Thursday, April 30, 2015

თან უნდა იწვიმოს და თან ვერც ამას აკეთებს, ეს იმის მსგავსია, რაღაცის თქმა, რომ გინდა და ბოლომდე ვერ გითქვამს...
აუცილებლად იწვიმებს და შენც აუცილებლად იტყვი...
ხშირად ვექცევით ერთმანეთის გავლენის ქვეშ, გვყავს ამოჩემებული ადამიანები და ქვეცნობიერად და ხშირად ცნობიერად, მათი გავლენის ქვეშ ვიმყოფებით...

The National - Without Permission გასდევს დღევანდელ დღეს, არსებობს ზუსტი სიმღერები და ეს ერთ-ერთია...

თეატრია თუ არა ცხოვრება?
გააჩნია, ყველაფერს გააჩნია საერთოდ, თუ ისე ვიქცევით, რომ სხვებს მოვეწონოთ და მათი შექება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაშინ ნამდვილად თეატრი ყოფილა, რადგან ყოველი ჩვენი მოქმედების შემდეგ, ველით ტაშს და თუ ტაში არ არის, ეს გვაგდებს, გვაკარგვინებს ხალისს...

ჩვენი მიდგომები, ხან ძალიან ზედაპირულია, ხან პირიქით, გამოგვაქვს დასკვნები, ამ დასკვნების საფუძველზე ვამცირებთ ერთმანეთს და დამცირებული ადამიანების ფონზე, თავი ბევრად მაგარი ტიპები გვგონია...

რატომ ხდება ასე და არ ხდება სხვანაირად?
რადგან მივეჩვიეთ ასე მოქცევას, რადგან ძნელია სხვისი საქციელის ობიექტურად ახსნა, რადგან ადამიანის ყველა ქცევას, რაღაც შინაგანს მივაწერთ და არ ვითვალისწინებთ სიტუაციებს, რომელშიც მას უხდება გარევა, სიტუაციები, რომლებიც ტალღის ეფექტით ახეთქებენ მას ნაპირზე.

ადამიანების აზრი არ უნდა გაითვალისწინოო, რომ ამბობენ, მგონი სწორედ ამაზეა საუბარი, ანუ არ უნდა შეგძრას, არც მათმა შექებამ (არ უნდა გაფიქრებინოს, რომ რაღაც საოცრება ხარ და არც მათმა შენიშვნებმა უნდა მოგიღოს ბოლო)

ალბათ მართლა აღარ ვუგდებთ საკუთარს თავს ყურს (ლექცია მახსენდება)
გვგონია, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ან ვერაფერს ვაკონტროლებთ, არადა სადღაც არის შუალედი გაუკონტროლებელსა და გასაკონტროლებელს შორის...

ვიტანჯებით, როცა ადამიანები მოდიან, ან როცა მიდიან, ხშირად მათი აწმყოში მყოფობითაც ვიტანჯებით...
რატომ ხდება ეს?
მე არ ვიცი, რატომ ხდება ეს თქვენ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი რატომ ხდება ჩემთან.
ვეჯაჭვებით მათ და გვგონია მათზეა დამოკიდებული ჩვენი შინაგანი კომფორტი, ჩვენ გვჭირდება ისინი, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და თავისუფლებას ვაკარგვინებთ და ვკარგავთ თავადაც...

ყველაფერი ბევრად უკეთ იქნებოდა, მოლოდინების გარეშე, რომ გვქონდეს მათთან ურთიერთობა, ვფიქრობდეთ მათზე და მათთან შეხვედრა იყოს თავისუფლების მომტანი და მათი სხვა ქვეყანაში წასვლის, 2 კვირით წასვლის, თუ ზოგადად წასვლის შემთხევევაში არ ვკარგავდეთ მთავარს, არ ვკარგავდეთ სიყვარულს ცხოვრების ყოველი წამის მიმართ, დაგვყავდეს ისინი გულით და ვგრძნობდეთ, რომ ყველაფერი ისე ხდება, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო ჩვენში...

გარეთ მოღრუბლულია, ძალა გამოლეული...
ვფიქრობ, რომ წამოდგომის ძალა სიყვარულშია და თავისუფლებაც სიყვარული ყოფილა თურმე...