Tuesday, June 27, 2017

გათიშვა.
ჩართვა.
სამყაროსგან გათიშვა და მიბრუნება. ხანდახან ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, მერე უფრო დაკვირვებულები ვხდებით და ვაცნობიერებთ, რომ ასე არ არის.

შეაგროვო და მერე დაწერო, მოუყვე, გაუზიარო.
ჩვენი ცხოვრება არასდროს იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ შევიგრძნობთ ისეთ ელემენტებს, რომელიც წარსულში გადაგვამისამართებს.
არარეალური სივრცეც, რომელსაც ხშირად ინტერნეტს ვუწოდებთ, ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ხელშესახები გახდა.
ვთიშავთ და თითქოს ვეთიშებით სამყაროს, მაგრამ დროებით, მერე ისევ ვერწყმით მას და შთაგონების წყაროსაც ხშირად ვპოულობთ.

ადამიანები.
ურთიერთობები. ჩამოშორებებით და მერე კვლავ შერწყმით. ეს ყველა ბრძოლა, სინამდვილეში საკუთარ თავთან ჭიდილისას იბადება, ჩვენ გავდივართ ტკივილის მდინარეებს, ვსხედვართ მწუხარების ატრაქციონებზე, მაგრამ მაინც ვირჩევთ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შინაგანი ტკივილი, ფიზიკურ ტკივილზე ბევრად მძიმე გადასატანია, რომელიც ნიმესილით არ ყუჩდება.

სიცოცხლე.
დაგვბადეს, ვუყვარდით, გვიყვარდა. ხშირად ეგოისტურად, იშვიათად უანგაროდ. მაინც ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ, რადგან ჩვენი თავი ერთმანეთისგან შედგება.
საკუთარი თავი თუ გიყვარს, სხვასაც დაუმეგობრდები, ხელს მაგრად ჩასჭიდებ, მაგრამ ხელის გაშვებას თუ ეცდება, აუცილებლად გაუშვებ.
მთავარი ურთიერთობები ხელებით იწყება, მათ თავისი ენა აქვთ, უნიღბო ენა. ენა გულწრფელობის.

მუსიკა.
საკუთარი თავის შეცნობა მუსიკით იწყება. ერთი სიმღერის მოსმენისას, შეიძლება მეორე ადამიანი შეგიყვარდეს, მუსიკა ცალკე აღებული რეალობაა, სადაც მოქმედებს თავისუფალი წესები, ადამიანისგან თავისუფალი და ადამიანის თავისუფლებისთვის შექმნილი.

სიკვდილი.
ვგრძნობთ რომ აღარ არიან, მაგრამ ეს მხოლოდ თავიდან, მერე ისევ ვხვდებით მათ, ქუჩის ძველ და დანგრეულ კუნჭულებში, თრობისას, ან სიფხიზლისას, მუსიკის მოსმენისას, გაბრაზებისას, ვხვდებით მათ ისე, როგორც ადრე ვხვდებოდით, მაგრამ გაელვებით, წამით, მთავარი შეხვედრები წამიერია.

ენერგია.
დადგება დღე, როცა აღარ ვიქნებით, მაგრამ დარჩება ჩვენი ენერგია, რომელსაც ხან ვუფრთხილდებოდით, ხან ვემდუროდით, ხან ერთად დავფრინავდით.

გახვალ.
შეაგროვებ.
მოუყვები.
ყველაფერი ის, რაც გულით გაკეთდა და არ დააზიანა მეორე ადამიანი, გადაიქცევა შენს ენერგიად, რომელსაც გოგონა, ან ბიჭუნა, რომელიც ქუჩის ძველ კუნჭულში გაივლის, წამით შეჩერდება, ამოისუნთქებს, ჩაგისუნთქებს და იცხოვრებს.
ერთმანეთში ვცხოვრობთ ჩვენ...

No comments:

Post a Comment