Tuesday, November 10, 2015

 მანქანაში ჩავეკვეტეთ. ნიკუშა ჩემ გვერდით იჯდა და სულ გარეთ იყურებოდა, არც ისეთი მხიარულია, როგორც თავიდან ჩანს, მე ფიქრებმა წამიღო, საჭესთან ნინია იჯდა, დილით არ ჭამა და გზაში თავბრუ დაეხვა, ნიკუშა გადაჯდა და ნინიას ჩემ მხარზე ჩაეძინა...

მთელი გზა უკრავდა ირლანდიელი ბიჭი. მუსიკასთან ერთად, დრო მალე გადის და გზაც უფრო მოკლე ხდება.

ჩავედით.
სახლი ნაპოვნი გვქონდა წინასწარ, საყვარელი ციალა ბებიას სახლია, რომელიც ტყეში დგას და ორი პაწია სართულისგან შედგება, ბუხარი უკვე გიზგიზებდა და სუფრა განწყობილი დაგხვდა, ციალა ბებო გამოგვებება და ისე ჩაგვიკრა გულში, როგორც ყველაზე თბილ ბებიებს სჩვევიათ...

შუადღიდან დალევას რომ დაიწყებ, მერე ძნელია გაჩერება, ამიტომ ვსვამდით და ვსვამდით.
ნიკუშა სადღაც შორს იჯდა, ან მე ვფიქრობდი რომ შორს იყო, გავხედე ერთხელ, მაგრამ ირლანდიელ ბიჭს ესაუბრებოდა, უცბად რატომ მოვიღუშე არ ვიცი, მაგრამ გარეთ გასვლა ვამჯობინე.

თბილად ჩავიცვი და გავუყევი ბაკურიანის საყვარელ ადგილებს.
მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, რადგან ეს ადგილი მიხდებოდა ყველაზე მეტად, ბრონქების გამო ყველგან ვერ დავდიოდი.
ჩაალაგებდა ხოლმე დედა ჩემოდანს და მოვდიოდით თვეობით, მერე შოთა და ნიტაც ატყდებოდნენ, აიძულებდნენ მშობლებს აქ ჩამოსვლას და საბოლოოდ მთელი ორი სართული აქ ვისვენებდით.

რომ გავიზარდეთ, მაინც ვახერხებდით აქ ჩამოსვლას, ერთი ძალიან ღუნღულა სახლი გვქონდა ამოჩემებული, მაგრამ დღეს იქ აღარ წამოვიყვანე ბავშვები, ალბათ საკუთარ თავს გავუფრთხილდი...

იმ თონესთან ჩავიარე, სადაც ყოველ დილით გამოვრბოდით, ნაზუქების ასეთი სუნი არსად დგას, ეგრევე ბავშვობაში გაგდებს და გინდა ისევ დაპატარავდე. შევჩერდი და ვუყურებდი, როგორ ამოჰქონდათ პურები და ცრემლები თავისით წამომივიდა, ყუაზე სულ ვჩხუბობდით, ბოლოს შოთას ნერვები ეშლებოდა, ორივე ყუას ეგ ჭამდა და ვრჩებოდით მე და ნიტა ისე... ხახამშრალები

ჩვენი სახლი ახლოს იყო, ბევრი ვიფიქრე და მხოლოდ ეზოს ჩავუარე, შუქი ენთო... ალბათ ისვენებს ვინმე, ახლა ბედნიერები არიან იქ, ნეტავ ირგებდნენ, ამ ძალიან მაგარ წამებს...

ჩამოვუყევი, ხის სახლები მხვდებოდნენ, თითქოს მესალმებოდნენ, მე დაკარგულს და კვლავ დაბრუნებულს.

ტელეფონი სახლში დამრჩენია, იმედი მაქვს ძალიან არ ინერვიულებენ...

უკან მოვტრიალდი და მაინც შევედი იმ სახლში...

კარი ბაბუმ გამიღო, ვახტანგი ჰქვია, მაგრამ ყველა ვატოს ვეძახდით. ვატო ბაბუს, ნიტამ შეარქვა და ბაბუმაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა, ან რატომ უნდა გაეწია...

-ვატო ბაბუ
-ტაისია, ჰეჰ, შენ ხარ ხო?
-როგორ მიცანით?
-თმით და თვალებით, სულ ასე იცოდი შემოცინება სახეში, შემოდი, შემოდი, რას დგახარ მანდ...
-ელენე ბებო სად არის?
-არ არის, უფრო სწორად აღარ არის

ხმა ვერ ამოვიღე, ბაბუს თვალები აუწყლიანდა, ჩაი დამისხა და ბუხართან ჩამოვსხედით.

-ბავშვები სად არიან? როგორ არიან?
-შოთენა გერმანიაშია, სწავლობს და მუშაობს
-ნიტა სად არის? დაქრიალებს ძველებურად?
-ნიტა? 
-რა იყო ბაბუ?
-ვატო ბაბუ, ნიტა აღარ გვყავს...

ბაბუ გაშეშდა, ძალიან მაგრად ჩამეხუტა და ასე ვისხედით დიდხანს.

ყველაფერი მოუყევი და ყველაფერი მომიყვა. ელენე ბებო კიბოთი გარდაცვლილა, დღემდე ისევ ისე უყვარს ვატოს, როგორც ადრე და სულ ელოდება, სულ გონია რომ შემოვა, მაგრამ ის არ შემოდის...

გამომაცილა, გზაშიც ბევრი ვისაუბრეთ, ნაზუქები მიყიდა და მიმიყვანა სახლამდე...

-კარგად ვატო ბაბუ, იცოდეთ სულ მახსოვს თქვენი სახლი და თქვენ, დღემდე მათბობს ის სიყვარული, რომლითაც ამ სახლში გვხვდებოდით
-ტაისია, იცოდე, სიყვარული არ კვდება, ნიტას თუ გულით ატარებ, ის ყოველთვის იქნება შენთან, მძიმეა ფიზიკურად რომ ვერ ვგრძნობთ ადამიანებს, მაგრამ ისინი იყვნენ და ახლაც არიან...

დავემშვიდობე და ეზოში შემოვედი.
ნიკუშა გარეთ იჯდა...

-სად ხარ?
-ვსეირნობდი
-გეთქვა მაინც, რა ვიცი
-არ მეგონა, დიდი ხნით თუ გავიდოდი, სად არიან დანარჩენები?
-უკრავენ და მღერიან
-მერე შენ აქ რა გინდა, როცა უკრავენ და მღერიან?
-ვინერვიულე, გარეთ ვიბოდიალე, მაგრამ ვერ გნახე
-სად წავიდოდი, ხომ არ დავიკარგებოდი
-რას გაიგებ...

ხელი მომხვია და სახლში შევედით...

ნინიას "wish you were here"-ს ასწავლიდნენ და ისეთი გახარებული იყო, კინაღამ სახე წავაცალე, ჩვენც იქვე დავსხედით, მერე ნიკუშაც ჩაერთო სწავლის პროცესში და ბოლოს ყველამ ერთად, ერთი ხუთჯერ მაინც იმღერა ეს სიმღერა...

 "We're just two lost souls swimming in a fish bowl, year after year, Running over the same old ground." ამ ტექსტზე სულ შოთა მახსენდება და რატომ არ ვიცი, ახლაც თითქოს გამოკვეთილად მღეროდნენ ამას, ან მე მქონდა გამახვილებული ყურადღება და მეჩვენებოდა...
ისე მომინდა აქ ყოფილიყო, გამომხედავდა თავისი ყავისფერი თვალებით და მეც მივხვდებოდი, რომ მარტო არ ვარ...
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ნინია რომ გვერდით მომიჯდა, თავი ჩამომადო მხარზე, როგორც სჩვევია, თითქოს მას სჭირდება ხოლმე დახმარება და არა მე, ამას ისე მაგრად აკეთებს, რომ ხასიათი წამებში უკეთეს გრადუსზე ადის...

მერე ყველამ აქეთ გადმოინაცვლა და ძალიან ბევრი ვიმღერეთ, 20 ირლანდიური სიმღერა ვამღერი მგონი, ხან ნიკუშა მღეროდა, ხან ჯონათანი, ხან ორივე ერთად...
ბოლოს ყველას ჩაგვეძინა ბუხართან...
ასე ტკბილად ჩაძინებას, ძალიან ცოტა რამ სჯობს...

ასეც ხდება, გახედავ ლიკანის ბოთლს, გეგონება, რომ აღარ არის, მერე კიდევ ერთხელ გახედავ უფრო დაკვირვებით და შეამჩნევ, რომ მეორე ბოთლში არის, უბრალოდ ცარიელი ბოთლი ეფარებოდა და ვერ ხედავდი.
ცხოვრებაშიც ასეა, წარსული ეფარება ხოლმე აწმყოს, ხანდახან მომავალსაც და ვერ ვხედავთ იმას, რაც ახლა ხდება...
თუმცა წარსულიც მოსაფრთხილებელი ამბავია, რადგან ოდესღაც, ის ჩვენი აწმყო იყო და ის მომავალიც, რომელსაც გულისფანცქალით ველოდებოდით,
 მერე კი წარსულად გადაიქცა...
 
ადამიანებმა დავყავით დრო,  ალბათ ერთი მთლიანობაა სამივე და პატივისცემასაც იმსახურებს, რადგან გავიარეთ, გავიარეთ სიცილით, ხან ტირილით, ხან მისი გაჩერების სურვილით და ხან ყველაფრით ერთად....