Thursday, September 12, 2013

-არ მიდიხარ სამსახურში ?
-არა, დღეს ვისვენებ, მინდა ქალაქგარეთ გავიდეთ ერთად
-ეს არაფერს უშველის, ეს ცოლ-ქმრობა დამთავრებულია, მე ასე მგონია, აღარ არის ის გრძნობა, რაც ადრე იყო და ახლა მთა და ბარი ვერ უშველის მაგას
-არ ცდილობ გადარჩენას, არაფერს ცდილობ და ასე მართლა დავკარგავთ ერთმანეთს
-ისედაც დაკარგულები ვართ, 3 წელი მაქსიმუმი აღმოჩნდა, აღარ მიხარია რომ მოდიხარ სახლში, აღარ მიჩნდება სურვილი რომ მოგწერო და გვერძე იყო და ვიცი შენც ასე ხარ, გული მწყდება მაგრად, მაგრამ ხომ გახსოვს დავპირდით ერთმანეთს, რომ მობეზრების შემთხვევაში დავშორდებოდით ერთმანეთს
-ყველაფერი მახსოვს ანი, მაგრამ თუ გვიყვარდა ერთმანეთი ,რატომ უნდა დამთავრებულიყო?
-არ ვიცი ირაკლი, შეიძლება არ გვიყვარდა, უბრალოდ აღფრთოვანებულები ვიყავით ერთმანეთით და მანამდე წლები ვმეგობრობდით, ვიცნობდით ერთმანეთს და მაინც არაფერი გამოვიდა, მოკლედ გადავდივარ დედასთან ცოტა ხნით მაინც, კარგია ბავშვი მაინც რომ არ გვყავს, თორემ მაშინ მაგის გამო დავრჩებოდი და კიდევ ერთ სისულელეს ჩავიდენდი
-პირველი რომელი იყო, რომ გამომყევი ?
-არა, რომ გამოგიტყდი გრძნობებში პირველად და მეგობრულად რომ არ დავტოვე ყველაფერი...


ანიტა ექიმია
ირაკლი ფინანსისტია

ყველაფერი დაიწყო დიდი ხნის წინ, როცა ერთმანეთი ლაშქრობაში გაიცნეს, ირაკლი მაშინ ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, ანი ფოტოებში კარგად გამოდიოდა,ეს დღე ალბათ ორივეს ახსოვს...
 საღამო იყო ანი რეზიდენტურაზე სწავლობდა და ბევრი ჰქონდა სასწავლი, მაგრამ  შაბათ - კვირა ლაშქრობებს ეთმობოდა...
ლაშქრობის აღჭურვილობისთვის არასდროს ენანებოდა ფული, ყველაფერს ძალიან გემოვნებიანად არჩევდა და ყველაფერი საოცრად ფერადი იყო...
სვანეთში პირველად მიდიოდა და მოლოდინი დიდი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა, დაბანაკდნენ, არ ცხელოდა  და არც ციოდა, ისეთი ტემპერატურა იყო, რომელიც ახარებს ადამიანების გულს, ანიტა გვირილებს კრეფდა და თმაში იმაგრებდა და ზუსტად ამ დროს მოხვდა ირაკლის ობიექტივში, შემთხვევით არაფერი ხდება, შეიძლება დაინახა და იმიტომ გადაუღო, ან მინდორს უღებდა და ანიც მოხვდა კადრში, ეს ფოტო დღემდე ყველაზე საყვარელი ფოტოა მისთვის...
მერე იყო ღამე, კარაველებმა ერთმანეთი გაიცნეს და ყველაფერმა მხიარულად ჩაიარა...

-კარგი ფოტო გამოვიდა
-რა ფოტო?
-დღეს ვიღებდი მინდორს და შენ ხარ იქ შენი გვირილებით
-ფოტობი ძალიან მიყვარს და რომ ჩავალ გამომიგზავნე რა
-ხვალ კიდევ რომ გადაგიღო შეიძლება ?
-რა თქმა უნდა, თუ გინდა სულ აჩხაკუნე აპარატი, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება აღბეჭდილიყო ფოტოებზე
-ჩემი მუზა არ გახდე მეშინია
-ნუ გეშინია :))

მერე იყო ბევრი ფოტო, გზა, თბილისი, დამეგობრება, მერე ირაკლის მეგობრის მოწონება და ირაკლისთვის ტვინის წაღება ამ თემით, მაგრამ არაფერი სერიოზული, გამოცდების დროს ვიღაცის ამოჩემება ანის სტიქია იყო, თითქოს ეხმარებოდა სწავლაში, რადგან არ იყო სერიოზული, რადგან მუცელში პეპლები არ დაფრინავდნენ ამ დროს და არც მადა ეკარგებოდა...

მეგობრობიდან იწყება, მერე, თუ წლების მერე, ამას ვერავინ განსაზღვრავს, უცბად რაღაც აფრიალდება, გაიფიქრებ რატომ აფრიალდა და მორჩა, მერე იწყება რაღაც ავადმყოფობის მსგავსი, ებრძვი და უარესდება სიტუაცია, არ ებრძვი და მაინც უარესდება...

ასე მოხდა იმ დღესაც, ანი მორიგე იყო, ცოტა ხნით ძილის საშუალება მიეცა და სწორედ ამ დროს მიწერა ირაკლიმ, ახალი ფოტო უნდა ეჩვენებინა, რომელიც დილამდეც მოიცდიდა, მაგრამ ანი გიჟივით ავარდა კომპიუტერთან, შევარდა ინტერნეტში და საუბარი დილამდე გაგრძელდა, რომ წავიდა დასაძინებლად ,მაშინ დაფიქრდა თუ რატომ წამოვარდა ასე გიჟივით და ამაზე ფიქრმა წაიღო და ამ დღის შემდეგ დაიწყო ტანჯვა, ირაკლის ყოველ დარეკვაზე გულის ფრიალნი, მესიჯის წერისას წინადადების სწორად დალაგების ამბავი და ყველაფერი საოცარი...

-რა გჭირს ანი, ძალიან გახდი თუ მეჩვენება?
-მარიამ არ ვიცი, ჩუმად ვარ თვეებია და გეტყვი რა თორემ შეიძლება მოვკვდე
-რა იყო, ირაკლი მოგწონს ხო ?
-საიდან იცი?
-ვიცი, გეტყობა ყველაფერში, როცა გირეკავს ისეთი სახე გაქვს, რომ ამას ადვილად ვარჩევ შენი ადრინდელი სახისგან
-მარიამ ყველაფერს გეფიცები არასდროს მიფიქრია მასზე სხვანაირად, ყოველთვის მეგობრულად ვუყურებდი და უცბად, ერთ დღეს დამატყდა თავს, ვებრძვი თავს და არაფერი გამოდის
-უთხარი
-გააფრინე, მაგას არასდროს ვეტყვი, ასე ხომ მეგობრულადაც დავკარგავ
-იქნებ ისიც ასეა, უბრალოდ მაგის ძმაკაცი რომ მოგწონდა ვითომ, ამიტომ არ დაიჯერებს შენსას
-უფფ, მაგის ძმაკაცზე ვხალისობდი უბრალოდ, არ ვიცნობ იმ ბიჭს, უბრალოდ არ მინდა რომ გაიგოს, საერთოდ რაღაც შემოთავაზება მაქვს, შოტლანდიის საავადმყოფოში მიწვევენ ცოტა ხნით და წავალ
-არ ეტყვი და ისე წახვალ ?
-ხო...

მერე იყო ირაკლის დაბადების დღე, რომელიც არ მიულოცა ანიმ, რადგან მაგ დღეს მიფრინავდა, მაგრამ მარიამს გაატანა მაისური ფერგიუსონის გამოსახულებით, რომელიც ინგლისიდან გამოაგზავნინა ირაკლისთვის...

-მარიამ სად არის ანი ? ამ ბოლო დროს ძალიან შეცვლილია
-ეს გამომატანა შენთვის და თავად შოტლანდიაშია მიდის ახლა

ხსნის საჩუქარს
ეღიმება 
ხედავს წერილს 
მაგრამ ამას მერე გახსნის...

ანი უკვე თვითმფრინავშია
უსმენს მუსიკას და ეტირება იმაზე, რომ გაექცა ამ ყველაფერს...

წერილი იხსნება
”აქ გილოცავ და ასე, იმედი მაქვს მაისური მოგერგება, მაგრად გამოიყურება ამ ფოტოზე ჩვენი ბაბუ
მოკლედ მინდა რომ მაგრად იყო და კარგად იყო, მე წავედი შოტლანდიაში და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ რაღაც გრძნობა დამატყდა თავს და ამ გრძნობის მიზეზი შენ ხარ...
არ ვიცი რა არის ეს, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ და ეს ავადმყოფობაა ჩემთვის”

იყო სიჩუმე
გაოცება
სიხარული
სევდა
შოტლანდიაში გაფრენის დიდი სურვილი
...

საიდან და როგორ ჩნდება გრძნობები ამის ახსნა ძნელია, უცბად მოდის, მერე აღმოაჩენ რომ მოვიდა და მერე ყველაფერი იცვლება...
”მე ეს არ დამემართება, ეს არასდროს მოხდება” ამას იტყვი და მაშინ ხდება ზუსტად...
ხვალ რა ელოდება ადამიანს არ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს აკეთოს საქმე სამართლიანად და იცხოვროს გულით, რადგან ასე მიეჩვევა სხვისთვის ცხოვრებას და როცა ვინმე შეუყვარდება, უფრო ადვილად დათმობს რაღაცეებს და უკვე ეცოდინება, როგორ უნდა იცხოვროს სხვისი ბედნიერებისთვის...
ადამიანები ეგოისტები ვართ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც, მაგრამ სიყვარული კურნავს ამ თვისებას, როცა გოგო დედა ხდება, ეგოიზმი სადღაც იკარგება, როცა ბიჭს გოგო უყვარდება, აქაც იკარგება ეგოიზმი და ასე ყველა შემთხვევაში...
მშვიდია თუ არა ეს გრძნობა ?
ეს არავინ იცის
ხან მშვიდია
ხან პირიქით
არ ექვემდებარება სტატისტიკას
არც გეგმას
და არც არაფერს
მაგრამ ამ გრძნობისთვის ღირდა და ღირს ცხოვრება ...
 


No comments:

Post a Comment