Thursday, June 5, 2014

თაკო საწოლზე იწვა, თვალები ჭერს იყვნენ მიბჯენილნი, გეგონებოდა კინო გადაიოდა ზევით და იმას უყურებსო, თან მძაფრი მომენტია და იმაზე აქვს გამახვილებული ყურადღებაო, პირველად ცხოვრებაში სრულიად დაცლილი იყო, თითქოს მეხსიერებამაც მიატოვა და მის სხეულში ისეთ ადგილას გამოიკეტა, სადაც თაკო მის პოვნას ვერ შეძლებდა...
ახსენდებოდა კონცერტი და ყველაფერი ის, რაც ამერიკაში ხდებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მას არ გადახდენია, რადგან ეს რომ მისი საკუთრება ყოფილიყო, მაშინ ასეთ მოწყენილობას არ უნდა შეეპყრო, თუმცა ეს მოწყენილობაზე ნაკლები იყო, სიცარიელე, რომელსაც არც ტკივილი ახლავს და არც გაყუჩება...
კონცერტზე ნაყიდი ბოთლით სვამდა წყალს, რომელზეც ალექსი იყო გიტარით აღბეჭდილი, მაგრამ წყალიც თითქოს არ ჩადიოდა ორგანიზმში და სადღაც სხვაგან იღვრებოდა...
ოთახში თაკოს დედა შემოვიდა, მივიდა საწოლთან და თავთან ჩამოუჯდა, უყურა, თაკოს თვალი არ მოუცილებია ჭერისთვის, ბოლოს დედის ხელის სითბო იგრძნო ლოყაზე, ხელი თვითონ ვერ გამოყოფს სითბოს, გული უგზავნის ფიქრს და ხელიც იმუხტება სიყვარულით, თაკოს ცრემლი ჩამოუვიდა თვალიდან და დედის ხელზე დაიკავა ადგილი, დედა ადგა და გავიდა, რადგან მთავარი მისი ამ წამისთვის შესრულებული იყო, თაკომ რაღაც იგრძნო და ეს სიცარიელე ამ ცრემლმა გაარღვია...

ლუკა თავის ოთახში იყო სიგარეტის ბოლში გახვეული და ლუდის ბოთლებით გარშემორტყმული, ყველა სახის გრძნობა შეიძლება შემოიჭრას შენში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას დამორჩილება შეიძლება, თავისუფლბა არ არის ყველაფრის კეთება და განსაკუთრებით ისეთი რამის, რაც აუცილებლად მოუწამლავს სხვას სიცოცხლეს, იცოდა რომ თაკო ცუდად იყო და თავადაც ცუდად გრძნობდა თავს, იქნებ ეს შეჩვევა-გადაჩვევის პროცესი იყო მხოლოდ და ისევ დაბრუნებოდა ის გრძნობა, რაც ახლა გამქრალი ეგონა, მგონი რომ ვიზრდებით, უფრო მეტს ვფიქრობთ და უფრო იშვიათად ვპოულობთ პასუხებს დასმულ შეკითხვებზე, გააჩნია ვინ სვამს კითხვას, ვინ პასუხობს და რა ვითარებაში...

ნენე ახალ პროექტზე მუშაობდა, რომელიც ც ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მდგომარეობის შემსუბუქებას ითვალისწინებდა, უკვე ღამის სამი საათი იყო, ხანდახან კისერი ვეღარ იმაგრებდა თავს, ასეთ დროს თითქოს ძილი იტაცებდა, მაგრამ ბოლოს ისევ სწევდა თავს, ადამიანები, რომლებიც უსახსრობის გამო კვდებიან, როცა შეიძლება მათი დახმარება, მაგრამ არ არის ფული და ისე არავინ გადაწყვეტს შენს მკურნალობას, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ამაზე ფიქრს უმატა ნენემ, დედ-მამა მანქანაში დაიღუპნენ, აქ ფული ვერაფერს გააწყობდა, მაგრამ არის რიგი სიტუაციები, სადაც ფულის ქონის შემთხვევაში, შეიძლება დახმარება, მაგრამ ქვეყანაში ადამიანები 101-ე ადგილზე არიან და ერთმანეთზე ფიქრი იკლებს, მომატების ნაცვლად...
მზემ სანამ საბოლოოდ ამოვიდოდა, ორი სხივი გამოუშვა ნიშნის მისაცემად, რომ მალე მთელი თავისი სიდიადით აპირებდა დედამიწის განათებას, მერე გათბობას და ბოლოს გაცხელებასაც კი...
სანდრო ჭიქით ხელში შემოვიდა ნენესთან, იცოდა ყავა თუ უშველიდა ფსიქოლოგიურად მაინც, რადგან როგორც მეცნიერები ამბობენ, ვაშლი უფრო აფხიზლებს ადამიანს, ვიდრე ყავა, მაგრამ ვაშლი თუ არ გიყვარს, უძინარზე ვერ შეძლებს შენს გამოფხიზლებას, ისევ სჯობს, რაც გიყვარს ის დალიო...

-საერთოდ არ გძინებია ხო ?
-არა სანდრო, კიდევ დამრჩა რაღაც დეტალები, მაგრამ ამას სამსახურში მივხედავ
-რა გინდა შენ სარეკლამოში, სადღაც მეცნიერებთან უნდა იჯდე და წყვეტდე რთულ საკითხებს
-ნუ მაცინებ სან, მთავარია ნიკა დავითანხმო, რომ გაინძრეს და ჩვენს მთავარ უფროსს ესაუბროს ამ პროექტზე, მაგრამ თან ნაკლებად მჯერა, რომ ამას გააკეთებს
-ისე ხშირად ხართ ერთად და რამეს ხომ არ ველოდოთ მე და ბაბუ (თან გემრიელად გადაიკისკისა, როცა თავისი გამოჭედილი წინადადება დაამთავრა)
-არ მგონია, ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის, მთავარ საკითხში ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მე ადამიანზე ვფიქრობ, რეკლამასაც რომ ვაკეთებ პირველ რიგში ადამიანებზე ვფიქრობ და მერე იმ პროდუქტზე, რისი რეკლამის გაკეთებასც მთხოვენ, ჯერ ვიკვლევ პროდუქტის ნებისმიერ დეტალს, რამე საფრთხეს ხომ არ შეიცავს, ან ზიანის მოტანა ხომ არ შეუძლია და ნიკა ასეთ დროს მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს
-ეს არ ნიშნავს რომ ვერ გაუგებთ ერთმანეთს, ან გაგება რა საჭიროა, მთავარია კომფორტი ურთიერთობაში
-ფილოსოფოს წადი ჩაიცვი და გავიდეთ
-მე ვამაყობ შენით
-მე შენით...

-შეგიძლია ნახევარი დოზა მიიღო უკვე
-მართლა? ჰაჰ, მიხარია ძალიან
-შედეგი არის და რატომ გაგჭყიპო კიდევ წამლებით, მთა მოგხდენია და ახლა შეგიძლია ზღვისკენ გაეშურო
-შევასრულებ თქვენს დარიგებებს
-მიდი და რომ ჩამოხვალ, შემომიარე...

ნუცა ქუჩაში მოაბიჯებდა, თმა გაშლილი ჰქონდა და ფეხსაცმელები მიწას გრძნოდნენ, მის სითბოსაც და ხანდახან ხრეშსაც, რომელიც ღრმულების ამოსავსებად იყო ჩაყრილი, როცა საკუთარი ჯანმრთელობით ხარ დაკავებული, სხვა რამეზე ნაკლებად ფიქრობ, ნუცას ამბავიც კარგისკენ იცვლებოდა და თავს უკეთ გრძნობდა ამის გამო, ახსენდებოდა ბავშვი, რომელიც მის სხეულს მოსწყდა, მხოლოდ სხეულს რომ მოსწყვეტოდა, უფრო ადვილი გადასატინი იქნებოდა, მაგრამ ბავშვი სხეულის გარდა სულიც არის, სული, რომელიც მომავალში სიყვარულსაც შესძლებდა და ალბათ სიძულვილსაც, ტირილსაც და ხშირად სიცილსაც, წყლით ტკობასაც და საჭმლითაც, სწორედ ეს სული აღარ ცოცხლობდა ნუცას შიგნით და დანაკლისის შევსება არც ისე ადვილი იყო, უფრო პირიქით, ალბათ შეუძლებელიც, თუმცა ნუცა მაინც მოაბიჯებდა ქუჩაში, მერე თაკო გაახსენდა და დარეკა...

თაკო აივანზე იდგა, რომელიც მის ოთახს ერტყა გარშემო და ტელეფონის ხმა ამ დროს შემოესმა, უყურებდა შორიდან ანთებულ ნივთს და ყოყმანობდა მისვლას, მაგრამ ბოლოს მაინც აიღო
-თაკინ სად ხარ ?
-სახლში?
-ზღვაზე წავიდეთ არ გინდა?
-დღეს?
-ხო, ჩავლაგდეთ და ღამის მატარებლით წავიდეთ რა, წავიდეთ, წავიდეთ
-კარგი...

სიტყვა ”კარგი” ავტომატურად იყო ნათქვამი, რადგან გამჯდარი ჰქონდა, რომ არ უნდა ეთქვა მეგობრებისთვის უარი, რომლებიც გულით რაღაცას სთხოვდნენ, საწოლზე ჩამოჯდა, წარმოიდგინა ნუცას სახე, რომელიც თხოვნის დროს ექნებოდა, გაეცინა და ჩალაგება დაიწყო...

-დღეს მიდიხართ?
-კი ლუკა, წამოხვალ ?
-არა
-რატომ? თქვენ რაღაც ისე ვეღარ ხართ, თუ რა ხდება?
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი
-ჰოჰ, ნუ კარგი, თაკოს ავხდი დღეს თავს მატარებელში და მაინც გავიგებ რა ხდება, თუ გადაწყვეტ ჩამოდი, 2 კვირით მაინც დავრჩებით
-კარგი, ვნახოთ, კეთილი მგზავრობა...

საკონფერენციოში ნიკა ნენეს პირდაპირ იჯდა და არ უყურებდა, რაღაც დეტალებს ამოწმებდა ლეპტოპში, ნენეს თვალი ეხუჭებოდა და ცხოვრების ბოლო ენერგიას იყენებდა, რომ არ დასძინებოდა, ნიკას იმედი არ ჰქონდა, ამიტომ მთავარ იმედს საკუთარ კარგ გამოსვლაზე ამყარებდა, პროექტი გადაგზავნილი ჰქონდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ნიკა მას არც გახსნიდა და ეს კიდევ უფრო დიდ ძალას აძლევდა, მაგრამ ეს ძალა წამში სადღაც გაქრა, როცა ნიკას წინადადებამ ყურში ჩადინება დაიწყო...

”ბატონი ჯეიმს, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პროექტი, რომელიც ნენე ცინცაძემ მოამზადა და რომელიც ც ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების გამოკვლევის დაფინანსების გეგმას გვთავაზობს”

ნენე უყურებდა მომზადებულ პრეზენტაციას და არ სჯეროდა, რომ ასე ზუსტად გააკეთა ნიკამ ის, რისი თქმაც მას უნდოდა, პრეზენტაციის ბოლოს, ნიკამ ყველას მადლობა გადაუხადა და ნენეს გადახედა, რომელმაც მადლობის და გაკვირვების ნიშნად გაუღიმა...

-არ მეგონა, რომ საერთოდ წაიკითხავდი
-ვიცი და იმიტომ წავიკითხე, ვიმუშავე, სრულიად სამედიცინო ენციკლოპედია გადმოვაქოთე და თითქოს არ გამოვიდა ურიგო, შეიძლება დაფინანსდეს კიდეც
-ძალიან მიხარია, რომ ერთხელ მაინც მენდე
-მე სულ გენდობოდი, უბრალოდ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებთ და მე მეტი პრაგმატულობის გამოჩენა მმართებს და შენ ეს ვერ გაიგე
-ხო ვიცი, მაგრამ მზარავს ეგ პრაგმატულობა
-საღამოს იქნები ჩემთან ერთად?
-კი ვიქნები, გავიდეთ სადმე
-კარგი, შევედი კაბინეტში, ფინანსებია მისახედი
-მიდი მიხედე, იქნებ რამე კარგს მოხმარდეს
-ოჰ ნენე, რომ არ იგველო არ შეგიძლია

სარფი, მედუზები და სუფთა წყალი, ტალღა ნაპირზე აკეთებდა დარტყმას და ადამიანების ტერფებზე  ბოლო გაჩერება იყო...
ნუცა წიგნს კითხულობდა და წყლის მოახლოებაზე ეცინებოდა, თაკო მუსიკას უსმენდა და სიმინდს მიირთმევდა
-თაკ (ხელი დარტმით ძლივს გამოახედა)
-რა იყო ?
-რაღაც ძალიან შეიცვალა შენი და ლუკას ამბავი და რა ხდება ?
-რა ამბავი, ან რა ხდებოდა ადრე?
-ანუ ისე ახლოს აღარ ხართ და ამაზე გეუბნები
-ხომ, გაცივდა და შენთან დათბა თითქოს 
-ჩემთან ყოველთვის თბილად იყო, ამიტომ ეს სიახლე არ არის
-რატომ არ მითხარი ნიკას რომ დაშორდი ?

ნუცა წამოიწია და ზღვას გახედა
-ძლივს შენი ოცნების ასახდენად წახვედი და მე დამერეკა და ზუილი დამეწყო, ვიცი ადგებოდი და ჩამოხვიდოდი, ლუკასაც ვთხოვე არაფერი ეთქვა, თაკ თან მარტო ეს არ იყო, ბავშვი დავკარგე, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, სულ მეგონა შევქმნიდი ოჯახს ადამიანთან, რომელიც მიყვარს, მეყოლებოდა შვილები და პირველს შენ მონათლავდი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა

თაკო ნუცას პირსახოცზე გადმოჯდა და თავი მხარზე დაადო, რომელიც გრილი იყო, თითქოს მზეს ჯერ კიდევ არ შეეშრო წყლის ეფექტი

-ზოგადად ჩემი დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ თუ ბოლომდე არ ვიქნებოდი დარწმუნებული ადამიანში, მასთან სხეულით ბოლომდე ახლოს ყოფნას არ ვგეგმავდი, მაგრამ სისულელეა რაღაცის დაგეგმვა, თან როცა საქმე გრძნობებს ეხება, ეს მხოლოდ სხეულით ერთად ყოფნას არ ნიშნავს, ეს სულიერი ერთობაც არის და იმ დღესაც ასე მოხდა, წამიღო გრძნობამ და ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან და ისიც ასე გრძნობდა თავს, მაგრამ იყო მეორე დღეს სიცარიელის განცდა, თითქოს რაღაც მოწყდა სულს და თან რაღაც ახალი ჩაისახა, ვერ გადმოვცემ ზუსტად, მაგრამ რაღაც მსგავსი იყო, არ ვიცი ნიკას გრძნობა რა დროს გაუქრა, მაგრამ მგონია რომ მაგ დღეს იყო ყველაზე ბედნიერი ჩემთან და სწორედ მაგ დღეს ამოწურა ჩვენს ურთიერთობაში თავი
-მაპატიე, რომ ასეთ დროს დაგტოვე
-შენ ხომ არ იცოდი, ამიტომ არ დაგიტოვებივარ, რადგან რომ გცოდნოდა დარჩებოდი, მე იქიდანაც ვგრძნობდი, რომ გვერდში იყავი
-ასე იყო ნუც, კონცერტზე რომ ვიდექი, სულ ახლოს სცენასთან და "suck it and see" რომ დაიწყო, გვერდზე გამოვიხედე და თითქოს დაგინახე, ჩამესმოდა შენი ხმა სიმღერას რომ აყოლებდი და თან გეცინებოდა და ეს ყველაფერი ისე ნათლად შევიგრძენი, რომ ზუსტად ვიცი მაგ დროს ჩემზე ფიქრობდი
-კი ასე იყო, ვიცოდი კონცერტი 2 საათი გრძელდებოდა და მთელი ის დრო ვათვალიერებდი ჩვენს ფოტოებს,მიმოწერებს, ვიდეოებს და ფონად ჩვენი ჯგუფის სიმღერები გასდევდა და ძალიან მინდოდა იქ ყოფნა
-წამოდი ვჭამოთ რა, ძალიან მომშივდა
-წამო
...

ხშირად ვჩხუბობთ მეგობრებთან, ჩხუბისას, რაც ენაზე მოგვადგება და რაც ჯერ კიდევ არ არის მომდგარი, იმასაც ვეძებთ, რომ რაც შეიძლება მწარედ ვატკინოთ გული, თითქოს სიბრაზე ფარავს ყველაფერს კარგს,რაც ადამიანშია და ცდილობს თავად დაიკავოს მთელი სხეული და რაც მთავარია გონება და გული, ჩვენც ჩვენი სისუტის გამო ვემორჩილებით მას, წამით არ ვფიქრობთ მომავალზე,მივაბიჯებთ წინ ჩვენი აგრესიით, ვეძებთ უაზრო გამართლებას ჩვენი საქციელისას და თუ ვინმეს დავაჯერებთ, ბედნიერები ვართ ამით, მაგრამ ეს ცრუ ბედნირებაა, რომელსაც არ მოაქვს სიმშვიდე, რადგან წარმოუდგენელია ვინმეს გული ატკინო, ვინმეს თუნდაც ათი წუთით მოუშხომა სიცოცხლე და ამით მიღებულმა სიხარულმა დიდხანს გასტანოს...
მეგობრები ის მთავარი ადამიანები არიან ოჯახთან ერთად, რომელთაც ვერ ვაფასებთ ხოლმე სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ გვიყვარს, იმდენად ჩვენში არიან გამჯდარნი, რომ ხშირად ვივიწყებთ, როგორც მაგალითად თმას, რომელიც თავს ალამაზებს, ან თვალებს, რომელიც სახეს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს და რომლითაც ვესაუბრებით ადამიანებს, მაგრამ დგება წუთი გვტკივდება თავი და ვიცით, რომ თურმე კისერზე ყოფილა მოთავსებული, მეგობარიც ასეა, ვატკენთ გულს და მერე ვგრძნობთ, რომ ძალიან გვიყვარს, რადგან როცა მას სტკივა და შენს გულს არაფერი ეხება, მაშინ მეგობრობა არც არსებობს...
მეგობრებს უნდა გრძნობდე სულ, რაღაც არ უნდა გასვენებდეს, მაგრამ ამას სიმშვიდე უნდა მოჰქონდეს, სიმშვიდე იმის შეგრძნებით, რომ ისინი შენში ცხოვრობენ.

No comments:

Post a Comment