Friday, January 25, 2013

 
ფეხბურთთან ახლოს

რა გვაახლოებს ? რა გვაშორებს ? რას ვერ ვივიწყებთ?

 მძიმე მატჩი, ძირითადად სამსახურის დღეებს ემთხვევა ხოლმე, გავრბივარ სამსახურში, ვრთავ კომპიუტერს და იწყება...
ძირითადად ვიყენებთ სიტყვას ”ვაიმე”, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, როგორ გავუძლოთ მოედანზე გამოსვლის წამებს, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ...
ამას ვერ გაიგებს ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს ეს სპორტი, ამით არავის ვაკნინებ, უბრალოდ ვერ გაიგებს და არც უნდა აუხსნა, რადგან მაინც ვერ გაიგებს.
შეკრება ძირითადად ადრიანად ხდება, ერთი საათით ადრე მაინც, სახეები წაშლილი, ყოველი ადამიანის შემოსვლა იწვევს ყვირილს და კითხვები მეორდება, რა ვიზამთ, მოვიგებთ, რა იქნება დღეს და აქ თავს იჩენს ადამიანების ხასიათი და კონკრეტულად მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების ხასიათი (ინგლისის ნაკრებისაც, რა თქმა უნდა)

ზოგი ძალიან ოპტიმისტია, ზოგი ძალიან პესიმისტი, ზოგი თეთრდება, ზოგი ყვირის, ზოგს ჯერა რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ 14:0 დამთავრდება, ისმენ ამდენ განსხვავებულ აზრს და გიჟდები და ვეღარ უძლებ შენს აუტანელ გუნდს, რომელიც ხანდახან აგებს, ხანდახან იგებს და ხანდახან ყოვლად გაუსაძლის ფრეს თამაშობს.

ინგლისის ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვანაირად უყვართ ფეხბურთი, ცოტა არაადეკვატურად, დამამშვიდებლებით და მძიმედ, რადგან თავად ფეხბურთელებიც გულს დებენ მატჩში და ეს ჩვენზეც გადმოდის, მათ მონდომებას რომ ვხედავთ, ვერ ვუძლებთ და გვინდა მათი გამარჯვება მთელი გულით და გონებით და ამ დროს, ვიღაც ”ვალეტი” არ ატანინებს გოლს და შენც მზად ხარ დაამსხვრიო ყველაფერი.

ინგლისური ფეხბურთი გამოირჩევა ვაჟკაცობით, სიმამაცით და გულიანი თამაშით, თითქმის არასდროს აფერისტობენ და ცდილობენ ბოლომდე დაიხარჯონ მოედანზე..
ეს ისე უბრალოდ, 13 თებერვალი მოდის და უკვე გაუსაძლისია :).

გვაახლოებს ფეხბურთი

გვაშორებს უნდობლობა

ვერ ვივიწყებთ უსამართლობას 

უბრალოდ ფეხბურთზე...
 

Thursday, January 24, 2013

სოციალური ურთიერთობები (გამოცადე ურთიერთობები)


  სანამ არ დატოვებ ამ სივრცეს, ამ თემაზე ვერ დაწერ, უნდა გააუქმო ცოტა ხნით მაინც, რომ იგრძნო ცხოვრება, დაინახო რომ არსებობს ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე, შეიძლება აგზავნო მესიჯები და დაურეკო მეგობრებს სახლის ტელეფონზე, შეხვდე მათ და რაც მთავარია მოგენატროს ისინი.
  ამის გაცნობიერება საჭიროა, რომ საბოლოოდ არ ჩაიძირო ამ სივრცეში, თავს მისცე უფლება იცხოვრო, იცხოვრო სხვანაირად, უფრო სავსე ცხოვრებით, იცხოვრო მეგობრებისთვის, შენი თავისთვისაც, მაგრამ ყველას დასანახად არა.
თან როცა ვინმე მოგწონს და ის "პირწიგნაკის" ხშირი მომხმარებელია, ჩათვალე რომ შენი დრო იხარჯება უქმად, ელოდები რას დაწერს, რას დააკომენტარებს, რას დაპოსტავს, მერე იწყებ ამ ყველაფრის გაშიფრვას, სიღრმეებში ჩასვლას და ხვდები რომ აღარ ხარ ადეკვატური, ვეღარც მეცადინეობ, წესიერად ვერც ფილმებს უყურებ, მუსიკაც ნაწილობრივ გესმის და კარგავ საკუთარ თავს მასში, თან ისე რომ ეს მას არ უნდა, ან დიდად არ აინტერესებს, ის ისედაც დაიკარგა ერთ დროს ვიღაცაში და ჯერ ვერ უპოვნია თავი თვისი.

 შენ პოსტავ იმას, რაც გაწუხებს, ხანდახან არ გაწუხებს, მაგრამ მაინც პოსტავ, მხოლოდ იმიტომ რომ დაპოსტო და გაეჩხირო იმას თვალებში, შეახსენო რომ არსებობ, იცი რომ კითხულობს, მაგრამ არ იმჩნევს, იმჩნევენ სხვები, აკომენტარებენ, ეს წითელი ეგრეთწოდებული "ნოთიფიქეიშენი" გესობა ყველა ნერვზე ცალ-ცალკე და გინგრევს ფსიქიკას და ინგრევი შენ.
 
  და მერე გინათდება გონება, აღარ პოსტავ და აუქმებ, მაგრამ პირდები "პირწიგნაკს" რომ დაუბრუნდები, გაუქმებისას "პირწიგნაკი" გახსენებს რომ მოენატრები ადამიანებს და ერთ-ერთი ფოტო ზუსტად მისია "..... will miss you" შენ გეღიმება და მაინც აუქმებ.

 გეხსნება ტვირთი, აი, გაურკვევლობას რომ დაესმება ხოლმე წერტილი, ისეთი გრძნობაა თითქმის, ოდნავ სიცარიელე ახლავს, მაგრამ სიმშვიდის გრძნობა წონის ამ ყველაფერს.
აღარ ელოდები მას, ცხოვრობ, სუნთქავ, ყურადღებას აქცევ სხვა ადამიანებს და ხვდები რომ გენატრებოდნენ ისინი, უბრალოდ რაღაც საოცრებაში იყავი ჩაძირული, რაღაც ისეთში, რაც არ არის ნორმალური.
ადამიანებმა, რომლებსაც უკვე მოაკლდი, გირეკავენ და გეკითხებიან "თუ რა გჭირს" და ამით ხვდები, რომ მარტო "პირწიგნაკი" არ გაკავშირებს მათთან, არამედ ეს უბრალოდ ადგილია თქვენი ურთიერთობისთვის, დამატებითი ადგილი...

  ვისაც მოენატრები და ვინც მოგენატრება, მათ გულებთან ისედაც მიხვალ, სოციალური ქსელების გარეშეც მიხვალ და თუ ვერ მიხვალ, ანუ არც იყო მისასვლელი...


ახლა ის ეპოქაა, როცა ურთიერთობებს უნდა მოუწყო გამოცდა, თუ როგორ იარსებებენ ისინი, ინტერნეტის გარეშე...