Saturday, September 21, 2013

ყველაზე რთული მეორე დღეა, როცა ადამიანებს კარგავ, თენდება და გგონია, რომ გუშინდელი დღე სიზმარი იყო, მაგრამ მერე ხვდები, რომ გუშინდელი დღე იყო რეალობა და დღევანდელი დღეც რეალობაა, მაგრამ მის გარეშე და არ გინდა ეს რეალობა, მაგრამ არც სხვა რეალობა არსებობს, ეს არის ის, რასაც უნდა შეეგუო და იცხოვრო ამ რეალობასთან ერთად, ან შეცვალო რამე, მაგრამ რომ არ იცვლება, აი ამაშია საქმე...

 3 კვირაც გავიდა, დროა თბილისში დაბრუნების, საქმეს უნდა მიხედოს ყველამ, საქმე რომელიც აირჩიეს, კარი ჩაიკეტა და ზაფხულამდე დაემშვიდობნენ ყაზბეგს...

ორივე ჩუმდა ისხდნენ სამარშუტო ტაქსში და საკმაოდ განსხვავებული იყო მათი ფიქრები, გზა საუკთესო საშუალებაა ჯანსაღი ფიქრისთვის.

”ძალა მომეცეს ახლა, რომ თავიდან თუ არა, ახლებურად მაინც დავიწყო ცხოვრება, ხალისი არ დავკარგო და მჯეროდეს, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ვიმუშავო მთელი გულით, მიხაროდეს ისევ მუსიკის მოსმენა, ადამიანები მიხაროდეს და ფეხბურთი ისევ საუკეთესო ამბავი იყოს განტვირთვისთვის, მაგრამ ახლა მგონია, რომ ვერ შევძლებ ამას...”

მთები გაცილებენ და თითქოს გეუბნებიან, რომ მათი იმედი თბილისშიც უნდა გქონდეს და გთხოვენ დაბრუნებას, რომ კვლავ მიგიღონ, ჩაგიხუტონ და დაგიცვან... მთა მზრუნველია...

”ხვალ სამსახური, პირველად მივდივარ,  რა თქმა უნდა გიომ უნდა ამიხსნას ყველაფერი, ეს ასეა, ეს ისე და თავისი თვითდაჯერებული სახით უნდა ამიშალოს ნერვები, ისე რამდენჯერმე შემომხედა და ის წამი სულ მემახსოვრება, როცა თვალები შეხვდა ერთმანეთს, კარგი შეხვედრა იყო, ნეტავ დრო გაჩერებულიყო, არ მომბეზრდებოდა მისი ყურება, კომფორტულად ვგრძნობდი თავს იქ”

მერე გეგებება თბილისი და უკვე გრძნობ რომ შინ ხარ, ეს რეალობაში დაბრუნებას ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ ყაზბეგიც რეალობა იყო, აქ უკვე მოვალეობებია, ოჯახია, მეგობრებია, გადასახადებია...

-საღამოს რას აპირებ თაკ ?
-მოვემზადები ხვალისთვის
-გთხოვ ფეხბურთის ისტორიას არ ჩაუჯდე, იცი ისედაც და ნუ გეშინია რა
-შენ რას აპირებ ?
-”რა? სად? როდის? -ის ჩაწერაა დღეს და მივყვები ნიკუშას, იქ ვიქნებით ალბათ გვიანობამდე
-შენი პოზიტივის წყაროა ნიკა
-კი, ნიკა რომ არ იყოს, ალბათ ვერ ვიცოცხლებდი, საერთოდ მეგობრებში გამიმართლა
-ჩვენც გაგვიმართლა შენში, დღეს მოვიწყენ საღამოს, შენს საუბარს რომ ვერ გავიგებ
-მეც, ასე იცის ერთად დასვენებამ
-ხვალ ხაზზე ვიქნები...

დედა რომ გხვდება სახლში, ისევ ფიქრობ, რომ პატარა ხარ და გინდა რომ მოგიაროს და ასეც ხდება პრინციპში, გახვედრებს ცხელ ხაჭაპურს, ცივ წვენს, ნამცხვარს, ჩაის და მერე გელოდება, როდის მოუყვები ყველაფერს, მერე შენ ეუბნები, რომ ცუდად იყავი და ისიც პანიკდება, მაგრამ მერე ღიმილი ეფინება სახეზე, რადგან ახლა ჯანმრთელს გხედავს, მაგრამ გაფრთხილებს, რომ შემდეგზე წამლები წაიღო...

-დე, ვშორდები ოფიციალურად
-ხომ დაშორდი უკვე და ეს ოფიციალურობა მხოლოდ ფორმალობაა
-არადა არ მინდა
-ანი, ახლა გგონია, რომ ვერ გაძლებ მაგის გარეშე, მაგრამ მხოლოდ ამ შიშის გამო არ დაიწყო ამ ურთიერთობის გადარჩენა, მამაშენი არასდროს მომბეზრებია, ბოლოს ძალიან ცუდად რომ იყო, რომ ვერც დგებოდა და ყველაფერს მე ვაკეთებდი მის მაგივრად, რომ არც მეძინა, ასეთ დროსაც კი, მინდოდა სულ მეყურებინა, რომ მეხსიერებაში დამრჩენოდა სამუდამოდ, საერთოდ არ მეძინა, რადგან მეშინოდა, მარტო არ დარჩენილიყო სიკვდილთან, მარტოდ არ ეგრძნო თავი, არ ეფიქრა, რომ აღარ მიყვარდა, რადგან ბოლომდე მიყვარდა, გულს რაღაც საოცრება ემართებოდა, როცა ვხედავდი და ახლაც რომ ვიხსენებ, გული ისევ სითბოთი ივსება
-დეე, მამა ძალიან მაკლია, ახლა ამიყვანდა ხელში, დამატრიალებდა და მეტყოდა, რომ მე ისევ მეყვარება სიცოცხლე და ვიქნები ბედნიერი, დე, ხომ იცი, სიცანცარით არ გავთხოვილვარ, სულ მჯეროდა და ვიცოდი, რომ ეს ყველაზე სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა ცხოვრებაში და რამე ცუდი რომ მომხდარიყო, ამას ვერ გადავიტანდი
-ხელი არ ჩაიქნიო და წამოდექი, ტელეფონი გირეკავს და აიღე თან :)

ნიკა ანის მეგობარია, საერთო მეგობრისგან გაიცნეს ერთმანეთი ბარში, ჯერ კიდევ ირაკლის გაცნობამდე და წლებია მეგობრობენ, პირველივე შეხვედრიდან, ნიკა ანის დასაყრდენია, აი ხომ არსებობენ ადამიანები, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობით, ადამიანებს ხან სჯერათ ახლო მეგობრობის, ხან არა, მაგრამ ამათ სანამ სჯერათ, მანამ გამოსდით...

-ოჰ მოგხდომია ყაზბეგი, აქედან ჩამოღვენთილი გაგიშვი, აყვავებულხარ რაღაც
-დაიწყე ცინიკური ხუმრობები, არ დამინდო, ირაკლის ვშორდები
-გავიგეთ ეგ, ხომ იტირე იმ დღეს ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ გამაფრთხილე, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიტანო შენი დეპრესია, მოვემზადები რა
-გვერდში იყავი, იხუმრე, წამიყვანე ყვალგან, სადაც წახვალ და გამოვალ თანდათან
-ცოლადაც ხომ არ მოგიყვანო?
-იდიოტო

სტუდია
ნიკას პიჯაკი
-მოდი შემომხედე, როგორ გამოვიყურები
-კარგი ხარ, მიდი მაგრად ითამაშე, აქ ვარ და გიყურებ
-რომ მიყურებ, იფიქრე კიდეც და სევდიან ფიქრებს არ მიეცე
-ხო, კარგი

თამაში მოგებულია, ახლა გასეირნების დროა, ლუდიც დაილევა და საუბარიც იქნება...

-სად წავიდეთ?
-წამოდი ”დუბლინში”
-შაბათ-კვირას თუ გცალია წამოდი ზღვაზე, ცივა უკვე, მაგრამ ”პარაშუტით” ვაპირებ გაფრენას და წამოდი გაგაფრენ
-წამოვალ, მორიგეობა არ მიწევს და ყველგან წამოვალ, ნიკუშ, ვიცი მოსაბეზრებელი ვარ ჩემი წუწუნით, მაგრამ გთხოვ არ გამიშვა უფსკრულისკენ, თუ წავბორძიკდი, დამიჭირე რა
-ანიუტ მომისმენი, არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ვიცი რომ გიყვარდა ირაკლი, მაგრამ ამოწურე ალბათ შენი თავი მასთან და ახლა ნუ დაიხევ უკან, შეგეძლოს ადამიანების გაშვება, ნუ იცი მიჯაჭვა, აი გაუშვი, თავისუფალი იყავი ყოველთვის. მახსოვს პირველად რომ დაგინახე, ვიფიქრე, რომ შენზე ხალისიანი გოგო არ დადიოდა დედამიწაზე და მერე გახდი ჩვეულებრივი, არ ვამბობ რომ ოჯახი ცუდია, უბრალოდ ყველაფერი ერთ ადამიანში ჩადე, ერთ სახლში, გარშემო მხოლოდ შენი და ირაკლის საერთო ნაცნობები შემოიკრიბე და ჩვენ გადავიწიეთ სადღაც იქით, მე ეს არ მწყენია, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ გული დამწყდა, რომ აღარ იყავი ისე ხშირად ჩემთან, შეიძლება შეიცვალო, მაგრამ უკეთესობისკენ მაინც, იმიტომ კი არ თხოვდებიან, რომ აღარ იყვნენ მრავალფეროვნები, პირიქით, უნდა გესწავლა, ლაშქრობებში გევლო, გემღერა, გეცეკვა, მარტო ფეხბურთზე რომ დადიოდი, ისიც ირაკლის სამეგობროსთან ერთად, რომ მიატოვე ჩვენი ბარი და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იყავი მანჩესტერში, ვისთან ერთადაც ნახე პირველი მატჩი
-მართალი ხარ ნიკუშ, საკუთარ თავთან დავუშვი შეცდომა, ვერ შევმატე ჩემს პიროვნებას რამე ახალი, გავიყინე და ვერ გავიზარდე
-ნუ არც ასეა საქმე, მაგრამ ხალისი სადღაც გაუშვი და გთხოვ ახლა დააბრუნო რა, მაკლიხარ ხალისიანი...

ღამე გვიან მოვიდა სახლში, აღარ იყო ცარიელი, ადამიანები ტოვებენ შენზე კვალს, გულს გიშუშებენ და ცუდი ფიქრები მიაქვთ შენგან და იმედსაც გჩუქნიან...

-დე, მაღვიძარას ვაყენებ, მაგრამ მაინც გამომხედე რა დილით, არ ჩამეძინოს
-კარგი დე, ტკბილი ძილი
-დე
-რა იყო?
-მიხარია რომ ხარ და რომ ჩემი დედიკო ხარ
-ძილის წინ ნუ მატირებ
-დე
-რა იყო ?
-დე, არ მიმატოვო რა, სულ იყავი
-კარგი დეე
 მერე იყო შუბლზე კოცნა, ეს კოცნა ყველაზე სუფთაა, საერთოდ დედასთან არსებული გრძნობა ყველაზე უანგარო და ყველაზე კეთილია...

დინებას გაჰყვე, შეებრძოლო, თუ როგორ მოიქცე ამ სასწაულში, რასაც სიცოცხლე ჰქვია, არ ვიცი ზუსტად, ხანადახან არაფერი გიხარია ადამიანს, ხანდახან ყველაფერი გახარებს, მაგრამ როცა არ გიხარია, იმის იმედს არასდროს კარგავ, რომ გაგიხარდება, თუმცა ხანდახან ეს იმედიც იკარგება, შეიძლება ლოგინიდან საერთოდ ვერ ადგე, არ გქონდეს სიცოცხლის ძალა, მაგრამ მაინც ეცადე, ბოლო ძალა მოიკრიბე და არ დაკარგო იმედი, ის ტკბილი იმედი, ის ძლიერი იმედი, რომელიც შენს გულში ცოცხლობს, არ გაუშვა იქიდან, სევდას არ მისცე უფლება, რომ გააცილოს, დაემშვიდობოს და შენი გულის კარი მიუკეტოს იმედს...

არსებობენ ადამიანები და არც იციან, თუ რა დიდი გავლენა აქვთ შენს ბედნიერებაზე, ნაცნობები არიან, მაგრამ ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, იმისთვის გამოჩდნენ, რომ რამე შეცვალონ მასში...
დადებითი ადამიანები ახლოს გყავდეს, იმ გაგებით, რომ იფიქრე ხოლმე მათზე, ცუდად როცა ხარ, გაიფიქრე რომელიმეზე, წარმოიდგინე, როგორ მოიქცეოდა ახლა რომ შენს გვერდით ყოფილიყო, აცხოვრე ადამიანები გულში, მაგრამ თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცი...
მეგობრობაში
სამსახურში
სწავლაში
სიყვარულში
მთავარი თავისუფლებაა
არ დაავალდებულო ვინმე, რომ აუცილებლად ძალიან უნდა უყვარდე, არ გააკეთო ეს, გაეცი ყურადღება, მეგობრობა, საჩუქარი, მოთმინება, მაგრამ არ იფიქრო იმაზე, თუ რას მოგცემენ ისინი...
იყავი თავისუფალი
თავისუფლად იცხოვრე და ამ თავისუფლებით არ შეზღუდო სხვისი თავისუფლება...
გიყვარდეს ადამიანები თავისუფლად, ნიშნავს იმას რომ ენდობოდე მათ, პატივს სცემდე და იყო ერთგული...
არ შებოჭო ადამიანები
გიყვარდეს ისინი
იზრუნე მათ ბედნიერებაზე...

1 comment:

  1. https://soundcloud.com/kung-fu-junkie/flowerz-in-my-brain

    mzad maqvs es simgera da velodebi rodis daideba axalni <3

    ReplyDelete