Tuesday, June 17, 2014

ბათუმის წყნარ ქუჩაზე, წყნარ კაფეში ისხდნენ ნუცა და თაკო, ჩუმად მიირთმევდნენ და წვენს აყოლებდნენ საჭმელს, თითქოს სალაპარაკო გამოლეოდათ, ან იმდენი იყო სათქმელი, რომ დაწყებად არ ღირდა.
თაკო თეფშზე ათამაშებდა ჩანგალს და კეტჩუბისგან რაღაცის დახატვას ცდილობდა, მერე შლიდა ნახატს და თავიდან იწყებდა ხატვას და ასე გრძელდებოდა დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში...
ნუცა თან ჭამდა და თან კარს უყურებდა, თითქოს რაღაცას ელოდა, რაც ძალიან მალე უნდა მომხდარიყო, შეიძლება დღეს არა და ალბათ არც ხვალ, მაგრამ იქნებ 2 წლის შემდეგ მაინც...
თაკო ამერიკაში დაბრუნების ამბავს განიხილავდა გონებაში, თითქოს თავიდან უნდა მოეძებნა საკუთარი თავი, რომელიც სამშობლოში დაკარგულად მოეჩვენა...

-რამ ჩაგაფიქრა თაკ?
-მგონი უნდა დავბრუნდი ამერიკაში, აქ არ ვარ ბედნიერი
-რა ხდება? და მერე ჩვენ ?
-თქვენ გაძლებთ ჩემს გარეშე, ზოგადად ადამიანები ვძლებთ ერთმანეთის გარეშე, თუმცა ხანდახან ვფიქრობთ რომ ეს წარმოუდგენელია
-არ წახვიდე რა, შენს გარეშე ძალიან მიჭირს
-მეც, მაგრამ აქედან რომ დავბრუნდებით, უნდა დავბრუნდე, კიდევ რამე კურსს ავარჩევ და წავალ...
ნუცამ ანგარიში მოითხოვა, ფული გადაიხადა, ოფიციანტს მადლობა გადაუხადა.
გარეთ გამოვიდნენ, მზე უკვე ჩადიოდა და ბათუმი მთელი თავისი სითბოთი სასიამოვნო საღამოს უწინასწარმეტყველებდა იქ ჩასულებს...

ლუკა სახლში იყო წამოწოლილი და მუსიკას უსმენდა, მერე გამორთავდა და აივანზე გაიხედავდა, შემოვიდოდა, ისევ ჩართავდა მუსიკას, მაგრამ ვერ ეგუებოდა, ბოლოს ნუცასთან დარეკვა მაინც გადაწყვიტა...
-ლუკა, როგორ მიხარია შენი ხმა რომ მესმის, გირეკავდი გუშინ,მოგწერე კიდეც და არ გამეცი ხმა
-ხო, არ შემეძლო, მენატრები ნუც
-მეც ლუკა, ჩამოვალ მალე, მაგრამ სანამ მე ჩამოვალ, იქნებ ჩამოხვიდე
-არ შემიძლია
-ლუკა რა გჭირს ? არ მომწონხარ ამ ბოლო დროს, სულ მოწყენილი ხარ
-ვერ ვარ რაღაც
-ჩამოვალ და მოგხედავ...

გიო შოტლანდიაში მიდიოდა სათამაშოდ, ტოვებდა ქალაქს, დინამოს, ნენეს, რომლის დატოვება უფრო უმძიმდა ვერ გაიგებდი, ალბათ ყველაფრის ერთად და ცალ-ცალკეც
-მინდა რომ ჩემთან ერთად მოდიოდე ახლა
-არ შემიძლია გიო, ოჯახს ვერ დავტოვებ, ისედაც ყველამ მიატოვა
-და ნიკას ?
-ეს არასდროს გიკითხავს და რა წასვლის დროს მეკითხები, ადრე ნიკაზე არასდროს გისაუბრია
-ალბათ, რომ მივდივარ, ზუსტად ამიტომ გეკითხები, ვიცი რომ ვითამაშებ, ვარჯიშის დროსაც ამ საკითხზე ვიფიქრებ და სულ გამეჩხირება ყელში
-რატომ ? შენ რა შუაში ხარ?
-არ მჯერა, რომ ვერ ხვდები და თუ ვერ ხვდები, მაშინ არც არის საჭირო თქმა

ნენე ახლოს მივიდა გიოსთან, ჩაეხუტა
-ვხვდები გიო, მაგრამ მაინც ველოდი, რომ იტყოდი ოდესმე, რადგან ხანდახან თქმაც საჭიროა, მხოლოდ ჩვენი ილუზიებით ცხოვრება ძნელია
-ეს ილუზია არასდროს ყოფილა, სიტყვებია ხანდახან ფარსი, მე საქმით ვცდილობდი ამ ყველაფრის დამტკიცებას
-და გეშინოდა ამის ხმამაღლა თქმის, იქნებ მე ორივე მჭირდებოდა, საქმეც და სიტყვებიც და შენ მხოლოდ ერთი გზით წახვედი და ახლა საერთოდ სხვა ქვეყანაში მიდიხარ, მე მაინც ვივლი დინამოზე და იქ არ იქნები შენ, მაინც მეგონება, რომ გაიტან გოლს, ან კუთხურს კარგად ჩააწვდი და შენ არ იქნები იქ, შენ ეს ყველაფერი ადვილი გგონია, მე რაც ჩემები გარდაიცვალნენ, შენ მოგეკარი და მას მერე ასე მოკრული დავდივარ, უბრალოდ ვერ გამოვხატავ, არადა სუნთქვა მიჭირს შენს გარეშე, როგორც ასთმიან ადამიანს და ნიკა ის წამალია, რომელიც ამ სპაზმს მომიხსნის
-რატომ არ მთხოვე დარჩენა, ხო იცოდი რომ დავრჩებოდი ?
-არ მინდა რომ დარჩე ჩემს გამო, მინდა რომ წახვიდე, რადგან ბოლომდე იპოვო შენი თავი და მერე შეცვლილი რომ დაბრუნდები და თუ ისევ იქნება ჩემი ადგილი შენს გვერდით, თუ შენი შეცვლილი სამყარო ისევ მიმიღებს, მაშინ გავაგრძელოთ ეს საუბარი...
 გიომ ვეღარ მოითმინა და აკოცა და ნენეს სუნი საბოლოოდ აღიბეჭდა მის სხეულში...

ნენე აივანზე იდგა საღამოს, გიოს აივანს უყურებდა, ის უკვე 5 საათის წასული იყო, პირველი დღე ყოველთვის გამორჩეულად მძიმეა, მერე თანდათან უფრო მძიმდება, მერე ქრება ხოლმე და მერე ჩნდება თავიდან, მერე შეიძლება მხოლოდ ნახვისას განგიახლდეს ამ სიმძიმეზე ფიქრი, მაგრამ თავად ეს სიმძიმე აღარ იცოცხლებს შენში...
საღამოს ნიკამ დარეკა, ჩაიცვა ნენემ და წავიდა მასთან შესახვედრად ისე, თითქოს წამალი უცხოეთიდან ჩამოვიდა და რომ არ ეყიდა, ღამე სპაზმს ვერ გაუძლებდა...

თაკომ ამჯერად ფსიქოლოგიური კურსი შეარჩია და 2 დღეში მიფრინავდა უკან ამერიკაში, გაცილების საღამო არ მოაწყობინა არც ოჯახს და არც მეგობრებს, რადგან ცხოვრების ამ ეტაპზე არ შეეძლო გაღიმება, არც საუბარი, უნდოდა სამშობლოსგან შორს ყოფნა, იმ ადამიანების აქ დატოვება, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა, ამ ყველაფერს აკეთებდა იმიტომ, რომ ბოღმა არ ჩაედო გულში...

ლუკა ღამე მივიდა მასთან, იცოდა რომ საუბრის გარეშე ვერ გაუშვებდა ასე შორს, ამას ალბათ იმიტომ აკეთებდა, რომ სინდისი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, ცოტახნით მაინც დამშვიდებულიყო...
-მალე დაბრუნდები?
-არ ვიცი, ალბათ არა
-არ მინდა, რომ ცუდად იფიქრო ჩემზე, არასდროს მომიტყუებიხარ
-ვიცი ლუკა, არ მინდა ეს საუბარი, იყავი ბედნიერი, ვისთანაც გინდა, მთავარია გაბედო ეს და დიდხანს არ იყოყმანო
-ვეცდები...

ნუცამ ბევრი იტირა აეროპორტში, თუმცა თაკოს წასვლაში თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, რადგან არაფერი ჩაუდენია და იცოდა, რომ სუფთა იყო...

-რატომ არ წამოხვედი გასაცილებლად?
-გუშინ ვნახე და არ მინდოდა ეს დამშვიდობება და ამბები
-შენ ზოგადად მაოცებ ამ ბოლო დროს...

წლები ხანდახან წამებივით გადის, გგონია რომ რაღაც 2 წუთის წინ იყო და თურმე 4 წელი გასულა, ან უფრო მეტი და ხანდახან ნაკლები.
ნენემ კულინარიის სკოლა დაამთავრა და თავისი თავი ამ საქმეში ბოლომდე იპოვა, ნიკამ კაფე გახსნა მისი ხათრით, რომელიც ძალიან ფერადი იყო, მშვიდი საღამოს გასატარებლად საუკეთესო ადგილი ,ნენე ამ კაფეში მუშაობდა, ხანდახან შედიოდი სელტიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და იგებდა გიოს ამბებს...

თაკომ ერთ კურსს მეორე კურსი მიაყოლა და ბოლოს მაგისტრატურაზეც ჩააბარა, თითქოს დაივიწყა წარსული, რამდენად შესაძლებელი იყო და თავისი აწმყოთი ცხოვრობს ამერიკაში...

მახსოვს სვანეთში მივდიოდი და იქ ლუკა მეგულებოდა, რომელიც უკვე ერთი წელია არ მინახავს, იქ გადაბარგდა და იქ მუშაობს, ახლა ვხვდები თუ რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგოც მოხდა, შეიძლება ახლა გვიანია, ან დროულია პირიქით, ახლა როცა მივხვდი, ახლა მივდივარ მასთან და იქნებ სამუდამოდ დავრჩე მთაში და დავრჩე მასთან, იქნებ თბილისმა ვერც გაუგოს ამ ურთიერთობას, რადგან აქ ფორმალური კანონები ბატონობს, აქ ერთმანეთის გრძნობებში ვიძირებით და ვკარგავთ საკუთარ ცხოვრებას...
 2 წელი გავიდა, თაკო არ ჩამოსულა, ძალიან იშვითად რეკავს, როცა ჩვენ ვურეკავთ არ იღებს ტელეფონს, ალბათ რაღაც ვაწყენინე და რაღაც არ შევარგე და ეს რაღაც, თუ ვიღაც ალბათ ლუკა იყო, რომელიც ისე მივისაკუთრე, არც მიკითხავს მისთვის, არც ლუკასთვის, არც საკუთარი თავისთვის, რადგან ეს ძალით არ გამიკეთებია, ყოველთვის ვმეგობრობდი მასთან და ვერ ვხვდებოდი, რომ მეგობრობაც ის სიყვარულია, რომლის შესახებაც ამდენი დაწერილა, ამდენი სიმღერა ამღერებულა და ამდენი ღამე გათენებულა ადამიანების მიერ...
60 კილომეტრი დარჩა და ვნახავ მას, ალბათ შეცვლილს, ალბათ გაზრდილს და უფრო დაჭკვიანებულს და დამშვიდებულს, არ იცის რომ ჩავდივარ, იქნებ არც გაუხარდეს, მაგრამ ის რაც ჩემი გასაკეთებელია, უნდა გავაკეთო ახლა, როცა ყველაფერს მივხვდი...

ჭიშკარი
ბებო და ბაბუ
ლუკა არ ჩანდა, თურმე ჯერ სამსახურშია, სასტუმროში მუშაობს, რომელიც 2 კვირის წინ გაიხსნა
ეზოში ვისხედით, სუფრა იყო გაშლილი, ბებოს კალთაში ვიჯექი, ჭიშკარი გაიღო, შემოვიდა, სუფრა არ გაჰკვირვებია, მაგრამ მე ძალიან გავუკვირდი და ეს კარგის ნიშანი იყო....
მახსოვს ავდექი და მივედი მასთან, იღიმოდა, მერე სიცილი დაიწყო, მერე ხმა ამოიღო და მკითხა ვრჩებოდი თუ არა...
მე დავრჩი...

როგორც საკუთარ თავს ვერ ამოწურავ, ისე ვერ ამოწურავ სხვასაც, ზოგი მხოლოდ წამით მოდის ჩვენს ცხოვრებაში, მაგალითად მხოლოდ ტრანსპორტში ხედავ, ან წიგნის მაღაზიაში, ზოგი სიკვდილამდე ჩვენთან რჩება, ან ჩვენ ვრჩებით მათთან...
ადამიანების მთავარი შეხვედრა მაინც მათ გულებში ხდება, ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი, ბევრი რამ გადავაფასე და თავიდან დავაფასე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მთავარია, ერთ-ერთი მთავარი მაინც...
მოწყენილობაც ხშირად მოდის, ხან გავურბივართ, ხან წინ ვეგებებით და ვაპატიჟებით ჩვენში, მაგრამ ეს ცხოვრებისთვის დამახასიათებელია, თითქოს აკვიატებული ჩვევაა და ჩვენც ვიფერებთ მას.
სხვების ბედნიერების ხელშოწყობაშია ალბათ მდგრადი ბედნიერება...


Thursday, June 5, 2014

თაკო საწოლზე იწვა, თვალები ჭერს იყვნენ მიბჯენილნი, გეგონებოდა კინო გადაიოდა ზევით და იმას უყურებსო, თან მძაფრი მომენტია და იმაზე აქვს გამახვილებული ყურადღებაო, პირველად ცხოვრებაში სრულიად დაცლილი იყო, თითქოს მეხსიერებამაც მიატოვა და მის სხეულში ისეთ ადგილას გამოიკეტა, სადაც თაკო მის პოვნას ვერ შეძლებდა...
ახსენდებოდა კონცერტი და ყველაფერი ის, რაც ამერიკაში ხდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მას არ გადახდენია, რადგან ეს რომ მისი საკუთრება ყოფილიყო, მაშინ ასეთ მოწყენილობას არ უნდა შეეპყრო, თუმცა ეს მოწყენილობაზე ნაკლები იყო, სიცარიელე, რომელსაც არც ტკივილი ახლავს და არც გაყუჩება...
კონცერტზე ნაყიდი ბოთლით სვამდა წყალს, რომელზეც ალექსი იყო გიტარით აღბეჭდილი, მაგრამ წყალიც თითქოს არ ჩადიოდა ორგანიზმში და სადღაც სხვაგან იღვრებოდა...
ოთახში თაკოს დედა შემოვიდა, მივიდა საწოლთან და თავთან ჩამოუჯდა, უყურა, თაკოს თვალი არ მოუცილებია ჭერისთვის, ბოლოს დედის ხელის სითბო იგრძნო ლოყაზე, ხელი თვითონ ვერ გამოყოფს სითბოს, გული უგზავნის ფიქრს და ხელიც იმუხტება სიყვარულით, თაკოს ცრემლი ჩამოუვიდა თვალიდან და დედის ხელზე დაიკავა ადგილი, დედა ადგა და გავიდა, რადგან მთავარი მისი ამ წამისთვის შესრულებული იყო, თაკომ რაღაც იგრძნო და ეს სიცარიელე ამ ცრემლმა გაარღვია...

ლუკა თავის ოთახში იყო სიგარეტის ბოლში გახვეული და ლუდის ბოთლებით გარშემორტყმული, ყველა სახის გრძნობა შეიძლება შემოიჭრას შენში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას დამორჩილება შეიძლება, თავისუფლბა არ არის ყველაფრის კეთება და განსაკუთრებით ისეთი რამის, რაც აუცილებლად მოუწამლავს სხვას სიცოცხლეს, იცოდა რომ თაკო ცუდად იყო და თავადაც ცუდად გრძნობდა თავს, იქნებ ეს შეჩვევა-გადაჩვევის პროცესი იყო მხოლოდ და ისევ დაბრუნებოდა ის გრძნობა, რაც ახლა გამქრალი ეგონა, მგონი რომ ვიზრდებით, უფრო მეტს ვფიქრობთ და უფრო იშვიათად ვპოულობთ პასუხებს დასმულ შეკითხვებზე, გააჩნია ვინ სვამს კითხვას, ვინ პასუხობს და რა ვითარებაში...

ნენე ახალ პროექტზე მუშაობდა, რომელიც ც ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებას ითვალისწინებდა, უკვე ღამის სამი საათი იყო, ხანდახან კისერი ვეღარ იმაგრებდა თავს, ასეთ დროს თითქოს ძილი იტაცებდა, მაგრამ ბოლოს ისევ სწევდა თავს, ადამიანები, რომლებიც უსახსრობის გამო კვდებიან, როცა შეიძლება მათი დახმარება, მაგრამ არ არის ფული და ისე არავინ გადაწყვეტს შენს მკურნალობას, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ამაზე ფიქრს უმატა ნენემ, დედ-მამა მანქანაში დაიღუპნენ, აქ ფული ვერაფერს გააწყობდა, მაგრამ არის რიგი სიტუაციები, სადაც ფულის ქონის შემთხვევაში, შეიძლება დახმარება, მაგრამ ქვეყანაში ადამიანები 101-ე ადგილზე არიან და ერთმანეთზე ფიქრი იკლებს, მომატების ნაცვლად...
მზემ სანამ საბოლოოდ ამოვიდოდა, ორი სხივი გამოუშვა ნიშნის მისაცემად, რომ მალე მთელი თავისი სიდიადით აპირებდა დედამიწის განათებას, მერე გათბობას და ბოლოს გაცხელებასაც კი...
სანდრო ჭიქით ხელში შემოვიდა ნენესთან, იცოდა ყავა თუ უშველიდა ფსიქოლოგიურად მაინც, რადგან როგორც მეცნიერები ამბობენ, ვაშლი უფრო აფხიზლებს ადამიანს, ვიდრე ყავა, მაგრამ ვაშლი თუ არ გიყვარს, უძინარზე ვერ შეძლებს შენს გამოფხიზლებას, ისევ სჯობს, რაც გიყვარს ის დალიო...

-საერთოდ არ გძინებია ხო ?
-არა სანდრო, კიდევ დამრჩა რაღაც დეტალები, მაგრამ ამას სამსახურში მივხედავ
-რა გინდა შენ სარეკლამოში, სადღაც მეცნიერებთან უნდა იჯდე და წყვეტდე რთულ საკითხებს
-ნუ მაცინებ სან, მთავარია ნიკა დავითანხმო, რომ გაინძრეს და ჩვენს მთავარ უფროსს ესაუბროს ამ პროექტზე, მაგრამ თან ნაკლებად მჯერა, რომ ამას გააკეთებს
-ისე ხშირად ხართ ერთად და რამეს ხომ არ ველოდოთ მე და ბაბუ (თან გემრიელად გადაიკისკისა, როცა თავისი გამოჭედილი წინადადება დაამთავრა)
-არ მგონია, ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, მთავარ საკითხში ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მე ადამიანზე ვფიქრობ, რეკლამასაც რომ ვაკეთებ პირველ რიგში ადამიანებზე ვფიქრობ და მერე იმ პროდუქტზე, რისი რეკლამის გაკეთებასც მთხოვენ, ჯერ ვიკვლევ პროდუქტის ნებისმიერ დეტალს, რამე საფრთხეს ხომ არ შეიცავს, ან ზიანის მოტანა ხომ არ შეუძლია და ნიკა ასეთ დროს მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს
-ეს არ ნიშნავს რომ ვერ გაუგებთ ერთმანეთს, ან გაგება რა საჭიროა, მთავარია კომფორტი ურთიერთობაში
-ფილოსოფოს წადი ჩაიცვი და გავიდეთ
-მე ვამაყობ შენით
-მე შენით...

-შეგიძლია ნახევარი დოზა მიიღო უკვე
-მართლა? ჰაჰ, მიხარია ძალიან
-შედეგი არის და რატომ გაგჭყიპო კიდევ წამლებით, მთა მოგხდენია და ახლა შეგიძლია ზღვისკენ გაეშურო
-შევასრულებ თქვენს დარიგებებს
-მიდი და რომ ჩამოხვალ, შემომიარე...

ნუცა ქუჩაში მოაბიჯებდა, თმა გაშლილი ჰქონდა და ფეხსაცმელები მიწას გრძნოდნენ, მის სითბოსაც და ხანდახან ხრეშსაც, რომელიც ღრმულების ამოსავსებად იყო ჩაყრილი, როცა საკუთარი ჯანმრთელობით ხარ დაკავებული, სხვა რამეზე ნაკლებად ფიქრობ, ნუცას ამბავიც კარგისკენ იცვლებოდა და თავს უკეთ გრძნობდა ამის გამო, ახსენდებოდა ბავშვი, რომელიც მის სხეულს მოსწყდა, მხოლოდ სხეულს რომ მოსწყვეტოდა, უფრო ადვილი გადასატინი იქნებოდა, მაგრამ ბავშვი სხეულის გარდა სულიც არის, სული, რომელიც მომავალში სიყვარულსაც შესძლებდა და ალბათ სიძულვილსაც, ტირილსაც და ხშირად სიცილსაც, წყლით ტკობასაც და საჭმლითაც, სწორედ ეს სული აღარ ცოცხლობდა ნუცას შიგნით და დანაკლისის შევსება არც ისე ადვილი იყო, უფრო პირიქით, ალბათ შეუძლებელიც, თუმცა ნუცა მაინც მოაბიჯებდა ქუჩაში, მერე თაკო გაახსენდა და დარეკა...

თაკო აივანზე იდგა, რომელიც მის ოთახს ერტყა გარშემო და ტელეფონის ხმა ამ დროს შემოესმა, უყურებდა შორიდან ანთებულ ნივთს და ყოყმანობდა მისვლას, მაგრამ ბოლოს მაინც აიღო
-თაკინ სად ხარ ?
-სახლში?
-ზღვაზე წავიდეთ არ გინდა?
-დღეს?
-ხო, ჩავლაგდეთ და ღამის მატარებლით წავიდეთ რა, წავიდეთ, წავიდეთ
-კარგი...

სიტყვა ”კარგი” ავტომატურად იყო ნათქვამი, რადგან გამჯდარი ჰქონდა, რომ არ უნდა ეთქვა მეგობრებისთვის უარი, რომლებიც გულით რაღაცას სთხოვდნენ, საწოლზე ჩამოჯდა, წარმოიდგინა ნუცას სახე, რომელიც თხოვნის დროს ექნებოდა, გაეცინა და ჩალაგება დაიწყო...

-დღეს მიდიხართ?
-კი ლუკა, წამოხვალ ?
-არა
-რატომ? თქვენ რაღაც ისე ვეღარ ხართ, თუ რა ხდება?
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი
-ჰოჰ, ნუ კარგი, თაკოს ავხდი დღეს თავს მატარებელში და მაინც გავიგებ რა ხდება, თუ გადაწყვეტ ჩამოდი, 2 კვირით მაინც დავრჩებით
-კარგი, ვნახოთ, კეთილი მგზავრობა...

საკონფერენციოში ნიკა ნენეს პირდაპირ იჯდა და არ უყურებდა, რაღაც დეტალებს ამოწმებდა ლეპტოპში, ნენეს თვალი ეხუჭებოდა და ცხოვრების ბოლო ენერგიას იყენებდა, რომ არ დასძინებოდა, ნიკას იმედი არ ჰქონდა, ამიტომ მთავარ იმედს საკუთარ კარგ გამოსვლაზე ამყარებდა, პროექტი გადაგზავნილი ჰქონდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ნიკა მას არც გახსნიდა და ეს კიდევ უფრო დიდ ძალას აძლევდა, მაგრამ ეს ძალა წამში სადღაც გაქრა, როცა ნიკას წინადადებამ ყურში ჩადინება დაიწყო...

”ბატონი ჯეიმს, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პროექტი, რომელიც ნენე ცინცაძემ მოამზადა და რომელიც ც ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების გამოკვლევის დაფინანსების გეგმას გვთავაზობს”

ნენე უყურებდა მომზადებულ პრეზენტაციას და არ სჯეროდა, რომ ასე ზუსტად გააკეთა ნიკამ ის, რისი თქმაც მას უნდოდა, პრეზენტაციის ბოლოს, ნიკამ ყველას მადლობა გადაუხადა და ნენეს გადახედა, რომელმაც მადლობის და გაკვირვების ნიშნად გაუღიმა...

-არ მეგონა, რომ საერთოდ წაიკითხავდი
-ვიცი და იმიტომ წავიკითხე, ვიმუშავე, სრულიად სამედიცინო ენციკლოპედია გადმოვაქოთე და თითქოს არ გამოვიდა ურიგო, შეიძლება დაფინანსდეს კიდეც
-ძალიან მიხარია, რომ ერთხელ მაინც მენდე
-მე სულ გენდობოდი, უბრალოდ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებთ და მე მეტი პრაგმატულობის გამოჩენა მმართებს და შენ ეს ვერ გაიგე
-ხო ვიცი, მაგრამ მზარავს ეგ პრაგმატულობა
-საღამოს იქნები ჩემთან ერთად?
-კი ვიქნები, გავიდეთ სადმე
-კარგი, შევედი კაბინეტში, ფინანსებია მისახედი
-მიდი მიხედე, იქნებ რამე კარგს მოხმარდეს
-ოჰ ნენე, რომ არ იგველო არ შეგიძლია

სარფი, მედუზები და სუფთა წყალი, ტალღა ნაპირზე აკეთებდა დარტყმას და ადამიანების ტერფებზე  ბოლო გაჩერება იყო...
ნუცა წიგნს კითხულობდა და წყლის მოახლოებაზე ეცინებოდა, თაკო მუსიკას უსმენდა და სიმინდს მიირთმევდა
-თაკ (ხელი დარტმით ძლივს გამოახედა)
-რა იყო ?
-რაღაც ძალიან შეიცვალა შენი და ლუკას ამბავი და რა ხდება ?
-რა ამბავი, ან რა ხდებოდა ადრე?
-ანუ ისე ახლოს აღარ ხართ და ამაზე გეუბნები
-ხომ, გაცივდა და შენთან დათბა თითქოს 
-ჩემთან ყოველთვის თბილად იყო, ამიტომ ეს სიახლე არ არის
-რატომ არ მითხარი ნიკას რომ დაშორდი ?

ნუცა წამოიწია და ზღვას გახედა
-ძლივს შენი ოცნების ასახდენად წახვედი და მე დამერეკა და ზუილი დამეწყო, ვიცი ადგებოდი და ჩამოხვიდოდი, ლუკასაც ვთხოვე არაფერი ეთქვა, თაკ თან მარტო ეს არ იყო, ბავშვი დავკარგე, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, სულ მეგონა შევქმნიდი ოჯახს ადამიანთან, რომელიც მიყვარს, მეყოლებოდა შვილები და პირველს შენ მონათლავდი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა

თაკო ნუცას პირსახოცზე გადმოჯდა და თავი მხარზე დაადო, რომელიც გრილი იყო, თითქოს მზეს ჯერ კიდევ არ შეეშრო წყლის ეფექტი

-ზოგადად ჩემი დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ თუ ბოლომდე არ ვიქნებოდი დარწმუნებული ადამიანში, მასთან სხეულით ბოლომდე ახლოს ყოფნას არ ვგეგმავდი, მაგრამ სისულელეა რაღაცის დაგეგმვა, თან როცა საქმე გრძნობებს ეხება, ეს მხოლოდ სხეულით ერთად ყოფნას არ ნიშნავს, ეს სულიერი ერთობაც არის და იმ დღესაც ასე მოხდა, წამიღო გრძნობამ და ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან და ისიც ასე გრძნობდა თავს, მაგრამ იყო მეორე დღეს სიცარიელის განცდა, თითქოს რაღაც მოწყდა სულს და თან რაღაც ახალი ჩაისახა, ვერ გადმოვცემ ზუსტად, მაგრამ რაღაც მსგავსი იყო, არ ვიცი ნიკას გრძნობა რა დროს გაუქრა, მაგრამ მგონია რომ მაგ დღეს იყო ყველაზე ბედნიერი ჩემთან და სწორედ მაგ დღეს ამოწურა ჩვენს ურთიერთობაში თავი
-მაპატიე, რომ ასეთ დროს დაგტოვე
-შენ ხომ არ იცოდი, ამიტომ არ დაგიტოვებივარ, რადგან რომ გცოდნოდა დარჩებოდი, მე იქიდანაც ვგრძნობდი, რომ გვერდში იყავი
-ასე იყო ნუც, კონცერტზე რომ ვიდექი, სულ ახლოს სცენასთან და "suck it and see" რომ დაიწყო, გვერდზე გამოვიხედე და თითქოს დაგინახე, ჩამესმოდა შენი ხმა სიმღერას რომ აყოლებდი და თან გეცინებოდა და ეს ყველაფერი ისე ნათლად შევიგრძენი, რომ ზუსტად ვიცი მაგ დროს ჩემზე ფიქრობდი
-კი ასე იყო, ვიცოდი კონცერტი 2 საათი გრძელდებოდა და მთელი ის დრო ვათვალიერებდი ჩვენს ფოტოებს,მიმოწერებს, ვიდეოებს და ფონად ჩვენი ჯგუფის სიმღერები გასდევდა და ძალიან მინდოდა იქ ყოფნა
-წამოდი ვჭამოთ რა, ძალიან მომშივდა
-წამო
...

ხშირად ვჩხუბობთ მეგობრებთან, ჩხუბისას, რაც ენაზე მოგვადგება და რაც ჯერ კიდევ არ არის მომდგარი, იმასაც ვეძებთ, რომ რაც შეიძლება მწარედ ვატკინოთ გული, თითქოს სიბრაზე ფარავს ყველაფერს კარგს,რაც ადამიანშია და ცდილობს თავად დაიკავოს მთელი სხეული და რაც მთავარია გონება და გული, ჩვენც ჩვენი სისუტის გამო ვემორჩილებით მას, წამით არ ვფიქრობთ მომავალზე,მივაბიჯებთ წინ ჩვენი აგრესიით, ვეძებთ უაზრო გამართლებას ჩვენი საქციელისას და თუ ვინმეს დავაჯერებთ, ბედნიერები ვართ ამით, მაგრამ ეს ცრუ ბედნირებაა, რომელსაც არ მოაქვს სიმშვიდე, რადგან წარმოუდგენელია ვინმეს გული ატკინო, ვინმეს თუნდაც ათი წუთით მოუშხომა სიცოცხლე და ამით მიღებულმა სიხარულმა დიდხანს გასტანოს...
მეგობრები ის მთავარი ადამიანები არიან ოჯახთან ერთად, რომელთაც ვერ ვაფასებთ ხოლმე სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ გვიყვარს, იმდენად ჩვენში არიან გამჯდარნი, რომ ხშირად ვივიწყებთ, როგორც მაგალითად თმას, რომელიც თავს ალამაზებს, ან თვალებს, რომელიც სახეს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს და რომლითაც ვესაუბრებით ადამიანებს, მაგრამ დგება წუთი გვტკივდება თავი და ვიცით, რომ თურმე კისერზე ყოფილა მოთავსებული, მეგობარიც ასეა, ვატკენთ გულს და მერე ვგრძნობთ, რომ ძალიან გვიყვარს, რადგან როცა მას სტკივა და შენს გულს არაფერი ეხება, მაშინ მეგობრობა არც არსებობს...
მეგობრებს უნდა გრძნობდე სულ, რაღაც არ უნდა გასვენებდეს, მაგრამ ამას სიმშვიდე უნდა მოჰქონდეს, სიმშვიდე იმის შეგრძნებით, რომ ისინი შენში ცხოვრობენ.

Tuesday, June 3, 2014

სამი დღე კარავში იცხოვრეს და ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დაახლოვა, იმ წუთებში გრძნობდნენ, რომ ერთმანეთის გარდა არავინ სჭირდებოდათ, ნუცაც უკეთ ხდებოდა და დილის დოზას საერთოდ აღარ სვამდა...
თბილისში წასვლის დროც ახლოვდებოდა, თაკო ჩამოდიოდა და ამ დღეს ექვსი თვე ელოდნენ.

-ჩალაგდი ?
-კი ლუკა
-არ მინდა წასვლა
-არც მე, მაგრამ რომ არ დავხვდეთ, არ გვაპატიებს
-ვიცი, გარეთ გელოდები

ნუცამ ოთახს მოავლო თვალი, თითქოს ის სუნი, რაც ოთახში ტრიალებდა, სხეულზე აჰყოლოდა და თან მიჰქონდა, ბოლოს ხის კარადას  გახედა, სულ რამდენიმე წუთის წინ იქ მისი ტანსაცმელი ეკიდა, ამით თითქოს გრძნობდა, რომ კიდევ დიდხანს დარჩებოდა , მაგრამ ახლა კარადა ცარიელი იყო, ზამთრის საბანი და ბალიშები ეწყო მხოლოდ, რომელიც ოჯახს ეკუთვნოდა...
ნუცა სწრაფად გავიდა ეზოში, რადგან შეიძლებოდა წასვლა გადაეფიქრებინა...

-ბაბუ, ზამთარში ჩამოდი იცოდე, ხელი მოკიდე ლუკას და წამოდით
-ვეცდებით
-და აღარ მოიწყინო რა, კი გიხდება, მაგრამ სიცილის დროს უფრო ნამდვილი ხარ...

ისევ ჭიშკართან იდგნენ და ახლა უკვე აცილებდნენ, ნუცას ახლაც აუჩუყდა გული, ლუკა თმებზე მოეფერა და მანქანის კარისკენ ანიშნა თვალით...

-ესეც ასე
-ხო
-ჩარკვიანი ჩართე, სხვა არავინ მინდა
-კარგი

რომ ბრუნდები გზა უფრო სწრაფად ჩაივლის ხოლმე, თუმცა გააჩნია საიდან მიდიხარ და საით მიემართები, ნუცას არ უნდოდა დაბრუნება და გზამაც მალე გაიარა თავისი დრო და თბილისის სურნელიც მალე შეაგრძნობინა...

-სელტიკიდან?
-ხო ნენე, მაგრამ ჯერ ვერ მივიღე გადაწყვეტილება
-სამშობლოს გამო? თუ დინამოზე გწყდება გული?
-ორივეზე ერთად, მაგრამ გამოცდილებისთვის თითქოს სჯობს, შენ როგორ ფიქრობ?
-არც კი ვიცი რა გითხრა, სელტიკზე ყოველთვის აფრენდი და მათი გულშემატკივრები შენთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ახლა ცხოვრება შანსს გაძლევს, ან გამოცდას გიწყობს, მეც კი დავიბენი, იქ რომ ვერ ვივლი შენს მატჩებზე
-ღამე არ მძინავს, იმდენს ვფიქრობ, მაგრამ უფრო წავალ, წამოხვალ?
-რა ???
-არ მინდა აქ რომ დაგტოვო 
-ნუ გააფრინე, სანდროს და ბაბუს არასდროს დავტოვებ
-ვიცი...

თაკო თვითმფრინავში იჯდა და სული ეკვრებოდა, რამდენი რამ ჰქონდა მოსაყოლი, წარმოიდგენდა მეგობრების სახეებს საჩუქრების დანახვაზე, იმას თუ როგორ გაუხარდებოდა მათი ნახვა, ლუკა და ნუცა აუცილებლად დახვდებოდნენ, გაიქცეოდა ლუკასკენ და ისიც ეტყოდა, რომ აკლდა და ახლა ყველაფერი დალაგდა, ამ ექვსი თვის მანძილზე ლუკაზე ფიქრი არ შეუწყვეტია, ძალიან ახლოს იყო მასთან და გრძნობაც სცდებოდა მეგობრობას, თითოქოს მისგანაც გრძნობდა იგივეს, მაგრამ ეს შეიძლებოდა ილუზია ყოფილიყო...

-15 წუთში შენთან ვარ და ჩამოდი
-კარგი ლუკა

ნიკაც აუცილებლად იქნება, ერთი თვე გავიდა, რაც არ უნახავს და ახლა ნახავს, ყვითელი ქვედაბოლო ეცვა და ლურჯი მაისური, თმა გაშლილი ჰქონდა და ოდნავ სველი, რაც ყოველთვის მისი თმის დახვევას იწვევდა, მთის მზეს თავისი კვალი დაეტოვებინა მის სხეულზე...
გასვლისას სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა
გაეღიმა და კიბეებზე ჩაირბინა

ნიკა მანქანიდან გადმოსულიყო და ნენეს ელაპარაკებოდა, სადარბაზოდან გამოსულს ეს კადრი მოხვდა თვალში, ჯერ გონებამ დაინახა და თვალს მიაწოდა ინფორმაცია, თუ პირიქით მოხდა, ამას ზუსტად ვერ გაიგებდი...

ნუცამ სიმშვიდე შეინარჩუნა და მიუახლოვდა მანქანას
-ნუც როგორ ხარ ?
-კარგად ნიკუშ
-გაიცანი ეს ნენეა, ჩემი თანამშრომელი
-სასიამოვნოა

ნუცამ მანქანაში შეიხედა და ლუკა რომ ვერ დაინახა, შიშმა შეპყრო, თითქოს ის სიმშვიდე, რასაც წამის წინ ამჟღავნებდა გაქრა, მაგრამ მალე დაბრუნდა, რადგან ლუკა უკვე მისკენ მოდიოდა, მწვანე მაისური ეცვა, ჯინსები და ნიკას ნაჩუქარი კეტები...

-ნუცა, რა ლამაზი ხარ შვილო
-აჰაჰაჰა, მადლობა
-ჰმ, რუჯი ახლა დაგეტყო, მოდი ერთი ჩაგეხუტო
-ავად ხარ რა
-ვიცი...

ნუცას სველ თმას ლუკას სახე შეეხო, გაზაფხულის წვიმის ეფექტი ჰქონდა, რომელიც თან რაღაცას გახსენებს და თან გაგრილებს, სველი თმა ამძაფრდება სუნამოს სუნს, რომელმაც ლუკას ტვინამდე ააღწია და ჩახუტებაც გაუგრძელა, თმებმა დაფიქრების საშუალება მისცეს ლუკას, ეს ყველაფერი წამები გრძელდებოდა, მაგრამ იფიქრებდი ორი კვირა რაც უნდა ეფიქრა, ყველაფრის ფიქრი ახლა მოასწროო...

აეროპორტს მიუხალოვდნენ, მანქანა გააჩერეს და მიხვდნენ თაკოს უკვე მალე ნახავდნენ...
ფრენა არ გადადებულა, ანუ მალე ჩამოვა
თაკოს მშობლები, ძმა, მეგობრები, ყველა ელოდა ამ ერთ პატარა გოგოს, რომელსაც საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებაზე წინ არასდროს დაუყენებია, ამ ყველაფერს გრძნობდნენ ადამიანები...

თაკო უკვე ჩამოდნებს იღებდა, ისე ჩქარობდა, ხან რა დაუვარდა, ხან რა, მორბოდა, მერე ანალებდა ნაბიჯს და მერე კვლავ მორბოდა, ნუცა ყველაზე წინ იდგა და პირველმა ზუსტად მან დაინახა...

-თაკოოოო, თაკოოოოოო
დაეჯახა ხალხს და მისკენ გაიქცა, თაკომ ჩამოდანს ხელი გაუშვა და ნუცა გულში ჩაიკრა
-არ მჯერა, რომ დადგა ეს დღე ნუც
-არც მე, აქ ხარ
მშობლები
ძმა
ნიკა
მეგობრები
ლუკამ თითქოს ყველას აცადა მისი ნახვა და თითქოს იცოდა, რომ ყველაზე ძალიან მისი ნახვა გაუხარდებოდა და თავი ბოლოსკენ შემოინახა
-ჰეი შენ
-თაკუნა
-მეგონა აღარ მოხვიდოდი
-ვაცადე ყველას
-მენატრებოდი
-მეც და შენს ჯგუფს ვუსმენდი
ლუკამ ხელში აიყვანა და დააბზრიალა
საქმეში თაკოს მამა ჩაერია და ყველა თავისთან დაპატიჟა...

-ნიკუშ არ წამოხვალ ?
-ნენეს დავტოვებ სახლში და წამოვალ
-წამოდი ნენე შენც
-ხვალ ადრე ვდგები და არ შემიძლია
-კარგი მაშინ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
-ჩემთვისაც ლუკა...

ლუკა და ნუცა თაკოს ლოგინზე იყვნენ წამოწოლილები და ექვსი თვის ამბებს ერთად აყოლინებდნენ...
-ლუკა, ეს პარკი შენ
-რა არის, რაღაც ძალიან დიდია, კარავი, აუ შენ ვერ ხარ, რა მაგარია
-ნუც ეს სულ შენებია
-ჩემები? ვაიმე აპარატი, გამორიცხულია, შენ არ ხარ დალაგებული...
ოთახში კიდევ ბევრი შეძახილი იყო, ბოლოს თაკოს მამა შემოვიდა და ყველა სუფრასთან იხმო...

პირველი უხარხული წამი მაგიდასთან მოხდა, თაკო ფიქრობდა, რომ ლუკა მის გვერდით დაჯდებოდა, რადგან ექვსი თვის წინ სულ ასე ხდებოდა, ნუცა სკამისკენ მიდიოდა და ლუკა ვერ მოსწყდა მას, იცოდა არ სვამდა და არ უნდოდა მოეწყინა, ნიკაც მოსული იყო და თაკოს მამის გვერდით დაჯდა...

თაკო ფიქრებმა წაიღო, მაგრამ ახლა ვერაფერს იკითხავდა...
დაილია ბევრი, როგორც ხდება ხოლმე, ნიკა თითქმის სულ ტელეფონში იყო ჩარგული, მხოლოდ ხანდახან გახედავდა ნუცას, რომლის სახეც ლუკას მხარზე იყო მოთავსებული
-ხო არ დაიღალე ნუც?
-არა, არა
-თუ რამე თქვი და გაგაცილებ
-არა ლუკ, ძლივს თაკოს ვხედავ
-მაშინ გაგვიმარჯოს, ცხვირი მაინც მოწიე ლამაზი...

ამ ყველა დეტალმა ერთად მოიყარა თავი თაკოს გონებაში და ჩამოსვლის ხალისი სადღაც ყავისფერ გარემოში წაიღო, თაკო ცდილობდა დაწევას, უნდოდა ხასიათის შენარჩუნება, მაგრამ ვერ ახერხებდა, ბოლოს აივანზე გავიდა მოწყენილი...

-მოიწყინა რაღაც, წამო გავიდეთ
-არა ლუკა, შენ გადი
-კარგი

აივანზე იდგა და სარეცხის თოკზე ათამაშებდა თითებს, ლუკა ხვდებოდა რაშიც იყო საქმე და ისიც იცოდა, რომ მისი მოწყნილობის მიზეზი იყო, მაგრამ არ უტყდებოდა საკუთარ თავს
-თაკ
-რა იყო ?
-ნუ ხარ მოწყენილი
- არ მაქვს მიზეზი?
-არა, ხომ დაბრუნდი, ჩვენ აქ ვართ
-შენ აღარ ხარ თითქოს, რაღაც ისე აღარ ხარ
-ალბათ გადაგეჩვიე ცოტა
-ეგ არ მიგულისხმია
-ან ნიკას რა სჭირს, ან ნუცას, რა ხდება ვერ გავიგე
-დაშორდნენ, არ გითხარი ადრე, არ მინდოდა ჩაგშხამებოდა ყველაფერი...

თაკო უყურებდა და ვერ ხვდებოდა, მათმა დაშორებამ რა გავლენა იქონია მათ ურთიერთობაზე, მაგრამ ცხადი იყო, რომ ყველაფერი შეიცვალა და ახლა ახალ რეალობაში მოუწევდა ცხოვრება, რომელიც არც ისე ნათელი იყო...

-არ მინდა, რომ რაღაც გაუგებრობა იყოს
-არ იქნება თუ გამარკვევ
-ჩვენ ხომ ვმეგობრობდით 
-მე მეგობრობაზე მეტი მეგონა ბოლოს
-იყო, მაგრამ გაქრა, ვერ მოგატყუებ, იყო, მაგრამ ახლა მინელდა
-გასაგებია, მაგრამ...

ხანდახან ვისწრაფით გმირობისკენ, გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, მერე ვამაყობთ საკუთარი საქციელით და სადღაც ქრება ეს აღტკინება. სიკეთის კეთება თითქოს სიჩუმეს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ხალხისთვის საკუთარი კარგი ადამიანობის დამტკიცება...
ვეწეპებით ადამიანებს და ვიწეპებთ მათ, მერე ვიწყებთ გადაწეპვას, რომ როგორმე დავაღწიოთ ამ მიჯაჭვულობის ძალას თავი, მაგრამ არაფერი გამოგვდის...
ხშირად მოდის გულგრილობა არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოვრების და საკუთარი თავის მიმართაც, ზუსტად ამ დროს მოიყრის თავს იმ ადამიანების სიყვარული, ვინც არის ჩვენს ცხოვრებაში, ყოფილა და იქნება და გვაძლევს ბიძგს, ბიძგს რომ წამოვხტეთ და არ გავუშათ სიცოცხლე ხელიდან...
ერთმანეთის სიყვარულს დიდი ძალა აქვს...