Tuesday, August 29, 2017

 მესამედ ჩავედი და კიდევ უფრო შემიყვარდა, ახლობელი და მეგობრული გახდა ჩემთვის. ყველა კუნჭული მნიშვნელოვანია, იქ ცხოვრობ, დრო უფრო საინტერესოა და ნელი.

წამოსვლა ტრაგედიაა, თითქოს სადღაც ჩარჩოში მომაქციეს და არ ვიცი სად გავიქცე, როგორ დავინახო ისევ მთები. ასე თუ გამიჭირდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ქალაქურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, მაგრამ ამას როგორ გავაკეთებ, ჯერ გაურკვეველია.

ყველაფერს არ დაწერ და არც იტყვი, რადგან მხოლოდ შენია. ერთი დიდი სიზმარივით გახსოვს ყველაფერი, უცბად გამოგაღვიძეს, შენ ძილის შებრუნებას ცდილობ.

სიცოცხლე შეიძლება წლებია, მაგრამ ჩვენ მაინც წამებად მივიჩნევთ. საინტერესო ისტორიაა, რომელიც ბოლოს მთავრდება, მაგრამ იქნებ სხვა ისტორიას უერთდება, რაღაც ახალი იწყება. იქნებ ჩვენ მართლა დაკავშირებულები ვართ ყველა ერთმანეთთან, იქნებ მე რომ დღეს რაღაცას დავძლევ, ეს სხვასაც დაეხმარება რაღაცის დაძლევაში.

მთებს მოქცეული ჰყავთ ადამიანი, უყვებიან ისტორიებს თავისუფლების შესახებ, ვაჟკაცობის, გამბედაობის და ერთმანეთის დახმარების შესახებ.
ფიქრობ, რომ იქ დაიბადე და სხვა ცხოვრება არასდროს გქონია, ვერ იხსენებ, არ გახსოვს. იქ წაკითხულ ერთ წინადადებას, უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე აქ წაკითხულ ერთ თავს.

ქალაქში ბრუნდები, შეკითხვები, ხმაური...

-რა ხდებოდა? მომიყევი რა
-არ შემიძლია, არ ვიცი, როგორ მოვყვე, რომელი სიტყვებით, სად ვიპოვო სიტყვები...
იძინებ, ასე გაქცევა ადვილია!

მერე იხსენებ იმ ადამიანების ღიმილს, სიცილს, გაბრაზებასაც, ხმას, რომელებიც რაღაცას გიყვებოდნენ, გეხმარებოდნენ. შეიძლება ვეღარ შეხვდე, ხანდახან, მხოლოდ ერთხელ გადავიკვეთებით ხოლმე ცხოვრებაში.

-ყავა გინდა ც?
-მინდა.

დეტალებშია დამალული მთავარი ისტორიები.

-აქ ვერ გადავალ
-მე აქ ვარ, დაგეხმარები

-შენ წადი, თუ გინდა, მე მარტო ჩამოვალ
-არა, მარტო ვერ გაგიშვებ

სხვადასხვანაირი მწვანე ერთმანეთში ირევა, უყურებ ამ სილამაზეს და ცრემლი თავისით ჩამოგდის, ვერ ხვდები, რით დაიმსახურე აქ დაბადება. 

-დრო, გაიწელა რა
-არ შემიძლია, აქ ყველაზე ნელა მივდივარ
-როგორ ვიცხოვრო? ძველ ცხოვრებას როგორ დავუბრუნდე?
-არ დაუბრუნდე, ახალი ჰაერი ჩაისუნთქე და დაინახე ის სინათლე, ის ოქროსფერი, რომელსაც სულ ეძებდი. 


No comments:

Post a Comment