურად იბრძვიან, მაგრამ ხანდახან მოდის უიმედობა, ხანდახან იმედიანი დღეები...
ძალის მოკრებაა საჭირო
რომ წამოდგე
და რომ გააგრძელო...