Wednesday, April 24, 2013

მეგობრობიდან იწყება, ურთიერთობიდან, მოწონებიდან, თუ პირდაპირ სიყვარულიდან, ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ, როცა არსებობს სულიერი კავშირი...
 

ამ ”გაციების” ამბავმა ჩაუყარა საფუძველი საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ ლევანის და მარიამის საკუთრება გახდა, თავს ცუდად გრძნობდა, ლევანს ურეკავდა ხოლმე, მარიამისთვის არც დილის 6 საათზე იყო აკრძალული დარეკვა და არც ღამის 12 საათზე.
მარიამს ამ ამბისთვის რაღაც განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, ანუ არ ეპრანჭებოდა ლევანს და ამიტომ ყველაფერი ბუნებრივი იყო, არც იმაზე უფიქრია, რომ ლევანს გული ეკუმშებოდა მის გამო, ფიქრობდა რომ როგორც ადამიანი მოსწონდა და სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა...
ლევანიც არ ჩქარობდა, თან ჯერ მხოლოდ მოსწონდა და ეს ის სიტუაციაა, რომელიც შეიძლება არც თქვა და დაელოდო უფრო ძლიერი გრძნობის მოსვლას, გაცნობის პერიოდი, გემრიელი პერიოდია, თუმცა ეს ”გაცნობა” დაუსრულებელი პროცესია და თუ დასრულდა, დასრულდება გრძნობაც...

ლევანს ახლაც ახსოვს მარიამის ის სპექტაკლი, რომელზეც პირველად მოხვდა, სამსახურიდან გამოიქცა, რადგან აინტერესებდა ის გოგო, რომელიც ასე ხშირად არის ცუდად, როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს სცენაზე...

”გთხოვთ გამორთოთ ტელეფონები” სინათლის ჩაქრობა და პირდაპირ მარიამის მონოლოგი...
ლევანმა თავი დახარა
ვერ შეხედა, ამ გრძნობას დღემდე ვერ მოუძებნა ახსნა, ეს იყო შიში, რომ მარიამს რამე შეეშლებოდა, თუ იმდენად აღფრთოვანდა ამ ყველაფრით, რომ ვერ გაუძლო და თავის დახრით უშველა თავს...

-მარიამ, ეს ყვავილები შენ :)
-მადლობა დიდი, მოგეწონა ? თქვი, ხომ ხარ გაოცებული?
-კი, ძალიან
-შეგამჩნიე თავი რომ დახარე
-შემეშინდა მგონი
-ვიცი, მაგრამ სცენა ის ადგილია, სადაც ყველაზე ნაკლებად მიტევს ეს დაავადება, სცენაზე ჯანმრთელი ვარ თითქოს, შენი ტაში ყველაზე ხმამაღლა ისმოდა და ამას დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის, მერე გეტყვი რატომ :)
-ბავშვები ცოტნესთან  ადიან, შენს დიად რეჟისორთან და ალბათ შენც ხო ?
-კი, ავიდეთ...

ადრე, სანამ ლევანს გაიცნობდა, სხვაგან დიდხანს ვერ ძლებდა, მოიმიზეზებდა რამეს და მიდიოდა სახლში, რადგან ეგონა რომ ცუდად გახდებოდა და არ უნდოდა ეს ხალხის წინაშე მომხდარიყო, ახლა როცა ლევანმა იცოდა ამ ”დეპრესიის” შესახებ, ბოლომდე რჩებოდა ხოლმე, უბრალოდ როცა თავს ცუდად იგრძნობდა, მიუჯდებოდა ლევანს, ისიც შეხედავდა, გაუღიმებდა ეტყოდა ჩუმად:
”მარუს, აქ ვარ და ცუდი არაფერი მოხდება და თუ მოხდება, მე მაინც აქ ვიქნები”
და მარიამის ღელვაც მცირდებოდა
ასე თანდათან, ასე ერთად ყოფნით, სიმშვიდით და ერთმანეთის გაგებით, მოვიდა გრძნობა, რომლისაც დღემდე ვერაფერი გაუგიათ, მაგრამ ამ გრძნობით უყვართ ერთმანეთი...
 

ზამთრის დღე იყო, მაგრამ თბილი,მარიამმა კლინიკაში გაუარა ლევანს გაუფრთხილებლად, ელოდებოდა გარეთ...
-მარიამ, არ გელოდი აქ
-მეც არ ველოდი, რეპეტიციიდან გამოვედი და უცბად მომინდა შენი ნახვა
-რა ხდება ნეტავ
-არც მე არ ვიცი
-მარიამ
-რა იყო?
-ყველაფერი იყო ?
-ანუ ?
-არ ვიცი, აი, რაღაც საოცრება ხდება ჩემს გულში, სულში, შიგნით, თვალებში, მე ჩავვარდი ამ რაღაცაში ?
-რა ხდება, შეგიყვარდი მგონი
-ამას თუ სიყვარული ჰქვია, მაშინ ხო
-გაგახარო ?
-ისედაც გახარებული ვარ ამ გრძნობით, მაგრამ მიდი აბა
-მეც ასე ვარ, მეც ეს მჭირს, მეც გულით დაგატარებ...

ორივეს ძალიან ხმამაღლა გაეცინა
ეს ის წამია, როცა გინდა იყვირო, როცა გინდა რომ ეს გრძნობა იყოს სულ, გგონია და ხარ დარწმუნებული, რომ ამ წამისთვის, ამ სიხარულისთვის ღირდა ცხოვრება, ყველა ტანჯვა ჩავლილია, შეიძლება იყოს მწუხარება კიდევ და იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ის იქნება შენს გვერდში...
მწუხარება ნახევრდება
სიხარული ასმაგდება
...
”მარიამ ვერ გწერდი, რას შვები, როგორ ხარ, სად ხარ ?
ის გოგო გარდაიცვალა, დღეს დილის 7 საათზე, გავათენეთ, ღამე დაეწყო ტკივილები, წუხდა თავისთვის ჩუმად, მე შენს წერილებს ვკითხულობდი და არ მეძინა, ამიტომ გავიგე ხმა, შევედი, ის ტიროდა, იცი, ბევრი პაციენტი მყოლია, მაგრამ ეს ძალიან ახალგაზრდა იყო, თან გოგო, შენც ხომ გოგო ხარ, ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა გოგოს ისე უნდა დავეხმარო, როგორც შენ დაგეხმარებოდი, შენ რომ ცუდად მყოლოდი...
ბოლო 7 საათი  ვეჯექი გვერძე
მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე, ეშინოდა სულ ცოტათი სიკვდილის, მაგრამ თან მეუბნებოდა, რომ არასდროს მოვიწყინო, რადგან სიცოცხლე ძალიან ტკბილია, მისი სიტყვები დამრჩება ბოლომდე გონებაშიც, ყურშიც და გულშიც, დაახლოებით ასე ჟღერდა და მინდა რომ შენც იცოდე:
”ლევან, შენ ექიმი ხარ და ყველაზე ძლიერ და ყველაზე დასაფასებელ საკითხთან გაქვს კავშირი, ადამიანის სიცოცხლესთან, მე ამ წამს, ამ ბოლო წამებში, საათებში, თუ წუთებშიც მიყვარს სიცოცხლე, ვნანობ იმ დროს, რაც გაბრაზებაში და წუწუნში გამიტარებია, თუმცა ასეთი ძალიან ცოტა იყო, ყოველთვის ვცდილობდი დრო სიცოცხლეში დამეხარჯა, მიყვარდა ადამიანები და ერთი ადამიანი განსაკუთრებით, ის ახლა არ არის აქ, რადგან ვერ გაუძლო ჩემს ავად ყოფნას და წავიდა, ჩემგან წავიდა, მე არ ვადანაშაულებ მას, ალბათ შეეშინდა, ან არ შეეძლო ჩემი ტანჯვის ატანა.
მალე წავალ აქედან, მაგრამ კიდევ მინდა აქ ყოფნა, თუმცა ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.
ლევან, ის სიხარული რაც დამრჩა, შენ გაჩუქებ, შენ მარიამს აჩუქე, ის თავის მეგობრებს აჩუქებს, ისინი სხვებს და ასე ვიცოცხლებ მე თქვენში”
მერე ხელები გამომიწოდა და მითხრა:
აი, აიღე და გთხოვ, ყველაფერი რასაც გააკეთებ, გააკეთე სიყვარულით, ეცადე და გამოგივა...

სიხარული გადმომცა ხელებით, აი ის თამაში რომ იყო ბავშვობაში, ”ჩემი ოქრო ჩემთან” ხელებს რომ ვაბჯენდით ერთად და ვიღაც რომ გვაძლევდა ”ოქროს”, დაახლოებით ასეთი მოძრაობა გააკეთა...
მერე იმატა ტკივილმა
სუსტი გამაყუჩებელი გამაკეთებინა და მერე დაიძინა
ამ ქვეყნისთვის დაიძინა...


მაკლიხარ
სულ
ხშირად
ძლიერ ”

ერთმანეთს ხშირად ვუშლით ნერვებს, ვტკენთ გულს, მაგრამ ყოველი წამი, წუთი და საათი, არის საშუალება, რომ გამოვასწოროთ ეს დამოკიდებულება,თუ დღემდე არ გვიცხოვრია, ახლა მაინც, აი ამ წამიდან დავიწყოთ სიცოცხლე...
დამოკიდებულება
მიდგომა
გადაწყვეტილება შენს თავში და შენს თავთან, რომ ყველაფერი იქნება კარგად, შენ იბრძოლებ
და
შენ შეძლებ

ერთმენისთვის
ერთმანეთის სიყვარულით...

No comments:

Post a Comment