Tuesday, August 29, 2017

 მესამედ ჩავედი და კიდევ უფრო შემიყვარდა, ახლობელი და მეგობრული გახდა ჩემთვის. ყველა კუნჭული მნიშვნელოვანია, იქ ცხოვრობ, დრო უფრო საინტერესოა და ნელი.

წამოსვლა ტრაგედიაა, თითქოს სადღაც ჩარჩოში მომაქციეს და არ ვიცი სად გავიქცე, როგორ დავინახო ისევ მთები. ასე თუ გამიჭირდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ქალაქურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, მაგრამ ამას როგორ გავაკეთებ, ჯერ გაურკვეველია.

ყველაფერს არ დაწერ და არც იტყვი, რადგან მხოლოდ შენია. ერთი დიდი სიზმარივით გახსოვს ყველაფერი, უცბად გამოგაღვიძეს, შენ ძილის შებრუნებას ცდილობ.

სიცოცხლე შეიძლება წლებია, მაგრამ ჩვენ მაინც წამებად მივიჩნევთ. საინტერესო ისტორიაა, რომელიც ბოლოს მთავრდება, მაგრამ იქნებ სხვა ისტორიას უერთდება, რაღაც ახალი იწყება. იქნებ ჩვენ მართლა დაკავშირებულები ვართ ყველა ერთმანეთთან, იქნებ მე რომ დღეს რაღაცას დავძლევ, ეს სხვასაც დაეხმარება რაღაცის დაძლევაში.

მთებს მოქცეული ჰყავთ ადამიანი, უყვებიან ისტორიებს თავისუფლების შესახებ, ვაჟკაცობის, გამბედაობის და ერთმანეთის დახმარების შესახებ.
ფიქრობ, რომ იქ დაიბადე და სხვა ცხოვრება არასდროს გქონია, ვერ იხსენებ, არ გახსოვს. იქ წაკითხულ ერთ წინადადებას, უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე აქ წაკითხულ ერთ თავს.

ქალაქში ბრუნდები, შეკითხვები, ხმაური...

-რა ხდებოდა? მომიყევი რა
-არ შემიძლია, არ ვიცი, როგორ მოვყვე, რომელი სიტყვებით, სად ვიპოვო სიტყვები...
იძინებ, ასე გაქცევა ადვილია!

მერე იხსენებ იმ ადამიანების ღიმილს, სიცილს, გაბრაზებასაც, ხმას, რომელებიც რაღაცას გიყვებოდნენ, გეხმარებოდნენ. შეიძლება ვეღარ შეხვდე, ხანდახან, მხოლოდ ერთხელ გადავიკვეთებით ხოლმე ცხოვრებაში.

-ყავა გინდა ც?
-მინდა.

დეტალებშია დამალული მთავარი ისტორიები.

-აქ ვერ გადავალ
-მე აქ ვარ, დაგეხმარები

-შენ წადი, თუ გინდა, მე მარტო ჩამოვალ
-არა, მარტო ვერ გაგიშვებ

სხვადასხვანაირი მწვანე ერთმანეთში ირევა, უყურებ ამ სილამაზეს და ცრემლი თავისით ჩამოგდის, ვერ ხვდები, რით დაიმსახურე აქ დაბადება. 

-დრო, გაიწელა რა
-არ შემიძლია, აქ ყველაზე ნელა მივდივარ
-როგორ ვიცხოვრო? ძველ ცხოვრებას როგორ დავუბრუნდე?
-არ დაუბრუნდე, ახალი ჰაერი ჩაისუნთქე და დაინახე ის სინათლე, ის ოქროსფერი, რომელსაც სულ ეძებდი. 


Tuesday, August 1, 2017

 ყველამ ვიცით, რომ დედამიწაზე მოგზაურობა დასრულდება, მაგრამ არავინ იცის ზუსტი წამი.  გაიგებ თარიღს, თუ როდის უნდა წახვიდე, უფრო ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებო, მაგრამ ასე არ არის, ადამიანებს უნდათ დარჩენა, სიცოცხლე, იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც ძალიან უყვართ, სიგარეტის მოწევა, ლუდის დალევა, კლუბში წასვლა და ხანდახან უბრალოდ მშვიდად ყოფნა უნდათ და იმის არ ცოდნა, რომ მალე უნდა მიატოვონ აქაურობა.

რამდენი აზრი გამოთქმულა სიცოცხლესთან დაკავშირებით? უამრავი, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რატომ ვიბადებით და მერე რატომ მივდივართ. 
ალბათ დაბადებაც მძიმე პროცესი იყო და არ გვინდოდა უსაფრთხო მუცლიდან ამ საოცარ სამყაროში შემოსვლა და ახლა დედამიწიდან წასვლა არ გვინდა.

-ადამიანი საკუთარი თავისთვის იბადება, თუ სხვებისთვის? 
-ორივესთვის

საკუთარი თავის დანახვა რთულია, წინ თუ მეორე ადამიანი არ გიდგას და მისკენ მიმართულ შენს ქცევას არ აკვირდები. 
არსებობს მოგონებები, რომლებიც სულ გინდა გახსოვდეს.
მუსიკა ისმოდა, შენ გარეთ იდექი და ვიღაცას უყურებდი თვალებში, დრო არ გაჩერდა, მაინც გავიდა წლები და ეს წამებიც ფერმკრთალდება, მაგრამ ჯერ კიდევ გეღიმება.

ძალიან მოწყენილი იჯექი, მეორე ადამიანი მოვიდა და მზე მოგიტანა და შენ ცხოვრების გაგრძელება მოახერხე.

თბილისში ცხელა, აგვისტოც შემოვიდა და ზაფხულის მკაფიო სახეს ახლა დავინახავთ, შემოდგომა უკვე გზაშია, ჩვენ ვცხოვრობთ.

ხანდახან ისეთი სიხარული შემოგაწვება, რომ ცეკვას იწყებ, ხანდახან ისეთი მოწყენილია ადამიანი, რომ ლოგინიდან ვერ დგები.

ტაქსი, სხვა ქალაქი.
ტელეფონი რეკავს...
-გისმენთ
-მე ვარ...

შეიძლება ტელეფონზე ლაპარაკი არ გიყვარდეს, მაგრამ არსებობს ზარი, რომელმაც შენს ცხოვრებას სხვა სიმღერა დაუწერა.

-აღარ მოიწყინო რა
-ასე არ გამოვა
-მინდა ყველა წამს ისე გრძნობდე, როგორც იმ იდეალურ წამებს, რომლებიც არ გავიწყდება.
-ეს როგორ უნდა გავაკეთო?
-შენი თავი ჩააქსოვე ყველა ამოსუნთქვაში, ეცადე გაუგო ადამიანებს და თუ გაუგებ, მერე მათ შეყვარებასაც შეძლებ, მერე კი ყველაფერი უფრო დასამახსოვრებელი ხდება.
ცხოვრება წამების დამახსოვრებაც არის ალბათ. 



Tuesday, June 27, 2017

გათიშვა.
ჩართვა.
სამყაროსგან გათიშვა და მიბრუნება. ხანდახან ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, მერე უფრო დაკვირვებულები ვხდებით და ვაცნობიერებთ, რომ ასე არ არის.

შეაგროვო და მერე დაწერო, მოუყვე, გაუზიარო.
ჩვენი ცხოვრება არასდროს იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ შევიგრძნობთ ისეთ ელემენტებს, რომელიც წარსულში გადაგვამისამართებს.
არარეალური სივრცეც, რომელსაც ხშირად ინტერნეტს ვუწოდებთ, ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ხელშესახები გახდა.
ვთიშავთ და თითქოს ვეთიშებით სამყაროს, მაგრამ დროებით, მერე ისევ ვერწყმით მას და შთაგონების წყაროსაც ხშირად ვპოულობთ.

ადამიანები.
ურთიერთობები. ჩამოშორებებით და მერე კვლავ შერწყმით. ეს ყველა ბრძოლა, სინამდვილეში საკუთარ თავთან ჭიდილისას იბადება, ჩვენ გავდივართ ტკივილის მდინარეებს, ვსხედვართ მწუხარების ატრაქციონებზე, მაგრამ მაინც ვირჩევთ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შინაგანი ტკივილი, ფიზიკურ ტკივილზე ბევრად მძიმე გადასატანია, რომელიც ნიმესილით არ ყუჩდება.

სიცოცხლე.
დაგვბადეს, ვუყვარდით, გვიყვარდა. ხშირად ეგოისტურად, იშვიათად უანგაროდ. მაინც ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ, რადგან ჩვენი თავი ერთმანეთისგან შედგება.
საკუთარი თავი თუ გიყვარს, სხვასაც დაუმეგობრდები, ხელს მაგრად ჩასჭიდებ, მაგრამ ხელის გაშვებას თუ ეცდება, აუცილებლად გაუშვებ.
მთავარი ურთიერთობები ხელებით იწყება, მათ თავისი ენა აქვთ, უნიღბო ენა. ენა გულწრფელობის.

მუსიკა.
საკუთარი თავის შეცნობა მუსიკით იწყება. ერთი სიმღერის მოსმენისას, შეიძლება მეორე ადამიანი შეგიყვარდეს, მუსიკა ცალკე აღებული რეალობაა, სადაც მოქმედებს თავისუფალი წესები, ადამიანისგან თავისუფალი და ადამიანის თავისუფლებისთვის შექმნილი.

სიკვდილი.
ვგრძნობთ რომ აღარ არიან, მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან, მერე ისევ ვხვდებით მათ, ქუჩის ძველ და დანგრეულ კუნჭულებში, თრობისას, ან სიფხიზლისას, მუსიკის მოსმენისას, გაბრაზებისას, ვხვდებით მათ ისე, როგორც ადრე ვხვდებოდით, მაგრამ გაელვებით, წამით, მთავარი შეხვედრები წამიერია.

ენერგია.
დადგება დღე, როცა აღარ ვიქნებით, მაგრამ დარჩება ჩვენი ენერგია, რომელსაც ხან ვუფრთხილდებოდით, ხან ვემდუროდით, ხან ერთად დავფრინავდით.

გახვალ.
შეაგროვებ.
მოუყვები.
ყველაფერი ის, რაც გულით გაკეთდა და არ დააზიანა მეორე ადამიანი, გადაიქცევა შენს ენერგიად, რომელსაც გოგონა, ან ბიჭუნა, რომელიც ქუჩის ძველ კუნჭულში გაივლის, წამით შეჩერდება, ამოისუნთქებს, ჩაგისუნთქებს და იცხოვრებს.
ერთმანეთში ვცხოვრობთ ჩვენ...